"დავდეთ დეპოზიტზე, რითაც მუნიციპალიტეტი გარკვეულ მოგებას ნახავს" - გორის გამგეობამ 2 მილიონი ლარი გააპროცენტა?! - კვირის პალიტრა

"დავდეთ დეპოზიტზე, რითაც მუნიციპალიტეტი გარკვეულ მოგებას ნახავს" - გორის გამგეობამ 2 მილიონი ლარი გააპროცენტა?!

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის საბუღალტრო განყოფილების უფროსმა ნანა ჩეჩელაშვილმა 2015 წლის 2 თებერვალს "ლიბერთი ბანკის" შემნახველ ანგარიშზე 2 მლნ ლარი  გადარიცხა. როგორც ვებპორტალი წერს, მისი თქმით, ეს თავისუფალ თანხას წარმოადგენდა.

"იგივეს ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი ლია მერებაშვილი. ბოლო საკრებულო სხდომაზე ამ გაპროცენტებული თანხის შესახებ ინფორმაცია, სწორედ, ლია მერებაშვილმა გააჟღერა. ეს იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა იკითხეს: თუ საიდან უნდა დაფინანსდეს ააიპი "ანსამბლი მაჩაბელი", ხოლო ააიპ "გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრს" რა სახსრებით ეზრდება დაფინანსება 51 ათასი ლარიდან 95 ათას ლარამდე.

"ამ ეტაპზე თავისუფალი თანხები არ გვაქვს, მაგრამ ბანკიდან მიღებული პროცენტებით შევძლებთ აიპიებისთვის თანხების მოძებნას" - განაცხადა ლია მერებაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა იმით, თუ საიდან მოიძებნა წლის დასაწყისში აღნიშნული თავისუფალი თანხა. ხელმძღვანელი პირებისგან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები მივიღეთ.

დავით ონიაშვილი: "ეს ხელფასების თანხაა, მე როგორც ვიცი, უფრო ზუსტად საფინანსო სამსახურის უფროსს ეცოდინება"

საფინანსო სამსახურის უფროსი ლია მერებაშვილი 2015 წლის 23 ივნისიდან შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას, ამჟამად, ნანა ჩეჩელაშვილი ასრულებს.

გია წვერავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ჩვენი სტუმრობის დროს, ლია მერებაშვილს დაუკავშირდა ტელეფონით.

გია წვერავა: "ლია, 2 მლნ ლარის შესახებ აინტერესებთ და შენ თვითონ დაელაპარაკე"

ლია მერებაშვილი ტელეფონით: "ეს თანხა ჩვენ გვქონდა, როგორც თავისუფალი თანხა. ქეშის სახით. (cash - ნაღდი ფული). დავდეთ დეპოზიტზე, რითაც მუნიციპალიტეტი გარკვეულ მოგებას ნახავს", - წერს ვებპორტალი.

იხილეთ ვიდეო qartli.ge - ზე