"ვისოლი" გორთან მინიქალაქს აშენებს - კვირის პალიტრა

"ვისოლი" გორთან მინიქალაქს აშენებს

ქალაქ გორიდან ორიოდე კილომეტრში, უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის გასწვრივ უახლოეს მომავალში უმაღლესი კლასის დასვენებისა და მომსახურების პირველი კომპლექსი აშენდება.

იქ, სადაც ორიოდე წლის წინ რუსი ოკუპანტების ტანკები დაბოგინებდნენ, მშენებლობა უკვე დაიწყო. როგორც ნავთობკომპანია "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე აცხადებს, კომპლექსი, რომელსაც ვისოლი აშენებს, წლის ბოლომდე აიგება.

ორიგინალური დიზაინის ნაგებობა ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, გაშლილ ფართობზე შთამბეჭდავად გამოჩნდება და ბევრ რამეს შეცვლის როგორც ამ გზაზე გამვლელთათვის, ასევე ახლომახლო მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

სოსო ფხაკაძე - "იმისათვის, რომ საქართველომ სრულად შეძლოს აითვისოს მისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის მქონე ქვეყნის პოტენციალი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. რაც შეეხება ობიექტს, რომელსაც ვისოლი აკეთებს, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი კომპონენტია. რათა ახალ ტრასაზე იყოს დასვენებისა და მომსახურების თანამედროვე ცენტრი. ანალოგი არ არსებობს საქართველოში. იდეა კონცეფციის სახით ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. პროექტის სახით დავამუშავეთ ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. საგანგებოდ ჩავედით კიდეც ამერიკაში, რათა ზუსტად გაგვეგო როგორ შენდება ასეთი ტიპის ობიექტები, რომ შეცდომები არ დაგვეშვა. სამშენებლო კომპანია "დელტას" მიერ აშენდება მასშტაბური კომპლექსი, სადაც განთავსდება სხვადასხვა პროფილის ობიექტები. დაახლოებით 400 ადამიანი დასაქმდება მარტო სამშენებლო პროცესში.

KvirisPalitra.Geაქ ნახავთ ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება შორ გზაზე კომფორტულად მგზავრობის დროს: სწრაფი კვების ობიექტები, გასართობი, საბანკო და ტურისტული მომსახურების ცენტრები. რესტორანი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რაც სამწუხაროდ არ არის ამ გზაზე. ბათუმამდე ასეთ ობიექტს ვერ ნახავთ. ასევე აქ იქნება ვისოლის ავტოგასამართი სადგური, თუმცაღა იგი დომინანტი არ იქნება ამ კომპლექსში.

გერმანელი არქიტექტორის, მეიერის მიერ შექმნილი დიზაინი ძალიან დახვეწილი და ლამაზია. მერწმუნეთ, ეს იქნება იმდენად კომფორტული მრავალპრფილიანი ცენტრი, რომ ვინც აქ ერთხელ შევა, აუცილებლად მოინდომებს მრავალჯერ დასვენებას ამ ადგილზე.

- დაახლოებით რამდენი ადამიანი დასაქმდება უკვე აშენებულ კომპლექსში?

- ამჯერად მოლაპარაკებები გვაქვს კვების სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიასთან, ბრენდთან, რათა აქ გაიხსნას კაფეები და სხვა მომსახურების ცენტრები, მალე გაირკვევა რამდენი ადამიანი დასაქმდება ყველა სფეროში. ის კი ზუსტად შემიძლია გითხრათ უკვე, რომ მხოლოდ "ვისოლის" თანამშრომელი 20-30 კაცი უთუოდ იმუშავებს."

რეგიონული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ გარემოს სრულად შეცვლის ორ-სამ ჰექტარზე განთავსებული დასასვენებელი და მომსახურების კომპლექსი, რომელიც შედგება ოთხი მსხვილი ობიექტისგან. ამასთან მინისტრი ამბობს, რომ სულაც არ არის შემთხვევითი, რომ პირველი ასეთი ობიექტი აღნიშნულ ტერიტორიაზე აიგება. იქ, სადაც ორი წლის წინ ომი იყო, თეთრი ნაგებობა მშვიდობისა და შენების სიმბოლოსავით წამოიმართება.

დავით ტყეშელაშვილი: - "გარდა სიმბოლური მნიშვნელობისა, სპეციალური სტანდარტის ფარგლებში გაითვალა ამ ობიექტის მშენებლობის ადგილი, ანუ დასახლებული პუნქტიდან რამდენად მოშორებული უნდა იყოს, გზასთან რა მანძილში უნდა მდებარეობდეს და ა.შ. მერწმუნეთ, ეს იქნება მართლაც უანალოგო კომპლექსი, სადაც მგზავრს სრულად შეეძლება მომქანცველი მგზავრობისგან განტვირთვა. აქ არ არის სასტუმრო, მაგრამ ასეთი ტიპის ობიექტებთან დაახლოებით შვიდი-რვა მსგავსი დიზაინის, მცირე ზომის სასტუმროებიც აშენდება. მორიგი ობიექტი დასავლეთ საქართველოსკენ აშენდება, იმ მიმართულებით, სადაც უკვე გაყვანილია ან მალე დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა".

ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლეიშვილი - "მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ ასეთი 26 კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ეს იქნება ქარვასლის ტიპის დაწესებულებები და განლაგდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან მთელი სამხედრო გზის მონაკვეთზე, ყოველი ერთი საათის სავალ მანძილზე. მათი არსებობა ბევრ რამეს შეცვლის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. დღეს თუ მოვაჭრეები დგანან ქუჩაში და სახიფათო სიტუაციაში იგდებენ თავს, შეეძლებათ აქ კომფორტულ გარემოში, სპეციალურ პავილიონებში გააკეთონ საქმე.

ჩვენი კონცეფციის თანახმად, ასეთი ცენტრები უნდა განთავსებულიყო ისეთ ადგილას, სადაც გარემოც სასიამოვნო იქნებოდა. ნახეთ ირგვლივ რა მთებია, რა პეიზაჟებია. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ აქ შეჩერებულმა ადამიანმა ესთეტიკური სიამოვნებაც მიიღოს და არა მარტო კონკრეტული სერვისით ისარგებლოს. სასიხარულოა, რომ "ვისოლი" პირველი კომპანიაა, რომელიც ასეთ კომპლექსს ააშენებს.

R