ეთიკის კოდექსი "კაჩაობას" ვერ აკრძალავს - კვირის პალიტრა

ეთიკის კოდექსი "კაჩაობას" ვერ აკრძალავს

სესხის ამომღები შუამავალი კომპანიები ეროვნული ბანკის რეგულაციებს არ ექვემდებარებიან

პირველი ივნისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები ფინანსური ორგანიზაციებისთვის, რომელთა თანახმად, მათ მომხმარებელთან უფრო კორექტულად მოქცევა მოუწევთ. თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციები მკაცრდება ვადაგადაცილებული სესხის ამოღების შემთხვევისთვისაც და საფინანსო ორგანიზაციებს ურჩ მსესხებელთანაც კი ეთიკის ფარგლებში მოუწევთ ურთიერთობა. ახალი რეგულაციების დარღვევისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ფინანსურ ორგანიზაციებს 1.000-დან 5.000 ლარამდე თანხით დააჯარიმებს.

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "ეს რეგულაციები არ გავრცელდება ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებზე, რადგან ისინი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებია და ეროვნული ბანკის ზედამხედველობაში არ არიან მოქცეული. თუმცა ყველა სხვა დანარჩენ ფინანსურ ინსტიტუტს მოუწევს, 1-ლი ივნისიდან დაემორჩილონ ახალ წესებსა და რეგულაციებს.

მაგალითად, თუ დღეს მოქმედი წესით, ხელშეკრულების პირველივე გვერდზე არსებითი ინფორმაციის თავმოყრა სავალდებულო იყო მხოლოდ ფიზიკური პირების შემთხვევაში, ახალი ვერსიით, ეს ვალდებულება იურიდიული პირებისთვის მომზადებულ ხელშეკრულებებზეც გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან შემოვიდა წესი, რომ ხელშეკრულების თავსართში, ანუ პირველ გვერდზე, მოცემულია სესხის ძირითადი პირობები: სესხის პროცენტი, ეფექტიანი განაკვეთი, ვადიანობა, ყოველთვიური შესატანი თანხა და სხვ. რაკი ხშირი იყო პრეტენზიები, რომ მომხმარებელი ხელშეკრულებას სრულად არ ან ვერ კითხულობს, პირველივე გვერდზე მოიყარა თავი ყველაზე მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ. აქამდე ეს წესი ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გასაცემ სესხებზე, 300-დან 50 ათას ლარამდე. მიიჩნეოდა, რომ იურიდიული პირი, რომელიც უფრო მეტი მოცულობის სესხს იღებს, უფრო დეტალურად ეცნობა ხელშეკრულებას და მათთვის თავფურცელზე ძირითადი ინფორმაციის გამოტანა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ახალი რეგულაციების თანახმად კი, ფინანსურ ორგანიზაციებს ვალდებულება ექნებათ, სესხის შესახებ ძირითადი ინფორმაცია გამოიტანონ ხელშეკრულების პირველივე გვერდზე დიდი ოდენობის სესხების შემთხვევაშიც (200 ათას ლარამდე), მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებისთვისაც.

გაიზრდება სასესხო ხელშეკრულების შრიფტის ზომა. ბევრჯერ მოგვისმენია საყვედური, რომ ხელშეკრულების პირობები წვრილად წერია, ვერ წაიკითხეს, სათვალე არ ჰქონდათ... რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ მხოლოდ შრიფტის ზომის პრობლემა იყოს, როცა მომხმარებელი ხელშეკრულების პირობებს დეტალურად არ ეცნობა, მაგრამ მაინც უკეთესია, თუ ტექსტი უფრო ადვილად წასაკითხავი იქნება.

საინტერესოა, რომ ეს რეგულაციები და ვალდებულებები ფინანსურ ორგანიზაციებს ეკისრებათ უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც. თუ მომხმარებელი მოითხოვს, ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებული იქნება, გადასცეს განახლებული, ახალი სტანდარტით შედგენილი ხელშეკრულება.

ფაქტია, რომ ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური ორგანიზაციები უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. თუ აქამდე რაღაცები საფინანსო ინსტიტუტის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ამიერიდან ისინი ვალდებული იქნებიან, წესის შესაბამისად მოიქცნენ. მაგალითად, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, როდის შეატყობინებდა ამის შესახებ მსესხებელს. ხშირად სესხის ვადაგადაცილების შესახებ დიდი ხნის დაგვიანებით ატყობინებდნენ თავმდებს - ძირითადად, მაშინ, როცა ვადაგადაცილებულ სესხს უკვე დარიცხული ჰქონდა დიდი ოდენობით ჯარიმა-საურავები. შეიძლება ითქვას, ეს დამოკიდებული იყო კრედიტოფიცრის კეთილ ნებაზე - ზოგი დროულად ურეკავდა და ატყობინებდა თავმდებს, ზოგიც გვიან, რადგან არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ და შეუტყობინებლობის გამო არც სანქციები არ იყო გათვალისწინებული. ამგვარი ვალდებულების უქონლობა ბევრ გაუგებრობას ქმნიდა და თავმდებებს სავსებით სამართლიანი პრეტენზიებიც ჰქონდათ: იქნებ თავის დროზე უფრო ადვილად გადამეხადა სესხი, სანამ ამდენი ჯარიმა დაერიცხებოდაო. ამიერიდან ასეთი რამ ვეღარ მოხდება და საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებული იქნება, 5 დღის ვადაში შეატყობინოს მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავმდებ პირსაც, რომ სესხთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიქმნა, ვადაგადაცილებაა და რეაგირება დროულად მოახდინონ.

ფინანსურ ორგანიზაციებს აგრეთვე ეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი. არაერთხელ მოგვისმენია მომხმარებლისგან, რომ ფაქტობრივად, მას აშანტაჟებენ, ემუქრებიან სესხის ამოსაღებად. ახალ რეგულაციებში წერია, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების კოდექსი და მომხმარებელთან ურთიერთობისას დაიცვან ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები. შესაძლებელია ზოგჯერ მომხმარებელი იქცეოდეს არაკეთილსინდისიერად, იმალებოდეს, სესხს არ იხდიდეს, ამ დროს მის წინააღმდეგ მიმართავენ სანქციებს, რომლებიც გაწერილია ხელშეკრულებაში. მაგრამ იქ არსად წერია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა უნდა დაურეკოს მსესხებელს და, უკაცრავად ამ ტერმინისთვის და, "აკაჩაოს" ძველბიჭურად, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ გასაგებია, რომ ვალს დაბრუნება უნდა".

P.S. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებს არ ექვემდებარებიან სესხის ამომღები შუამავალი კომპანიები. არადა, როცა კრედიტი საბოლოოდ პრობლემური ხდება, ბანკები თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციები სწორედ სესხის ამომღებ კომპანიებს მიჰყიდიან ხოლმე ამ პრობლემურ სესხებს. მათ კი არაფერი უშლით ხელს, რომ პრობლემური სესხების, პრობლემური აქტივების მართვის ბიზნესი კი არ წარმართონ ეთიკის ფარგლებში, არამედ ძველი პრაქტიკა განაგრძონ და ვალის ამოღების აქამდე გამოყენებული მეთოდებიც შეინარჩუნონ.

ემა ტუხიაშვილი