1,4-მილიარდიანი ბაზარი საქართველოსთვის რა უნდა გავიტანოთ ჩინეთში?! - კვირის პალიტრა

1,4-მილიარდიანი ბაზარი საქართველოსთვის რა უნდა გავიტანოთ ჩინეთში?!

ჩინელებზე ერთი ასეთი ანეკდოტი არსებობს: ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო სხვა დანარჩენი ჩინელებმა დაამზადესო... მას შემდეგ, რაც ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ეს ანეკდოტი ბევრს გაახსენდა. ბევრმაც იკითხა, გასაგებია, რომ ქართული პროდუქციისთვის მილიარდნახევრიანი ბაზარი იხსნება, მაგრამ რაც არა გვაქვს, რა გავიტანოთო? ზოგმა ჩინური პროდუქციით საქართველოს ბაზრის წალეკვის საფრთხე დაინახა, რაც ადგილობრივ პროდუქციას არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ ორივე მხარის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, დაახლოებით წლის მიწურულს შევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები საქართველომ ინდოეთსა და ჰონკონგთანაც დაიწყო.

ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მათ რიცხვს საქართველოც დაემატა. რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება. ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, რუსეთის გარდა, და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან ვაჭრობა აქამდეც იზრდებოდა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი 1,4 მილიარდამდე მომხმარებლით. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზე, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ.

ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან ჩინეთში განსაკუთრებით გაიზარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების, ლუდისა და მინერალური წყლების ექსპორტი. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

საექსპორტო პროდუქცია იქნება - ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული; სამრეწველო საქონლიდან: სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხი მანქანები, ფეროსილიკონმანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის.

დღემდე თუ ჩინური პროდუქცია საქართველოში, პრაქტიკულად, საბაჟო ტარიფის გარეშე - 1,5%-იანი განაკვეთით შემოდიოდა, ახლა ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ჩინეთში 25%-იანი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა.

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 4 წელიწადში ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი თითქმის 7-ჯერ არის გაზრდილი - 25 მილიონი დოლარიდან 169 მილიონამდე. ექსპერტების ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი გახდეს და რუსეთში გასატანი პროდუქციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩინეთში გადაინაცვლოს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ პრობლემა არა საექსპორტო ბაზრებში, არამედ საექსპორტო პროდუქციის სიმცირეშია და სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო.

"დამზადებულია საქართველოში" - ჩინელთა და ევროპელთა ინვესტიციით

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი: "საქართველო და ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, ამიტომ ჩვენ შორის ისედაც მოქმედებდა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და საბაჟო ტარიფები ისედაც არ იყო ძალიან მაღალი. პრობლემა ის კი არ არის, რომ ბაზრებია მიუწვდომელი, არამედ პრობლემა პროდუქციაა. ჩინეთი სპეციფიკური ბაზარია. იქ, შესაძლოა, მინიმალური პარტია იმაზე მეტი იყოს, ვიდრე აქამდე სხვა საექსპორტო ბაზარზე გაგვიტანია.

ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გამოცდილება, თუმცა ამას საექსპორტო ბუმი არ მოჰყოლია. ბუმი არც ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვება საექსპორტო პროდუქციის უკმარისობის გამო. როგორც არ გვქონდა ბევრი საექსპორტო პროდუქცია ევროკავშირში გასაყიდად, ასევე არ გვაქვს ჩინეთის ბაზრისთვისაც. თავისთავად ფაქტი, რომ ჩინეთთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას. ჩინური კომპანიებისთვის საინტერესო უნდა იყოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი დაშვება ევროკავშირის ბაზარზე. ამდენად, ჩინური ინვესტიციები, რომლებიც, სავარაუდოდ, შემოვა საქართველოში, რათა აქ წარმოებული პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე დამღით "დამზადებულია საქართველოში", ეს შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ჩვენთვის, ვიდრე თვით თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან.

ამ ხელშეკრულებით ის ქვეყანა მიიღებს მეტ სიკეთეს, ვისაც პატარა შიდა ბაზარი აქვს. შესაბამისად, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნება. ახლა მთავარია, რამდენად შევძლებთ მესამე ქვეყნების ინვესტორების დაინტერესებას, რომლებსაც არა აქვთ ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში დაშვება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდანაც შემოვლენ ინვესტორები, რომლებიც ჩინელი ინვესტორების მსგავსად, აწარმოებენ პროდუქციას საქართველოში და ჩვენი დამღით და ნულოვანი დაბეგვრით ექსპორტით ჩინეთში გაიტანენ. ასეთი პოტენციალისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რომელსაც უნდა მოჰყვეს კარგად გააზრებული სხვა ნაბიჯები. თავი უნდა დავანებოთ მხოლოდ იმის ძახილს, მობრძანდით, ჩვენთან ყველაფერი კარგად არისო და უნდა გადავიდეთ სექტორულ-რეგიონულ სტრატეგიაზე. უკვე უნდა შეფასდეს სექტორები: რა პროდუქცია შედის ყველაზე დიდი რაოდენობით ევროკავშირიდან ჩინეთში და პირიქით. აი, ეს იქნება კონკრეტული ნაბიჯები.

ჩინური ბანკი საქართველოში

ჩინეთის სურვილი, ჰქონდეს ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობა, მიანიშნებს, რომ საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას დიდ მოთამაშეებს შორის ვაჭრობისთვის. მსოფლიო ვაჭრობას თავისი თამაშის წესები აქვს. ისინი არ ექვემდებარება ნებელობით აქტებს - დღეს გადავწყვიტეთ და ხვალ შედეგს მივიღებთო. ასე არ არის, ამას დრო და მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უწყებებში, რომელთაც ეს ევალებათ, ზემოხსენებული პოტენციალის ასამოქმედებლად დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს, ადგენენ კონკრეტულ მიმართულებებს, დეტალებს და ნაბიჯებსაც ამის მიხედვით გადადგამენ. ამის მაგალითი და ერთი მთლიანი ჯაჭვის ნაწილია ის, რომ ჩინელები საქართველოში გადაზიდვის ბიზნესით ინტერესდებიან.

ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოში ჩინური ბანკი გაიხსნება. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საქმეში, მიხვდება, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობის მომსახურებას 300-მილიონიანი საწესდებო კაპიტალის მქონე ბანკის გახსნა არ სჭირდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ლაპარაკია გაცილებით დიდ საგარეო აქტივობაზე, რომლის ერთი ნაწილი იქნება საერთაშორისო გადაზიდვები და მათი გაზრდა. ვფიქრობ, ბანკი აგრეთვე მოემსახურება სწორედ იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც ინტერესი ექნებათ, გამოიყენონ საქართველო, როგორც პლატფორმა წარმოებისთვის და ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობები.

ხშირად იმასაც მოისმენთ, რომ ნულოვანი საბაჟო ტარიფის პირობებში, შესაძლოა, ჩინურმა პროდუქციამ ადგილობრივი ბაზარი წალეკოს, მაგრამ ერთია ლაპარაკი ემოციურ დონეზე და მეორე, კონკრეტული ფაქტებითა და მოცემულობებით. რატომ არის ასეთი დიდი რაოდენობით ჩინური პროდუქცია საქართველოში? - პასუხი მარტივია, ცხოვრების დონეა დაბალი და მოსახლეობა იაფ პროდუქტს ეძებს. შემოვა უფრო იაფი ვიეტნამური? ვიეტნამურს იყიდიან. თუ ცხოვრების დონე გაიზრდება, მოიმატებს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც და უფრო მაღალი ხარისხისა და ფასის პროდუქციას აირჩევს.

როგორც გითხარით, ჩვენ და ჩინეთს ერთმანეთთან უკვე გვაქვს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ვაჭრობაში და ამას გარდა, საქართველოს ცალმხრივად დიდი რაოდენობის პროდუქციაზე საერთოდ გაუქმებული აქვს საბაჟო ტარიფები. შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინური პროდუქციის ზრდას ადგილობრივ ბაზარზე, უადგილოა. თუ ვინმეს ჰგონია, 1,4-მილიარდიანი ჩინეთი ფიქრობს, თავისი ეკონომიკური კეთილდღეობა 3,7-მილიონიან საქართველოზე ააგოს, რბილად რომ ვთქვათ, ცდება. ჩინურ პროდუქციას მსოფლიოში ყველგან ნახავთ. ჩვენი პროდუქცია რომ ცოტაა, პრობლემა ეს არის და ამაში ჩინური პროდუქცია არ არის დამნაშავე. ჩაგვეკეტა ბაზრები, დაგვეწესებინა უზარმაზარი საბაჟო გადასახადები და ეს იქნებოდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა? ასეთ შემთხვევაში ის, რაც დღეს არის საქართველოში იმპორტირებული და 1 ლარი ღირს, გვექნებოდა ადგილობრივი და ეღირებოდა 2 ლარი და ამასთან, იქნებოდა უხარისხო. 21-ე საუკუნეში იმაზე კამათი, რომ საგარეო ვაჭრობას დამატებითი სარგებელი მოაქვს, ცოტა არ იყოს, საღ აზრს მოკლებულია.

ამ მოცემულობაში ჩვენთვის საუკეთესო გზა უნდა ვიპოვოთ. მაგალითად, რატომ არა აქვს ჩვენს ხელისუფლებას - არც წინას, არც იმის წინას ჰქონია - თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა? შესაძლოა, იმიტომ, რომ კარგად არ იცის, ან იმიტომ, რომ ხელი ვერ მიუწვდება, ანდა იმ მიდგომის გამო, რომ თითქოს ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს... არ დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ვიცოდით, რომ არსებობს ეროვნული ბანკები, საკუთარი ფულის ნიშნები, მაგრამ რეალობაში ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, არავინ იცოდა. კი ბატონო, საქმე სწრაფად რომ გავაკეთოთ, თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე უნდა ვიფიქროთ. უკან ხედვით პრობლემა არ გადაწყდება, წინ უნდა გავიხედოთ, შევხედოთ ინდუსტრიული რევოლუციის მორიგ ტალღას და იქ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი".