პირველი ინდუსტრიული ძეგლი ტურისტებისთვის
24-07-2017
პირველი ინდუსტრიული ძეგლი ტურისტებისთვის
რამდენად გამართლებულია გასართობი ცენტრის მოწყობა ოკუპაციის საზღვართან

ენგურჰესზე ტურისტული ცენტრი და მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა. პროექტის კონცეფციის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე, კომპონენტები ექსტრიმის მოყვარულებისთვის. პროექტი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან - "კოკო არქიტექსსა" და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე,
რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება, მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან მიმდინარეობს. პროექტის მომზადებას დაახლოებით წელიწადი დასჭირდება. წინასწარი გათვლებით, ტურისტული კომპლექსის პროექტირება და მშენებლობა დაახლოებით ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ხელისუფლების აზრით, ენგურჰესის ტურისტული ზონა წელიწადში 400 ათასამდე
ტურისტს მიიღებს, აქ მუდმივად დასაქმდება 200-მდე კაცი.

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: -
ენგურჰესი ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, ამიტომ დროული და მოსაწონია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მთავრობამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის შემოგარენის განვითარებისთვის დაიწყო მუშაობა - მის ტურისტულ-საგანმანათლებლო ზონად, მსოფლიო დონის ატრაქციად გადასაქცევად. სამინისტრომ კარგად გათვალა, რადგან ენგურჰესი სვანეთის გზაზეა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული მიმართულებაა. აქ კეთილმოწყობილი სამუზეუმო-რეკრეაციული სივრცე უფრო მიმზიდველს გახდის ზემო სვანეთის ტურისტულ მარშრუტსაც. აქ ვიზიტორთათვის მოეწყობა ენგურზე გადასახედი პლატფორმებიც. ენგურის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში ბეტონის თაღოვან კაშხლებს შორის და 2015 წელს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.

ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის გამოყენება, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და მცირე ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება. წელიწადში 400 ათასამდე ტურისტის მომსახურება აჩენს შანსს, ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღოთ საერთაშორისო ტურიზმისგან.
შესაძლებელია, გაჩნდეს კითხვა, რამდენად გამართლებულია გასართობი ცენტრის მოწყობა ოკუპაციის საზღვართან? სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, ის ხალხი, ვინც ომის არაერთი საშინელება გამოიარა და დღესაც ოკუპაციის მძიმე შედეგებით ცხოვრობს. ჰესზე გამომუშავებული ენერგიით დღემდე მარაგდება აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. ენგურჰესი შეიძლება გახდეს ნიმუში, როგორ შეიძლება საერთო ინტერესმა ომის გამო გაყოფილი ხალხი გააერთიანოს.
შესაძლოა, გაჩნდეს შეკითხვები, რა გავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე. ყველა ატრაქცია ენგურჰესის არსებულ ინფრასტრუქტურასა და წყალსაცავზე მოეწყობა, შესაბამისად, ამას გარემოზე ნეგატიური გავლენა ვერ ექნება.

სხვათა შორის, მსოფლიოში არის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევის რამდენიმე მაგალითი, მათ შორის ჰუვერის დამბა აშშ-ში, მაგრამ მსგავსი მულტიდისციპლინური ატრაქციები და აღმოჩენათა ცენტრი არსად არის. სწორედ ამიტომ გამოიწვია ენგურის პროექტმა დიდი ინტერესი ჰუვერის დამბის ტურისტული მართვის ორგანიზაციაში და მათ უკვე გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.
ინდუსტრიული მემკვიდრეობა, როგორც შედარებით ახალი ფენომენი, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს თანამედროვე საზოგადოებაში და მას ტურისტულად მიმზიდველ სანახაობად მიიჩნევენ მთელ მსოფლიოში. ამდენად, ენგურჰესის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ინტერესის ზრდას. ენგურჰესის კაშხალს აქვს დიდი შანსი, მოხვდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც.

ვინაიდან საქართველოში მწირია მოქმედ ინდუსტრიულ ღირსშესანიშნაობებზე კულტურული ატრაქციების მოწყობის გამოცდილება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ესტონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ესტონეთის კულტურის სამინისტროს წარდგინებით მოიწვია ესტონეთიდან კონსულტანტი და ესტონური არქიტექტურული კომპანია KOKO-ს წარმომადგენელი, რომელთაც თანამედროვე და ინოვაციური სამუზეუმო კონცეფციების შემუშავებაში დიდი გამოცდილება აქვთ. მათი ხელმძღვანელობით ესტონეთის არაერთი ინდუსტრიული ღირსშესანიშნაობა გადაიქცა მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშად. მათგან აღსანიშნავია ტალინის საზღვაო მუზეუმი, რომლის განხორციელებისთვის პროექტი 2012 წლის "ევროპა ნოსტრას" მედლით არის დაჯილდოებული.
gochA
01 სექტემბერი 2017 11:09
ენგურჰესი უნდა დაანგრიო და მის ადგილზე რამდენიმე ჰესი უნდა აშენდეს რა ზარალიც მიაყენა ეკოლოგიას ყველამ ვნახეთ ათასობით ადამიანი სვანეთში ეკომიგრანტებად იქცნენ გაანებეთ თავი ამ გიგანტომანიას ასეთ ჰესებს აღარავინ აშენებს ის არის ნელად მოქმედი ნაღმი აზიანებს ეკოლოგიას და იწვევს მიწისძვრებს და თუ ქვეყნის დაქცევა გინდათ პირდაპირ თქვით

რედაქტორის რჩევით