რუსული კაპიტალის "საცეცები" - ჟურნალისტური მოკვლევა - კვირის პალიტრა

რუსული კაპიტალის "საცეცები" - ჟურნალისტური მოკვლევა

მსხვილ ბიზნესსა და სტრატეგიულ ობიექტებში კაპიტალის დაბანდების შემდეგ, რუსული ფული საქართველოში შედარებით მცირე, მაგრამ რენტაბელური სფეროებით დაინტერესდა. ტურიზმი, სასტუმრო სექტორი, სარესტორნო ბიზნესი - ბოლო დროს სულ უფრო მეტი კომპანია ფუძნდება საქართველოში რუსული კაპიტალითა და რუსეთის მოქალაქეების მიერ. აქვს თუ არა ფულს წარმომავლობა და არის თუ არა სარისკო რუსული კომპანიების მიერ საქართველოს ბაზრის "დაპყრობა"? - დღეს ეს კითხვები ხშირად ისმის. ბოლო 20 წელიწადში რუსული კაპიტალი მზარდი ტემპით იკიდებდა ფეხს საქართველოს ბაზარზე. ის წარმოდგენილია ენერგეტიკაში, წიაღისეულის მომპოვებელ, სამშენებლო და ტურისტულ სექტორებში. ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში 2007 წელს შემოვიდა - თითქმის 89 მილიონი დოლარი და 2014 წელს - 82 მილიონი დოლარი.

"ენერგიული" ინვესტიციები

კვლევების თანახმად, რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანია "თელასის" 75%-ს და ჰესებს - ხრამჰეს 1-სა და ხრამჰეს 2-ს. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივის ტარიფების გაზრდაზე უარის გამო, ითხოვს ტარიფების გაზრდასა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდასაც.

საქართველოს ენერგოსექტორში რუსული ფული დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი. რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე ფლობს შპს "ენერგიას", რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი და შილდაჰესი. სხვათა შორის, მისი ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან დაბანდებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს რუსული სააქციო საზოგადოება "პილონის" ხელმძღვანელობას შეუდგა. "პილონი" სანქტ-პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებაზე მუშაობს და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2012 წელს კომპანიის მორიგი პროექტის გახსნას რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს "რუსეთის დამსახურებული მშენებლის" წოდება.

რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია აგრეთვე ავანიჰესი, ალგეთიჰესი, სკურდიდიჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. გასულ წლამდე რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში იყო ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსი", თუმცა, შარშან ის იყიდა "ბიჯეო ჯგუფმა", რომლის შემადგენლობაში შედის "საქართველოს ბანკი". რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით ნავთობკომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები "არემჯი გოლდი" და "არემჯი კოპერი", მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი "ელმავალმშენებელი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი" და ბევრი სხვა კომპანია.

"ჩასაფრება" ოფშორებში

ხშირ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების ფლობა არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში, გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით იდება, შესაბამისად, კომპანიების რეალური მფლობელების ვინაობა საჯარო განცხადებების საფუძველზე ხდება ცნობილი. მაგალითად, "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" ძირითად მეწილეს, რუსეთში მომუშავე ქართული წარმოშობის ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა, ოფშორული კომპანია Milarm International Corp.-ი ეკუთვნის, რომლის მეშვეობითაც ფლობს საქართველოში სარეკლამო კომპანია "სმოდ ედვერტაიზინგს".

სხვათა შორის, დიდი ხმაური მოჰყვა რუსული "როსნეფტის" მიერ იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49%-ის ყიდვას. იაკობაშვილის ეს კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს ("გალფი"), ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს. "როსნეფტის" 69,50%-ს რუსული კომპანია "როსნეფტგაზი" ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ "როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი ლიმიტედს" შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი. საპარლამენტო უმცირესობამ ხელისუფლებას მოსთხოვა, ხელი შეეშალა ფოთის ნავთობტერმინალის რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის მიყიდვისთვის. მოქალაქეთა ნაწილმა პეტიციაც კი შეიმუშავა. რუსულ სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეეხო და ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ოპერირებს.

"არემჯი გოლდი" და "არემჯი კოპერი" ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები არიან, რომელთა ერთადერთი მფლობელია ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Rich Metals Group-ი. მისი მფლობელები კი რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი არიან. კავშირგაბმულობის კომპანია "მობიტელი" საქართველოში 2007 წელს "ბილაინის" ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრია და სამეთვალყურეო საბჭოს სამივე წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, თუმცა, "ბილაინის" მფლობელები ოფშორებში არიან დარეგისტრირებული: 51%-იანი წილი ეკუთვნის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ "ვოტერტრაილ ინდასტრიზს", "ინვესტიკო ალიანსეს" - 29% და "მირენ ინვესტს" - 20%. რუსული კომპანია "ვიმპელკომის" მიერ "მობიტელში" დაბანდებული ინვესტიციის ოდენობა ასევე რუსეთიდან შემოსულ მსხვილ ინვესტიციებს შორის არის და 2010-2012 წლებში პირველ ადგილზე იყო, 2014 წელს კი მეორე ადგილი ეკავა. მას მხოლოდ დავით იაკობაშვილის "ვინ ბილ დანში" დაბანდებების ოდენობამ გადაუსწრო.

რაც შეეხება რუსულ ფულს ფინანსურ სექტორში, ამის მაგალითი "ვითიბი ბანკი ჯორჯიაა" - ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მფლობელი რუსული "ვითიბი ბანკია", ამ უკანასკნელის აქციების 50%-ზე მეტს კი რუსეთის სახელმწიფო ფლობს. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან.

ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა და ამ მაჩვენებლით საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის რუსეთი მერვე ადგილზე იყო. პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ოფშორული ზონაა, სადაც, ძირითადად, რეგისტრირებული არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს აბანდებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის, რუსეთისაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა კომპანიებში "ვიმ-ბილ-დან საქართველო", "მობიტელი", "ენერგია 55", "ჯლს", "კარლსბერგ საქართველო", "ელექტრონი", ჩლუბ-2100, "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი", "ელიტდეველოპმენტი", "ემბავუდ ჯორჯია". 2013 წელს ამ სიაში შედიოდა "ტიფლისკი ვინნი პოგრები", "სტრომოსი" და "ტრიდე".

შვილობილები

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია რუსული კომპანიების შვილობილია. მაგალითად, "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" ფლობს რძის პროდუქტების მწარმოებელი რუსული "ვიმ-ბილ-დანი" და საქართველოში 2008 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. ქართულ ბაზარზე მისი პროდუქცია ცნობილია სახელწოდებით "სოფლის ნობათი". 2011 წელს "ვიმ-ბილ-დანის" აქციათა 66% "პეპსიკომ" 3,8 მილიარდ დოლარად იყიდა. მანამდე ის 11%-ს ფლობდა, ამ გარიგებით კი "პეპსიკო" კომპანიის აქციების 77%-ის მფლობელი გახდა. თავად "პეპსიკოს" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "იბერია რეფრეშმენტსია". 2014 წლის 1-ლ ივლისს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დირექტორად დაინიშნა რუსი ალექსანდრ კისელიოვი. მანამდე მას სამი პირი ხელმძღვანელობდა: გიორგი ბახტაძე, ნუნუ ფორჩხიძე და ყაზახეთის მოქალაქე ოლგა რიაბოვა.

უძრავი ქონების კომპანია "ჯლს" საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა. იმავე წელს რუსეთის მოქალაქე ვიქტორია გამერის მიერ ამ კომპანიაში ჩადებული ინვესტიცია რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის აღმოჩნდა. კომპანიის 50%-ს სწორედ გამერი ფლობს, დანარჩენი 50% კი არჩილ მაზიაშვილის საკუთრებაა. კომპანია ფლობს თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 55 860 კვმ. ეს ფართები ვიქტორია გამერმა საწესდებო კაპიტალში თავად შეიტანა. "ჯლს"-ის საქმიანობას სწორედ ამ სასაწყობე ფართობების გაქირავება წარმოადგენს. არჩილ მაზიაშვილსა და ვიქტორია გამერს ასევე ეკუთვნით შპს სადაზღვევო კომპანია "არბა ჯგუფი".

საქართველოში რუსეთიდან 2014 წელს განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს შორის "ლუდსახარშ კომპანია ბალტიკას" მიერ "კარლსბერგ საქართველოში" გადარიცხულია თანხები, რომელსაც ერთპიროვნულად ფლობს.

შპს "ელექტრონი" ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ტიპის კაბელების დისტრიბუციაა. მის 40%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ხვიჩა ფორჩხიძეა. შპს ჩლუბ-2100 საქართველოში 2013 წელს დაფუძნდა და გუდაურში ამავე სახელწოდების სასტუმრო ააშენა. მშენებლობა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ რომანოვის ინვესტიციით განხორციელდა. მის კომპანიას 90% ეკუთვნის. 2014 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტში" რუსეთის მოქალაქე ოლეგ პრედტეჩენსკის მიერ ჩადებული ინვესტიცია. ის კომპანიის 50%-ის მფლობელია. ოლეგ პრედტეჩენსკის კავშირები საქართველოსთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰქონდა. მან 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003 წლამდე სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში მუშაობდა ფინანსურ დირექტორად. 2003-2008 წლებში იყო "როსენერგობანკის" ვიცე-პრეზიდენტი. ეს ბანკი 2014 წელს მოხვდა კანადის მიერ უკრაინის ამბების გამო სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის. ოლეგ პრედტეჩენსკი 2008 წლის შემდგომ მუშაობდა უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებლის, "ავტოვაზის" მენეჯმენტში, სხვადასხვა დროს ასევე იყო კომპანია "ლადა კრედიტის" ხელმძღვანელი.

"ელიტ დეველოპმენტიც", რომელმაც 2014 წელს ააშენა "ქობულეთის რეზიდენცია", რუსეთიდან მსხვილი ინვესტიციების ჩამდებ კომპანიებს შორის აღმოჩნდა. ქობულეთში შავი ზღვის პირას განთავსებულ ამ შენობაში 313 ბინაა. "ელიტ დეველოპმენტს" რუსეთის მოქალაქე ოლგა მოისეენკოვა ხელმძღვანელობს, მის მამას კი, ვლადიმირ მოისეენკოვს, ეკუთვნის კომპანიის 30%. დანარჩენი 70% ასევე ოლგა მოისეენკოვას კუთვნილი კომპანია Airline Transport Incorporation-ის საკუთრებაა. ოლგა და ვლადიმირ მოისეენკოვები ფლობენ შპს "გრინ ვილიჯსაც". ამ კომპანიის საკუთრებაში იყო ლაგოდეხში 18,3 ჰექტარი სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2017 წლის ივნისში 7,6 ჰექტარიც მიამატა.

2013-2014 წლებში რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა ავეჯის მწარმოებელი "ემბავუდ ჯორჯიაც". კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: 32%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ბაშირ ისრაფილ-ოღლი სულთანოვი, ამდენივე ეკუთვნის აზერბაიჯანის მოქალაქეს, ხოლო 36% - აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეს.

2013 წელს რუსეთიდან დაბანდებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის არის დაბანდება ღვინის მწარმოებელ კომპანია "ტიფლისკი ვინნი პოგრებში", რომელიც საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დაფუძნებული შპს "დკ-სერვისია". იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები მიიღეს, მოხვდა დეველოპერული კომპანია შპს "ტრიდეც". მისი დამფუძნებელი, ვალერიან მარგველაშვილი, რუსეთის მოქალაქეა. ის კომპანიის 35%-ს ფლობს.

ერთი წელია, რაც საქართველოში ტაქსის ონლაინგამოძახების რუსული ტრანსნაციონალური კომპანია "იანდექსი" მუშაობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე არკადი ვოლოჟია, რომელიც კომპანიაში აქციების 10,78%-ს ფლობს. სხვათა შორის, რუსული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ტაქსის ბიზნესით დასაქმებულთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რუსულ კომპანიას დემპინგური ფასებით მომსახურებაში ადანაშაულებდნენ.

გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: "რუსულ კაპიტალს საკმაოდ დიდი წილი უკავია საქართველოში. ინვესტიციები შემოდის სტრატეგიულ დარგებშიც - ტელეკომუნიკაცია, ენერგომატარებლები, წყლის რესურსები და სხვ. რუსული კაპიტალის შემოტანა განსაკუთრებით გააქტიურდა 2003-2004 წლიდან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, ანუ 2012 წლიდან მოყოლებული, რუსული კაპიტალი საქართველოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

რამდენად საფრთხის შემცველია რუსული კაპიტალი? - მსგავსი შეკითხვა ხშირად გვესმის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ფული, დასავლური კაპიტალისგან განსხვავებით, ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის, წარმომავლობის შესახებაც, აგრეთვე, თუ ვინ დგას ამ ფულის უკან. ესენი, ძირითადად, ოფშორული კომპანიებია, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საქართველოში სტრატეგიულ სფეროებში და უფრო მეტად მსხვილ ბიზნესში. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, კაპიტალი იყოს სუფთა და გამჭვირვალე, ცნობილი იყოს ფულის წარმომავლობა. განსაკუთრებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს დასავლური კაპიტალის შემოდინებას, რათა არ ვიყოთ ასე მჭიდროდ დამოკიდებული რუსულ კაპიტალზე. ეკონომიკური პროექტები სუფთა, სტაბილურ და სანდო პარტნიორებს უნდა დაუკავშირდეს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის ყველაზე სახიფათო დამოკიდებულება რუსულ კაპიტალზე. თავისთავად რუსეთი არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, ბიზნესი, განსაკუთრებით კი დიდი ბიზნესი, დაკავშირებულია პოლიტიკასთან და შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთიდან შემოსული დიდი კაპიტალი და ინვესტიციები გარკვეულწილად რაღაც პოლიტიკურ მიზანსაც ატარებდეს".

ემა ტუხიაშვილი