"დააფასე ქართულად" - კვირის პალიტრა

"დააფასე ქართულად"

"საქართველოს ეკონომიკის მთლიან მოცულობაში ეროვნული ვალუტა 15-20%-ს იკავებს. მაშინ როცა, სულ ცოტა, 40-45%-ს უნდა იკავებდეს"

ფასების ლარით მითითება სავალდებულო 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ხდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მეწარმე ვალდებულია, ქონების გაყიდვისა და მომსახურების შეთავაზება-რეკლამირების ფასი ლარით მიუთითოს. ამ წესის დარღვევის ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გასწევს. პირველი დარღვევისას მეწარმეს გააფრთხილებენ, განმეორებით დარღვევას მოჰყვება 1.000-ლარიანი ჯარიმა, ყოველი მომდევნო დარღვევისას კი ჯარიმა 5.000 ლარი გახდება.

ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მხოლოდ მეწარმე სუბიექტებს შეეხება და ამასთან, მათ არ აეკრძალებათ საბოლოო ანგარიშსწორება სხვა ვალუტაში. არსებობს გამონაკლისებიც, როცა რეკლამირებისას ფასი შეიძლება უცხოურ ვალუტაში გამოიხატოს, მაგალითად, ავიაბილეთების გაყიდვის, სასტუმროსა და ტურისტული მომსახურება, თუ ეს უცხო ენაზე ხორციელდება, ასევე აზარტული თამაშობები. ასევე გამონაკლისს წარმოადგენს ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო-საჰაერო-სახმელეთო გადაზიდვები, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვები და სხვ.

ექსპერტების შეფასებით, ლარში ფასდადების მოთხოვნის მიზანი ეროვნული ვალუტის მიმართ Yნდობის ამაღლებაა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ პირველ ეტაპზე ბევრ პროდუქტსა და მომსახურებაზე ლარში ფასი გაიზარდოს.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "საქართველოს ეკონომიკის მთლიან მოცულობაში ეროვნული ვალუტა 15-20%-ს იკავებს. მაშინ როცა, სულ ცოტა, 40-45%-ს უნდა იკავებდეს. ლარიზაციის პროგრამაში სწორედ ამ მაჩვენებლის ამაღლებაზეა საუბარი. ეს ადმინისტრაციული ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ ლარისკენ პირი ვიბრუნოთ, ნდობა გამოვუცხადოთ და ლარს დაუბრუნდეს შენახვის და ინვესტირების ფუნქცია.

ლარში ფასის დადებამ მისი გამოყენების არეალი უნდა გაზარდოს. მაგრამ მხოლოდ რეგულაციებით ამას ვერ ვუშველით, მთავარია, ლარს ენდონ, მოახდინონ ანგარიშსწორება, შეიძინონ უძრავ-მოძრავი ქონება და სხვ.

შეიზღუდა დოლარში სესხების გაცემაც და მიკროსაფინანსოებმა უკვე დაიწყეს "ლარში ცხოვრება", ამიტომ კიდევ უფრო გაადვილდება ე.წ. ლარში აზროვნება.

ლარში ფასდადება გარკვეულწილად ფასებს გაზრდის, მაგრამ ვიღაცისთვის ეს თუ ცუდია, სხვისთვის - კარგია. ვიღაც იტყვის, რომ მაგალითად, მშენებლობისთვის მასალებს დოლარში ყიდულობს, ამიტომ უძრავი ქონების ფასი ლარში გაუფასურებისგან უნდა დააზღვიოს და ფასს გაზრდის. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მეწარმეები იფიქრებენ, რომ იმპორტი შეამცირონ და ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება სულაც არ გულისხმობს ლარის ფიქსირებულ კურსს, არამედ იმ სწორ პოლიტიკას, რომელსაც ამ ბოლო დროს წარმართავს ეროვნული ბანკი. ვხედავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დოლარს ყიდულობს და კურსი ზემოთ-ქვემოთ არ დარბის, რაც ლარის მიმართ ნდობას გაზრდის. ასევე, თუ გაუჭირდება ბაზარს შემოდგომით, არ უნდა დაიზაროს ეროვნულმა ბანკმა და ეს დოლარი ისევ უნდა გამოიტანოს გასაყიდად. არ უნდა გაექცეს ეროვნულ ბანკს ბაზარი, როგორც ეს შარშან მოხდა და ლარის კურსი ლამის თავზე დაგვემხო, როცა ერთი დოლარის ფასი 2,82-მდეც კი ავარდა. ამგვარი ფორსმაჟორი რამდენიმე წლით აქრობს ლარის სტაბილურობის განცდას. ამიტომ მხოლოდ ფასდადება ვერ გვიშველის ლარის მიმართ ნდობის დასაბრუნებლად, ეროვნულმა ბანკმა თავისი პოლიტიკით სტაბილურობის განცდა უნდა შექმნას".