ბიზნესს დუმილი "გამოუწერეს" - კვირის პალიტრა

ბიზნესს დუმილი "გამოუწერეს"

ბიზნესი რომ შეშინებულია და მაკონტროლებლებზე ძალიან განაწყენებულიც რომ იყოს, ხმას მაინც არ იღებს, ამაზე არაერთხელ თქმულა. მაკონტროლებლებისგან შექმნილ პრობლემებზე მედიასთან უკვე კარგა ხანია აღარ საუბრობს მსხვილი ბიზნესი. ის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში "ჩაყოლას" ამჯობინებს.

შედარებით გაბედული იყო მცირე ბიზნესი, რომელიც საგადასახადოს შემმოწმებლების მხრიდან უსამართლობაზე მედიასთან საუბარს მაინც ბედავდა. ახლა უკვე მცირე ბიზნესიც უკან იხევს. მათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები პრესასთან პრობლემებზე საუბარს უკრძალავენ.

შემოსავლების სამსახურის მიერ უსამართლოდ დაჯარიმებაზე პირად საუბრებში წუწუნებს "ჯეოსელი", მაგრამ ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს. არ სურს საუბარი "ალტას", სადაც საგადასახადო ცოტა ხნის წინ იყო შესული, მოსალოდნელი პრობლემებისგან თავის დაცვას დუმილით ცდილობს "ბელუქსი", "ბეკო", "ჯინსის გალერეა", "სუპერი", "ენერჯი ინვესტი" და არაერთი სხვა კომპანია.

სხვებმა, მაგალითად მათ, ვინც პრობლემებზე, უსამართლოდ დაკისრებულ ჯარიმებზე "ეკოპალიტრასთან" დაიჩივლეს, საგადასახადო ინსპექტორებისგან ამის გამო საყვედური მიიღეს. მეწარმეებს ისიც უთხრეს, რომ მათ პრესასთან საუბრით საქმე გაიფუჭეს. რადგან მაკონტროლებლებთან საქმე მართლაც გაურთულდათ და მათ ადრინდელზე უფრო მკაცრად ექცევიან, მეწარმეებმაც მიიჩნიეს, რომ სწორედ პრესასთან გულახდილი საუბრის გამო გადაეკიდნენ და მოსალოდნელი პრობლემების შიშით საუბრისგან უმეტესობა თავს იკავებს.

ასე მოხდა დუშეთის რაიონის სოფ. ბულაჩაურში მდებარე სამწვადე შპს "ბულაჩაური 2009"-ის შემთხვევაშიც. როგორც კვების ობიექტის თანამფლობელმა ბეჟან ბერიკაშვილმა "ეკოპალიტრასთან" განაცხადა, იმის გამო, რომ 2009 წლის ნავაჭრი 2008 წლისას არ დაემთხვა, შემოსავლების სამსახურმა 417 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმა. მან დავების საბჭოს საგადასახადო შეთანხმების თხოვნით მიმართა და თანახმა იყო, 180 ათასი ლარი გადაეხადა. იანვარში მეწარმე ამბობდა:

"100 ათასი ერთბაშად, რამდენიმე დღეში უნდა გადავიხადო, დანარჩენ 80 ათასს კი წლის ბოლომდე გადამინაწილებენ. სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ ის 41-დღიანი ვადა, რაც თანხის დასაფარად მქონდა, გადიოდა და შემეშინდა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყებოდა. 180 ათასი მე აქ ჩემი მუშაობის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიშოვია". ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში მას დაჰპირდნენ, რომ გარიგებაზე წავიდოდნენ, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეცვალეს და შეღავათების გაწევაზე უარი უთხრეს.

როგორც მეწარმე ამბობს, ეს მას შემდეგ, რაც უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ პრესასთან ისაუბრა. დავების საბჭოში დაბარებულ მეწარმეს პრესაში გაკეთებული კომენტარის გამო უსაყვედურეს და საბოლოოდ დათმობაზე აღარ წავიდნენ. ახლა ის იძულებულია, "ბულაჩაურში" წილი გაყიდოს ან ფული ისესხოს, რომ ჯარიმა გადაიხადოს. მაგრამ ამის მიუხედავადაც, ახლა ობიექტის თანამფლობელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურში სწყინთ, პრობლემებზე რომ საუბრობს და ამ თემაზე ხმას ვეღარ ამოიღებს.

ანალოგიური მიზეზით შეექმნა პრობლემები სათვალეების მაღაზიათა ქსელ "საფილოსაც". მაღაზია ერთი თვით, თანაც სეზონზე დალუქეს. კომპანიის ხელმძღვანელმა ნოემბერში განაცხადა, რომ მაკონტროლებლებმა პროდუქციის ფასები ინვოისში მითითებულის მიხედვით კი არა, თავიანთი კოდების შესაბამისად იანგარიშეს და მაქსიმალური ჯარიმა 53 ათასი ლარი დაარიცხეს. კომპანია ერთი თვე იყო დალუქული, მაშინ, როცა ინვენტარიზაციისთვის 2-3 დღეც საკმარისი იქნებოდა. ეს თანხაც ეცოტავათ და კამერალური შემოწმება დაიწყეს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაცია "საფილოს" ხელმძღვანელ თამაზ გველესიანსაც ძვირად დაუჯდა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ის მედიასთან საუბრის გამო დასაჯეს, ჯარიმის თანხაც გაუზარდეს და შემოწმების პროცესიც განგებ გაუხანგრძლივეს.

პრესასთან ურთიერთობას მცირე ბიზნესიც უფრთხის და მთავრობაზე "ცუდს" უკვე ვეღარ წამოაცდენინებ. მცირე ბიზნესში არსებულ შიშზე საუბრობენ მცირე მეწარმეთა ასოციაციაშიც.

არჩილ ვარადაშვილი (მცირე მეწარმე): "ჩემ გარშემო უამრავი მეწარმეა, რომლებიც საგადასახადომ უსამართლოდ დააჯარიმა. მაგრამ იმის შიშით, რომ უფრო გადაეკიდებიან, ამაზე ხმას ვერ იღებენ. ვისაც საყვედური წამოსცდა ან პროტესტი გამოხატა, მათთან შესამოწმებლად განმეორებით შევიდნენ და მათაც გაჩუმება ამჯობინეს".

როინ გურგენიძე (მცირე მეწარმეთა ასოციაცია): "ბიზნესი შეშინებულია. ახლა რომ გაიაროთ ელიავაზე, არაერთს ნახავთ, უსამართლოდ დიდი ჯარიმები რომ დააკისრეს, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმის ეშინიათ. მეწარმე ყოველ წუთს დაძაბულია, ვინ საიდან შემოეპარება და დააჯარიმებს, არ იცის. პრობლემების შესახებ რამის თქმა რომ სთხოვოთ, უარს იტყვიან. პრესაში ან ტელევიზიაში გამოჩენისთანავე მასთან მივა ინსპექტორი, დააჯარიმებს სამართლიანად თუ უსამართლოდ და შესაძლოა ბიზნესის გაგრძელების საშუალება აღარც მიეცეს. ჯარიმები შეუფერებლად დიდია. თუნდაც 20 თეთრი რომ არ ჰქონდეს ნაჩვენები ან ამ თანხის ჩეკი არ ჰქონდეს გამოწერილი, ის შეიძლება 2 ან 3 ათასი და შეიძლება მეტი თანხითაც დააჯარიმონ. გადასახადის გადახდაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ ის უნდა იყოს რეალური, რომ ბიზნესი არ მოკლას".

ინსპექტორების მეწარმეებთან არასწორ ურთიერთობებზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველ გიორგი პერტაიასაც აქვს, რომელსაც ბიზნესის ინტერესების დაცვა ჩააბარეს. მას მეწარმეთა პრობლემების პრემიერამდე მიტანა ევალება. პერტაიას თქმით, მისი პრიორიტრეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება იქნება, რადგან მსხვილი ბიზნესი ხელისუფლებამდე ხმის მიწვდენას დაუხმარებლადაც ახერხებს. როგორც ახალდანიშნული მრჩეველი ამბობს, ინსპექტორების მიერ უფლებამოსილების გადამეტება ხდება, ამიტომ აპირებს, მეწარმეებს ცალკე შეხვდეს, არამარტო საგადასახადოს წარმომადგენლების, არამედ იურისტების თუ მედიის დაუსწრებლად, და მათგან მოისმინოს, შემოწმებაზე მისული ინსპექტორები როგორ იქცევიან.

ნონა ქვლივიძე