"საწვავი მკვეთრად არ გაძვირდება, სანამ ლარი სტაბილურია"
"საწვავი მკვეთრად არ გაძვირდება, სანამ ლარი სტაბილურია"
რამდენიმე მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ნავთობის მოპოვებას ამცირებს

გასულ კვირას ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი 1 ლიტრზე 3-5 თეთრით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, ეს გარდაუვალი იყო, რადგან საწვავის გაძვირება საქართველოში ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ, საბითუმო ბაზრიდან დაიწყო და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში გადაინაცვლა. გაძვირების მიზეზად იმპორტიორები საწვავის საერთაშორისო ფასების ზრდას ასახელებენ, თუმცა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვან რყევებს არ ელოდებიან.

ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "როგორც ცნობილია, ოპეკის წევრი და არაწევრი მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა,
მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ - შეამცირონ ნავთობის მოპოვება, რასაც ასრულებენ კიდეც. ამ შეთანხმების დადება კი იმან განაპირობა, რომ დღეს მსოფლიოს იმაზე მეტი ნავთობი მიეწოდება, ვიდრე მოთხოვნა არსებობს. სწორედ ამან განაპირობა ბოლო 2 წელიწადი ნედლი ნავთობის ფასის 48-55 დოლარის ფარგლებში მერყეობა, რაც ოპეკის წევრი ქვეყნებისთვის მისაღები არ არის. შესაბამისად, მათი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ნავთობის ფასები გაიზარდოს. იმავდროულად, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არიან ლიბია, ნიგერია, ირანი და არ არიან ოპეკის შეთანხმების მონაწილე და ნავთობმოპოვების კვოტების შემცირება არ ეხებათ, ბოლო პერიოდში, პირიქით, ნავთობის მოპოვება გაზარდეს. ამას ემატება ჩინეთში წარმოების
მოცულობის შემცირება, რამაც ამ ქვეყნის მოთხოვნა ნავთობპროდუქტზე შეამცირა, აგრეთვე, ისიც, რომ აშშ-ში ნავთობის მარაგი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, ძალისხმევის მიუხედავად, ნავთობის ფასების დიდი ზრდა არა გვაქვს და ამას ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები აბალანსებს. მაგრამ გვაქვს ბოლო 1,5-2 თვის განმავლობაში ნავთობსა და საწვავის საერთაშორისო ფასებზე მცირე მატება, რამაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა.

ფასების ზრდის პირველი ტალღა საბითუმო ბაზარს შეეხო და ეს ლოგიკურიც არის, რადგან ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კომპანიებმა პირველ რიგში იგრძნეს საწვავის საერთაშორისო ფასების ზრდა, 1 ტონაზე 40-45 დოლარით. ცოტა ხანში ფასების ზრდა შეეხო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს, რადგან ისინი, ძირითადად, მარაგებისა და ნაშთების გარეშე მუშაობენ და დამოკიდებული არიან საბითუმო ბაზარზე. მოგვიანებით ფასები უკვე ბრენდირებულმა ავტოგასამართმა სადგურებმაც გაზარდეს. ფასების ზრდა მოხდა იმ დოზით და იმ მოცულობით, რა დოზითაც გაიზარდა საერთაშორისო, ანუ ე.წ. პლატსის ფასი. საცალო ქსელში საწვავი 3-5 თეთრით გაძვირდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩვენთან საწვავის ფასი, ძირითადად, მცირდებოდა და ჯამში შემცირებამ 15-25 თეთრი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც პოზიტიურ როლს თამაშობს. იყო პერიოდი, როცა ლარის კურსიც მოქმედებდა საწვავის ფასზე. შესაბამისად, ლარის კურსის ფაქტორი ამ ეტაპზე არ ზემოქმედებს და ნავთობპროდუქტებზე შემდგომი ფასების ცვლილება, შესაძლოა, განპირობებული იყოს მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებით. ამ ეტაპზე კი არ არის მოლოდინი, რომ ფასების გლობალური მატება და სერიოზული რყევები გველოდება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?