ლარი ზემოთ-ქვემოთ არ უნდა დაფრინავდეს
01-05-2017
ლარი ზემოთ-ქვემოთ არ უნდა დაფრინავდეს
თითქმის ერთთვიანი გამყარების შემდეგ, გასულ კვირას ლარმა კვლავ რეკორდი მოხსნა - ამჯერად სწრაფად გაუფასურებასა და შემდეგ გამყარებაში. ჯერ იყო და, კვირის დასაწყისში ეროვნული ვალუტა 1 დოლარის მიმართ 2,40 ლარიდან თითქმის 2,48 ლარამდე გაუფასურდა, შემდეგ კი ერთბაშად გამყარდა 2,44 ლარამდე. ექსპერტები ამბობენ, რომ მყარი საფუძვლის მქონე შიდა ფაქტორი ლარის გაუფასურებისთვის არ არსებობს, თუმცა გაუფასურებაზე მეტად, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა აშფოთებთ. მოსახლეობასაც სწორედ ეს აინტერესებს -ხვალ რა ფასად მოუწევს დოლარით არსებული ვალდებულებების გასტუმრება?

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:
"გამომწვევი მიზეზები, უპირველესად, იქ უნდა ვეძებოთ, რომ ლარსა და სავალუტო ბაზარზე მთელ ფასწარმოქმნას საქართველოში საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები არა აქვს და ის თავიდან ბოლომდე საბანკო ოლიგოპოლიის კერძო ინტერესებს ემსახურება. ნებისმიერი ფორმით ლარის მასის გაზრდა - იქნება ეს რეფინანსირების სესხი თუ დამატებითი
ხარჯების გაწევა, უბიძგებს მოსახლეობასა და ბიზნესს, თავი დაიზღვიონ მომავალი სავალუტო რისკებისგან და როგორც კი დამატებითი ფული უჩნდებათ, ლარს სასწრაფოდ მყარ უცხოურ ვალუტაზე ცვლიან. ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) უხვად გასცემდა საბანკო ოლიგოპოლიის მიმართულებით, ლამის რეფინანსირების პირამიდის წესით, თითქმის ორ მილიარდ ლარამდე თანხას. ამავე დროს, ფინანსთა სამინისტრომაც, როგორც წესია, გასწია ხარჯები მანამდე ამოღებული შემოსავლებიდან, რომლებიც ნაშთის სახით ჰქონდა ხაზინაში, ხოლო სებ-მა არ შეკვეცა რეფინანსირების სესხები თუნდაც ამ პერიოდისთვის.

ამან წარმოშვა ლარის მკვეთრი გაუფასურების რამდენიმედღიანი სცენარი, როცა კურსი მოულოდნელად 2,38-დან 2,49-მდეც კი დაეცა. ეს მაჩვენებელი­ თავისთავად საგანგაშო არ არის, რადგან თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტი 2,50 ლარის ნიშნულზეა დაგეგმილი, მაგრამ მთავარი­ კურსის სტაბილურობაა, ლარი ზემოთ-ქვემოთ არ უნდა დაფრინავდეს. ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც მოიწონა ბიუჯეტში გათვალისწინებული, დაგეგმილი კურსი, კეთილი უნდა ინებოს და ვალუტის მკვეთრი რყევა აგვარიდოს. შეგახსენებთ, რომ შარშან დათქმული საშუალო წლიური კურსი 2,40 იყო, ლარი კი 2,10-დან 2,82-მდე დიაპაზონში "დანავარდობდა", რაც არასტაბილურობის მაღალი დონე იყო. თვით "ბლუმბერგის" სისტემაშიც, საერთაშორისო კლასიფიკაციით მიღებული სიმყარის ინდექსის მიხედვით, ლარი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტაა და მას ამ თვალსაზრისით სჯობნის როგორც თურქული ლირა, რუსული რუბლი, ისე - აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი და უკრაინული გრივნაც კი.

სამწუხაროდ, ლარის ზემოთ-ქვემოთ ფრენის ტრადიციას წლეულსაც არ ვღალატობთ, რაც არის სებ-ის უსუსურობის მაჩვენებელი, რადგან ვხედავთ, რომ ფისკალური აგენტი - ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თავის მოვალეობას ასრულებს. მიუხედავად ამისა, ლარის რყევის ამპლიტუდა მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში მაღალია - 2,0-დან 2,37-მდე და ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.

რა მოხდა კვირის მიწურულს, როცა გაუფასურების შემდეგ ლარი ისევ მკვეთრად გამყარდა? ეროვნულმა ბანკმა ნაკლები რეფინანსირების სესხი გასცა ხუთშაბათს და ამჟამად 1,9 მილიარდი ლარის ნაცვლად ბანკებისთვის გაცემულია 1,6 მილიარდი რეფინანსირების სესხი. 300 მილიონი ლარით შემცირებულმა რეფინანსირების სესხმა, რომელიც გაურკვეველი მიზნით გაიცემა, ლარის გამყარების პირობა შექმნა. თუმცა, ძალიან რთულია სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება, რადგან ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, გამომწყვდეულია კომერციული ბანკების ოლიგოპოლიის ხელში. გაეზრდებათ მათ მადა, შეუმცირდებათ თუ რასთან გვექნება საქმე, ძნელი სათქმელია. ამიტომ, სანამ ეროვნული ბანკი არ იქნება თავის სიმაღლეზე და საბანკო ოლიგოპოლიის მადას ვერ მოთოკავს, მანამდე ასეთი პრობლემური ვითარება გვექნება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით