"ვისოლი" მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს საწვავზე ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ვისოლი" მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს საწვავზე ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს

კომპანია "ვისოლმა" უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, გაითვალისწინა რა მძღოლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სპეციალურად მძღოლებისათვის შეიქმნა საწვავზე ფასდაკლების ახალი სისტემა.

თითოეულ მათგანს საშუალება ექნება, ყოველთვიურად 150-200 ლარი დაზოგოს და ეს თანხა ოჯახის კეთილდღეობას მოახმაროს, - აცხადებს ასოციაცია "დაცული მოძრაობის" წარმომადგენელი დავით მესხიშვილი.

ფასდაკლების ახალი სისტემით სარგებლობა მძღოლებს თბილისში 25 მაისიდან შეეძლებათ. ფასდაკლება რეგიონებში 15 ივნისიდან გავრცელდება. იმისათვის, რომ მძღოლებმა ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლონ მათ 25 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ასოციაცია "დაცული მოძრაობაში".

"ეს პროექტი მოიცავს მძღოლების იმ კატეგორიას, რომლებსაც ყველაზე დიდი დანახარჯი საწვავზე მოუდით. ჩვენ გაგვაჩნია ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი, საწვავისა და მომსახურების საუკეთესო ხარისხი და უზრუნველვყოფთ საწვავის ზუსტი რაოდენობით მიწოდებას. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მკვეთრ მატებას, რაც ბუნებრივია, ადგილობრივ ბაზარზეც აისახა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი შეღავათია მძღოლებისათვის" - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ასოციაცია "დაცული მოძრაობა" 2009 წლის ივნისის თვიდან არსებობს და ამჟამად უკვე 3000-მდე წევრს აერთიანებს. პროფესიონალი მძღოლებისა და ავტომოყვარულების უფლებების დაცვა, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება ასოციაციის ძირითადი საზრუნავია.

"დაცული მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკოლოზ რუსიშვილის განცხადებით, "ჩვენი ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა მძღოლის პროფესიით არჩენს ოჯახს. ამიტომაც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მათი პრობლემა არის საწვავის ფასი და მომსახურების ხარისხი. საწვავის გაიაფების შესაძლებლობაზე რამდენიმე ნავთობკომპანიას შევთავაზეთ ინიციატივა, გვინდოდა მათთან ერთად მოგვეძებნა გამოსავალი. მოგეხსენებათ, საწვავის ფასები ისედაც ძვირდება მთელ მსოფლიოში და ფასდაკლების სისტემის ამოქმედება ძალიან წაადგება მძღოლების იმ ნაწილს, რომელიც ამ სისტემით ისარგებლებს. პირველი კომპანია "ვისოლი" გამოგვეხმაურა.

ტექნიკური საკითხის შეთანხმებისა და დახვეწის შემდეგ მივედით უპრეცედენტო ფასდაკლების აქციამდე. ძალიან შთამბეჭდავად აისახება ეს ფასდაკლება მძღოლების ბიუჯეტზე, მაქსიმუმ 150-200 ლარის ეკონომიას გააკეთებენ თვეში. შედეგად მოგებულ თანხაში შეეძლებათ შეიძინონ ორი საბურავი ან საპოხი მასალები, იზრუნონ მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე სხვა მხრივაც. ანუ რა გამოდის? საწვავის მომსახურების ხარისხიც იზრდება და რეინვესტიციის შედეგად ორას ლარამდე დანაზოგი ბევრად წინ წასწევს ამ დარგს."

R