"2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება" - კვირის პალიტრა

"2018 წელს ინფლაცია დაიწევს და ფასებიც დასტაბილურდება"

"ჩვენი უპირველესი საზრუნავია ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშებზე"

გაამართლა თუ არა ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკამ, ელოდება თუ არა მთავრობა მეტ ეკონომიკურ ზრდას და როდის იგრძნობს ამ სიკეთეს საკუთარ შემოსავლებზე მოსახლეობა? - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "კვირის პალიტრა" ფინანსთა მინისტრს ესაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი: "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა, უმუშევრობის დონის შემცირებაა. 2012-დან 2016 წლის ჩათვლით უმუშევრობის დონე 15-დან 11,8%-მდე შემცირდა. ეს დაახლოებით 100 ათას კაცზე მეტია, ვინც დასაქმდა და აქვს ხელფასი. როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას ეკონომიკაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც შემდეგ ზრდის ტენდენციაზე ახდენს გავლენას. როცა ვამბობთ, რომ ექსპორტმა მოიმატა და 2017 წლის იანვარ-მაისში ზრდამ 28,7% შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა რეალური ექსპორტი - ექსპორტის ზრდა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მოცულობაში, ასევე ფასის ზრდაში. ექსპორტის საერთო მატების 80% რეალური ექსპორტის ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ საწარმოები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, დატვირთულია და იქ ადამიანები ხელფასს იღებენ. კითხვაზე, როდის იგრძნობს ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა თავის ჯიბეზე, ვიტყვი, რომ ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული. იმ საწარმოებში, რომლებიც დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მაგალითად, ასეთია ფეროშენადნობთა მიმართულება, დღეს პრაქტიკულად ამ პროფესიის ყველა ადამიანია დასაქმებული, ხოლო სიმძლავრეები მაქსიმალურად არის დატვირთული.

- ანუ დადებითი ტენდენციები ეკონომიკაში ადამიანების ერთ კატეგორიას საკუთარ ჯიბეზე უკვე უნდა ეგრძნო?

- სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე ძალიან გაჭირვებულია. ჩვენ ნელ-ნელა ამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბიდან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010-დან 2014 წლამდე საქართველოში დაახლოებით 490-მა ათასმა კაცმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს... რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ყველამ იმისთვის, რომ გაჭირვებული ადამიანი ქვეყანაში რაც შეიძლება ცოტა იყოს. ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს და როცა ლაპარაკია ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორი და მისი ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა.

- 2017 წელი მთავრობამ ბევრი სიახლითა და ცვლილებით დაიწყო, მათ შორის იყო სესხების გალარების პროგრამა. ამ პროგრამით შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა დაახლოებით 27 ათას კაცს, თუმცა, მხოლოდ 25%-მა ისარგებლა. ფიქრობთ, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყო?

- ერთმნიშვნელოვნად. ლარიზაციის პროექტი და პროგრამა კომპლექსური და მასშტაბური პროექტია, რომლის შედეგს დაახლოებით 7-8 წლის პერიოდში ველით. ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის ეროვნულ ბანკთან, გულისხმობს, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაკრედიტდეს ლარში და გაჩნდეს ლარის წყაროები დაკრედიტებისთვის. ის 25%, ვინც მთავრობის ამ ერთჯერადი შეთავაზებით ისარგებლა, კარგი შედეგია. ეს იყო ნებაყოფლობითი ნაბიჯი, შეთავაზება. ამ პროგრამას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ამოცანაა ზრუნვა მოსახლეობაზე, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას განსაზღვრული ტვირთები შეუმსუბუქოს. დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობდა ბანკებში. დიახ, პირველ კვირებში შეფერხებები იყო, თუმცა, ის, რომ 5 617-მა მსესხებელმა ისარგებლა ამით და ჯამში 78,6 მილიონი დოლარის სესხი გავალარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს ვთქვით, რომ თუ მოსახლეობა 40 ათასი დოლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს იღებს, და ეს არის ძალიან დიდი წილი ჩვენი მოსახლეობის საკრედიტო პორტფელისა, ის უნდა გაიცეს ლარში. შესაბამისად, თუ ჩვენ პირველად მივეცით გალარების სტიმული, შემდგომში უკვე ადმინისტრაციული მეთოდებით მივეცით გალარების გაგრძელების სტიმული.

- კარგია, როცა სესხი ლარში გაქვს, მაგრამ ბანკის მომხმარებლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ სესხი ლარში ძალიან ძვირია.

- დღეს ჩვენ შევქმენით ის ინსტრუმენტები, რომლებიც ლარში სესხის აღების შესაძლებლობას იძლევა. დროთა განმავლობაში ეს პროცენტიც აუცილებლად დაიწევს, იმიტომ, რომ ბანკებში ლიკვიდობა იზრდება. ამას ემატება ის ფისკალური რეფორმებიც, რომლებიც ჩვენ ახლა განვახორციელეთ.

როცა მოგების გადასახადის მოდელი შევცვალეთ, რეალურად ეკონომიკაში მხოლოდ წლეულს დავტოვებთ ლიკვიდურ აქტივებს - 500 მილიონ ლარს.

- ოპონენტები ხშირად გსაყვედურობდნენ, რომ თქვენ ამ ესტონური მოდელით ცალი ხელით ფული დაუტოვეთ კერძო სექტორს, მაგრამ მეორე ხელით ეს ფული მოსახლეობას ამოაცალეთ ჯიბიდან, როცა აქციზები გაზარდეთ, მათ შორის, საწვავზე...

- როცა 2015-2016 წლებში ვაკეთებდით ანალიზს, გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორს ძალიან უჭირდა სესხის აღება, მათი კაპიტალი დასული იყო იმ დონემდე, რომ სესხს ვეღარ იმატებდნენ. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, - ეს არის პირდაპირი გადასახადის დაწევა, რაც ასტიმულირებს კერძო სექტორს, - რომ აიღოს ახალი სესხები, ფული დააბანდოს ბიზნესში და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. სწორედ ამან უნდა შექმნას მომდევნო 4-5 წელიწადში 50 ათასი სამუშაო ადგილი. 2,5 მილიარდი ლარი იქნება ის ფული, რომელსაც ჩვენ დავუტოვებთ კერძო კომპანიებს. მარტივად რომ ვიანგარიშოთ, თუ სამუშაო ადგილის შექმნას დაახლოებით 50 ათასი ლარის ინვესტიცია სჭირდება, შესაბამისად, ბიზნესისთვის დატოვებული თანხაც 50 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ აქციზი გავზარდეთ თამბაქოზე და არა მგონია, ქვეყანაში ყველა მწეველი იყოს. ჩვენ ამ სფეროში ევროპასთან დაახლოების ვალდებულება გვქონდა და აქციზი თამბაქოზე გაიზრდება წლეულსაც და გაისადაც, სანამ კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ. ავტომობილების იმპორტი 300 მილიონ დოლარზე იყო ასული წელიწადში მაშინ, როცა მანამდე საშუალოდ 180 მილიონსაც კი არ აჭარბებდა. ჩვენი ამოცანა არ არის ძალიან ბევრი ავტომობილის შემოსვლა ქვეყანაში, ჩვენი ამოცანა ეკონომიკური ზრდაა და შესაბამისად, თუ შემაკავებელი ფაქტორიც გაჩნდება და ავტომობილები სწორად დაიბეგრება, ვფიქრობ, სწორია.

თუ ჩვენ პურს ვბეგრავთ 18%-იანი დღგ-ით, ავტომობილებზე საშუალოდ 4% გამოდიოდა.

ჩვენ საწვავზეც გავზარდეთ აქციზური გადასახადი. როცა დეტალურად დავშალეთ დარგების მიხედვით, თუ სად ჰქონდა ყველაზე დიდი წილი საწვავს და სად ექნებოდა ყველაზე დიდი გავლენა აქციზის ზრდას, ასეთი ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. ტრანსპორტშიც და სოფლის მეურნეობაშიც ამას დიდი ზეგავლენა აქვს, მაგრამ საბოლოო პროდუქციაზე მაინც არ აისახება იმდენად, რომ ეკონომიკა უკან დაეხია. ივლისში ინფლაცია პიკს აღწევს და ივლისიდან მოყოლებული ფასების საერთო დონის მატება უნდა შემცირდეს. 2018 წელს ველოდებით 3%-იან ინფლაციას და ფასებიც დასტაბილურდება.

- 1-ლი ივლისიდან, რაც სავალდებულო გახდა ლარში ფასის დადება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუ დავაკვირდებით ტენდენციას, მეწარმეების ნაწილმა თავი დაიზღვია და ლარში გამოხატულ პროდუქციაზე ფასნამატი გააკეთა. საინტერესოა, თუ ელოდით, რომ ლარში ფასის დადება მის ზრდას გამოიწვევდა?

- კვლევამ აჩვენა, რომ 2014-დან 2016 წლამდე უძრავი ქონების ფასები ლარში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, მაშინ, როცა დოლარით გამოხატულებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა წარმოიდგინეთ მოქალაქე, რომელიც სარეკლამო ბანერზე ხედავს, რომ ვალუტის კურსი მერყეობს, მაგრამ ლარში ბინის ფასი იგივეა. შესაბამისად, ხვდება, რომ შეუძლია დანაზოგი გააკეთოს ლარში. რატომ არ იცვლება უძრავი ქონების ფასები? სამშენებლო მასალების ინფლაციის ინდექსი გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო მასალების ინფლაცია მინიმალური იყო. სამშენებლო ხარჯებში უცხოური ვალუტისა და კონკრეტულად დოლარის შემადგენელი მცირეა. იმპორტირებული სამშენებლო მასალა, ჩვენთან, მაგალითად, თურქეთიდან შემოდის, სადაც ლირამ ლარზე მეტად განიცადა დევალვაცია. აქედან გამომდინარე, ფასები სამშენებლო მასალებზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. საწყის ეტაპზე ადამიანებმა, კომპანიებმა, შესაძლოა, თავი დაიზღვიონ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოხდება კორექტირება, სწორი ფასისდება და შემდგომში ამას ექნება დიდი გავლენა იმისთვის, რომ დანაზოგი ლარში გავაკეთოთ.

- ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს თქვენს უწყებას, რომ ჩამორჩენაა ხარჯების ნაწილში. თქვენც მოუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, დროულად მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვები. რომელიმე კონკრეტულ უწყებას აქვს პრობლემა და რატომ ვერ ხარჯავენ ბიუჯეტით განსაზღვრულ ფულს?

- მიმდინარე წლის 6 თვეში ჩვენ საგადასახადო შემოსავლებით მივიღეთ 4 მილიარდ 748 მილიონი ლარი, რაც გეგმის 105%-ია, ხოლო შარშანდელ მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. ხარჯებიც შარშანდელზე 269 მილიონი ლარით მეტი გავიღეთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 თვეში. ხარჯების გეგმას რაც შეეხება, 6 თვეში გვაქვს შესრულებული გეგმის 95%, სადაც შედის მიმდინარე ხარჯებიც და კაპიტალური დანახარჯებიც. საერთო ჯამში ამ 6 თვეში ჩვენ 5 მილიარდ 315 მილიონი დავხარჯეთ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. გეგმის დარჩენილი 5%-დან (279 მილიონი ლარი) 200 მილიონი მიმდინარე ხარჯებია, 79 მილიონი კი, კაპიტალური დანახარჯები. სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება და კვლავ მინდა მივმართო ყველა ჩემს კოლეგას, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების ხარჯვაზე არიან პასუხისმგებელი, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ მიმართულებას. სახელმწიფო ხაზინაში არის შექმნილი სპეციალური მონიტორინგის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ვაკონტროლებ როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე კაპიტალურ დანახარჯებს. პრემიერ-მინისტრი ყოველკვირეულად პირადად ჩემგან იბარებს ანგარიშს, მთავრობაში ამას ინტენსიურად განვიხილავთ.

- მთავრობის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის მიღებული რეგულაცია ონლაინაზარტულ თამაშებზე. ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა შეზღუდვებს ონლაინაზარტულ თამაშებში ჩართული პირებისთვის, თუმცა, ინიციატივა ინიციატივად დარჩა. პარლამენტარები, მათ შორის მმართველი გუნდიდან, ამბობენ, რომ თუ ონლაინკაზინოების სივრცე არ ჩაიკეტა, რეგულაციებს აზრი არა აქვს. მათ შორის, უნდა შეიზღუდოს უცხოურ სერვერებზე წვდომაც, რადგან საქართველოდან ასეულობით მილიონი გადის ყოველწლიურად.

- ჩვენი უპირველესი საზრუნავია ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშებზე. ყველა სოლიდარული ვართ, რომ 18-დან 21 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი მათთვის, ვისთვისაც სათამაშო ბიზნესის მომსახურების მიღება ნებადართული იქნება.

ჩვენი კიდევ ერთი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ ადამიანი ლუდომანია, მისი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მარტივად მოახვედრონ "შავ სიაში", რომ ვერ ითამაშოს. მესამე მიმართულებაა ამ ყველაფრის ადმინისტრირება და გადასახადების სწორად აკრეფა.

ჩვენს უწყებაში შეიქმნა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი. აქამდე ამ მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ არსებობდა.

შემოსავლების სამსახური იყო ადმინისტრატორი დაწერილი კანონმდებლობის, მაგრამ ვის უნდა შეექმნა ახალი წესი, ახალი კანონი, ვის უნდა ეზრუნა ამ ბიზნესის სწორად განვითარებაზე, ასეთი სტრუქტურა არ არსებობდა. პარალელურად, პრაქტიკულად, კანონი დავწერეთ, ყოველ შემთხვევაში, მისი მონახაზი, რომელიც კერძო სექტორთანაც განხილული გვაქვს და არაერთხელ დებატები გაიმართა ამ კანონის თაობაზე. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ბოლო დროს 400%-ით არის გაზრდილი სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემოსავლები და ჩვენ სათამაშო ბიზნესიდან წელიწადში 108 მილიონს ვაგროვებთ.

- ბრუნვა რამდენი აქვს სათამაშო ბიზნესს?

- 4 მილიარდი და გადასახადები, შესაბამისად, ამ თანხის 5% გამოდის. ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მათ შორის პირის იდენტიფიცირების, ფულის შეტანა-გამოტანის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც იქნება როგორც ონლაინ, ისე არაონლაინ, მომენტალურად აისახოს შემოსავლების სამსახურის სერვერებზე. ამას, რა თქმა უნდა, ინვესტიციები სჭირდება, თუმცა, მე პირადად მაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენს გუნდსაც, რომ ჩვენ ამ ნაბიჯზე წავალთ. ჩვენი მოსახლეობა იქნება დაცული, შევძლებთ საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

რაც შეეხება უცხოურ სერვერებზე წვდომას. არ ვიცი, რა დაუჯდება ქვეყანას ამის გაკეთება, თუმცა, ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. არ მინდა ამ თემის განვრცობა, რადგან არ მომისმენია მოსაზრება, რომ მთლიანად ავკრძალოთ ეს ბიზნესი.

ვფიქრობ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ჩვენ ამ კანონპროექტს წარვადგენთ და გავალთ. ცხადია, ამისთვის დაგვჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი და პარლამენტთან ამ კანონპროექტის შეთანხმება.

ემა ტუხიაშვილი