ყველაფერი თქვენი საქმიანი წარსულის შესახებ, რაც გეგონათ, რომ არავინ იცოდა...
ყველაფერი თქვენი საქმიანი წარსულის შესახებ, რაც გეგონათ, რომ არავინ იცოდა...
"კარგი პირადი ისტორია დაბრუნებული სესხების ისტორიაა?!"

იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ "კრედიტინფო", შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბანკებთან, არამედ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ან თუნდაც იმ ბინის მეპატრონესთან, ვისგანაც ბინის დაქირავებას აპირებთ... არსებობის 12 წლის განმავლობაში "კრედიტინფო საქართველოში" 18 მილიონი ჩანაწერი დაგროვდა. აქედან 2 მილიონზე მეტი ჩანაწერი ფიზიკურ პირებს ეხება. მართალია, აღარ არსებობს ე. წ. თეთრი და შავი სიები, თუმცა თქვენ შესახებ შესაძლებელია ინახებოდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
ინფორმაცია.

ალექსანდრე გომიაშვილი, "კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორი:
"როცა კომპანია დაარსდა, ჩვენმა აქციონერმა და სხვა ბანკებმაც დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება მათი მომხმარებლების შესახებ. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ბანკებთან­ მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას ვცვლიდით. სწორედ აქედან წამოვიდა ე. წ.­ შავი სია - ხალხმა შეარქვა ასე. თუმცა ჩვენმა კლიენტებმა მალევე
დაასკვნეს, რომ საჭირო იყო ერთმანეთთან დადებითი ინფორმაციის გაცვლაც. აუცილებელია არა მხოლოდ ნეგატიური კლიენტურის იდენტიფიცირება, არამედ იმათიც, ვისაც პოზიტიური საკრედიტო ისტორია აქვს და ვისთვისაც სესხის მიცემა ნაკლებად სარისკოა.

ჩვენთან თავმოყრილია ინფორმაცია ყველა ჩვენი კლიენტი ორგანიზაციის მომხმარებლის შესახებ. ესენი არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ონლაინგამსესხებლები, სალიზინგო კომპანიები. ბოლო დროს შემოგვიერთდნენ სადისტრიბუციო და სხვა ტიპის ორგანიზაციებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას იმ აბონენტთა შესახებ, ვინც მათთან ტელეფონი გამოიტანა განვადებით და ფულს არ იხდის. სადისტრიბუციო კომპანიებს პირველ ეტაპზე ექნებათ ცნობები მხოლოდ ცუდი გადამხდელების შესახებ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში დადებითი ინფორმაციაც გაცვალონ დისტრიბუტორებმა, რათა იდენტიფიცირებული იყოს კეთილსინდისიერი მაღაზიები, სავაჭრო ქსელები, რომლებიც დროულად იხდიან. ეს სადისტრიბუციო კომპანიებს მუშაობას გაუადვილებს.

- ბოლო მონაცემებით, რამდენი ჩანაწერია თქვენს საინფორმაციო ბაზაში და მათ შორის რამდენია ნეგატიური?

- 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში 18 156 584 ჩანაწერი იყო, რაც ნიშნავს, რომ ასახულია ინფორმაცია სწორედ ამდენი კონტრაქტის შესახებ. ეს ჩანაწერები დაკავშირებულია 2 365 000 ფიზიკურ და 66 200 იურიდიულ პირთან. არ შემიძლია ნეგატიური ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ჩნდე­ბა ახალი ვალდებულებები და შესაბამისად, იზრდება უარყოფითი ჩანაწერებიც. მაგალითად, ბაზარზე გაჩნდნენ ონლაინსასესხო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო სარისკო სესხებს გასცემდნენ და მათთან ვადაგადაცილებების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში.

- ფიზიკური პირების შესახებ კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ?

- ბიოგრაფიული ცნობები: გვარი, სახელი, პირადი ნომერი, სქესი და ოჯახური მდგომარეობა; ინფორმაცია სესხის შესახებ: რა თანხაა გაცემული, რომელ ვალუტაში, რა ვადით და ყოველთვიური შენატანი რამდენია. გარდა ამისა, ასახულია ინფორმაცია საკრედიტო ბარათებზე არსებული ლიმიტისა და გამოყენებული თანხის შესახებ. ცნობები კლიენტის დეპოზიტების შესახებ ჩვენთან არ ინახება.

- ვის შეუძლია გამოითხოვოს თქვენგან ეს ინფორმაცია და ვის აქვს უფლება, ამ ინფორმაციით ისარგებლოს?

- ჩვენი მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვის, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმად აღებული აქვთ ვალდებულებები და ყოველი მათი ძიება კანონიერია. კანონიერება ნიშნავს, რომ, მაგალითად, ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, რომ მისი ინტერესი ამა თუ იმ პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. ვთქვათ, ბანკის ლეგიტიმური ინტერესი, რომ გაარკვიოს, რა საკრედიტო ისტორია აქვს მის პოტენციურ კლიენტს, აღემატება ამ კლიენტის ინტერესს, რომ ინფორმაცია მისი საკრედიტო ისტორიის შესახებ იყოს კონფიდენციალური. თუმცა პრაქტიკაში თითქმის ყველა ჩვენი მომხმარებელი წინასწარ იღებს თანხმობას საკუთარი კლიენტისგან. ეს პუნქტი სასესხო ხელშეკრულებაშიც არის ასახული, რომ ბანკი იტოვებს უფლებას, მოიძიოს ინფორმაცია პოტენციური კლიენტის შესახებ.

- კი მაგრამ, რამდენად ვართ დაცული, რომ ინფორმაცია ჩვენ შესახებ არ აღმოჩნდება არასათანადო ხელში?

- ჩვენი მონაცემთა ბაზა საიმედოდ დაცულია. ჩვენ ეს სერვისი აუტსორსინგით გვაქვს გატანილი და ორგანიზაცია, სადაც ეს მონაცემთა ბაზაა განთავსებული, ISO-სერტიფიცირებულია მონაცემთა უსაფრთხოების კუთხით. საქართველოში საკრედიტო მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე დაცული მონაცემთა ბაზაა.

- როცა ჩანაწერი 18 მილიონზე მეტია, შეცდომის ალბათობაც იარსებებს. თუ არის შემთხვევები, როცა კლიენტის შესახებ ინფორმაცია დროულად არ განახლდა ან დაინტერესებულ პირს რომელიმე კლიენტის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდა?

- სამწუხაროდ, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, როცა საუბარია მილიონობით ჩანაწერზე. ხდება ასეთი ფაქტები, თუმცა ამგვარი პრობლემების პრევენციისთვის ჩვენ ყველა მისაღებ ღონისძიებას მივმართავთ, პირველ რიგში მონაცემთა ბაზის მონიტორინგს. ჩვენი კლიენტები გვაწვდიან განახლებულ ინფორმაციას კონკრეტული სესხის შესახებ. გარდა ამისა, თვით ფიზიკური პირებიც გვიკავშირდებიან, თუ ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობისას აღმოაჩენენ, რომ "კრედიტინფოში" მათ შესახებ ძველი ან არასწორი ინფორმაციაა დაცული და ასეთ ხარვეზს ვასწორებთ. ბევრი ასეთი ზარი შემოდის, თვის განმავლობაში რამდენიმე ასეული, ამიტომ ახლა მომხმარებელს ვთავაზობთ ახალ სერვისს - "ჩემი კრედიტინფო". პირს შესაძლებლობა ექნება, საკუთარ საკრედიტო ისტორიას თვალყური ინტერნეტით მიადევნოს. გარდა ამისა, ეს სერვისი დაეხმარება, მაგალითად, ბინის გამქირავებლებს, რომ დაიზღვიონ თავი არაკეთილსინდისიერი კლიენტებისგან. ბინის გამქირავებელი, შესაძლოა, დაინტერესდეს კლიენტის საკრედიტო ისტორიით, რომელსაც ჩვენი სერვისის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება, ეს საკრედიტო ისტორია მეილზე მიიღოს და შემდეგ მასაც გაუგზავნოს. შესაბამისად, ბინის გამქირავებელი შეძლებს ვითარების აწონ-დაწონასა და ფინანსური გარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტული ცნობების საფუძველზე და არა იმის მიხედვით, რამდენად სანდო ჩანს ბინის დაქირავების მსურველი.

- ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" კვლევა გამოაქვეყნა "კრედიტინფოს" შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ კარგი იქნება, თუ საინფორმაციო ბაზაში შევა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი პირების შესახებ. თქვენც თუ მიგაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია და რატომ?

- დღეს არც ერთ ფინანსურ ინსტიტუტს არა აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის პირი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. არადა, ეს აუცილებელია, განსაკუთრებით, სწრაფი სესხების გაცემისას, როცა შემოსავლის დასაბუთება კლიენტს არ მოეთხოვება და მის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ბანკი ვერ ახერხებს.
ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს,­ თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, უარს ამბობენ ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდებაზე.

- კანონმდებლობა თუ აძლევს მომხმარებელს უფლებას, უარი თქვას მისი საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებაზე?

- რა თქმა უნდა, ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი გარემოება იქნება იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც გადაწყვეტს, ითანამშრომლოს ამ მომხმარებელთან.
თუ ვინმე უარს იტყვის საკრედიტო ბიუროში ინფორმაციის განთავსებაზე, ეს გარკვეულწილად აღიქმება მინიშნებად რაღაც სარისკო ქმედებაზე.

- პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი თუ უწევს მონიტორინგს მონაცემთა ბაზას და როგორია მათი რეკომენდაციები?

- პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ფაქტობრივად, ყოველდღიურად. ისინი ამჟამად გვაწვდიან რეკომენდაციებს, რა პროცედურები უნდა შემუშავდეს და როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი მიდგომა ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რა ტიპის თანხმობა უნდა მივიღოთ კლიენტებისგან, როგორ უნდა განთავსდეს ინფორმაცია, როგორი უნდა იყოს კლიენტების ინფორმირება და სხვა. ეს იმისთვის კეთდება, რათა პირადი ინფორმაცია მაქსიმალურად იქნეს დაცული როგორც ჩვენთვის გადმოცემის, ისე დაინტერესებული პირის მიერ გაცნობის შემთხვევაში.
მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები