ვინ დაიცავს ფინანსური "პირამიდების" მსხვერპლთა უფლებებს?!
ვინ დაიცავს ფინანსური "პირამიდების" მსხვერპლთა უფლებებს?!
"ბოლო ხუთი წელიწადია, ლარში გამოსახული უძრავი ქონების ფასები უფრო მეტად სტაბილური იყო, ვიდრე დოლარში"

რას ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი­ (სებ) ლარში სავალდებულო ფასდადების წესის ამოქმედების შემდეგ, შეინარჩუნებს თუ არა ლარის კურსი სტაბილურობას, რატომ არ თოკავს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი უფრო მეტად ინფლაციას, რომელიც დღეს მიზნობრივზე მაღალია და რას ურჩევს მომხმარებელს ფინანსური "პირამიდის" სქემით მომუშავე კომპანიებთან ურთიერთობისას - ამ და სხვა თემებზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გვესაუბრა:

- 1-ლი ივლისიდან მეწარმეებმა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მათ შორის, ინდმეწარმეებმაც, პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირებისა­
და შეთავაზებისას ფასები ლარით­ უნდა მიუთითონ. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ზუსტად რა თანხას იხდის კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაში. მაგალითად, თუ მითითებულია, რომ პროდუქტის ფასია 100 დოლარის ეკვივალენტი ლარში, მომხმარებელმა არ იცის, რამდენს გადაიხდის ამ პროდუქტის შეძენისას. ხშირად არც ის არის ცნობილი, რა გაცვლით კურსს იყენებს გამყიდველი
ფასის დაანგარიშებისას. ველოდებით, რომ დოლარიზაციის შემცირება გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს დოლარზე მოთხოვნის შემცირებას. თუმცა, დედოლარიზაცია კომპლექსური თემაა და ლარში ფასდადება მისი ერთ-ერთი ნაწილია. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით, რომ უძრავი ქონების ფასის რეკლამირება, ძირითადად, მოხდება ლარში.

თუ გადავხედავთ ბოლო ხუთ წელიწადს, ლარში გამოსახული უძრავი ქონების ფასები უფრო მეტად სტაბილური იყო, ვიდრე დოლარში. მართალია, ჩვენ დოლარით გვაქვს ფასი დაფიქსირებული, მაგრამ დოლარის გამყარებისა და შესაბამისად, ლარის გაუფასურების შემთხვევაში ვხედავთ, რომ უძრავი ქონების ფასი მცირდება. მაგალითად, თუ მშენებელი იწყებს 2-3-წლიან პროექტს, მან არ იცის, რა ფასად გაყიდის უძრავ ქონებას, რადგან დამოკიდებული იქნება ლარის კურსზე ამ პერიოდის განმავლობაში, ხოლო თუ სხვა ქვეყნების მსგავსად ფასს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში დავადებთ, დავინახავთ, რომ პროგნოზირება ასე უფრო შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მშენებელს ეცოდინება, რომ უძრავი ქონების ფასი წელიწადში საშუალოდ 3-5%-ით იზრდება, შესაბამისად, უფრო ზუსტ პროგნოზს გააკეთებს, ვიდრე აქამდე შეეძლო. მომხმარებლის
თვალითაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, თუ უძრავი ქონების შეძენა მინდა და ვხედავ, რომ მისი ფასი წლიურად 3%-ით იზრდება, დეპოზიტზე კი შეიძლება წელიწადში 6%-ს მიხდიდნენ, შევეცდები, ჩემი დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში განვათავსო. დღეს კი ასე არ ხდება, ფასი დოლარშია დაფიქსირებული და იქმნება მცდარი მოლოდინი, თითქოს დოლარში ფასი უფრო სტაბილური იქნება.

- ბოლო 2-3 თვეა, ლარის კურსის რყევები, ისეთი, როგორიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა, აღარ ყოფილა. მეტიც, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში სებ-მა­ 40 მილიონი დოლარი შეისყიდა, ანუ ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას შეუშალა ხელი...

- ეროვნული ბანკის ფუნქცია ფასების სტაბილურობაა­, რაც ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია უნდა იყოს მიზნობრივთან ახლოს. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეწარმისთვის, მათ შორის, სამშენებლო სექტორისთვის. ეს სექტორი რომ სტაბილური იყოს, მისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა კურსი. ვალუტის მოკლევადიანი სტაბილურობა კი ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა, როცა ფასების სტაბილურობა და ვალუტის სტაბილურობა ურთიერთდამოკიდებული ხდება. რაც შეეხება ჩვენს ინტერვენციებს, მათი ერთ-ერთი მიზანი რეზერვების შევსებაა მაშინ, როცა ამის საშუალება გვაქვს და თან ისე, რომ კურსზე გავლენა არ ვიქონიოთ. ვერ ვიტყვით, რომ ინტერვენციები გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერიოდში რამე ტენდენციას ქმნის. და კიდევ, თუ კურსი ჭარბად გამყარდება, როგორც 2016 წელს, ეს გამოიწვევს იმპორტის ზრდას, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის გაჩენას და შემდეგ უკვე ლარის კურსის გაუფასურებას. ცოტა რთულია ასახსნელად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უფრო მეტად ვერევით ლარის გამყარების დროს, რათა მეტი სტაბილურობა შევძინოთ კურსს, რისი შესაძლებლობაც გაუფასურების დროს არა გვაქვს.

- დღეს ინფლაცია მიზნ­ობრივზე მაღალია და ფასების საერთო დონის ზრდა მომხმარებლის სამართლიან­ უკმაყოფილებას იწვევს. შეეძლო თუ არა სებ-ს კურსის კიდევ მეტად­ გამყარება და ინფლაციის მოთოკვა?

- თუ ზედმეტად მოვთოკავთ ინფლაციას, ეს ნიშნავს, რომ გავზრდით უმუშევრობასა და იმპორტს, შევამცირებთ ადგილობრივ წარმოებას, რაც მომავალში კიდევ მეტ პრობლემას შექმნის. ამიტომ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში. ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა, რაშიც ეროვნულ ბანკს განსაზღვრული როლი აკისრია და ეს არის საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობა. სწორედ ეს განაპირობებს შემოსავლების ზრდასა და ხარჯების ზრდას შორის მაქსიმალურ სხვაობას. შემოსავლების მოთოკვით ხარჯების შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. ფასების მატება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოწვეულია ერთჯერადი ფაქტორებით და ამაზე ეროვნული ბანკის ჭარბი რეაგირება არასწორია. აქციზის ზრდამ და ბენზინის გაძვირებამ მსოფლიო ბაზარზე განაპირობა დროებითი გადახრა ინფლაციის მაჩვენებლისგან, თუმცა ამას არ გამოუწვევია ინფლაციური პროცესები. ანუ სებ-ი რეაგირებს ინფლაციურ პროცესებზე და ჩვენი ვალია, არ დავუშვათ ეს პროცესები, ისევე როგორც არ დავუშვათ დეფ­ლაციური პროცესები და ამიტომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 4%-თან ახლოს, ხოლო მომავალი წლიდან უკვე 3%-თან ახლოს უნდა იყოს.

- დღეს საქართველოს საგარეო ვალი 15,5 მილიარდი დოლარია,­ საიდანაც 11 მილიარდი კერძო სექტორის­ ვალია. თუ არსებობს გეგმა ეროვნულ ბანკთან ერთად, როგორ აპირებენ ამ ვალების გადახდას ისე, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას?

- ამ ეტაპზე არ არსებობს რამე მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი, მათ შორის არც თქვენ მიერ დასახელებული, რამაც შეიძლება ლარის კურსზე გამყარების ან გაუფასურების მიმართულებით მოახდინოს გავლენა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კურსი არ შეიცვლება ერთი ან მეორე მიმართულებით, რადგან კურსი იმაზეა დამოკიდებული, რა მოუვა დოლარსა და ევროს მსოფლიო ბაზრებზე, როგორი იქნება რეგიონის ეკონომიკური ზრდა, როგორ შეიცვლება რეგიონში ვალუტების კურსები და სხვ. გაუგებრობას იწვევს სტატისტიკური ტერმინებიც, როგორიც არის "დაუყოვნებლივ გადასახდელი". ეს ტერმინი არ ნიშნავს, რომ ამ მუხლში ასახული თანხა მაშინვე უნდა იყოს გადახდილი. მაგალითად, მიმდინარე ანგარიშებიც გადის დაუყოვნებლივ გადასახდელებში. წინა წლების დინამიკას რომ შევხედოთ, 2006-შიც იყო 4,3-4,5 მილიარდი დოლარი გადასახდელი ვალი, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია სავალუტო ბაზარზე.

- ბოლო დროს სებ-ი აფრთხილებს მოსახლეობას, არ განათავსონ თანხები ისეთ სარისკო კომპანიებში, რომლებიც ფინანსური "პირამიდის" პრინციპით მოქმედებენ. გასაგებია, რომ ეს კომპანიები არ არიან ლიცენზირებული ეროვნული ბანკის მიერ და შესაბამისად,­ ის არც არის პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე, მაგრამ ვინ უნდა დაიცვას უკვე მოტყუებული მომხმარებლის უფლებები?

- ადამიანმა საკუთარი რისკისა და ანალიზის საფუძველზე უნდა განათავსოს თანხები. თუ ეს ეხება კომერციულ ბანკს, ის ჩვენი რეგულირებისა და მონიტორინგის­ ქვეშ არის და კლიენტებთან ერთად ამ რისკს ჩვენც ვინაწილებთ.­ სხვა კომპანიებზე, რომლებიც ჩვენ მიერ არ რეგულირდება, გავლენა არა გვაქვს. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა კლიენტებს ეუბნებიან, რომ ეროვნული ბანკის ლიცენზია აქვთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მომხმარებელმა ინფორმაცია ჩვენთან გადაამოწმოს. ჩვენს საიტზე განთავსებულია იმ კომპანიების სია, ვისაც ეროვნული ბანკის ლიცენზია აქვს. "პირამიდული" ბიზნესი ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან მისი კონტროლი და რეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაუშვას ასეთი ბიზნესის საქმიანობა ქვეყანაში თუ საერთოდ აკრძალოს.

- ბოლო ერთ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დახურა კანონდარღვევების გამო. ძირითადად, რა დარღვევები გვხვდება?

- სავალუტო პუნქტებს ევალებათ, 3.000 ლარზე მეტი თანხის გადახურდავებისას მოახდინონ პირის ვერიფიკაცია. მაგალითად, თუ პირმა 30 ათასი ლარი ნაწილებად დაყო და 1 წუთში რამდენიმე ტრანზაქცია განახორციელა, ჩნდება ეჭვი, ხომ არ გვქონდა საქმე ფულის გათეთრებასთან. სწორედ ამ მიზეზით დავაჯარიმეთ სავალუტო პუნქტები და რეგისტრაცია გავუუქმეთ. მათი მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან ფულის გათეთრება არის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.
მკითხველის კომენტარი (1)
ალექს
08 ივლისი 2017 08:09
ქვეყნის დამაქცევარ კანონებზე ვსაუბრობდი ამას წინათ ,ერთზე მოგახსენებთ :
ოციოდე წლისა წინ ყველა საერთაშორისო ნორმის და ტრადიციის დარღვევით
მოქკავშირულმა პარლამენტმა შემოიღო საერთაშორისო (!!!!!)სატრანსპორტო
მიმოსვლაში არარეზიდენტის შემოსავლის ქართულ წყაროსთან არნახული
მნიშვნელობით 4 %-თ (საზღვაო საფრახტო ბროკერის და სახაზო აგენტის ორმაგი
გასამრჯელოა ,ვინც არ იცით ) დაბეგვრის გადასახადი,რომელიც შეიყვანა
საშემოსავლოში,აი თქვენ რომ ხელფასიდან იხდით,იმაში,ანუ დაფარა გადასახადის
ახალი სახე !
ასევე ვინც არ იცით ასეთი კანონებით დიდი საზღვაო სახელმწიფოები ეროვნულ
ბაზარს იცავენ უცხოელთა ესპანსიისაგან,ანუ ამერიკის პორტებს შორის (140
აქვს!)რომ რუსმა არ იცურავოს ათასობით ხომალდი ყავს საექსპორტო ან შიდა
პროდუქტით,ან თურქეთს რომ 120 პორტი აქვს ,ბერძენმა არ უზიდოს ანტალიიდან
ტრაბზონში,მასაც ათასობით გემი ყავს !ხომ გასაგებია რომ ჩვენ არც გემი
გვყავს ა,არც თვითმფრინავი და არც ტრაილერი -მაინც ყველაფერზე გაავრცელეს !
იცავენ რუსეთის ბაზარს და ეკონომიკას,კიდევ სომხეთზე ,აზერბაიჯანზე და
თურქეთზე ზრუნავენ !
20 წელია ხელისუფლება, არ იცის რამდენი ამოიღო ეს გადასახადი ,არა აქვს
სტატისტიკა,ის ერთიანად აღირიცხება ხელლფასების საშემოსავლოსთან !
ეს კანონი რუსებმა შემოაგდეს,ეს სხვანაირად მომსახურების იმპორტის
დაბეგვრაა და მსო ნორმებს ეწინააღმდეგება ,საღ აზრსაც, რადგან ქართველ
იმპორტიორს და საბოლოოდ კი ,თქვენ ,პატივცემულო გადასახადის გადამხდელებო
იმპორტს უძვირებს 6-7 % -თ ,რითაც კლავს არათუ შიდა ბაზარს ,სხვის ნედლეულზე ღირებულების დამატების და გადამუშავების ინდუსტრიასაც ,რაც თანამედროვე სატრანზიტო ქვეყნის მახასიათებელი საქმიანობაა !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები