"კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს" - ივლისიდან გაზის ტარიფი გაიზრდება?! - კვირის პალიტრა

"კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს" - ივლისიდან გაზის ტარიფი გაიზრდება?!

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები ივლისში დადგინდება. როგორც ფანგანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სემეკი დაადგენს ბუნებრივი აირის 3 გამანაწილებელი და ერთი ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფებს. რაც შეეხება მოლოდინებს, სემეკის წევრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 3-მა ლიცენზიანტმა კომპანიამ "ყაზტრანსგაზმა", "საქორგაზმა" და ,,სოკარ ჯორჯია გაზმა", ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტმა - "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მიმართა.

ამ ცოტა ხნის წინ, გაზეთი "კვირის პალიტრა" წერდა, რომ მომავალი თვიდან გაზის ტარიფის გაზრდა იგეგმება. ტარიფის ზრდის მიზეზად ენერგოკომპანიები ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფის გადახედვა არ მომხდარა. მმართველ გუნდშიც არ უარყოფენ, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტების ნაწილის აზრით, გაძვირების ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მით უფრო იმ ფონზე, როცა საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის ფასი ხელოვნურად იზრდება.

თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტიკოსი: "გაზის გაძვირებისგან მომხმარებელთა უფლებებს ვეღარავინ დაიცავს, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც 10 წელია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში სრულად აღარ შედის. არსებობს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, მონოპოლიური ბაზრის პირობებში გაზის მიწოდების აბსოლუტურად ალოგიკური დერეგულირება მოხდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ბუნებრივი აირის საცალო და საბითუმო ფასი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა) დერეგულირებულია და ყველა სხვა მომხმარებელს ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასით მიეწოდება; ხოლო იმ ნაწილში, სადაც ტარიფი სემეკის მიერ რეგულირდება, დარწმუნებული ვარ, უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება ტარიფის ზრდის თაობაზე. ამიტომაც გვაჩვევენ სამთავრობო უწყებები, რომ გაზის გაძვირება გარდაუვალია და არავინ ლაპარაკობს იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც წლებია ამ სფეროში არსებობს. ეს კორუფციული სქემაა ჩვენი მოქალაქეების, მცირე და საშუალო, დიდი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის საზიანოდ. კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს, ხოლო მილიონებს, რომელიც ამ კორუფციული გარიგებით ერთეულების ჯიბეში ილექება, ისევ საქართველოს მოსახლეობა იხდის. (იხილეთ სრულად)