"გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!" - კვირის პალიტრა

"გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!"

მართალია, კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტში 94-ე მუხლი უცვლელად დარჩა, თუმცა "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" გეგმავენ, პროექტის პირველი და მეორე მოსმენისას პარლამენტში წამოჭრან საკითხი, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ 94-ე მუხლი, რომლის თანახმად, ახალი გადასახადების დასაწესებლად რეფერენდუმი აუცილებელია.

ლევან ალაფიშვილი, კონსტიტუციონალისტი: "საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროებდა სტიმულს ეკონომიკის განვითარებისთვის და თავის დროზე გადაწყდა, ეს უმაღლესი კანონით ყოფილიყო დაცული. ამას მოჰყვა ე.წ. თავისუფლების აქტი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, დროებით შემოიღოს საგადასახადო რეჟიმი და სხვა. ერთი მხრივ, შეიზღუდა მთავრობა, რომელიც საჯარო სიკეთის ყველაზე დიდი მხარჯველია, მეორე მხრივ, ბიზნესს და ინვესტორებს მიეცათ სტაბილურ გარემოში, გრძელვადიანი საქმიანობის შესაძლებლობა. ეს თავის დროზე მიღებული სწორი გადაწყვეტილება იყო და კონსტიტუციიდან ამ რეგულაციის ამოღება არც ერთ ხელისუფლებას არ დაუპირებია. მეტიც, როცა "სოციალ-დემოკრატებმა" ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, ეკონომიკის მინისტრი შეხვდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად პარლამენტის თავმჯდომარეა, რომ არსებული ჩანაწერი შენარჩუნებულიყო. მართლაც, კონსტიტუციის 94-ე მუხლი კონსტიტუციაში უცვლელი დარჩა, მაგრამ "სოციალ-დემოკრატები" პარლამენტში გააქტიურეებას მაინც გეგმავენ.

პოპულისტური იყო "სოციალ-დემოკრატების" რიტორიკა, როცა ისინი ამ მუხლის ამოღების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გადასახადების შემოღების უფლება. ცხადია, სახელმწიფოს სჭირდება შემოსავლები, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით კი არა, ძირითადად, ბიზნესიდან ამოღებული გადასახადით ივსება. უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა არა გადასახადების გაზრდა, არამედ ბიზნესის განვითარება. მემარცხენეებს ავიწყდებათ, რომ სამუშაო ადგილს სწორედ ბიზნესი ქმნის და იმავდროულად, მასთან დასაქმებულიც იხდის საშემოსავლოს. ამდენად, რეფერენდუმის გარეშე გადასახადების დაწესებისა და გაზრდის უფლების მთავრობისთვის მინიჭება მხოლოდ მემარცხენე შეხედულებებიდან გამომდინარე სწორი არ არის. გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!