სახელმწიფო შიდა ავიარეისებს 10 მილიონით აფინანსებს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო შიდა ავიარეისებს 10 მილიონით აფინანსებს

რანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია HUB Georgia აცხადებს, რომ "საქართველო ტურისტულ სეზონზე შეიძლება შიდა ფრენების გარეშე დარჩეს". მათი განმარტებით, ამის მიზეზი არასწორად გამოცხადებული ტენდერია, რომელიც კორუფციის რისკებს შეიცავს. შიდა ფრენები კომერციულად არ არის მომგებიანი, თუმცა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიას გასცემს.

ვასო ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 25 აპრილს გამოაცხადა 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი შიდა ფრენების სუბსიდირების შესახებ. გამარჯვებულმა ავიაკომპანიამ წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი/ბათუმი-მესტია/ამბროლაური და პირიქით. ფრენების დაწყების ვადა 2017 წლის 1-ლი ივლისია.

მეორე წელიწადია, აეროპორტების გაერთიანება თბილისი-ბათუმის რეისზე ტენდერს ფრენების დაწყებამდე მხოლოდ 2 თვით ადრე აცხადებს. ნებისმიერი ავიაკომპანია საფრენოსნო განრიგს 1 წლით ადრე ადგენს, უკიდურეს შემთხვევაში, 6 თვით ადრე. ავიაკომპანიას კი დრო სჭირდება ახალი საჰაერო ხომალდის შესაძენად ან იჯარით ასაღებად, ტექნიკური შემოწმებისა და სავალდებულო რეგისტრაციისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, დამატებითი თანამშრომლების ასაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მფრინავების გადასამზადებლად და ა.შ., რისთვისაც, საუკეთესო შემთხვევაში, საჭიროა 6 თვე. ამიტომაც გაუგებარია, რატომ აცხადებს აეროპორტების გაერთიანება ტენდერს კრიტიკულ ვადებში, მით უმეტეს, 3-წლიან ტენდერს.

შარშან გაერთიანებამ გამოაცხადა ტენდერი/ინტერესთა გამოხატვა შიდა ფრენებზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით. მაშინაც 2-თვიანი ვადის გამო ქართულმა ავიაკომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღეს. მოგვიანებით, გაერთიანებამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება გააფორმა ყაზახურ ავიაკომპანია sky Bus-თან. ამით საქართველოს მთავრობამ დაარღვია სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის მე-7 მუხლი "კაბოტაჟი". ის ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას, ქვეყნის შიდა რეისები თავად შეასრულოს. საგანგაშო იყო, რომ ყაზახური sky Bus-იც და ქვეყანა ყაზახეთიც ევროპის უსაფრთხოების სააგენტო EASA-ს შავ სიაშია და ამიტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენის უფლება არ ეძლევათ. თავის მხრივ, საქართველო EASA-ს წევრი სახელმწიფოა.

ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა ამ ტენდერით და ვითხოვდით განმარტებას, რომელი უწყება იყო პასუხისმგებელი საქართველოში მგზავრთა უსაფრთხოებაზე - ავიაკომპანია ტექნიკურ შემოწმებას ყაზახეთში გადიოდა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კი მხოლოდ დოკუმენტაციას ამოწმებდა. გამოვიდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მგზავრების უსაფრთხოებას ვანდობთ ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ევროპის შავ სიაში.

ჩვენ მაშინ ვაცხადებდით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა, რაც შემდეგში დადასტურდა იმით, რომ რამდენჯერმე sky Bus-ის რეისები ბათუმი-თბილისის მიმართულებით გადაიდო, საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იძულებული გახდა, sky Bus-ისთვის ფრენის უფლება შეეჩერებინა.

როგორც ჩანს, აეროპორტების გაერთიანებისთვის ეს არ აღმოჩნდა სათანადო მაგალითი და 1 წლის შემდეგ ისტორია კვლავ მეორდება. მას ამჯერადაც არ გაუვლია კონსულტაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოებაზე. ამას ჩვენ წერილობით გვიდასტურებს და უკმაყოფილებას გამოხატავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია.

გარდა შემჭიდროებული ვადებისა, წლევანდელ ტენდერში არის მოთხოვნა, რომ გამარჯვებულ ავიაკომპანიას რეგისტრირებული უნდა ჰყავდეს ორი სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდი და ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის ექსპლუატანტის სერტიფიკატი. ბათუმი-თბილისის შემთხვევაში ლაპარაკია საჰაერო ხომალდზე არანაკლებ 30 მგზავრის ადგილით, ხოლო მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით, არანაკლებ 15 ადგილით. მესტიისა და ამბროლაურის აეროდრომები ვერ იღებენ დიდ თვითმფრინავებს (მაქსიმუმ 18 მგზავრის სავარძლით) და ავიაკომპანიებსაც ორივე ტიპის საჰაერო ხომალდი მოსთხოვეს.

საქართველოში არც ერთ ავიაკომპანიას არა ჰყავს ორივე ტიპის საჰაერო ხომალდი და არც ექსპლუატანტის სერტიფიკატი აქვთ. შესაბამისად, ადგილობრივი ავიაკომპანიები ტენდერში დამარცხებისთვის იყვნენ განწირული. თუმცა აეროპორტების გაერთიანებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, კომპანია "სერვის ეარმა", რომელიც წლებია, სახელმწიფო სუბსიდირებით ასრულებს ფრენებს მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით და მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ჰყავს, ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო. კომპანია იდგა ცუდსა და უარესს შორის არჩევნის წინაშე: რაკი ტენდერის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა - არ ჰყავდა საშუალო ზომის საჰაერო ხომალდი და არც შესაბამისი ფრენის შესრულების უფლება, ან არ მიეღო ტენდერში მონაწილეობა, რაც გამოიწვევდა კომპანიის გაკოტრებასა და მილიონობით ლარის ინვესტიციის წყალში გადაყრას, ან წასულიყო ვა-ბანკზე და მაინც ეცადა ბედი.""სერვის ეარმა" მიიღო ტენდერში მონაწილეობა, არც კონკურენტი ჰყოლია და რაც უნდა უცნაური იყოს, გაიმარჯვა კიდეც.

ამით ჩაიშალა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ხელშეკრულების სასწრაფოდ გაფორმების გეგმა, თუმცა პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ შეძლებს ავიაკომპანია ტენდერის პირობების შესრულებას და დარჩება თუ არა საქართველო ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენების გარეშე?"

როგორც კომპანია "სერვის ეარის" დირექტორმა ამირან მანჯავიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შედარებით დიდი ზომის ხომალდს, რომელმაც თბილისი-ბათუმის მიმართულებით უნდა იფრინოს, 20 ივნისს ჩამოიყვანს საქართველოში.

ყველა იმ შეკითხვით, რომელიც აეროპორტების გაერთიანების მიერ გამართული ტენდერის შესახებ გაჩნდა, ჩვენ ამ უწყებას მივმართეთ და მისივე თხოვნით, კითხვები წერილობითაც გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

შეკითხვით მივმართეთ ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, გაიარა თუ არა აეროპორტების გაერთიანებამ მათთან კონსულტაციები ტენდერის გამოცხადებამდე. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უწევს და მომავალშიც მზად არის გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ პირებს. კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან სატენდერო პირობების შეთანხმების ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით", - ასე უპასუხა ჩვენს შეკითხვებს სააგენტომ.