გაზი თბილისზე მეტად რეგიონებს "შეუნთეს" - კვირის პალიტრა

გაზი თბილისზე მეტად რეგიონებს "შეუნთეს"

"15 დოლარით შემცირებული ტარიფით "სოკარი" გაზს 2018 წლის 1-ლ აპრილამდე მოგვაწვდის, შემდეგ კი პირობები ალბათ გადაიხედება"

რამდენიმე დღეა, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის გაზის ახალი ტარიფი მოქმედებს. საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზგამანაწილებელ კომპანიებს ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დაუდგინა, რომლის თანახმად, თბილისში სამომხმარებლო ტარიფი "ყაზტრანსგაზის" აბონენტებისთვის 46,153 თეთრი იქნება 1 კუბურ მეტრზე. რაც შეეხება რეგიონების აბონენტებს, რომელთაც "სოკარ ჯორჯია გაზი" და "საქორგაზი" აწვდით ბუნებრივ აირს, ზღვრული ტარიფი ერთ შემთხვევაში 56,940 თეთრით განისაზღვრა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 57,011 თეთრით. ეს ტარიფები იმოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ამ ვადის გასვლის შემდეგ გაზის ტარიფი, შესაძლოა, კვლავ გადაიხედოს.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ათი წლის განმავლობაში, როცა თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი შეიცვალა. 2007 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისის" აბონენტებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბმ-ზე 50,62 თეთრი დადგინდა. 2013 წელს 5-თეთრიანი სუბსიდირება დაწესდა, რის შემდეგაც მოსახლეობა მოხმარებულ ბუნებრივ აირში იხდიდა 45,62 თეთრს. შესაბამისად, დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, 2007 წელს მიღებულ ტარიფზე 4,5 თეთრით ნაკლებია და ამიტომ მხოლოდ დაახლოებით 0,5 თეთრით აღემატება სუბსიდიის შედეგად შემცირებულს. სწორედ ნახევართეთრიანი ფასნამატით მოუწევთ თბილისის აბონენტებს გაზის ტარიფის გადახდა. ცხადია, ეს მცირე სხვაობა გაცილებით შესამჩნევი მაშინ გახდება, როცა ადგილობრივი არჩევნები გადაივლის და ზამთარში გაზის მოხმარება გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ამ ახალი ტარიფის დადგენამდე 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ თავის დროზე "სოკარმა", მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების შეძენის შემდეგ, აბონენტებს ადრინდელი ტარიფები დაუტოვა. ამჯერად "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებს ერთიანი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვარი პირველად დაუდგინდათ. იგივე მოხდა "საქორგაზის" შემთხვევაშიც, რომელიც აბონენტებს 10 სხვადასხვა ტარიფს ახდევინებდა. ოღონდ, თუ თბილისის მოსახლეობისთვის გაზი მხოლოდ ნახევარი თეთრით გაძვირდა, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთათვის ის 1-იდან 11 თეთრამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ რეგულირებად ფასებზე გაცილებით მაღალია გაზის ტარიფი, რომელსაც დერეგულირებული აბონენტები იხდიან. ამ ტარიფს გამანაწილებელი კომპანია სემეკ-ის გარეშე, საკუთარი შეხედულებით უდგენს აბონენტებს და მისი ფასი ზოგან 60 თეთრსაც აჭარბებს. დერეგულირებული ტარიფი იმდენად მაღალია, რომ რეგიონის მოსახლეობა გათბობის საშუალებად ისევ შეშას ამჯობინებს. თავის მხრივ, პრეტენზიები უჩნდება გაზგამანაწილებელ კომპანიას, რადგან გაზიფიცირებისთვის დახარჯული ინვესტიციების ამოღებას ვერ ახერხებს, რადგან ძვირ გაზს მოსახლეობა მცირე რაოდენობით მოიხმარს.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "დღეს მომხმარებლის 53%-ს გაზის ტარიფი დერეგულირებული აქვს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის 10 წლის წინანდელი ბრძანებით. მათთვის ტარიფს გამანაწილებელი კომპანია განსაზღვრავს და არა მარეგულირებელი. თუ მინისტრის ბრძანება გაუქმდება, ტარიფი რეგულირებაში მოექცევა და ამ მომხმარებლებს ტარიფი შეუმცირდება. მრავალი წელიწადია მე და ჩემი კოლეგები ვითხოვთ ამ ყოვლად ალოგიკური ბრძანების გაუქმებას. წარმოუდგენელია გაზის მიწოდების დერეგულირება იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ერთი მონოპოლიური გაზის მომწოდებელი გვყავს. ბოლო დღეებში რამდენიმე იმედისმომცემი განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის მარეგულირებელი კომპანიის თავმჯდომარისგან, რომ ეს ყოვლად გაუმართლებელი ბრძანება გაუქმდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია და საჯარო დისკუსიების დაწყებას საჭიროებს, გაზის "სოციალური ტარიფია". ჩემი, და არამარტო ჩემი აზრით, ის არც სოციალურია და არც სამართლიანი. როცა მოსახლეობის მხოლოდ 4% მოიხმარს სოციალური გაზის 40%-ს, ამას არ შეიძლება სამართლიანი, გონივრული "სოციალური ტარიფი" ვუწოდოთ და უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებული აირის რესურსი ოპტიმალურად არ გამოიყენება. ეს არის ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი გაზი - შაჰდენიზიდან ტრანზიტის 5%, რომელსაც ვიღებთ სპეციალურ ფასად, რასაც ემატებოდა "გაზპრომის" გაზის ტრანზიტის 10%. ეს სოციალური გაზი გადაეცემა "სოკარს", ის ადებს ფასს და აწვდის მოსახლეობას. ეს რესურსი ქვეყანამ უფრო ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს.

ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც კომერციული, ანუ ინდუსტრიული ტარიფი საყოფაცხოვრებო ტარიფს აჭარბებს. არადა, ყველგან პირიქით არის, რადგან ქვეყნებს გააზრებული აქვთ ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტი.

ჩვენთან კომერციული ტარიფი არნახულად მაღალია, ზოგ შემთხვევაში 1 ათას კუბმ-ზე 270-280 დოლარს აღწევს. ამ პირობებში ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. არადა, ჩვენს ქვეყანას კარგი მდებარეობა აქვს გაზის მომწოდებლების თვალსაზრისით. მცირე საცხობით დაწყებული, ქიმიური მრეწველობით დასრულებული, ყველა ბუნებრივ აირს მოიხმარს და ამ პირობებში როგორ უნდა შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქტი? აქაც დერეგულირების პრობლემას ვაწყდებით. მეტი გამჭვირვალობაა აუცილებელი გაზის სექტორში".

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "არსებობდა მოლოდინი, რომ გაზის ტარიფი უფრო მეტად გაიზრდებოდა და, ალბათ, ასეც მოხდებოდა, რომ არა ის ხელშეკრულება, რომლითაც გაზის მიწოდების საფასური 1 ათას კუბმ-ზე 15 დოლარით შემცირდა. ეს არის, ალბათ, ხელისუფლების ძალისხმევა, რომ მომწოდებელს გაზის საფასური დაეწია. 2018 წლის 1-ლ აპრილამდე "სოკარი" გაზს სწორედ ამ შემცირებული ტარიფით მოგვაწვდის და შემდეგ მემორანდუმის პირობები, ალბათ, კვლავ გადაიხედება.

გაცილებით მაღალი იქნება ხარჯი რეგიონებში. რაც შეეხება სექტორის დერეგულირებას, გასათვალისწინებელია, რომ ის კომპანიები, რომლებიც დერეგულირებულად ადგენენ ფასს, ე.წ. სოციალურ გაზს იღებენ; ანუ მთავრობა, ფაქტობრივად, კუბმეტრობით აგროვებს გაზს, რომ შექმნას სოციალური გაზი და "დაიჭიროს" გაზის ფასი, რათა მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას. თუ დერეგულირებაზე ვსაუბრობთ, მაშინ დერეგულირება ყველა კომპონენტში უნდა მოხდეს - განაწილებაში, შესყიდვასა და ტრანსპორტირებაშიც, მაშინ ამ კომპანიებმა თავად უნდა მოიპოვონ შესასყიდი გაზი და ისე მიაწოდონ მომხმარებელს. მე, სახელმწიფომ, სიმწრით 105 დოლარზე რომ ჩამოვაყვანინე გაზის ფასი მომწოდებელს და შენ, გაზგამანაწილებელს, მოგეცი, შენ კი შენს აბონენტებზე იმაზე მეტად ყიდი, ვიდრე მარეგულირებელი აწესებს, ამას რა ჰქვია, თავად განსაჯეთ".