"მაგთი" - მობილური ბანკინგი - კვირის პალიტრა

"მაგთი" - მობილური ბანკინგი

"მაგთიკომი" მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ახალ-ახალ მომსახურებას სთავაზობს. ამჯერად მისგან მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, დროული და ეფექტური ახალი სერვისი - მობილური ბანკინგი. ეს მომსახურება საშუალებას მოგცემთ, გახსნათ ფულადი ანგარიში და მართოთ ის მობილური ტელეფონით.

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა ანგარიშზე და მოხსნათ თანხა ანგარიშიდან, გადარიცხოთ თანხა "მაგთისა" და "ბალის" ნებისმიერ აბონენტთან, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და ეს ყველაფერი გააკეთოთ შინიდან გაუსვლელად, ან ნებისმიერი ადგილიდან: მოგზაურობიდან, ალპინიადიდან, ნადირობიდან. მთავარია, თქვენი ანგარიშის ბალანსი დადებითი იყოს. დამეთანხმებით, ძალიან მომხიბვლელი წინადადებაა.

ანგარიშის გახსნა შეიძლება მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში. უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობა და თქვენზე გაფორმებული SIM-ბარათი: SIM-ბარათს შეგიცვლიან ახალი ბარათით, რომელშიც ჩატვირთული იქნება მობილური ბანკინგის პროგრამა. რაც მთავარია, თქვენი ნომერი უცვლელი დარჩება.

მობილური ბანკინგით სარგებლობის ოთხნიშნა PIN კოდს ირჩევთ თქვენ. ის ჩაიწერება SIM-ბარათზე ჩატვირთულ პროგრამაში და გეცოდინებათ მხოლოდ თქვენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში SIM-ბარათი იცვლება. ერთ ფიზიკურ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი ანგარიშის გახსნა.

ანგარიშზე თანხის შეტანა შეგიძლიათ "მაგთიკომის" მომსახურების ნებისმიერ ოფისში და პარტნიორი ბანკის - "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრში, ან მონობარათის საშუალებით (საკუთარ ტელეფონში ჩატვირთული მობილური ბანკინგის პროგრამაში შეიყვანთ მონობარათის 12-ნიშნა კოდს. მობილურ საბანკო ანგარიშზე აისახება თანხა (მონოს ნომინალს მინუს 5%).

ოფისში ან ბანკში თანხის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე და ამიტომ აუცილებელია წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

ანგარიშიდან თანხის გატანა შეიძლება "მაგთიკომისა" და "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერი სერვისცენტრიდან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ. აუცილებელია, ნომერი წარმდგენზე იყოს გაფორმებული.

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ "მაგთისა" და "ბალის" ნებისმიერი აბონენტისათვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საბანკო ანგარიში. თუ საბანკო ანგარიში აქვს, გადარიცხული თანხა აისახება მის ანგარიშზე, თუ არა აქვს - მიიღებს რვანიშნა კოდს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად წარადგენს "მაგთიკომის" ოფისში (აუცილებელია, ნომერი მასზე იყოს გაფორმებული). მონაცემების შემოწმების შემდეგ მიიღებს თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით.

ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა "მაგთიკომი" მობილური ბანკინგით გვთავაზობს ცხოვრების გაიოლებას.

ირაკლი ლობჟანიძე, "მაგთიკომის" მარკეტინგის დირექტორი:

- მობილური ბანკინგის სერვისი საქართველოში არასოდეს გვქონია, მეტიც, ეს მსოფლიო სიახლეა. მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანიას აქვს მსგავსი მომსახურება. მობილური ბანკინგი ძალიან მოსახერხებელია. დღეისათვის განხორციელებული გვაქვს ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი, მომავალში სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება. ფულის შეტანა-გამოტანა შეიძლება არა მარტო "მაგთის" ოფისებსა და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში, არამედ სხვა, რაც შეიძლება ბევრ ობიექტშიც. გარდა ამისა, მომავალში ვფიქრობთ კიდევ უფრო საინტერესო მომსახურება  შევთავაზოთ მომხმარებელს. მას, ვინც ისარგებლებს "მობილური ბანკინგით", საშუალება მიეცემა, მიიღოს მიკროსესხები "ლიბერთი ბანკისაგან". მომხმარებელი "ლიბერთი ბანკში" გაგზავნის მოთხოვნას და დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებს მიკროსესხს. ეს პროდუქტი ინოვაციურია და იმედია, საქართველოში დიდი წარმატებით ისარგებლებს.

ხშირად კითხულობენ, როგორი აპარატია საჭირო ამ მომსახურებაში ჩასართველად. მობილური ტელეფონის აპარატს მნიშვნელობა არა აქვს. ეს საბანკო პროგრამა სიმ-ბარათზე იწერება და აქვს მაღალი დაცვის სისტემა. შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ იმისდა მიუხედავად, თუ რომელ აპარატს ხმარობთ.

ამ პროდუქტს დიდი მომავალი აქვს.

გიორგი არველაძე, "ლიბერთი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი:

- ძალიან მიხარია, რომ ეს პროდუქტი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მას "მაგთიკომთან" ერთად სწორედ ჩვენ ვახორციელებთ. ეს პროდუქტი მსოფლიოში რამდენიმე კომპანიამ უკვე დანერგა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იცხოვროს უფრო კომფორტულად, იყოს მობილური და ნებისმიერი ანგარიშსწორება მარტივად მოახდინოს. ჩვენთვის ეს საინტერესოა, რადგან კლიენტების მოთხოვნებს უკეთ გავიცნობთ, დავუახლოვდებით მათ... იმედია, "მაგთიკომი და" "ლიბერთი ბანკი" კიდევ უფრო გაგიადვილებთ და კომფორტულს გახდის თითოეული თქვენგანის ცხოვრებას.

პ.ს. ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ შემთხვევაში დარეკავთ *222 (დიეზი).

აქვე შემოგთავაზებთ მომსახურების ფასებსაც:

მობილური საბანკო ანგარიშის გახსნა - 5 ლარი.

თანხის შეტანა მობილურ საბანკო ანგარიშზე - "მაგთიკომისა" და ბანკის ოფისებში - უფასო. მონობარათით - ნომინალის 5%. ერთჯერადად ანგარიშზე შეტანილი მაქსიმალური თანხაა 500 ლარი. მაქსიმალური ნაშთი ანგარიშზე - 3000 ლარი.

ანგარიშიდან თანხის გამოტანა - თანხის 5% (არანაკლებ 20 თეთრისა). ერთჯერადად გამოტანილი მაქსიმალური თანხაა 500 ლარი

მობილური საბანკო ანგარიშიდან მობილურ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა - 1 ლარი თანხის ოდენობის მიხედვით. ერთჯერადად გადარიცხული მაქსიმალური თანხა 200 ლარი. დღეში გადარიცხული მაქსიმალური თანხა 1.000 ლარი.

მობილური საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა იმ აბონენტთან, რომელსაც არა აქვს მობილური საბანკო ანგარიში 1 ლარი +გადარიცხული თანხის 5% (იხდის გადამრიცხავი).

მობილური საბანკო ანგარიშიდან საკუთარი სატელეფონო ანგარიშის შევსება - უფასო.

მობილური საბანკო ანგარიშიდან სხვისი სატელეფონო ანგარიშის შევსება - 30 თეთრი (იხდის გადამრიცხავი).

კომუნალური გადასახადების დაფარვა - 1 ლარი თანხის ოდენობის მიხედვით. ერთჯერადი გადახდის ლიმიტია 1.000 ლარი, დღეში გადახდის ლიმიტი კი 2.000 ლარი.

R