ქართული მიწის ფასი
ქართული მიწის ფასი
"საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება"

უახლოეს მომავალში პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება. წინასწარი მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის შეძენა კვლავ დაუშვებელი იქნება. კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი შემთხვევა განსაკუთრებული პირობით და ისიც მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით.

საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მიწის ყიდვა არ შეეძლოთ. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა
შეზღუდვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შესახებ, რის შემდეგაც უცხოელებზე ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.
2013 წლის 28 ივნისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში, რომელიც იმავე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (და ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი მოქალაქე, საზღვარგარეთ
რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება მათ 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.

ოთარ დანელია, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: -
შეზღუდვები განაპირობა იმან, რომ "საკუთრების შესახებ" კანონში ბევრი ცვლილება იყო საჭირო. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით ამ პროცესს, გასახსენებელია, რომ 90-იან წლებში განხორციელდა მიწის რეფორმა, რომელიც უფრო ამომრჩევლების მასაზე იყო გათვლილი.
ბევრი პრობლემა გამოიწვია მიწის პირველმა რეფორმამ, სადაც მიწის ნაკვეთების გადაფარვები მოხდა და აღმოჩნდა, რომ მესაკუთრეებს­ უბრალოდ ფარატინა ქაღალდებს ურიგებდნენ...

მაშინ არც ციფრული აღრიცხვა იყო და ის შესაძლებლობები, რაც დღეს არსებობს. გვახსოვს პერიოდი, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწები პირდაპირ "იუთუბზე" რეკლამირებით იყიდებოდა. შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე, რაც მთავრობამ სწორედ იმ მოტივით დააწესა, რომ გასწორებულიყო მთელი რიგი მიმართულებები და ჩამოყალიბებული სახით შესულიყო ცვლილებები "მიწის საკუთრების შესახებ" კანონში. ამას მოჰყვა არასამთავრობოთა თუ სხვა სტრუქტურების სპეკულაციები, რამდენიმე სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რეგულირებას ამ მიმართულებით. რეგულირება არ გულისხმობს საკითხისადმი უფრო ლიბერალურ მიდგომას. ოპონენტები ხშირად იმოწმებენ, მაგალითად, ევროპას, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ვერ იყიდით მიწას, თუ რამე განსაკუთრებული პროექტი არა გაქვთ. ზოგ ქვეყანაში მიწის შეძენის თეორიული შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატა ხედვა, რომელიც მაინცდამაინც არ არის თანხვედრილი იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომლებზეც ბევრი ორგანიზაცია აპელირებს. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე უკეთ ვიცით, რა არის საჭირო საქართველოსთვის. ამიტომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ, რათა აღარ დარჩეს მომავალ თაობებს, მთავრობებსა თუ ხელისუფლებებს პრობლემად და ეროვნული ღირებულებები იყოს აბსოლუტურად გათვალისწინებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში უნდა შევაფასოთ ეს საკითხი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზღვრისპირა რეგიონებში მიწები არ გაიყიდოს და რაც მთავარია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას.

როცა გვაქვს პროგრამა "დანერგე მომავალი", სადაც ნერგების 70%-ზე სუბსიდიას გავცემთ, სუბსიდიას გავცემთ წვეთოვანი სისტემის 50%-ზე, როცა გვაქვს შეღავათიანი "აგროკრედიტი", სადაც გადამმუშავებელი მრეწველობისთვის გრანტია გათვალისწინებული, როცა ხდება კოოპერატივების ძალიან დიდი სტიმულირება და ამ მიმართულებით არსებობს სპეციალური პროგრამები, უამრავი პროექტი, კაპიტალტევადობის თვალსაზრისით ეს პროექტები საკმარისია, რომ სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი ინვესტიციები განხორციელდეს. შეიძლება ამას კრიტიკა მოჰყვეს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ადგილობრივი რესურსით სავსებით შესაძლებელია. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული საინვესტიციო სახსრების მოძიება დღეს აუცილებელი პირობაა. იმ პროექტებისა და რესურსების გათვალისწინებით, რომლებიც მობილიზებულია ქვეყანაში, მე და ჩემი გუნდის აზრით, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ, უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს. თუ განსაკუთრებული პროექტია, თუ ეს ახალ ტექნოლოგიებს ითვალისწინებს, თუ ძალიან დიდ ინვესტიციაზეა საუბარი და მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში და მხოლოდ გამონაკლისის სახით ვფიქრობთ, შესაძლებელია განხილულ იქნეს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება.

პრივატიზება ცალკე მეტად სერიოზული კომპონენტია, ძალიან ბევრია სადავო მიწა.
თავის დროზე, გაიცა საბუთი ვიღაცაზე, მერე მიწა გაიყიდა და უკვე არსებობს, ერთი მხრივ, კანონიერი, კეთილსინდისიერი შემძენი და მეორე მხრივ, დაზარალებული, რომელიც სამართლებრივადაც ვერ პოულობს სწორ გზას საკუთრების უფლების დასაცავად.

- როგორია სტატისტიკა, საქართველოში დღეს რამდენი ფართობია გაყიდული უცხოელებზე?

- სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე.

- ძირითადად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ, თავის დროზე, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება ხდებოდა, არანაირი ვალდებულებები ამას თან არ სდევდა და დღეს ამ პრობლემის შედეგებს­ ვიმკით.

- როცა კანონპროექტზე საუბრობთ, ბუნებრივია, უკვე გექნებათ განსაზღვრული მონახაზი. როგორ შეიძლება შეიცვალოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის წესი და რამდენად შეესაბამება თქვენი ხედვა აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისას, რომელიც ამბობს, რომ მიწა ეკონომიკური აქტივი უნდა გახდეს?

- სრული კონსენსუსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ვერ იქნება, მაგრამ 90%-ით ჩვენი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით თანხვედრილია. ყოველი შემთხვევისთვის, იმათთან, ვისთანაც ამ თემაზე კომუნიკაცია გვქონია. ჩვენს ინიციატივაში გათვალისწინებულია, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. არგუმენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება: რა პირობებში, რა კრიტერიუმებით, რა არგუმენტებით, რა ინვესტიცია, რა დასაქმება,­ რა ტექნოლოგია და სხვ. ვფიქრობთ,­ მხოლოდ მთავრობას უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ გამონაკლის შემთხვევებზე გადაწყვეტილება მიიღოს. მიწა არის ეკონომიკური აქტივი, რა თქმა უნდა, და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ეს არანაირად არ უარყოფს ამას. მიწა ეკონომიკური აქტივია, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აქტივი ათვისებულ იქნეს ადგილობრივი შესაძლებლობებითა და რესურსით.

- დღეს მოქმედი წესით, შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენა?

- დღეს მიწის გასხვისება ზოგჯერ ხდება, ოღონდ როგორც წესი, თან სდევს ვალდებულებები. თუმცა მიწის კონკრეტული ნაკვეთიდან, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაწყდეს არა პრივატიზება, არამედ იჯარა. სწორედ ამაშია საქმე, რომ დღეს არაერთგვაროვანია მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

- ხშირად მომისმენია მოსაზრება, რომ მაშინ, როცა ბევრი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაუმუშავებელია, ხომ არ ჯობია, თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ და მათ დაამუშაონ, მოსავალი მოიყვანონ, რაც ადგილობრივ წარმოებას გაზრდის?

- პრობლემა სწორედ არამიზნობრიობაა - ადამიანს ნაყიდი აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ინვესტიცია, და მასზე არანაირ სასოფლო საქმიანობას არ ეწევა. ეს შეეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც თავის დროზე მიწა შეიძინეს. ხშირად ნანახიც არა აქვთ ეს მიწები, სად არის და რას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანი არგუმენტი. ეკონომიკური გუნდის ინიცირებულმა პროგრამებმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისა და მოქალაქეების მიწების მიმართ ინტერესი გაზარდა. ამიტომ ჯობს, დროულად და სწორად ჩამოვაყალიბოთ ეს პროცედურები. მიწის გაყიდვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს.
ანი
10 მაისი 2017 14:46
როგორც ვიცი, 2012 წლამდეც ხდებოდა მიწების უცხოელებზე გასხვისება, რაც 2012 წლამდე პერიოდში თავად მითხრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ნებისმიერი მთავრობისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და გაიცეს მხოლოდ იჯარით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები