ტურისტების "შემოსევა"
14-08-2017
ტურისტების "შემოსევა"
2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა

თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით ტრადიციული ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალოს და მეზობლების ნაცვლად, ტურისტების სიმრავლით პირველ პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ


ვისაც თბილისის ძველ უბნებში ხშირად უწევს სიარული, უცხოელი ტურისტების აქამდე არნახულ სიმრავლეს შენიშნავდა. "არნახულს" გადაჭარბებით სულაც არ ვამბობ, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ და ამდენი უცხოელი ტურისტი ჩვენს იტალიურ ეზოსა თუ ქუჩაზე აქამდე არასდროს
მინახავს. ვისთვისაც სასტუმროებისა და გესტჰაუსების ფასები ძვირია, ბინას ან ოთახს ქირაობს, ამიტომ სახლიდან გამოსულს ხან ინდოელი მესალმება, ხან ირანელი, ხან ფრანგი და ხანაც უკრაინელი. როგორც ამბობენ, საქართველოში ჩამოსასვლელად რამდენიმე რამ იზიდავთ: ქართული სამზარეულო, კულტურული ძეგლები და ხელმისაწვდომი ფასი.

ტურისტების რაოდენობა რომ ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური სტატისტიკაც
ცხადყოფს. ცოტა ხნის წინ მეილზე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "გალთ ენდ თაგარტის" კვლევა მივიღე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური წყაროსგან მიღებული საინტერესო ინფორმაცია იყო მოცემული. ოფიციალური სტატისტიკითაც ბოლო დროს ირანელი ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში უკრაინელი ტურისტებისას გადააჭარბა. არადა, უკრაინა საქართველოსთვის ტურისტების სიმრავლით ტრადიციული ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი და თურქეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით ტრადიციული ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალოს და მეზობლების ნაცვლად, ტურისტების სიმრავლით პირველ პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ.

საგარეო შოკების მიუხედავად, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი ქვეყანაში მაინც დინამიკურად ვითარდებოდა. მაშინ, როცა ფულადი გზავნილები და ექსპორტი მცირდებოდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირიქით, იზრდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ლარის სტაბილურობისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ განიხილება. მაგალითად, შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებელი წლეულს 17%-მდე გაიზრდება. სხვათა შორის, საქონლის ექსპორტი გასულ წელს გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. და თუ გასულ წელს ტურიზმმა 2,2 მილიარდი დოლარი მოგვცა, ხუთი წლის წინ, 2012 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,4 მილიარდი დოლარი იყო.

2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა.
ივლისის თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წლეულს ტურიზმით მიღებული შემოსავლების დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვექნება და წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
საინტერესოა, რომ საერთაშორისო მოგზაურებმა მხოლოდ ივლისში საქართველოში უცხოური ბარათებით 165,1 მილიონი ლარის ოპერაციები შეასრულეს, ხოლო ჯამურად წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 952,3 მილიონი ლარი იყო. ხარჯვის განსაკუთრებით მაღალი წილით გამოირჩევიან რუსი ტურისტები.

საქართველოში ტურისტად მიიჩნევა ის პირი, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდება. მიმდინარე წლის შვიდ თვეში ასეთი 1,83 მილიონი კაცი შემოვიდა. მთლიანად ვიზიტორების რაოდენობამ კი ამ პერიოდში საქართველოში 4 მილიონს მიაღწია, მაგრამ მათ შორის არიან ერთდღიანი ვიზიტით შემოსული პირებიც და ტრანზიტით შემოსულებიც. კარგი ის არის, რომ ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში, ძირითადად, სწორედ ტურისტების ზრდის ხარჯზე იზრდებოდა.

საქართველოში შემოსული ვიზიტორების ბოლო წლების დინამიკას რომ გადავხედოთ, შარშან საქართველოში 6 360 503 ვიზიტორი შემოვიდა და მათგან ტურისტი 2 720 970 იყო. 2015 წელს საქართველოში 5,9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა და მათგან ტურისტი 2,2 მილიონი იყო, 2012 წლის 4,4 მილიონი ვიზიტორიდან კი ტურისტი იყო 1,7 მილიონი კაცი.

საქართველოში მხოლოდ ივლისში შემოვიდა 0,98 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც დაახლოებით 28%-ით მეტია შარშანდელი ივნისის მაჩვენებელზე.
წამყვანი ქვეყნების ოთხეულიდან, ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი მხოლოდ ივლისში საქართველოში 45 ათასი ვიზიტორია შემოსული. თუ წლეულს შვიდ თვეში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობას (3,98 მილიონი) შარშანდელ რიცხვებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან, გარდა თურქეთისა, საიდანაც შემოსული ვიზიტორების რაოდენობა­ პირიქით, დაახლოებით 13%-ით­ შემცირდა. სამაგიეროდ 2,7-ჯერ­ არის გაზრდილი ირანიდან შემოსულთა რაოდენობა - 166 ათასი კაცი შვიდ თვეში.

თურქეთიდან ვიზიტორების შემცირება ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება.
გასული წლის ივლისში, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, თურქეთის მთავრობამ მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ამჟამად სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ესეც არის ტურისტების შემცირების განმაპირობებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან ინვესტიციების 42%-იანი ზრდა გვაქვს და ეს მაშინ, როცა ყველა მოელოდა, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა ცუდად აისახებოდა საინვესტიციო აქტივობაზე საქართველოში.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ წლეულს თურქეთიდან სულ 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-იანი ზრდა იქნება...

ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდება მათი განთავსების ობიექტების, ანუ სასტუმროების, ჰოსტელების, გესტჰაუსების რაოდენობა. თუმცა, როგორც ტურისტული კომპანიები და სტუმრები ამბობენ, ხელსაყრელ ფასად დაბინავება ხშირად პრობლემაა. მაგალითად, 2016 წელს საქართველოში 1 927 განთავსების ობიექტი იყო, სადაც ოთახების საერთო რაოდენობამ 26 859 შეადგინა. ტურისტები ხშირად საშუალო კატეგორიის, ე.წ. ორ და სამვარსკვლავიანი სასტუმროების სიმცირეს უჩივიან, სადაც გაჩერება ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი. საქართველოში ამ თვალსაზრისით თითქოს ორი უკიდურესობა არსებობს - ან მაღალი კლასის სასტუმრო გვაქვს, რომელთა ხარჯებსაც საშუალო-სტატისტიკური ტურისტის ჯიბე ვერ შესწვდება, ან ძალიან დაბალი სერვისის მქონე ღამის გასათევი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ პრობლემას აწყდებიან ტურისტები რეგიონებში და არის შემთხვევები, როცა ტურისტებს ღამის გათევა მანქანაშიც კი უწევთ.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ავიაფრენების სიხშირეც. მაგალითად, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში პირდაპირი ფრენების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია და კვირაში საშუალოდ 400 ფრენას. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დაკავშირებულია ე. წ. *მეორადი, ნაკლებად ტრადიციული ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდასთან. მაგალითად,
2017 წლის შვიდ თვეში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 78 ათასს გადააჭარბა. ამ პერიოდში მხოლოდ საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 217%-ით გაიზარდა, დაახლოებით 180%-ით გაიზარდა ქუვეითიდან და თითქმის 400%-ით - იორდანიიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა.

რუპიები და დირჰამები საქართველოში ჩამომსვლელთათვის


ინდური და არაბული ტურისტული სააგენტოები მსურველებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობენ. პირობებს ინდურ და არაბულ ტურისტულ საიტებზე გაეცნობით. მაგალითად, ერთ-ერთ არაბულ საიტზე მითითებულია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და ამ ქვეყანაში მოგზაურობა 1.099 დირჰამად შეუძლიათ (ეროვნული ბანკის კურსით 12 აგვისტოსთვის, დაახლოებით Y715 ლარი), რაშიც ფრენისა და სასტუმროს ხარჯებიც შედის.

ერთ-ერთ ინდურ ტურისტულ საიტზე კი წავაწყდით ინფორმაციას საქართველოში შეთავაზებული ტურების შესახებ - ერთი კაცისთვის, ფრენისა და სასტუმროს ხარჯების გარეშე. მაგალითად, ინდოელებს 5.186 რუპიად (დაახლოებით Y193 ლარი) სთავაზობენ ტურს ყაზბეგში, ანანურსა და გერგეტზე. მცხეთის, გორისა და უფლისციხის მონახულება 4.494 რუპია (დაახლოებით 167 ლარი) ღირს. ბორჯომის, ვარძიისა და რაბათის ტურის ღირებულება ერთი პერსონისთვის 8.296 რუპიას (დაახლოებით 310 ლარი) შეადგენს. შეთავაზებული ტურებიდან ყველაზე ძვირი კახეთში, ლოპოტის ტურია, სადაც ერთი დღის გატარება 20.740 რუპია (დაახლოებით 772 ლარი) ღირს.

ემა ტუხიაშვილი
fsiuuu
19 სექტემბერი 2017 04:54
ეგ კი კარგია ამდენი ფული რომ შემოდის მაგრამ.... მაგრამ ის ფული ხომ ისევ უკან გადის, როცა არანაირ პროდუქციას შენ არ აწარმოებ და ბიზნესმენი მიდის მაგ: თურქეთში, უკრაინაში და იქიდან ჩამოაქვს პროდუქტი, ასევე რასაც ვაწარმოებთ იმისთვისაც ნედლეული უცხოეთიდან ჩამოაქვთ!
ალექს
20 აგვისტო 2017 10:35
ვერასოდეს მოუტანს საქართველოს 6 მილიონი ტურისტი (რომლის ნახევარი ტრანზიტულად გადამფრენია,შოფერია,მეზღვაური ან სტიუარდესა და პილოტი, და მეოთხედი კი უბედური ემიგრირებული ქართველი 2 კვირით შინ დაბრუნებული !) იმდენის მეასედსაც კი , რამდენსაც მისცემდა 2 მილიონი ემიგრანტი და ლტოლვილი, აქ რომ დარჩენილიყო ,და 2 მილიონი თვითდასაქმებული,მართლა რომ საქმე ქონოდა !

რედაქტორის რჩევით