ბანკ "რესპუბლიკის" პრიორიტეტი წელს სესხების გაცემა იქნება - კვირის პალიტრა

ბანკ "რესპუბლიკის" პრიორიტეტი წელს სესხების გაცემა იქნება

ჟილბერ ი: "ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებაში ბანკი განსაკუთრებით აქტიური იქნება"

ბანკ "რესპუბლიკას" ქვეყნის მასშტაბით უკვე 49 ფილიალი აქვს. ბანკის ახალი ფილიალი ამჯერად თამარ მეფის 10 ნომერში გაიხსნა. ეს ტერიტორია ბიზნესაქტივობის თვალსაზრისით ხელსაყრელია და ბანკმაც ახალი ფილიალისთვის ადგილი ამ ნიშნით შეარჩია. მით უფრო, რომ წელს "რესპუბლიკა" ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სესხების გაცემას მიიჩნევს. შესაბამისად მომხმარებლებისთვის ფილიალის მდებარეობა ხელსაყრელია.

4 მაისს ფილიალის ოფიციალურ საზეიმო გახსნას "სოსიეტე ჟენერალიდან" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, კლიენტები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც ბანკ "რესპუბლიკას" მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ, ბანკის კვარტალურ შედეგებზე, ახალ პროდუქტებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, აგრეთვე, საერთაშორისო საფინანსო-საბანკო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ეკონომიკური გარემო მიმოიხილეს.

ჟილბერ ი (ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი): "როგორც ჩვენს კლიენტებს დავპირდით, ბანკი "რესპუბლიკა" ქსელის განვითარების სტრატეგიას აგრძელებს და ფილიალებს ინტენსიურად ხსნის როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტები ინოვაციურ, უნივერსალურ საბანკო პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას თამარ მეფის გამზირზე ახლადგახსნილ ფილიალშიც მიიღებენ.

2010 წლისთვის ჩვენს ბანკს დიდი გეგმები აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას წელს დაკრედიტებას მივაქცევთ. ბანკი განსაკუთრებით აქტიური იქნება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დაკრედიტების მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთა პროგნოზი, რომ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4%-ს მიაღწევს. ეკონომიკის გაჯანსაღებას ვარაუდობს ქვეყნის მთავრობაც. ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ცვლილებები კი ჩვენს ბანკსაც უბიძგებს, რომ გაზარდოს დაკრედიტება და გაამარტივოს კრედიტის გაცემის პირობები. კიდევ ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის მომსახურების ხარისხის დახვეწაა. ვცდილობთ, მომხმარებლებს საუკეთესო ტარიფები შევთავაზოთ. ჩვენი ბანკი მომხმარებლებს უკვე საბანკო პროდუქტებზე შემცირებულ განაკვეთებს სთავაზობს.

ამჟამად იპოთეკურ სესხებზე წლიური განაკვეთი 13%-დან იწყება, ხოლო ყველა დანარჩენი ტიპის სესხებზე, მათ შორის, ავტოსესხებზე განაკვეთი 19%-დან იწყება, რაც ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებაა. მოგეხსენებათ ბანკი "რესპუბლიკა" არის მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის წევრი, ამიტომ მისთვის ფინანსური პრობლემები ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდა. ეს ფაქტორი "რესპუბლიკას" ამ რთულ პერიოდში კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს. "რესპუბლიკას" საკმაო მოცულობის კაპიტალი და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას მომავალშიც გავაგრძელებთ".

ჟან დიდიე რენიე ("სოსიეტე ჟენერალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ევროპის მიმართულების დირექტორი): "ჩვენ პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში. ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს სავალუტო ფონდიც და მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ნაცვლად 4%-იან ზრდას ელოდება. მოგეხსენებათ, ევროპის საბანკო ბაზარი დღეს ჯერ კიდევ კრიზისის გავლენის ქვეშაა, მაგრამ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. "სოსიეტე ჟენერალი" აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე განვითარებას. ჩვენ საქართველოში გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, ამიტომ ინვესტირებას და ეკონომიკის დაფინანსებას მომავალში კიდევ გავააქტიურებთ".

ლაშა პაპაშვილი (ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "რამდენიმე დღის წინ გვქონდა ფრანგ პარტნიორებთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, იმ ფონზე რაც საერთაშორისო საბანკო ბაზარზე ხდება, ჩვენთან არსებული სიტუაციით კმაყოფილები არიან. რაც მთვარია, "სოსიეტე ჟენერალი" საქართველოში ექსპანსიას აგრძელებს, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ამ ქვეყანაში გრძელვადიანი ინვესტირების იმედი აქვთ. ჯგუფის არსებობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირებისთვის, აგრეთვე იმ ბიზნესმენებისთვის, ვინც ამ ქვეყანაში საქმეს აკეთებენ. ბანკის კაპიტალის ზრდაზეც ვისაუბრეთ. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გავზრდით კაპიტალს. ამის რამდენიმე საშუალება არსებობს და არჩევანს რომელიმე მათგანზე შევაჩერებთ".

ბოლო დროს ბანკმა მომხმარებლებს რამდენიმე ახალი პროდუქტი შესთავაზა. მათ შორისაა ახალი სასესხო პროდუქტი: "ჩემი ოჯახი და ბიზნესი".

როგორც ბანკში ამბობენ, ბიზნესებს სესხის აღება წარმოებისთვის აუცილებელი საქონელის, აღჭურვილობის, დანადგარებისა და უძრავი ქონებისთვის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ. მეწარმეს შეუძლია ბანკიდან 7 ათას დოლარამდე "სწრაფი სესხი" ერთ დღეში მიიღოს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან იწყება, კრედიტის მაქსიმალური ვადა კი 10 წელია. ხოლო კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 100 ათასი დოლარია. გარდა ამისა, ბიზნესმენებს შეუძლიათ 20 ათას დოლარამდე "სწრაფი სესხი" საკუთარი მიზნებისთვის - ბინის რემონტისთვის, სამოგზაუროდ, მანქანისა და საოჯახო ნივთების შესაძენად აიღონ.

ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში საცალო და ფინანსურ მომსახურებაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. 2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბანკ "რესპუბლიკის" საწესდებო კაპიტალის 60% შეიძინეს. 2009 წელს ბანკ "რესპუბლიკაში" ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" საკუთარი წილი 60-დან 80%-მდე გაზარდა. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა "სოსიეტე ჟენერალმა" აქციათა 15% ლაშა პაპაშვილისგან გამოისყიდა, 5% კი სრულად გოჩა მაცაბერიძისგან. ახლა ბანკის აქციათა 10%-ს ლაშა პაპაშვილი ფლობს, 10% კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკუთრებაა.

R