ვინ დაამარცხებს "წამლების მონსტრს"?! - კვირის პალიტრა

ვინ დაამარცხებს "წამლების მონსტრს"?!

"უკვე ისმის, რომ უნდა შეიზღუდოს პარალელური იმპორტი, რაც მსხვილი ფარმაკომპანიების ინტერესებშია. იმედია, არ მოხდება ამ კომპანიების ლობირება და ისედაც შეზღუდული კონკურენცია ბაზარზე კიდევ უფრო არ შეიზღუდება"

შეზღუდული კონკურენცია, ვერტიკალური მონოპოლია, მაღალი ფასები მედიკამენტებზე, წამლის დაბალი ხარისხი და ჯანდაცვაზე გაწეული მოსახლეობის მაღალი დანახარჯები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა წარმოაჩენდა. ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო "ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" ახალ კანონპროექტს ექსპერტებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს აცნობს. უწყებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომლის შეფასებაც ექსპერტს ვთხოვეთ.

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: - ახალ კანონზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რამდენად მასშტაბური იქნება ცვლილებები, ჯერ არ გახმაურებულა და დეტალური ინფორმაცია არც კომიტეტში აქვთ. მე გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად გამოწვევას ამ სექტორში:

პირველი, მედიკამენტების მაღალი ფასი - ჩვენთან ბევრ მედიკამენტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალოგიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში ან ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში.

კიდევ ერთი პრობლემაა ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას ზღუდავს და წამლების არაბუნებრივად მაღალი საცალო ფასის დამკვიდრებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა გათავისუფლებულია დღგ-ისა და იმპორტის გადასახადისგან.

ცალკე განხილვის თემაა ხარისხის კონტროლის მექანიზმის არარსებობა. დღემდე ვერ მოხერხდა ფარმაცევტული წარმოების ე.წ. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის შემუშავება.

- ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კანონპროექტის პირველად ვარიანტში, რომელიც "გლობალ ალიანს კონსალტინგმა" შეიმუშავა, შესაძლოა, შეიცვალოს მოქმედი ბიზნესმოდელები, რასაც ექსპერტები ხშირად ჰორიზონტალურ მონოპოლიასაც უწოდებდით - წამლის მოთხოვნა და მიწოდება არ უნდა იყოს ერთი კომპანიის ხელში. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში, სადაც ფარმაცევტული კომპანიების ხელშია წამლის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, კლინიკები, სადაზღვევო სექტორი და სხვა, ამგვარი ბიზნესმოდელის უმტკივნეულოდ დაშლა შესაძლებელია?

- "გლობალ ალიანსმა" იმუშავა ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა მიმართულების რეფორმაზე, როგორებიცაა საყოველთაო ჯანდაცვაში ფასების შეკავება, ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სტრატეგია და ა.შ. სულ 14 მიმართულება იყო, აქედან ერთ-ერთია ხარისხიანი მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ანგარიში "გლობალ ალიანსმა" სამინისტროს ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში წარუდგინა. თავის მხრივ, ბევრი კითხვა იყო თვითონ "გლობალ ალიანსის" საქმიანობაზეც. გაგახსენებთ, რომ ამ ახალდარეგისტრირებულ, გამოცდილების არმქონე ორგანიზაციასთან ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერის წესების დარღვევით გააფორმა საეჭვო ხელშეკრულება და რამდენიმე თვე გაურკვეველი იყო, ვინ იდგა ამ ორგანიზაციის უკან.

როცა ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სადაზღვევო, კლინიკების ქსელი და მსხვილი ბანკი, ეს დიდი პრობლემაა. ასეთი ბიზნესმოდელი ნამდვილად არ უწყობს ხელს არც კონკურენციას და არც ხარისხის გაუმჯობესებას, არაფერს ვამბობ ფასების პოლიტიკაზე. წარმოუდგენელია, რომ თავის დროზე არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ჩაერია და არ აღკვეთა ამ მახინჯი მოდელის ჩამოყალიბება, ახლა კი ამ მონოპოლიების დაშლა საკმაოდ ძნელია. ამას სჭირდება საკანონმდებლო ბაზის გადახედვა და სახელმწიფოს ნება, რომელსაც ვერ ვხედავთ. პირიქით, როგორც ჩანს, მოხელეები, ასეთი ბიზნესმოდელის გამყარებას ხელს უწყობენ. მეტიც, ის, რაც კლინიკებთან დაკავშირებით ხდება, ნათელი მაგალითია, რომ სამინისტრო ცდილობს, "დაახრჩოს" საშუალო და მცირე კლინიკები და სათამაშო ველზე დატოვოს მხოლოდ მსხვილი გაერთიანებები. შედეგად, ზარალდება პაციენტი და მისი ჯიბე.

- ერთგვარი ბიზნესმოდელი იყო ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობა, რასაც ხშირად მედიკამენტების ჭარბად დანიშვნამდე, პოლიპრაგმაზიამდე მივყავართ. ეს პრობლემა როგორ შეიძლება კანონმდებლობით მოგვარდეს?

- პოლიპრაგმაზია სერიოზული პრობლემაა. ის, მეტ-ნაკლებად, სხვა ქვეყნებშიც არის. ზოგიერთ ქვეყანას მკაცრი რეგულაციებიც აქვს. მე ამ სფეროში გამჭვირვალობას ვემხრობი - რაც აშშ-მა გააკეთა 2010 წელს, როცა შუნსჰინე Aცტ-ი მიიღო. ამ აქტის მიხედვით, წამლების მწარმოებელმა კომპანიებმა, სამკურნალო მოწყობილობების, ბიოლოგიური და სამკურნალო საშუალებების მწარმოებლებმა, რომლებიც ფედერალური ჯანდაცვის პროგრამებით ფინანსდებიან, უნდა შეაგროვონ და საჯარო გახადონ ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა ექიმებსა თუ სამედიცინო პერსონალთან და ანგარიშები სახელმწიფო უწყებებში წარადგინონ. ეს კანონი ემსახურება ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ფარმაცევტულ მწარმოებლებს შორის ფინანსური ურთიერთობის გამჭვირვალობის გაზრდას და ინტერესთა პოტენციური კონფლიქტების აღმოჩენას, რაც პრევენციულ ზემოქმედებას ახდენს პოლიპრაგმაზიაზე.

გარდა ამისა, არსებითია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, როცა ადრეულ ეტაპებზე გვარდება ჯანმრთელობის პრობლემა მინიმალური ოდენობის წამლების გამოყენებით.

ცალკე თემაა ექიმების შემდგომი გადამზადება, რადგან ფინანსური დაინტერესების გარდა, ხშირად ექიმების დაბალი კვალიფიკაციაა ბევრი წამლის დანიშვნის მიზეზი.

- კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მომხმარებელი ჩივის, წამლის ხარისხი და მისი ფასია.

- ზემოთაც მოგახსენეთ, რომ ფასები არაადეკვატურად მაღალია, რაც შეეხება ხარისხს, სახელმწიფოს არ გააჩნია ხარისხის შეფასების ეფექტიანი მექანიზმი. არავინ ატარებს კვლევებს და ამიტომაც რამე მტკიცებულებაზე დაყრდნობით ხარისხის შეფასება შეუძლებელია.

გავიხსენოთ "ჰუმანიტი ჯორჯიას" მაგალითი - მან, ფაქტობრივად, ვადაგასული წამლები შემოიტანა, თანაც ლიცენზირების დარღვევით. ეს კი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს და ზოგჯერ პირიქით, კარტელურ გარიგებებში შედის და უხარისხო წამლების შემოტანას უწყობს ხელს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ გარიგებით სახელმწიფომ, სულ მცირე, 9 მილიონი დოლარი იზარალა.

- შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ, კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით, ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება. თუ ეს რეგულაცია ამოქმედდება, როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ბაზარზე?

- კანონმდებლობის მოწესრიგება აუცილებელია. ახალმა კანონმა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უნდა მოხსნას ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა ექსკლუზიური კონტრაქტები, რეგისტრაციისას ბიუროკრატიული ბარიერები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი კომპანიები. მთავარია, ფარმაცევტული ბაზარი გახდეს კონკურენტული ფარმაცევტული ბიზნესით დაკავებულ ადგილობრივ თუ უცხოელ მეწარმეთათვის. და რაც მთავარია, უნდა შემცირდეს ფარმაცევტული პროდუქტის ჯერ საბითუმო და შემდეგ საცალო ფასი და გაიზარდოს მასზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.

- სამწუხაროდ, ბევრი კანონპროექტი გვინახავს, რომელიც საბოლოოდ პარლამენტში განხილვისას სახეს იცვლის და ზოგჯერ რადიკალურადაც, რაც ხშირად ბიზნესის ლობირების შედეგია. რას ელით კონკრეტულად ამ კანონპროექტისგან?

- მსგავსი შიში მეც მაქვს. მით უმეტეს, რომ უკვე ისმის, რომ უნდა შეიზღუდოს პარალელური იმპორტი, რაც მსხვილი ფარმაკომპანიების ინტერესებშია. იმედია, არ მოხდება მსხვილი კომპანიების ლობირება და ისედაც შეზღუდული კონკურენცია ბაზარზე კიდევ უფრო არ შეიზღუდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა იყოს საჯარო, მედიის საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით.

ემა ტუხიაშვილი