არ გეკუთვნის, მაგრამ... გეკუთვნის, ანუ ბიუჯეტს ფული სჭირდება(!) - კვირის პალიტრა

არ გეკუთვნის, მაგრამ... გეკუთვნის, ანუ ბიუჯეტს ფული სჭირდება(!)

ფინანსთა სამინისტრო ფინანსურ დავებს ათასობით მეწარმესთან წარმართავს. ეს სასამართლო პროცესები თვეები და ზოგიც უკვე წლებია გრძელდება. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, რამდენიმე მეწარმემ შემოსავლების სამსახურს სასამართლოში დავა მოუგო, მაგრამ ამით საქმე სულაც არ დასრულებულა.

საგადასახადო გამამტყუნებელ განაჩენს არ ეგუება და თითქმის ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ამ მიზეზით მეწარმეს წლობით უწევს სასამართლოს კარზე სიარული. სასამართლოსთან საქმის დაჭერა კი ყველამ კარგად იცის, რაც ჯდება...

ზოგიერთ მცირე მეწარმეს ადვოკატისა თუ სხვა იურიდიული ხარჯების გაწევა ბიზნესის დახურვის ფასადაც დაუჯდა. ასე დაემართა ინდმეწარმე უშანგი ბალიაშვილს. მან 2004 წელს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე პატარა ფართი იქირავა, სადაც სამი სათამაშო აპარატი დადგა. მუშაობა ორიოდე თვის დაწყებული ჰქონდა, როცა საგადასახადო შესამოწმებლად შევიდა და სალარო აპარატის უქონლობის გამო დააჯარიმა. არადა, იმ დროს სალარო აპარატის უქონლობა დასჯადი არ იყო. ამის მიუხედავად, ინდმეწარმეს 500 ლარის გადახდა დააკისრეს. ბალიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა და საქმე მოიგო.

მას შემდეგ სასამართლო პროცესები დაუსრულებლად გრძელდება, ინდმეწარმის გამამართლებელ განაჩენს ფინანსთა სამინისტრო მუდმივად ასაჩივრებს. ბოლო უწყება 74 წლის პენსიონერმა ბალიაშვილმა თვე-ნახევრის წინ მიიღო, საიდანაც გაარკვია, რომ ორგზის მოგებული საქმე შემოსავლების სამსახურმა კვლავ გაასაჩივრა.

უშანგი ბალიაშვილი (ინდმეწარმე): "პატარა ბიზნესი წამოვიწყე, ვიფიქრე, პურის ფულს ვიშოვი-მეთქი. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, საგადასახადოდან ოქმი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ სალარო აპარატის უქონლობის გამო დაჯარიმებული ვიყავი. არადა, საგადასახადოს თანამშრომელი თვალითაც არ მინახავს და არც ოქმზე მქონდა ხელი მოწერილი. ახლა გავიგე, რომ ჩემი მოგებული საქმე ისევ გაუსაჩივრებიათ და ჯარიმას ისევ მთხოვენ. არადა, ის ბიზნესი უკვე კარგა ხანია აღარ მაქვს, დავხურე. აღარ ვიცი, ახლა რა ვქნა. რა უნდათ, რატომ გადამეკიდნენ, ვერ გავიგე".

გულიკო გეჯაძე (ადვოკატი): "საგადასახადოს სააპელაციო სასამართლოში ორჯერ მოვუგეთ საქმე. გაირკვა, რომ ერთ დარღვევაზე ორი ოქმი იყო გამოწერილი, თანაც დოკუმენტები მოგვიანებით შექმნეს, რადგან საგადასახადომ მათი დედნებიც ვერ წარმოადგინა. დოკუმენტების სიყალბეზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ფაქტია, რომ დედანი მერე ვეღარ მოიძიეს და ფაქტებსაც ქრონოლოგიურად ვერ დაამთხვიეს.

ახლა გავიგე, რომ უზენაეს სასამართლოში გაუსაჩივრებიათ. რეგიონული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს ბოლოს სააპელაციო სასამართლოში უთხრეს, თავი დაანაბეთ ამ საწყალ კაცს, 500 ლარზე რაღას ედავებითო. რომ არ გავასაჩივროთ და დავთანხმდეთ, მერე ჩვენ დაგვსჯიანო, უპასუხეს. ეს კაცი კი წვალობს, ნერვიულობს, ინფარქტიც დაემართა. ბიზნესი მალევე დახურა, იმის შიშით, რომ გადამეკიდებიანო. ამ 500 ლარს პრინციპულად არ იხდის, შვილები ეხვეწებიან, გადავიხდით, თავი დაანებეო, მაგრამ უარზეა. მაინც არ მოვეშვები, ყველას უნდა დავუმტკიცო, რომ მართალი ვარო. გაასაჩივრონ, ამ საქმეს მაინც მოვიგებთ".

კიდევ ერთ ბიზნესს, შპს "ბუნებას" ფინანსთა სამინისტრო 7 ათას ლარს უკვე 8 თვეა ედავება. თანხა დიდი არ არის, მაგრამ ის ანგარიშზეა გაყინული და მეწარმე მას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გამოიყენებს. შპს "ბუნების" დამფუძნებელმა სამველ აგიკიანმა მეტალოპლასტმასის საამქრო სომხეთიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ გადმოიტანა. წარმოებისთვის საჭირო ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს.

სამველ აგიკიანი (შპს "ბუნების" დამფუძნებელი): "საბაჟო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომა შემთხვევით გაიპარა. რაოდენობა სწორი იყო, საქონლის ფასიც, მაგრამ არასწორად იყო დაჯამებული. იმიტომ ვიჩივლეთ, რომ თანხა არ იყო დამალული.

დამალული რომ ყოფილიყო, არც რაოდენობა გამოჩნდებოდა და არც ფასი. ვიჩივლეთ და მოვიგეთ. მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ გაასაჩივრა. ახლა საქმე საპელაციო სასამართლოშია და იმედი მაქვს, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება, რადგან მართალი ვართ".

მსგავსი საქმეები უამრავია. ფინანსთა სამინისტროს არ ეზარება და სასამართლო გადაწყვეტილებებს ჯიუტად ასაჩივრებს. ასეთი პრინციპულობა, როცა საქმე მილიონიან ჯარიმებს ეხება, გასაგებია, "ბიუჯეტს ფული სჭირდება", მაგრამ როცა ბიზნესს, რომელიც წლების წინ შენივე მიზეზით დაიხურა, უმნიშვნელო თანხას, სულ რაღაც 500 ლარს ედავები, იმის გარდა, რომ უსამართლოა, ალბათ, სირცხვილიცაა.

ციფრების ენით

-ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2010 წლის იანვარ-მარტში 311 საჩივარი განიხილა, რაც შარშანდელი I კვარტლის მონაცემზე ორჯერ მეტია. სულ 2009 წელს საბჭოში 910 საჩივარი (სადავო თანხით 354,378 მლნ ლარი) შევიდა.

-ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელი" შემოსავლების სამსახურთან 101 მლნ ლარით დაჯარიმების გამო დავას განაგრძობს. დღეისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიმართება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სხდომა.

-საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად შემოსავლების სამსახურში განაცხადი უკვე 500-მდე კომპანიამ შეიტანა.

-საგადასახადო შეთანხმება გაფორმებული აქვთ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას", "კვარციტს", "ბელუქსს", "მადნეულს".

ნონა ქვლივიძე