ვის მინდვრებს ხნავს "ძვირფასი"ტრაქტორები - კვირის პალიტრა

ვის მინდვრებს ხნავს "ძვირფასი"ტრაქტორები

მცირე ნაკვეთების მფლობელ გლეხებს ტექნიკის დაქირავება მეტად უჭირთ

საგაზაფხულო ხვნა-თესვა დასრულდა, მაგრამ მიწის ფართობების ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა. მიზეზი ის არის, რომ სოფლად საკმარისი ტექნიკა არ არის, ან გლეხებმა ამისთვის საჭირო ფული ვერ გამონახეს. დაახლოებთი თვე-ნახევარში ყანებში მოსავლის აღება იწყება და ფერმერები არანაკლებ დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან. მათ გრძელ რიგში ჩადგომა ახლა უკვე კომბაინებისთვის მოუწევთ.

გლეხებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა დღეს მიწის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის უქონლობაა. სახნავი, სარწყავი თუ მოსავლის ასაღები ტექნიკა იმდენად ძვირია, რომ მისი შეძენა გლეხს კი არა, მსხვილ ფერმერსაც უჭირს. მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნების თუ ორგანიზაციების ნაჩუქარი ტექნიკა 2008 წელს მუნიციპალიტეტებთან შექმნილ ამხანაგობებს დაურიგა. თითო რაიონს 2-3 ტრაქტორი ერგო. ამ ტექნიკით გლეხებისთვის მიწის ნაკვეთები შეღავათიან ფასებში უნდა მოეხნათ.

ტექნიკისთვის იმხელა რიგი დგას, მას რომ ელოდონ, გლეხებს მიწა დაუმუშავებელი დარჩებათ. ამიტომ იძულებული არიან, ისევ კერძო მექანიზატორები ეძებონ. ტექნიკის დაქირავება განსაკუთრებით მცირე ნაკვეთების მფლობელ გლეხებს უჭირთ. სოფლად მცხოვრებლების ნაწილი პირად საუბრებში იმასაც ამბობს, რომ ტრაქტორები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ან მათთან დაახლოებულმა პირებმა საკუთარი, ჰექტრობით ფართობების დასამუშავებლად წაიღეს.

რამაზ ბუდაღაშვილი (გარდაბნის ამხანაგობის თავმჯდომარე): "ამხანაგობას სამი ტრაქტორი აქვს, რომელიც რაიონს ემსახურება. კომბაინი და სხვა ტექნიკა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. რიგია ტექნიკაზე და ხალხს არ ჰყოფნის. დასამუშავებელი ტერიტორია დიდია და ვერ ავუდივართ. ამხანაგობა მოგებაზე არ მუშაობს, მთავარია, ტექნიკის შენახვა მოვახერხოთ და მძღოლს თანხა გადავუხადოთ. ამიტომ ერთი ჰექტრის მოხვნა 25-35 ლარამდე ღირს, გააჩნია ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ყამირ მიწაზე უფრო ძვირია. 5 ლარს მძღოლს ვუხდით. გლეხმა საწვავი თვითონ უნდა იყიდოს. მაინც შეღავათი გამოდის, რადგან კერძო პირები ჰექტარზე 60-70 ლარს ახდევინებენ. ძალიან გაჭირვებულ ოჯახებს უფასოდაც ვემსახურებით”.

ნოდარ ნანობაშვილი (ფერმერი, სოფელ ვაქირის მცხოვრები): "ჩვენს სოფელს ამხანაგობის ორი ტრაქტორი აქვს. ჰექტარის მოხვნა 50 ლარი ღირს, საწვავს ჩვენ ვყიდულობთ. ეს კერძო ტრაქტორებზე თითქმის 2-ჯერ იაფი ჯდება, თანაც ძველი "დე-ტეს"ტიპის ტრაქტორებს მეტი საწვავი სჭირდებათ. ჩვენ კარგი ხალხი შეგვხვდა, არც ბევრს გვახდევინებენ და კარგად გვემსახურებიან. მაგრამ მეზობელი სოფლების მცხოვრებლები უჩიოდნენ საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს, რომლებსაც 20-50 ჰექტარი ფართობები აქვთ, ამხანაგობის ტრაქტორებს იყენებენ და ჩვენთვის აღარ არისო. გავიგეთ, ახალ კომპანიასაც შემოუტანია ტექნიკა, მაგრამ მაგათი ტარიფები ჯერ არ ვიცით".

რამდენიმე თვის წინ საქართველოს იაპონიის მთავრობამ ტრაქტორების შესაძენად გრანტი გამოუყო (დაახლოებით 20 მილიონ ლარი). მაგრამ იაპონიის მხარემ პირობად ჩადო, რომ ტექნიკის ჩუქება არ შეიძლებოდა. ჯერ იფიქრეს, ტრაქტორი 25%-იანი ფასდაკლებით გლეხებისთვის მიეყიდათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ძვირად ღირებული ტექნიკის ფული გლეხებს არ ექნებოდათ. ამიტომ ფირმა, შპს "მექანიზატორი"შექმნეს, რომელსაც კომპანია "ნიუ ჰოლანდის"122 ტრაქტორი, კომბაინი და სპეციალური მისაბმელები გადასცეს. "მექანიზატორი"სახელმწიფო საწარმოა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კომპანია ახალი შექმნილია და როგორც მისი ხელმძღვანელობა ამბობს, კომერციული გათვლები აქვთ.

ბესიკ თეთვაძე (შპს "მექანიზატორის"დირექტორი): "თანამედროვე ტექნიკა -ტრაქტორები, 25 კომბაინი და სხვა მანქანა-იარაღები, ქვეყნის მასშტაბით 5 სერვის-ცენტრში გადანაწილდა. ტარიფები სხვადასხვა რეგიონში ადგილმდებარეობისა და ნიადაგის გათვალისწინებით განსხვავებულია და 90-დან 110 ლარამდე მერყეობს. კახეთში ერთი ჰექტარის მოხვნა 80-90 ლარი ჯდება, ამაში საწვავის ფასიც შედის. ქვემო ქართლში 100 ლარია. დაფარცხვა საშუალოდ 45-50 ლარი ჯდება. ქვეყნის მასშტაბით ერთიან ტარიფზე გვინდა გადასვლა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება. ორიენტაცია ისეთია, რომ მეტი ფართობი ვისაც აქვს, დამუშავება იაფი უჯდება.

5-6 მოსახლე თუ გაერთიანდება, მიწის ფონდს შექმნიან, ფართი 30 ჰექტარზე მეტი გამოუვათ და 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. კომბაინის გამოყენებისა და პესტიციდების შეტანის ტარიფები ყველგან თანაბარია და ჰექტარზე შესაბამისად 80 და 15 ლარი ღირს. ამ ფასში საწვავის ღირებულებაც შედის. გლეხი ჩვენთან წინასწარ დებს ხელშეკრულებას, საფასურს ბანკში იხდის და შემდეგ ვუხნავთ ნაკვეთს. ჩვენი კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ამხანაგობის ფასებზე მაღალია.

ბუნებრივია, ამხანაგობები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი გადასახადებს არ იხდიან, ჩვენ კი ყველა გადასახადს ვიხდით. ჩვენს მოგებაზე გავლენას საწვავის ფასებიც მოახდენს. უამინდობის გამო ჯერ მუშაობა ვერ დავიწყეთ, ფერმერებიც გაჩერებული არიან. ახლოვდება მარცვლეულის მოსავლის აღება, რეგიონების გამგეობები და საკრებულოები გაფრთხილებული გვყავს, ფერმერები ჩვენთან გამოგზავნონ, ფლაერებიც დავარიგეთ ჩვენი ტელეფონის ნომრებით. მოთხოვნა დიდი იქნება. ჩვენი ტარიფები საბაზრო ფასებზე 20%-ით იაფია. ბაზარზე კონკურენციაა და გლეხი თვითონ აირჩევს, ვის მიმართოს".

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ტექნიკა შესაძლოა საკმარისი არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მეზობელი რაიონები ერთმანეთს მიეხმარებიან. ამჟამად საქართველოში 105 ამხანაგობაა, რომლებიც 355 ტრაქტორს, 639 სასოფლო-სამეურნეო მანქანასა და ერთ მარცვლეულის ასაღებ კომბაინს ითვლიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე ახალი გრანტის მიღებას ან ახალ ტექნიკას საჩუქრად არ ელოდებიან.

ციფრების ენით

-სოფლის მეურნეობის წლევანდელი ბიუჯეტი 55,348 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო შარშან 113,248 მილიონი ლარი იყო.

-სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს მიაჩნია, რომ წლეულს საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტი 25%-ით გაიზრდება.

ნონა ქვლივიძე