"ტარიფები მუდმივად გადაიხედება!" - კვირის პალიტრა

"ტარიფები მუდმივად გადაიხედება!"

ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრთან

"გაზის ტარიფები აუცილებლად გადაიხედება, ოღონდ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ახლა თქმა შეუძლებელია", - ეს ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ტარიფმა თბილისში ნახევარი თეთრით მოიმატა. ოპოზიცია ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ელოდება. ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ამიერიდან ტარიფები ყოველწლიურად გადაიხედება, თუმცა, როდის გაიზრდება და რამდენით, წინასწარ ამის თქმა ძნელია.

"კალაძის დაპირება შესრულდა" (?!)

ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრი: "უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მიერ გადახდილი ელექტრომატარებლების საფასურით ამ სექტორს ვინახავთ. ვიხდით, რომ დენი და გაზი მუდმივად მოგვეწოდებოდეს, და თუ ტარიფი სამართლიანი არ იქნება, შესაბამის მომსახურებას ვერ მივიღებთ.

- 2007-დან 2017 წლამდე გაზის ტარიფი არ შეცვლილა. ის სამართლიანი იყო?

- არ იყო სამართლიანი. ტარიფის ოდენობა ობიექტურ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

- უფრო მეტი უნდა ყოფილიყო თუ ნაკლები?

- 2007 წლიდან ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ეს არ იყო სწორი. ჩვენ ვიწყებთ პერიოდულ გადახედვას. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ტარიფებს ადგენს და აქვს მათი დათვლის მეთოდოლოგია.

- ანუ ტარიფები შესაძლოა ყოველწლიურად შეიცვალოს?

- ეს დამოკიდებულია დაბანდებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსსა და სხვა ფაქტორებზე. რეალობიდან გამომდინარე, ტარიფები მუდმივად გადაიხედება.

- თუ მოქმედი ტარიფები არ იყო რეალობას მორგებული, აქამდე რატომ არ გადახედა ხელისუფლებამ?

- იმიტომ, რომ მეთოდოლოგიის შემუშავება მიმდინარეობდა. ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით და ტარიფების დასადგენად მივიღეთ ახალი პერიოდულობა, მეთოდოლოგიები.

- საზოგადოებას ახსოვს თქვენი წინამორბედის, კახა კალაძის დაპირება, რომ ტარიფები შემცირდებოდა...

- რამდენიმე წელია, გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა.

- 5 თეთრით შემცირდა ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან ივსება. ანუ კი არ შემცირებულა, 2013 წლიდან 2017 წლამდე, ყოველი კუბური მეტრისთვის ხელისუფლება ბიუჯეტიდან იხდიდა 5-თეთრიან სუბსიდიას.

- მთავრობა განსაზღვრავს ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტებს. თუ თქვენ შეგიმცირათ გაზის ტარიფი თუნდაც ბიუჯეტის ხარჯზე, ე.ი. გაზის ტარიფი შემცირდა. შესაბამისად, კალაძის დაპირება შესრულდა.

"ყველა აბონენტი თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს"

- დღეს გაზი 4,5 თეთრით იაფია მანამდე არსებულზე, თუმცა (სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე) ახლა თბილისის აბონენტებს ნახევარი თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ. ეს ტარიფი რამდენად სამართლიანია?

- ძალიან სამართლიანია. სულ ნახევარი თეთრით გაიზარდა ტარიფი თბილისში. გაზის სექტორში მომუშავე ყველა კომპანია იმდენ შემოსავალს მიიღებს, რომ თავისი ქსელი უზრუნველყოს ნორმალური ინვესტიციებით და ისე შეინახონ, რომ აბონენტებს პრობლემა არ შეექმნათ.

- გაზგამანაწილებელი კომპანიები უკმაყოფილო არიან ტარიფის ნახევართეთრიანი ზრდით - მათი მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო.

- ისინი ყოველთვის მეტს ითხოვენ, ვიდრე მიეცემათ. ამიტომ არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომელიც იმაზე კი არ იფიქრებს, ვინ იქნება კმაყოფილი ან უკმაყოფილო, არამედ იმაზე, რა არის სამართლიანი და დამერწმუნეთ, დღევანდელი ტარიფი სავსებით სამართლიანია!

- თუმცა, დადგენილი ტარიფი მოქმედებს მხოლოდ რეგულირებული აბონენტებისთვის. ჩვენ გვყავს დერეგულირებული აბონენტებიც, მათთვის გაზის ტარიფი გაცილებით მეტია...

- ცოტა ხნის წინ მოვაწერეთ ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად, რეგულირებული ტარიფები ყველასთვის იმოქმედებს.

- რა შეიცვლება ამით?

- ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის 2008 წლის ბრძანებით, ყველა აბონენტი, რომელიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2008 წლის შემდეგ მიუერთდებოდა, იქნებოდა დერეგულირებული და მისთვის გაზის ტარიფი დადგინდებოდა გაზგამანაწილებელ კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ძველი აბონენტები მოექცეოდნენ სატარიფო პოლიტიკის ქვეშ. მაშინ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა ყველა აბონენტი თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს და ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიის აბონენტისთვის დადგენილი იქნება ერთიანი ტარიფები.

- ამდენ ხანს რატომ არ გააუქმეთ ხეთაგურის ბრძანება? ის შესაძლებლობას აძლევდა კომპანიებს, აბონენტებისთვის უსამართლოდ მაღალი ტარიფები დაედგინათ.

- ამ დიდ და რთულ სექტორში ხელაღებით რამის შეცვლა არ შეიძლება. ყველაფერი მომწიფდა: ჩაიდო ინვესტიციები, გაორმაგდა აბონენტების რაოდენობა, შემუშავდა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიები... ამას დრო დასჭირდა. ასე არ ხდება - მოვიდე და გავაუქმო, რაც ჩემამდე იყო.

სოციალური გაზის საიდუმლო

- სოციალური გაზი მოსახლეობას უკვე დადგენილი ტარიფით მიეწოდება. რა უჯდება ის ხელისუფლებას და რა ფასად აძლევს "სოკარს", რომელიც შემდგომ მას გაზგამანაწილებელ კომპანიებს აწვდის?

- ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, აქ ბევრი რამ არის კონფიდენციალური და შესაძლოა ახლა დეტალებში ვერ წავიდე...

- სწორედ ამას ამბობენ ოპონენტები, რომ ბევრი რამ არის დაფარული და კონფიდენციალური.

- მინდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და ბევრი რამ ჰქონდათ კონფიდენციალური, ასევე ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან - შეუძლებელია ყველაფრის გამომზეურება, როცა ხელისუფლებაში ხარ. რას ვეძახით სოციალურ გაზს? გაზს ვიღებთ "შაჰდენიზის" პროექტიდან, აგრეთვე ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ტრანზიტის საფასურიდან, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული ან აზერბაიჯანული კომერციული გაზი, ამ ყველაფერს თავს ვუყრით ერთ კალათაში. შემდეგ ვაძლევთ მომწოდებელს, რათა შედარებით იაფი გაზი გაანაწილოს.

- 120-დან 105 დოლარამდე შემცირდა სოციალური გაზის ფასი 1000 კუბმ-ზე და სწორედ ამის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ ტარიფი თბილისის აბონენტებისთვის მხოლოდ ნახევარი თეთრით გაზრდილიყო. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ფასად აწვდის სახელმწიფო "სოკარს" სოციალურ გაზს, რადგან ბევრი შეკითხვა არსებობს, ბაზარზე არსებული მონოპოლიიდან გამომდინარე...

- ამ ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს, არის რამდენიმე მომწოდებელი და სწორედ ამის გამო გვაკრიტიკებენ, თუ რატომ გვაქვს კონტრაქტები რუსეთთან, "სოკართან"... ასეც იქნება, რათა რამდენიმე მომწოდებელი გვყავდეს. "სოკარი" არის სამივე სადისტრიბუციო კომპანიის დიდი მიმწოდებელი და გაზს 105 დოლარად აწვდის. ეს ღიად მიეწოდა მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც გაზის ფასი დაადგინა.

- და 105 დოლარად მიწოდებულ სოციალურ გაზს ეს კომპანიები დადგენილ ტარიფზე გაცილებით ძვირად ყიდდნენ მომხმარებელზე?

- შესაძლებელია, თუმცა დღეს ამის საშუალება აღარ არის. დღეს ყველა აბონენტი თანაბარ პირობებშია და ყველაზე ვრცელდება დადგენილი ტარიფი.

"გაზპრომთან" არაფერი დაგვიკარგავს, პირიქით, მოვიგეთ" (?!)

- სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზის ტრანსპორტირებაში ჩართულია სამი საშუამავლო კომპანია - "გაზექსპორტი", "სოკარ ჯორჯია გაზი", "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი". მათ საზღვრიდან უნდა მიაწოდონ აირი გაზგამანაწილებლებს. ერთი კომპანია დაფუძნებულია 2008 წელს, მეორე - 2011-ში. წილების ნაწილს აზერბაიჯანული მხარე ფლობს, ნაწილი კი ოფშორში რეგისტრირებულ მფლობელებს ეკუთვნის, მათი ვინაობა უცნობია. შუამავლების არსებობა კი უფრო აძვირებს გაზის ფასს...

- გაზის სექტორი უფრო მოქნილია - აირი შეიძლება მივიღოთ გათხევადებული, დაჭირხნილი და სხვა ფორმით. ელექტროენერგიას კი ვერ მიიღებ, თუ ინფრასტრუქტურულად პირდაპირ არ ხარ დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ გვიწევს თამაში იმ რეალობაში, რომელშიც ვართ. გვყავს ოთხი მეზობელი, საიდანაც შეიძლება მივიღოთ გაზი, ნავთობი და ელექტროენერგია. როცა საუბრობთ მონოპოლიაზე, ვერ დაგეთანხმებით, რადგან "სოკარს" ჩვენ გამოვუჩინეთ რამდენიმე ალტერნატივა, მათ შორის ის ტრანზიტები, საიდანაც ჩვენ ვიღებთ გაზს გატარების საფასურად. შესაბამისად, "სოკარი" არ არის მონოპოლია, მაგრამ დიდი მოთამაშეა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც სიამოვნებით ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, არიან საშუამავლო კომპანიები და გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს.

- ოპონენტები გსაყვედურობენ, რომ ვერ შეძელით იმ პირობების შენარჩუნება "გაზპრომთან", როცა ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული გაზის 10%-ს ვიღებდით. მათი გათვლით, პირობების შეცვლით ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს ვკარგავთ.

- 50 მილიონი ლარი გადაჭარბებულია. არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან ეს კონფიდენციალური კონტრაქტია, მაგრამ თქვენ თვლით, რომ პირობები შეიცვალა? პირობები არ შეცვლილა, ერთი კონტრაქტი დამთავრდა და დაიწყო ახალი. ახალ კონტრაქტზე ხდება ახალი მოლაპარაკება.

- რატომ ვერ შევინარჩუნეთ ძველი პირობები? თქვენც ხომ აღიარებთ, რომ გაზის მიღება მის ყიდვაზე გაცილებით მომგებიანი იყო?

- დავუშვათ, ძველი პირობები იყო ძალიან კარგი, მითხარით, როცა კონტრაქტი მთავრდება და კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდები, როგორ უნდა შეინარჩუნო იგივე პირობები?

- ისევე, როგორც შეინარჩუნეთ მანამდე, შარშან, შარშანწინ...

- მაშინ არ დამთავრებულა კონტრაქტი, გაგრძელდა. მეორე მხარემ შესანიშნავად იცის, რომ პირობები ძალიან კარგი იყო. ის მხარე ნამდვილად მომზადებულია, ჩვენი არ ეშინია. ჩვენ ვერაფერს სხვას ვერ შევთავაზებთ.

- რა დავკარგეთ ამ პირობების შეცვლით? ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოში გატარებულ ყოველ 1000 კუბმ-ზე მხოლოდ 2,7 დოლარს გვიხდის, რაც ძალიან დაბალი ფასია...

- არაფერი არ დაგვიკარგავს, პირიქით, მოვიგეთ ის, რომ პირველ რიგში გადავედით ცივილიზებულ კონტრაქტზე. მსოფლიოში აღარსად ხდება, რომ გავატარე გაზი და 10% შენი იყოს. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონტრაქტში - ჩვენ არ გვაქვს რუსული გაზის ყიდვის ვალდებულება, ვიყიდით, თუ დაგვჭირდება. ეს არის ამ კონტრაქტის დიდი მიღწევა. კილომეტრზე რამდენს გვიხდის, კარგია ეს თუ ცუდი, შემიძლია გითხრათ, რომ ცოტას არ გვიხდის, თუ საერთაშორისო სტანდარტებს შეადარებთ. კონკრეტულად რამდენს გვიხდის, საიდუმლოა, ინფორმაციის კონფიდენციალურობა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ კონტრაქტზე ორი მხარის ხელმოწერაა და ეს მათი მოთხოვნაა. რატომ უნდათ ეს, სხვა თემაა.

ორი დავა 200 მილიონ დოლარზე

- "ინტერ რაო", რომელიც საქართველოში "თელასს" ფლობს, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში 120 მილიონ დოლარს ედავება. იმედოვნებდით, რომ მორიგებას შეძლებდით და საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა. მოგვიწევს ჯარიმის გადახდაც და დენის ტარიფის გაზრდაც?

- არბიტრაჟში დავა არ აფუჭებს ურთიერთობას "ინტერ რაოსთან". მას მიაჩნია, რომ დარღვეული ვალდებულებების გამო თანხა ეკუთვნის, რომელიც შემდგომ ტარიფებში უნდა აისახოს. ჩვენ კი ვიცით, რომ დასახელებული თანხა რეალობას არ შეესაბამება და გაცილებით ნაკლებია, შესაძლოა ამ თანხის მხოლოდ მეათედი. ვეუბნებით, რომ რაღაც ნაწილში მართალი ხართ, თუმცა მეორე ნაწილში არ გეთანხმებით.

ნებისმიერ დავაში, არბიტრაჟში იქნება თუ ჩვეულებრივ მოლაპარაკებებში, არაფერს დავთმობთ. არ ვეთანხმებით იმას, რომ ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამიტომ არის დავა. ვნახოთ, ვინ აჯობებს. მაგრამ არაფერს დავუთმობთ, რადგან არ მიგვაჩნია, რომ მათი მოთხოვნები სწორია.

- დავა გელოდებათ "ყაზტრასგაზთან" დაკავშირებითაც, ყაზახური მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან 80 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს...

- ყაზახურ მხარესთან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იყო, ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ინვესტიციები დააბანდა არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტურიზმშიც. არ გვინდა არბიტრაჟში ამ დავის გაგრძელება და იმედი გვაქვს, საბოლოოდ მოლაპარაკებამდე მივალთ. ცუდია, რომ კომპანიამ ვალები დააგროვა, სანამ იქ სპეციალური მმართველი იყო, ახლა დაობენ, რომ მისი შეყვანა არ უნდა მომხდარიყო. დავუშვათ, სპეციალურმა მმართველმა არასწორად განკარგა შემოსავლები, მაგრამ ისიც ობიექტური რეალობაა, რომ მანამდე არსებული მენეჯმენტი კომპანიას აუცილებლად კრახამდე მიიყვანდა. ვფიქრობ, რაღაც ფორმა უნდა მოვძებნოთ, ალბათ, პრივატიზაცია, კიდევ ერთხელ გადაყიდვა ამ კომპანიის და ამ კომპანიაში კერძო მფლობელის შემოსვლა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი.

გაზი იქნება და ფასს რას კითხულობთო...

- 2018 წლისთვის უნდა ველოდოთ დენისა და გაზის გაზრდილ ტარიფებს?

- არ არსებობს ბუნებაში ადამიანი, რომელიც ამის პროგნოზირებას შეძლებს. ოთხი წლის წინ ბევრი პროგნოზი გვესმოდა, როგორი იქნებოდა ჩვენი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენ ირგვლივ თუ ქვეყნის შიგნით და არც ერთი არ გამართლდა. არ იქნება ობიექტური საუბარი რეალობაზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ გვექნება. ერთ რამეში კი მინდა დაგარწმუნოთ, რომ ენერგეტიკის სექტორი იქნება გამართული, სამართლიანი ტარიფებით, რომლებიც სექტორის გამართულად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

ემა ტუხიაშვილი