კონკურენციამ ზოგჯერ არც კეთილმეზობლობა იცის და არც ვაჭრობის საერთაშორისო წესები - კვირის პალიტრა

კონკურენციამ ზოგჯერ არც კეთილმეზობლობა იცის და არც ვაჭრობის საერთაშორისო წესები

საქართველოს, ჩრდილოელი მეზობლის გარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობის დამყარების პოლიტიკა აქვს გამოცხადებული. ცხადია, ეს ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ეხება. ფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი (მსო) ქვეყნები კი ვალდებულიც არიან, ვაჭრობის დაწერილი კანონები დაიცვან. მაგრამ ხეირმა ზოგჯერ მეზობელი თუ მოკავშირე არ იცის. პროტექციონისტული ბარიერების დაწესება, ზოგჯერ კი მსო-ს წესების უგულებელყოფა, ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა.

თვეზე მეტია, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტს" თავისი პროდუქცია აზერბაიჯანში ვეღარ შეაქვს. კომპანიის მენეჯერ მაინჰარდ ტრულის განმარტებით, ცემენტით დატვირთული ვაგონები საზღვარს ვერ კვეთენ. ოფიციალური მიზეზი აზერბაიჯანულ მხარეს არ უცნობებია. "ჰაიდელბერგცემენტი" კი ყოველთვიურად 1,5 მილიონ დოლარს ზარალობს. "ჩვენ ბოლო სამი წელია, სტაბილურად ვვითარდებით, რეალიზაციის ნახევარი კი აზერბაიჯანზე მოდის. წლეულს ვფიქრობდით ექსპორტის წილის 60%-მდე გაზრდას, თუმცა ამ ინციდენტმა ხელი შეგვიშალა. თუ აზერბაიჯანში ცემენტი ვერ გავიტანეთ, ამ მოცულობის ქარხნის მუშაობა არარენტაბელური გახდება", -ამბობს მაინჰარდ ტრული. შეშფოთების საფუძველი უცხოელ ინვესტორს ნამდვილად აქვს. გერმანული "ჰაიდელბერგი" საქართველოში 2006 წელს გამოჩნდა, დღეს 5 ქარხანას ფლობს, საიდანაც სამი ცემენტს აწარმოებს. პროექტებში კომპანიამ 350 მილიონი ლარი დააბანდა.

მენეჯმენტმა აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის მოწესრიგება და შუამდგომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც სთხოვა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. კომპანიის გაჩერებით კი ეჭვქეშ დადგება როგორც ათასამდე დასაქმებულის, ასევე ტყიბულის ქვანახშირის ბედიც, რადგან "ჰაიდელბერგცემენტი" მისი ერთ-ერთ ყველაზე დიდი შემსყიდველია.

რა გახდა აზერბაიჯანულ ბაზარზე "ჰაიდელბერგის" "ბლოკირების" მიზეზი, უცნობია. მას, შესაძლოა, პოლიტიკურთან ერთად (როგორც ამბობენ, სომხეთისთვის ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნამ მეზობელი ერთობ გაანაწყენა), წმინდა ეკონომიკური ხასიათიც ჰქონდეს. არცთუ იშვიათად, საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივ კომპანიებს დიდ კონკურენციას უწევს. იმის მიხედვით, რამდენად გავლენიანი ადამიანი დგას აზერბაიჯანული საწარმოების უკან, წყდება ამა თუ იმ ბიზნესისთვის თამაშის წესებიც.

ასე შეემთხვა კომპანია "პომიკის" დამფუძნებელ ნატალია ბაღდავაძესაც. მეწარმეს თურქეთიდან ხილი და ბოსტნეული უკვე 15 წელია შემოაქვს. ამ ხნის განმავლობაში სტაბილური თურქი მომწოდებელიც გაიჩინა, რომელიც საქონელს წინასწარი გადახდის გარეშეც უგზავნის. ნატალია ბაღდავაძე ამბობს, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის სავაჭრო გზაჯვარედინს წარმოადგენდა. თურქეთიდან იმპორტირებული სურსათის დაახლოებით ნახევარს ან ცოტა მეტს, აზერბაიჯანელები და სომხები სწორედ თბილისში ყიდულობდნენ. გარდა ამისა, ქართული კომპანიები რეექსპორტზეც მუშაობდნენ. თუმცა თბილისს ნელ-ნელა დაემუქრა სავაჭრო ფუნქციის დაკარგვის საშიშროება.

ნატალია ბაღდავაძე: "ორი-სამი წლის წინ აზერბაიჯანში ციტრუსისა და ლიმონის შეტანა აგვიკრძალეს. ახალი წლიდან კი ამ პროდუქციას უკვე ბოსტნეულიც დაემატა. ადგილობრივმა კომპანიებმა მონოპოლია აიღეს, წითელ ხიდზე ერთი ყუთი პომიდვრის ხელით გადატანაც რომ გინდოდეს, ვერ გადაიტან. არანაკლები პრობლემები იქმნება აზერბაიჯანიდან სურსათის შემოტანისას, თუ არ ჩართე ადგილობრივი მაფიოზები... დავრჩით ასე ბლოკადაში".

ქართველი იმპორტიორის თქმით, საახალწლოდ დიდი ოდენობით პროდუქცია მოიმარაგა, რომლის რეალიზაცია საბაჟო შეზღუდვების გამო ვერ შეძლო. სურსათი გაუფუჭდა, შესაბამისად, 250 ათასი დოლარი იზარალა.

იმ დროს, როცა ქართული კომპანიები აზერბაიჯანის ბაზარს "წარმატებით" კარგავდნენ, აზერბაიჯანელები საპასუხო "იერიშზე" გადმოვიდნენ. მათ მიზანში თავდაპირველად ბანანის იმპორტი მოექცა. უკვე ექვსი თვეა, ტროპიკული ხილის ბაზარს კომპანია "კლასი" აკონტროლებს. ამ მოკლე დროის განმავლობაში მან თითქმის ყველა ადგილობრივი იმპორტიორის "ჩაძირვა" მოახერხა, მათ შორის ფადი ასლისაც, რომელიც ბანანის ბიზნესს უკვე მეათე წელია მისდევს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, აზერბაიჯანული კომპანია ხილს დემპინგურ ფასად, თვითღირებულებაზე 30%-ით ნაკლებად ყიდის, კომპენსაციას კი ისევ აზერბაიჯანულ ბაზარზე იღებს, სადაც გაყიდვას ორჯერ ძვირად ახერხებს. კომპანია "კლასს", რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახი მართავს, აზერბაიჯანში ბანანის იმპორტზე მონოპოლია უჭირავს და მისი ფასი მთელ დსთ-ის სივრცეში ყველაზე მაღალია – ერთი კილოგრამი, სულ მცირე, 1,25 დოლარი ღირს.

ფადი ასლი (ბიზნესმენი): "თითქმის შეუძლებელია აზერბაიჯანში ბიზნესის წამოწყება, თუ პრეზიდენტის ახლობელი არ ხარ. როცა ავტომანქანას ვაგზავნით, აზერბაიჯანის საზღვართან იმდენ ხანს აჩერებენ, სანამ ხილი არ გაფუჭდება და გადასაყრელი არ გახდება. უნდა არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია და აზერბაიჯანში შესვლის საშუალება ჩვენც მოგვეცეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაც უნდა გაისარჯოს. წარმოიდგინეთ, დღეს ბანანის ბაზარს იკავებენ, ხვალ და ზეგ მას შაქარი და სხვა პროდუქტებიც შეემატება. თუ ასე გაგრძელდა, აზერბაიჯანული და სომხური კომპანიები აქ ფესვს ისე გაიდგამენ, რომ ქართულ კომპანიებს გაქცევა მოუწევთ".

აზერბაიჯანი, არაოფიციალური შეზღუდვების გარდა, ქართულ პროდუქციას საბაჟო გადასახადებსაც უწესებს. მაგალითად, ერთი ტონა ვაშლის შეტანისთვის გადასახადი 400 დოლარია, ავეჯის ექსპორტიორ ერთ-ერთ კომპანიას კი ექვსთვიანი ლიცენზიისთვის 25 ათასი დოლარი მოსთხოვეს. აზერბაიჯანი ჯერ კიდევ არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, თუმცა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ბაქოსა და თბილისში გამუდმებით საუბრობენ, სულ ორი კვირის წინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მეზობელი ქვეყნიდან წარმომადგენლობითი დელეგაციაც მიიღო, თუმცა რეალური თანამშრომლობის საკითხი ხშირად მაინც ეჭვქვეშ დგება.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ამ მხრივ ზოგჯერ საქართველოც სცოდავს. ადგილობრივი კარტოფილისა და ციტრუსის მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად ორი წელია, სომხეთსა და თურქეთიდან დროდადრო პროდუქციის შემოტანას ზღუდავენ, არადა ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. თუმცა იმავე თურქეთს ორგანიზაციის წევრობა ხელს სულაც არ უშლის, სტრატეგიული პროდუქტების – ჩაის, თაფლისა და თუნდაც კოპტონის შეტანაზე სამციფრიანი საბაჟო განაკვეთები დაადგინოს. ბათუმში მდებარე ზეთის საწარმო "ბათოილი" თითქმის გაჩერებულია.

კომპანიას შარშან შემოდგომიდან მეზობელ ქვეყანაში კოპტონი ვეღარ გააქვს. თურქულმა მხარემ საბაბად სამთავრობო სავაჭრო ხელშეკრულებაში გაპარული შეცდომა დაასახელა და პროდუქციის განბაჟება მოითხოვა. არადა, შარშან მხოლოდ 8 თვის განმავლობაში "ბათოილმა" თურქეთში 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა.

ბელა ნოზაძე