კერძო სექტორს საგარეო ვალის გადახდა უჭირს - კვირის პალიტრა

კერძო სექტორს საგარეო ვალის გადახდა უჭირს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15,5 მილიარდი დოლარია, რაც თითქმის მთელი ჩვენი ეკონომიკის ტოლია. ამ საგარეო ვალიდან სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ მესამედზე ნაკლებია - 4,5 მილიარდი, დანარჩენი 11 მილიარდი კი კერძო სექტორის ვალია. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიზნესს ვალის გადახდა უჭირს, რის გამოც ზოგი წილს ყიდის, ზოგიც მფლობელს იცვლის, ზოგიც კოტრდება.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "დღეს სახელმწიფო ვალის პრობლემა არა გვაქვს, რადგან მშპ-სთან მისი თანაფარდობის, შეიძლება ითქვას, კარგი მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიო მასშტაბით - 40-42%, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, ეს მაჩვენებელი ნაკლებიც ყოფილიყო. ამის მიღწევაც შეიძლება, თუ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა და გადასახდელი თანხა მიმდინარე და მომდევნო წლებში სულაც არ არის კრიტიკული მოცულობის. გაცილებით უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის კერძო სექტორი, რომლის მიერ აღებული საგარეო ვალები გაცილებით მეტია სახელმწიფო ვალის ოდენობაზე.

როგორც ირკვევა, წლეულს კომერციული ბანკებისა და კერძო კომპანიების საგარეო ვალის წლევანდელი ტვირთი შეადგენს 3,8 მლრდ დოლარს. დამატებით გასათვალისწინებელია ე.წ. დაუყოვნებლივი მუხლი - 875 მლნ. ეს მუხლი მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე ვადაგადაცილებულია და მათი მომსახურება 2017 წლის 1-ლ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. ჯერ კიდევ 2016 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, მუხლი "დაუყოვნებლივ" 735 მლნ დოლარს შეადგენდა, ე.ი. 2016 წლის მეოთხე კვარტალში ის 140 მლნ დოლარით გაიზარდა.

თვალში საცემია გარემოება, რომ "დაუყოვნებლივი" მუხლის დიდი ნაწილი - 508 მილიონი (875 მილიონის თითქმის 60%) არის საბანკო სექტორის დავალიანება საერთაშორისო კრედიტორების წინაშე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი აღებული ვალის პროლონგაცია, ანუ ძველი ვალის ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია, რაც ბიზნესში ხშირად ხდება. თუმცა, რამდენჯერმე გადავადებისა და საჯარიმო სანქციების დაკისრების შემდეგ, სესხი აღარ გახანგრძლივდება. დღეს ასეთ ვითარებაშია ფინანსური სექტორის ნაწილი, ენერგოკომპანიები, სუპერმარკეტების ქსელები და სხვა ბიზნესი, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე, კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, პირდაპირ აქვთ აღებული ვალები და ახლა მათი გასტუმრება უწევთ. ასეთ შემთხვევაში ბიზნესს რამდენიმე გამოსავალი აქვს - ვალი დაუყოვნებლივ დაფაროს ან ძველი კრედიტორი ახლით ჩაანაცვლოს, ბიზნესის წილი გაყიდოს ან კრედიტორს ვალის გადახდის სანაცვლოდ აქციები შესთავაზოს.

ბოლო დროს აქტიურად ხდება ბიზნესში ცვლილებები. გვაქვს საბანკო გამსხვილებები; რიტეილის (საცალო ვაჭრობის) ბაზარზე ხდება ერთი კომპანიის მიერ მეორე მსხვილი საერთაშორისო კონგლომერატისთვის ქსელის მიყიდვა; სახელმწიფო კაპიტალით შექმნილი კომპანიები, ვალში აღებული ობლიგაციების სანაცვლოდ, აქციებს უშვებენ, რათა მათში მიღებული ფულით ნაწილობრივ ვალი დაფარონ და სხვ.

საგარეო ვალის დინამიკას თუ შევხედავთ, მისი მოცულობა მუდმივად იზრდებოდა. ვალში ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანამ უნდა აიღოს ვალი და განვითარდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. მთავარია, რამდენად ეფექტიანად იყენებენ ამ თანხებს. არ შეიძლება, საგარეო ვალი ავიღოთ და ავაშენოთ შადრევანი, პარლამენტის შენობა, ანუ ისეთი ობიექტები, რომელსაც ფული არ მოაქვს.

ყოფილი ხელისუფლების პერიოდში აღებული საგარეო ვალი დღეს ეროვნული ვალუტის სისუსტის მთავარი მიზეზია. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენ ვალებს, ფაქტობრივად, არ ვიღებთ და ვიცავთ მათი გადახდის გრაფიკს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ლარის კურსზე ვალის ზეწოლა. ასეთ პირობებში საუკეთესო გამოსავალი ქვეყანაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვაა, რათა ქვეყნიდან ვალის გამო გასულმა ვალუტამ ლარის კურსზე წნეხი არ მოახდინოს".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა