ფიქსირებული გადასახადი ბრუნდება - კვირის პალიტრა

ფიქსირებული გადასახადი ბრუნდება

KvirisPalitra.Geორაზროვნება და უსამართლობა დავებისას -რა არ უნდა გადავიდეს ახალ საგადასახადო კოდექსში

პარლამენტში განსახილველად ფინანსთა სამინისტროდან ახალი საგადასახადო კოდექსი შედის. 15 წლის განმავლობაში საგადასახადო კოდექსი საქართველოში მესამედ იცვლება. ფინანსური დოკუმენტის ახალი ვარიანტი ჯერ საკომიტეტო მოსმენებს გაივლის და ფართო საზოგადოება მხოლოდ კანონმდებლების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ შეიტყობს, ვინ როგორ დაიბეგრება. კოდექსის სამუშაო ვარიანტი რატომღაც მკაცრად გასაიდუმლოებული აღმოჩნდა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთიანდება საბაჟო და საგადასახადო კოდექსი, და მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი შემოდის. "ეკოპალიტრამ" სპეციალისტებს სთხოვა შეეფასებინათ, რა იყო ყველაზე მიუღებელი მოქმედ კოდექსში, რაც სასურველია, რომ ახალ დოკუმენტში შეიცვალოს.

ამირან გიგუაშვილი (ადვოკატი): "ყოველთვის იდგა პრობლემა, რომ საგადასახადო კოდექსს თუ სხვა კანონს ვიწრო ჯგუფი შეიმუშავებდა. ეს ხშირად ვერ ამართლებდა და საზოგადოების სამართლიან პროტესტს იწვევდა. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც იქნება გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპი. მოქმედი საგადასახადო კოდექსი წინანდელს ჯობდა, მაგრამ ვერ პასუხობს იმ რეალობას, რაც განვითარებად საბაზრო ეკონომიკას სჭირდება.

ძირითადი პრობლემა ორაზროვნებაა. ეს საშუალებას აძლევდა და აძლევს საგადასახადო ორგანოს, სურვილის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ კანონი სუბიექტურად განმარტოს. მით უმეტეს, კოდექსის მეორე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ გადასახადებით დაბეგვრისას, ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას, გამოიყენება კოდექსის დებულებები...

როგორც წესი, არც ერთ ქვეყანაში, საგადასახადო კოდექსი არ არის მარტივი და ადვილად გასაგები. სამართლებრივი და ბუღალტრული მომსახურება ძვირად ღირებული სერვისი სწორედ იმ მიზეზითაა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა რთული და ბიუროკრატიულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი სუბიექტური და ორაზროვანი უნდა იყოს.

კითხვებია ეკონომიკურ მხარესთანაც. ალბათ ვერც ერთი ეკონომიკის ექსპერტი ვერ განმარტავს, რატომ უნდა იყოს საქართველოში გადასახადისგან გათავისუფლებული, მაგალითად, პულოვერებისა და მსგავსი ნაწარმის წარმოება. რა სტრატეგიული სფეროა ეს ჩვენი ქვეყნისთვის? ასევე, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის მოყვანა ტრაქტორებით ან კომბაინებით. გუთნით თუ მოხნა გლეხმა მიწა, ან თოხით დაამუშავა, რატომ არ თავისუფლდება გადასახადისგან? ფაიფურის, ქაშანურის წარმოება რატომაა ასეთი პრიორიტეტული, ან ტუჩის გარმონიკების, აკორდეონების წარმოება... ანუ მოქმედ კოდექსში ბევრი მუხლია, რომელიც ალბათ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ყველაზე მთავარი მოქმედ კანონმდებლობაში, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს გადასახადის გადამხდელის მხრიდან, დავების გადაწყვეტის წესია. ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიან შეშფოთებას და ხშირად აღშფოთებასაც იწვევს კოდექსის სწორედ ეს თავი. კოდექსის 153-ე მუხლი ადგენს, რომ დავების განხილვის მიზანია, მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა. 154-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, არ გადაგზავნის მას, ეს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულებაზე უარს ნიშნავს.

თანასწორუფლებიანობის დეკლარირების მიუხედავად, უზარმაზარ სახელმწიფო აპარატს არ აქვს არანაირი ვალდებულება, წერილობით პრეტენზიაზე წერილობითივე პასუხი გასცეს, საჩივარი განიხილოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. მეორე მხრივ, ინდმეწარმე თუ მცირე საწარმო, რომელსაც არ აქვს კვალიფიციური იურისტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, უნდა ედავოს სახელმწიფო აპარატს, რომლის დუმილი უკვე უარს ნიშნავს. გადასახადის გადამხდელის დუმილი კი მისთვის წაყენებულ მოთხოვნაზე ნიშნავს თანხმობას!

ვერანაირი კარგი კანონი ვერ იქნება გარანტი, რომ საგადასახადო შემოწმებისას, ინსპექტორის სუბიექტური თუ ობიექტური დამოკიდებულების გამო, გადასახადის გადამხდელის მიმართ არასათანადო ღონისძიებები არ გატარდება, მაგრამ გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია, რომ სამართლის საპოვნელად უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა არ დასჭირდება.

როგორი არაპოპულარულიც უნდა იყოს ჩემი აზრი, ფიქსირებული გადასახადის დაწესება არ არის შედეგის მომტანი და ეფექტური ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაძლებელია სახელმწიფომ განსაზღვრული დროის განმავლობაში გამონაკლისი დაუშვას, თუნდაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მაგრამ გადასახდი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ფიქსირებული გადასახადის დაწესება, რომელზეც ჩვენმა სახელმწიფომ წლების წინ თქვა უარი, დღეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

გადასახადის გადამხდელების უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ რეგისტრირებული ინდმეწარმე და თვითდასაქმებული სუბიექტები ვალდებულებებზე პასუხისმგებელი მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით არიან. ეს მათ შპს-ებზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს კრედიტორების წინაშე. შპს-ს შესაძლოა წაყენებული ჰქონდეს პრეტენზიები და კაპიტალში არ აღმოაჩნდეთ არაფერი ღირებული, დამფუძნებლები კი პირადად არ აგებენ პასუხს. ზოგიერთ შემთხვევაში შპს-ების დამფუძნებლები ამას ბოროტადაც იყენებდნენ. სხვა ქვეყნებში, ვთქვათ, აშშ-ში, ინდმეწარმის ტიპის გადასახადის გადამხდელები ხარჯებში თავის პირად დანახარჯებს ან შვილის სწავლის გადასახადსაც კი მიუთითებენ და უფლება აქვთ, ეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითონ".

ზვიად როგავა (ეკონომიკის ექსპერტი): "2005 წელს ნაჩქარევად მოხდა მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიღება და დღესაც არ არის დასაბუთებული, რატომ იღებენ ახალს. ეს საგადასახადო კოდექსები არის ე.წ. მოდალური საგადასახადო კოდექსები. ჩვენ ხომ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ძველი და ახალი კოდექსიც აგებულია ერთსა და იმავე პრინციპებზე. შეღავათებს შეცვლიან, განაკვეთებს თუ სხვას -ამის გათვალისწინება არსებულ კოდექსშიც შესაძლებელია.

-ფიქსირებული გადასახადი შემოდის მცირე მეწარმეებისთვის...

-მერე რა? მოქმედ კოდექსშიც დაამატებდნენ ფიქსირებულ გადასახადს. საბაჟო და საგადასახადო კოდექსს აერთიანებენ, რაც ისედაც რთულ კანონმდებლობას კიდევ უფრო გაართულებს. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, თუ ძველ კოდექსში სამი დამოუკიდებელი გადასახადი გვქონდა -მიწის, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო და საწარმოთა ქონების გადასახადი, მოქმედ კოდექსში ეს სამივე გადასახადი გაერთიანდა. ახლა ავიღოთ ტექნიკური მხარეც.

ახალ კოდექსში, ფაქტობრივად, გაუგებარია ნებისმიერი ნორმა, რადგან ერთ კარში სამი გადასახადი გაერთიანდა. ძველი კოდექსი გაცილებით ადვილად აღქმადი იყო ამ თვალსაზრისით იმიტომ, რომ სამ გადასახადს სამი დამოუკიდებელი კარი ეთმობოდა. ახალ კოდექსში ყველა მუხლი მითითებითია. ანუ ერთი მუხლის შინაარსი რომ გავიგო, მეორე მუხლზე ან მესამეზეც უნდა გადავიდე.

ყველაზე მეტად ფიქსირებული გადასახადის წინააღმდეგი ვარ. ის არასამართლიანია და გადასახდებისგან თავის არიდების ძალიან დიდ საშუალებას იძლევა. თუმცა არსებობს სექტორები, სადაც ფიქსირებული გადასახადის არშემოღება შეუძლებელია. მაგალითად, ტაქსის მძღოლისთვის. დღეს არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი შემოსავლები და ხარჯები აღვრიცხოთ. მაგრამ ფიქსირებული გადასახადის მასობრივად შემოღება -არასწორია. ჩვენ ამის პრაქტიკაც გვაქვს და გამოცდილებაც. მსხვილი საწარმოები შესაძლოა დაიშალონ წვრილ საწარმოებად, შემდეგ ხდება წვრილი საწარმოების საშუალებით ამ შეღავათებს ამოფარება და სხვ. ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში იკარგება დაბეგვრის სამართლიანობა.

დღეისთვის ძალიან პოპულარულია ახალი თაობის საგადასახადო კოდექსები, რომელიც შედგება არა ორი ნაწილისგან (ზოგადი და კერძო), არამედ სამი ნაწილისგან და ხსენებულ ორს საპროცესო ნორმების ნაწილი ემატება. მაგრამ მგონია, რომ ახალი თაობის საგადასახადო კოდექსს ვერ გააკეთებენ. ეს ასე მალე არ ხდება, ამაზე ლაპარაკიც არ არის. ახალი კოდექსი ისეთივე გადამღერება იქნება მოქმედი კოდექსისა, როგორც ის იყო წინას გადამღერება.

არ შეიძლება, ადმინისტრაცია წერდეს კანონს, ეს იგივეა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გლდანის საგამოძიებო იზოლატორს რომ შეუკვეთო და დააწერინო. ამას უნდა წერდნენ ექსპერტები. ფინანსთა სამინისტრო უნდა განსაზღვრავდეს საგადასახადო პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და შემდეგ საგადასახადო კოდექსი უნდა იქმნებოდეს. ძველ კოდექსზე ასე მოხდა -ევროკავშირმა დაწერა ძირითადი დოკუმენტი, საკმაოდ კარგი, გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს, იქ კი მთელი ნორმები ამოჭრეს და პარლამენტიდან რომ გამოვიდა კოდექსი, ვეღარც ვიცანით. ამის შემდეგ გადაუგზავნეს მეწარმეებს, მერე იმათ "ითამაშეს". საბოლოოდ, ზოგი ისეთი პარადოქსული ნორმაა, ერთმანეთს სრულიად ეწინააღმდეგება".