ხანმოკლე პანიკა, თუ დაცემის დასაწყისი?! - კვირის პალიტრა

ხანმოკლე პანიკა, თუ დაცემის დასაწყისი?!

ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მეორე ფაზაში შევიდეს

ევროპის ბირჟებზე პანიკაა. როგორც ჩანს, საბერძნეთის პრობლემა, უკვე ევროპის ბაზარს მოედო. ხუთშაბათს მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ძირითადი ინდექსები ერთბაშად დაეცა. ხუთშაბათის ვაჭრობაზე აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა ექსპერტებმა ავტომატურ პროგრამას დააბრალეს, რომელიც კომპიუტერულ ვაჭრობაში გამოიყენება. თუმცა ფაქტია, რომ ბირჟებზე ქაოსია და თითქმის ყველა მსხვილი კომპანიის ფასიანი ქაღალდი ფასს კარგავს.

ბირჟებზე ფასების ვარდნის პირველი ტალღა გასულ ოთხშაბათს აგორდა. ხუთშაბათს სიტუაცია კიდევ დამძიმდა, რამაც ექსპერტებს აფიქრებინა, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა. 9%-ით დაეცა აშშ-ის საფონდო ინდექსები, ასეთი ვარდნა იქ 1987 წლის შემდეგ არ უნახავთ. მიზეზი ინვესტორების შიში იყო, რომ საბერძნეთის პრობლემა გავლენას ევროზონასა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე მოახდენს. შტატების პანიკა აზიის -ტაივანის, ჰონგ-კონგის, ინდოეთისა და ავსტრალიის ბაზრებსაც გადაედო. ყველაზე მეტად ინვესტორები პანიკაში დოუ ჯონსის ინდექსის დაცემამ ჩააგდო. ვარდნა იყო ჩინეთის სავაჭრო მოედნებზეც.

ნათელი გახდა, რომ ევროპული ბაზრის პრობლემებმა მსოფლიოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე მოახდინა გავლენა. ოთხშაბათს ნავთობის ბირჟაზე ე.წ. დათვები ბატონობდნენ. ნავთობის ივნისის ფიუჩერსები ბარელზე თითქმის 3 დოლარით დაეცა. იზარალეს ნავთობის კომპანიებმა. აქციების გაუფასურებით შემოსავლები სხვა მსხვილმა კომპანიებმაც დაკარგეს.

საფონდო და სავაჭრო ბირჟების დაცემისთანავე თითქმის ყველა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. აზიის ქვეყნების ვალუტები, იენის გარდა, დოლართან გაუფასურდა, რაც ბოლო 10 თვეში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. დაეცა ევრო, რუბლი. საფონდო ბირჟების ვარდნამ თან წაიყოლა ფერადი ლითონების ფასებიც, ოქროს გარდა. ფერადი ლითონების ფასები 2-3%-ით დაეცა. პანიკაში ჩავარდნილმა ინვესტორებმა, მოსალოდნელი გაუარესების შიშით, ოქროსა და ვერცხლის შესყიდვა დაიწყეს. ოქრო ფასი ხუთშაბათს 2%-ით, 1.198 ათას დოლარამდე გაიზარდა. ამდენითვე გაძვირდა ვერცხლიც. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი და სავალუტო ფონდი ათენს 110 მილიარდი დოლარის დახმარებას დაჰპირდა, ექსპერტები ამ ქვეყნის დეფოლტს კვლავაც არ გამორიცხავენ. ამასთან ვარაუდობენ, რომ შეიძლება კრიზისი ევროპის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. რისკის ქვეშ დგანან ესპანეთი, პორტუგალია, იტალია.

ექსპერტები მოვლენათა განვითარების ორ სცენარს განიხილავენ. ნეგატიურის თანახმად არ არის გამორიცხული, პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეექმნას და შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მეორე ფაზაშიც შევიდეს. საშიშროებას ისიც ზრდის, რომ დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ბევრ ქვეყანას დაუგროვდა. უარესი სცენარის შემთხვევაში საბანკო ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ევროპამ ერთიან ვალუტაზე უარი თქვას და ნაციონალური ფულის ნიშნებს დაუბრუნდეს, ან ახალი ერთიანი ევროვალუტა ქვეყნების ვიწრო წრემ შექმნას.

პოზიტიური სცენარით, ევროპელ მწარმოებლებს სუსტი ევრო ახლა ხელს აძლევთ და ბოლო დროს ევრობაზარზე მოთხოვნაც იზრდება. ვარაუდობენ იმასაც, რომ საბერძნეთისთვის დახმარების გამოყოფის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება, თუმცა წლეულს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ოპტიმისტური პროგნოზით, ევროპის ეკონომიკაში წლეულს ზრდა იქნება (თუმცა აშშ-ზე ნაკლები), მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, საბერძნეთისთვის გაწეული დახმარება რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება.

კვირაზე მეტია, ევრო უფასურდება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბლა, 1,3 დოლარამდე დაეცა. კრიზისის გავრცელების ფონზე, ნდობა ევროვალუტის მიმართ კიდევ იკლებს. სპეციალისტების ნაწილს იმედი აქვს, რომ ევროს პრობლემა დროებითი მოვლენაა. ისინი ამშვიდებენ ევროში დანაზოგის მფლობელებს, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში არ გაიქცნენ. მათი ვარაუდით, ერთ კვირაში ევრო დანაკარგებს ნაწილობრივ აინაზღაურებს, წლის ბოლოსთვის კი 1,32-1,34 დოლარის ფარგლებში იქნება. ბუნებრივია, პანიკაში არიან ისინი, ვისაც ევროში აქვს დანაზოგი. როცა ვალუტის კურსი მერყევია, რეკომენდაციების მიცემა სარისკო საქმეა. ვისაც ვალი ან კრედიტი ევროთი აქვთ გადასახდელი, მათთვის კი ხელსაყრელი დროა.

საბერძნეთის კრიზისი გავლენას საქართველოზეც მოახდენს. თუმცა, რადგან ევრო ჩვენთან ძირითადი ვალუტა არ არის, გავლენა შედარებით ნაკლები ექნება. გამოსავალი ამ ვითარებაში შესაძლოა ის იყოს, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობების აზიაში გაფართოებაზე იზრუნოს.

დოლარის მიმართ დევალვაციას განაგრძობს ლარი. იანვრის შემდეგ ლარი ამერიკული ვალუტის მიმართ 6%-ითაა გაუფასურებული. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა გააგრძელოს. მით უმეტეს, რომ გაუფასურებული ეროვნული ვალუტა მთავრობასაც ხელს აძლევს. ის ცდილობს, ლარს ამერიკული ვალუტის მიმართ გაუფასურების საშუალება მისცეს, თუმცა კურსის მკვეთრად დაკლებას სოციალური პროტესტის შიშით ერიდება და ამას თანდათან, ნელი ნაბიჯებით აკეთებს.

ეროვნული ბანკი დოლარის მიმართ ლარის დევალვაციას ისევ ძველებურად ხსნის. მისი განმარტებით, ლარი თავისუფალ, მცურავ რეჟიმშია და ის ბლუმბერგის სისტემაში ვაჭრობის შედეგად დგინდება, სადაც კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკთან ვალუტით ონლაინ-რეჟიმში ვაჭრობენ. მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის შესაბამისად კი, ხვალ ის შესაძლოა ისევ გამყარდეს.

ლარის კურსის ცვლილებას დღეს ახსნას ვეღარ უძებნიან ექსპერტები, თუმცა აქამდე ამბობდნენ, რომ ლარის კურსი მათ დოლარისა და ევროს კურსების გასაშუალებით გამოჰყავთ.

სამაგიეროდ, ლარი ევროს მიმართაა გამყარებული 16%-ით, რაც ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ევროს დაცემის გამო ხდება.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ვალუტის კურსის მცურავი გაცვლითი რეჟიმის პირობებში, კურსის ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ლარის კურსი ბანკთაშორის ბაზარზე კომერციული ბანკებისა და მათი კლიენტების მხრიდან უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ყალიბდება. თავის მხრივ, მოთხოვნა და მიწოდება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა ვთქვათ უცხოური ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, სეზონურობა და სხვ. ამ ფაქტორებიდან ხან ერთი აჭარბებს, ხან მეორე. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ლარი ხან გაუფასურდება და ხან გამყარდება. ასეთივე პრინციპით მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ბაზარი.

ლარის აშშ დოლარის მიმართ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, გარკვეულწილად, ევროს კურსის მკვეთრმა დაცემამაც იქონია გავლენა, მოკლევადიან პერიოდში გაიზრდა მოთხოვნა აშშ დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ევროს მიმართ ლარის გამყარება უფრო მაღალია, ვიდრე დოლარის მიმართ გაუფასურება.

ნონა ქვლივიძე