იძულებითი "საბაჟო ტურიზმი" ფოთში - კვირის პალიტრა

იძულებითი "საბაჟო ტურიზმი" ფოთში

განბაჟებისას, "ერთი ფანჯრის" ნაცვლად, ასთავიან ბიუროკრატიულ მონსტრს წააწყდებით

რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა უწყებაში, ჩახლართული და ფაქტობრივად დაუძლეველი ბიუროკრატიული ბარიერების მოსაშლელად, ხელისუფლებამ ხისტი პოლიტიკა გაატარა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა სცადა. ზოგან ეს პრინციპი მართლაც მუშაობს, მაგრამ სადაც არაფრის გამო ხალხის გაწვალება და ფულის კეთება გამოსდით, ამაზე უარს არ ამბობენ.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის ფოთიდან უკმაყოფილო. ფოთის პორტში ავტომობილებისა თუ სხვა ტვირთის განსაბაჟებლად და მისაღებად მოქალაქეები რამდენიმე დღის განმავლობაში "ჯახირობენ". დაკარგულ დროსთან ერთად, ბევრია გაუთვალისწინებელი ხარჯიც. ამგვარ ვითარებას ირონიით იძულებითი საბაჟო ტურიზმიც კი უწოდეს.

"ერთი ტვირთის განბაჟებას დაახლოებით სამი-ოთხი დღე სჭირდება. ჩემი ტვირთი იმ კომპანიის წარმომადგენელმა განაბაჟა, რომელმაც ის უცხოეთში შეისყიდა და საქართველოში ტრანსპორტირება უზრუნველყო. ერთ დღეს ტვირთის მხოლოდ გადმოცლას ანდომებენ. შემდეგ ჯერი განბაჟებაზეა. კანონის თანახმად, ტვირთი საბაჟო კონტროლის ტერიტორიაზე უნდა გადაიტანო, არადა, ეს უკანასკნელი ფოთის პორტიდან დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებითაა.

საჭირო ხდება პორტში მანქანის მიყვანა, დატვირთვა, ფულის გადახდა, ტვირთის ტერმინალში გაჩერება და შემდეგ განბაჟება. საბაჟოზე ყველა საბუთს რომ მიიტან, გეუბნებიან რომ უნდა დაელოდო. ლოდინი დაახლოებით 4-5 საათი გრძელდება. თუ დილით ადრე არ გაქვს მიტანილი, დიდი ალბათობით სამუშაო საათებიც ამოიწურება და მეორე დღემდე მოგიწევს ლოდინი. თუ ავტომობილი ჩამოგივიდა, რასაკვირველია, საპატრულო პოლიციაში იქვე გაფორმება ჯობს, მაგრამ ფოთში ეს მხოლოდ 5 საათამდეა შესაძლებელი.

თუ პორტის ტერიტორიაზე შესვლა გსურს, ტვირთის დასათვალიერებლად ჯერ გადამზიდავ კომპანიასთან უნდა მიხვიდე, ვინც შენი ტვირთი ჩამოიტანა. რა თქმა უნდა, მათი ოფისი პორტისგან მოშორებითაა, ავტომობილი დაგჭირდება. საშვებს რომ გამოგიწერენ, მათი ოფისიდან მიდიხარ პორტის პირველ ტერმინალზე, გაატარებ საბუთს და დაგირტყამენ ბეჭედს. შემდეგ უნდა მიიტანო ორ კილომეტრში, სადაც პორტის დაცვის სამსახურია, ხოლო იქიდან კიდევ ოთხ კილომეტრში პორტის შესასვლელია.

თუ მანქანით არ ხარ, ტაქსი გაგყიდის. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შეაღწიო და დარწმუნდე, ნამდვილად ის ტვირთი ჩამოგივიდა, რაც შეუკვეთე, თუ არა, ან დაზიანებული ხომ არ არის. დეკლარაციას ჩააბარებ და მებაჟე მოგყავს ტვირთის დასათვალიერებლად, ის ტვირთს დეკლარაციას ადარებს... მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი პორტში გაკეთდეს. 12 სთ-დან 7 სთ-მდე იდგა იქ ტვირთი და მხოლოდ ამისთვის 40 ლარი გადამახდევინეს. რომ გაიძახიან, ფოთში ბევრი ტურისტიაო, იქნებიან ჩემნაირები - იძულებითი, "საბაჟო ტურისტები".

ეს პროცესი ხელოვნურად არის გაჭიანურებული. შესაძლოა, ერთადერთი მიზეზი დაასახელონ, რომ ტვირთი ბევრია, მაგრამ დაამატონ საბაჟოზე თანამშრომლები. იმ ფირმასაც გაუჭირდა განბაჟება, დამატებითი თანხა გადაუხადეს ერთ ფოთელს, რომელმაც იცის, სად მივიდეს და ვის როგორ დაელაპარაკოს. ის საშვებიც საიდანაც აიღე, იქ უნდა ჩააბარო, წინააღმდეგ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ", - გვიამბობს ტვირთის მიმღები, რომელსაც გასულ კვირაში მოუწია ფოთში განბაჟებამ.

"გავიგე, რომ იაპონიაში არსებობს ფირმები, რომლებიც მეორად ავტომობილებს ყიდიან. საიტის საშუალებით ავირჩიე მანქანა ჩემი თანხის შესაბამისად, დავუკავშირდი და როცა შეიტყვეს, რომ საქართველოდან ვრეკავდი, დამაკავშირეს რუსულენოვან დილერთან, რომელმაც ხანმოკლე საუბრის მერე მითხრა, რომ ჩემი შერჩეული ავტომობილი კარიბის კუნძულებზე გაყიდა... შევარჩიე მეორე ავტომობილი და ამ შემთხვევაშიც იგივე პასუხი გამცა. ისევ კომპანიაში დავრეკე და ჩემი პრეტენზიები განვუცხადე. აღმოჩნდა, რომ ის ავტომობილი არ გაყიდულა და დილერმა იცრუა.

შესაძლო, უფრო ძვირად ღირებული ავტომობილის გაყიდვას ცდილობდა, ანაც ქართველების მიმართ ცუდმა დამოკიდებულებამ სძლია. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, ცოტაოდენი ინგლისურის ცოდნის შემთხვევაში, რუსულენოვან დილერთან საქმე არ დაიჭირონ. მეორე დღეს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში მივედი და თანხა გადავრიცხე. მომივიდა დასტური, რომ ეს ფული დაჯდა ანგარიშზე. კომპანიიდან გამომიგზავნეს გადახდის ქვითარი და დაიწყო ჩემი მანქანის ვენინგი ანუ შეკვრა.

უყურებენ, რამდენი მანქანა მოგროვდება შენი მიმართულებით, მერე ადგენენ მარშრუტს და გვიგზავნიან პაროლსა და რუკას, რომლის მეშვეობით ინტერნეტით შეგიძლია ადევნო თვალი შენი კონტეინერის მოძრაობას. დაახლოებით ერთ კვირაში დოკუმენტების სრული პაკეტი მომივიდა, ერთ თვესა და ათ დღეში კი ჩემი ავტომობილი ფოთის პორტში შემოვიდა.

გემით ტრანსპორტირების თანხა 1250 დოლარი თბილისში, ერთ-ერთ ოფისში გადავიხადე და ფოთში გავემგზავრე. იქ უკვე არაოფიციალური ნაწილი იწყება. თუ შენი ავტომობილის კონტეინერის გახსნის მოლოდინში მთელი დღეს რიგში დგომა არ გინდა, ვიღაც ბიჭები დარბიან, შეგიძლია გადაუხადო 50 ლარი, თავად კი კონტეინერის გახსნამდე თუნდაც პლაჟზე გახვიდე. უამრავ ადგილას უნდა მიხვიდე და უამრავი დოკუმენაცია წარადგინო, შეავსო. ისინი კი იქ შინაურები არიან და ამას სწრაფად და მარტივად აგვარებენ. კონტეინერის გახსნისას კი შესაძლოა სიურპრიზებს წააწყდე. აკუმულატორი შესაძლოა დამჯდარი იყოს.

ჩემთან ერთად იყვნენ დილერები, რომლებმაც ფული აიღეს იმაში, რაც მე თვითონ გავაკეთე. არის სხვა გზაც, შეიძლება ბროკერთან დაკავშირება, რომელიც აუქციონზე თამაშობს, ყიდულობს უამრავ მანქანას კაპიკებში და ამატებს ვენინგის ფულს სამასი დოლარის ნაცვლად უფრო მეტს", - მოგვითხრობს მოქალაქე, რომელმაც ავტომობილი ინტერნეტსაიტის საშუალებით შეიძინა.

"აქ ერთ-ერთ ავტოიმპორტიორთან რომ მივედი, 2500 დოლარი მომთხოვეს მხოლოდ ავტომობილის ტრანსპორტირებისთვის. პირდაპირ გავედი ადამიანზე, რომელიც იაპონიიდან ჩამომიყვანს 1500 დოლარით უფრო იაფად... ისინი ერთი კლანია, რომელიც ავტოიმპორტიორი ფირმით იწყება და ავტომობილის ხელოსნით მთავრდება. ჯერ კოლოსალურ საკომისიოს გთხოვენ, რაც ვითომ 1000 დოლარია, კონტეინერში ჩატვირთვის საფასურს 400 დოლარს გახდევინებენ, არადა 260 დოლარი ჯდება. მერე გისახელებენ შიდა ტრანსპორტირების ფულს, ზოგჯერ შესაძლოა 600-700 დოლარს, რაც მაქსიმუმ 500 დოლარი ღირს.

ამით ყველაფერი არ მთავრდება. ყველა მინდა გავაფრთხილო: ფოთში საკუთარი ავტომობილის დასახვედრად ჩასულმა, კონტეინერში მუშა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვათ! ყოფილა შემთხვევები, რომ ავტომობილიდან გასაღები დაკარგულა. როგორც ამბობენ, მუშა გასაღებს განგებ აგდებს, რათა ავტომობილის მეპატრონეს ხარჯი გაეზარდოს და მავანმა მეტი მოგება მიიღოს.

ამის შემდეგ ავტომობილს ვერ დაქოქავ და იძულებული ხარ, ევაკუატორით ჩამოიყვანო, რაც თბილისამდე, სულ მცირე, 200 ლარი ჯდება. ამას ახალი გასაღების დამზადების ხარჯიც ემატება. ყოფილა შემთხვევები, როცა საბურავები დაუშვიათ. თბილისში თუ თითო საბურავის დაბერვა ლარი ღირს, ფოთში ხუთი ლარია. პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს და თუ არ გინდა დღეების განმავლობაში ერთი შენობიდან მეორეში იარო, ფული უნდა გადაუხადო მას, ვინც ამ პრობლემას განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ მოგიგვარებს", - ამბობს რესპონდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ფოთიდან.