"ჩვენთან, სტიქიის შემთხვევაშიც კი, სარგებელს ეძებენ"
18-09-2017
"ჩვენთან, სტიქიის შემთხვევაშიც კი, სარგებელს ეძებენ"
მეხანძრე-მაშველებს, მორიგეობისგან თავისუფალ დროს, შემოსავლის დამატებითი წყაროს ძებნა უწევთ

ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, საკუთარი თავდადება ბორჯომის ხანძრის დროს 1.250 ლარის ოდენობით შეაფასა


მეხანძრე-მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს თითქმის 10 დღის განმავლობაში ებრძოდნენ. რთული რელიეფური პირობების გამო მასშტაბური სტიქიის სრული ლიკვიდაცია მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა შესაძლებელი. ჯერ არც ზარალია დათვლილი და არც ის, თუ რა დაჯდება და როდის მოხერხდება ცეცხლით განადგურებული ტყის 200-მდე ჰექტარის აღდგენა, თუმცა, ბორჯომის
გამგებელმა უკვე მოახერხა და ხანძრის ლიკვიდაციიდან ერთ კვირაში საკუთარ თავსა და რამდენიმე თანამშრომელს ხანძრის ჩაქრობაში შეტანილი წვლილისთვის პრემია გამოუწერა. და ეს მაშინ, როცა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ალმოკიდებულ ტყეში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლად ცეცხლს, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძოდნენ, პრემია მხოლოდ ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების
პრემირების ფაქტის გახმაურების შემდეგ დაერიცხათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ანზორ სვანიძის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლებმა ფულადი ჯილდო დამსახურებულად მიიღეს. მისივე განმარტებით, თანხა გადაეცა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხანძრის დროს 8-10 დღის განმავლობაში დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობდნენ, მათ შორის საკუთარი ხარჯებითა და რესურსებით ცდილობდნენ მეხანძრე-მაშველების მომარაგებას როგორც საკვებით, ასევე სხვა პირადი მოხმარების ნივთებით. არადა, მაშველები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენიდან პირველი სამი დღის განმავლობაში სასმელი წყალიც არ ჰქონდათ. გარდა ამისა, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ხანძრის დროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხები, ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველების კვების, დაბინავებისა და ტრანსპორტირებისათვის. როგორც ჩანს, საჯარო მოხელეს დაავიწყდა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი "საგმირო საქმე" მისი უშუალო მოვალეობაა და სწორედ ამისთვის უხდიან ხელფასს, რომელიც, ისევე როგორც მაშველების კვებაზე გაწეული ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თუმცა, ბორჯომის გამგებელმა მიიჩნია, რომ მაშინ, როცა მის რაიონში მძვინვარებდა მასშტაბური სტიქია, რომელიც დასახლებულ პუნქტებს უქმნიდა საფრთხეს და მის სალიკვიდაციოდ მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო, გამგეობის 11 თანამშრომლის მონაწილეობა ამ პროცესში სასწრაფოდ პრემიით უნდა დაეფასებინა და ესეც ბიუჯეტის ხარჯზე. სხვათა შორის, გამგებლის მოადგილემ ისიც თქვა, მეხანძრე-მაშველებთან შედარებით შესაძლოა ჩვენი ღვაწლი არაფერია, მაგრამ მე და გამგებელი 8 დღის განმავლობაში შინ არ ვყოფილვართ და ფულადი ჯილდო კანონის სრული დაცვით ყველა თანამშრომელმა საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე მიიღოო.
სანამ იმ თანხებს ჩამოვთვლიდე, თუ როგორ შეაფასეს საკუთარი დამსახურება გამგეობის თანამშრომლებმა ფულად გამოსახულებაში, საჯარო მოხელეს მინდა შევახსენო, რომ ბორჯომში ისეთი სტიქია მძვინვარებდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები ჩავიდნენ მის სალიკვიდაციოდ და სულ რომ არ ყოფილიყვნენ პატივცემული პრემირებული პირები გამგეობის თანამშრომლები, უნიკალური ტყის გადასარჩენად თითო ნიჩაბი ხელში კი უნდა აეღოთ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი წახალისების მოლოდინის გარეშე.

მედიაში გახმაურება რომ არა...


მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიის გამოწერა რომ ბორჯომის გამგებლის უფლებამოსილებებში არ შედიოდა, ეს გასაგებია, ამაზე შესაბამის უწყებებს უნდა ეფიქრათ და, ალბათ, მას შემდეგ იფიქრებდნენ, რაც ხანძართან ბრძოლა დასრულდებოდა, მაგრამ ბორჯომის გამგებელს რა ცეცხლი ეკიდა და რატომ ჩქარობდა ასე საკუთარი და თანამშრომლების ღვაწლის დაფასებას, ნამდვილად დასაფიქრებელია. მაშინ, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო მოსამსახურეები და მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრებს ჯერ კიდევ ებრძოდნენ, ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ მასთან უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო და 7 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის 11 თანამშრომელს პრემია გამოუწერა. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი პრემია თავად ბრძანების გამომცემმა, მისმა მოადგილემ და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღეს და საკუთარი თავდადება ბორჯომის ხანძრის დროს 1.250 ლარის ოდენობით შეაფასეს. გამგებლის წარმომადგენელს დაბა წაღვერში 50 ლარით ნაკლები, 1.200 ლარი შეხვდა. ამდენივე მიიღო გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში. გამგებელმა არც იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებს დაუკარგა ცეცხლის ჩაქრობისთვის გაწეული თავდადება და პრემიად 625-625 ლარი გამოუწერა. ამდენივე მიიღეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში. გამგებელმა არც მძღოლები დაივიწყა და ხანძრის დროს გამოჩენილი­ თავდადება ორს 850-850 ლარით, ხოლო ერთს 425 ლარით დაუფასა.

სხვათა შორის, დაახლოებით იმდენივე პრემია მიიღეს მეხანძრე-მაშველებმა (800 ლარი) და ისიც გამგეობის თანამშრომლების პრემირების მედიაში გახმაურების შემდეგ. მეტიც, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების სიები შესაბამისმა უწყებებმა სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გამოითხოვეს. არადა, მეხანძრე-მაშველები ამბობენ, რომ ამხელა პრემიას არ ელოდნენ, რადგან მანამდე არაერთი რთული ხანძრის ჩაქრობის მიუხედავად, ფულადი წახალისება არასდროს მიუღიათ.

ამ შემთხვევაშიც მათი თავდადების დაფასებაც, გარკვეულწილად, იყო მედიის დამსახურება, რომელმაც თავისი თვალით ნახა მაშველი-მეხანძრეების თავგანწირვა, რასაც ყველამ ერთხმად გმირობა უწოდა. თავად მეხანძრე-მაშველები ამას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ და ამ საქმეს ყოველდღიურად ყოველგვარი პრემია-დანამატის მოლოდინის გარეშე აკეთებენ. მეტიც, მათი ანაზღაურება დღეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე საშუალო რგოლის საჯარო მოხელის ხელფასი.

"ვისთვის გაჩნდა" ხანძარი?


გიორგი დიასამიძე, საქართველოს პროფკავშირების წევრი: "7 წელიწადს ვიმუშავე საგანგებო სიტუაციებში. ვიყავი მაშველიც, მეხანძრე-მაშველიც და მორიგე ცვლის უფროსიც. ამ დროის განმავლობაში ოთხჯერ ნამდვილად ვარ სიკვდილს გადარჩენილი. იმ სირთულის, რისკისა და ხიფათის დანახვა, რომელიც ამ პროფესიას ახლავს, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ამ კონკრეტული შემთხვევების შესახებ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის მეხანძრე-მაშველების ახლობლებს, რომელთაც მათთან ერთად უხდებათ ამ ყველაფრის გადატანა. ბევრი ადამიანი ვიცი ამ უწყებაში, ვინც ხელფასისთვის არ მუშაობს, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე. მეხანძრეები და მაშველები არასოდეს ითვლიან, რამდენი ადამიანი გადაარჩინეს, უფრო ის ახსოვთ, რამდენის გადარჩენა ვერ შეძლეს. ისინი მართლაც გმირები არიან. არ შეიძლება, ეს ადამიანები მხოლოდ მოტივაციის ხარჯზე ამუშაო, სახელმწიფომ სახელმწიფო სამსახურებზე სწორად უნდა გადაანაწილოს პრიორიტეტები. დღეს მეხანძრე-მაშველებზე ვრცელდება კანონი "პოლიციის შესახებ", რომელიც მათ უკრძალავს სხვა სამსახურში მუშაობას, გარდა პედაგოგიური და ხელოვნების სფეროში საქმიანობისა. შესაბამისად, მათ ტაქსის მძღოლად მუშაობაც ეკრძალებათ და შესაძლოა, ამის გამო სამსახურიც დაკარგონ, მაგრამ მცირე ხელფასი აქვთ და კანონსაწინააღმდეგოდ დამატებით უწევთ მუშაობა. სახელმწიფომ ან ღირსეული ანაზღაურება უნდა მისცეს ამ ადამიანებს, ან თუ ვერ აძლევს, სხვა სამსახურში მუშაობის უფლება მაინც მისცეს.

რაც შეეხება იმას, რაც ბორჯომის გამგეობაში ხანძრიდან ძალიან მოკლე დროში მოხდა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამას უსინდისობა ჰქვია. კიდევ უფრო უარესია, როცა გამგებლის მოადგილე პრემიების გასამართლებლად ამბობს, შეიძლება იმდენი ვერ გავაკეთეთ, რამდენიც მეხანძრეებმა, მაგრამ ჩვენც გვეკუთვნის ფულადი ჯილდოო. ასე რომ, სხვადასხვა საბაბით საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერას, საჯარო მოხელეებმა, ჯობს, მეხანძრე-მაშველების ხელფასებს გადახედონ, შეაფასონ, რამდენად შეესაბამება მათი ანაზღაურება მათ მიერ გაწეულ შრომას და სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილონ".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბორჯომის გამგებლის მიერ საკუთარი თავისა და გამგეობის წევრებისთვის პრემიების გამოწერამ დაგვანახა, რომ სახელმწიფო მოხელეები ნებისმიერ მიზეზს ელოდებიან, მათ შორის ნეგატიურსაც, რათა შექმნან ფორმალური საფუძველი დამატებითი მატერიალური სარგებლის მისაღებად. ხანძარი ხეირიანადაც არ იყო ჩამქრალი, რომ ბორჯომის გამგებელი ეცა და თავის თავსა და თანამშრომლებს პრემია გამოუწერა. კარგი და ღირსეული გამგებელი, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოქმედებდა გამგეობა ხანძრის გაჩენის დროს და ჩვენ ვნახეთ, რომ მათ საკმაოდ დააგვიანეს რეაგირება, რამდენიმე თვის ხელფასზე იტყოდა უარს და გადარიცხავდა თუნდაც ზარალის აღდგენის ფონდში, რითაც აღიარებდა პასუხისმგებლობას ამ ვითარების გართულების გამო. მაგრამ ჩვენთან ყველა სარგებელს ეძებს, მათ შორის, სტიქიის დროსაც კი. ამის კიდევ ერთი მაგალითია ეს ყველაფერი.
დღეს ჩვენ გვყავს ხაზინის ქურდები, რომელთაც აქვთ მიზანი, ფული მოიპარონ ბიუჯეტიდან და ამით კეთილდღეობა შეიქმნან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასევე გვყავს ადგილობრივი ელიტები, რომლებსაც მოპარვის თავიც არა აქვთ და ასეთ იაფფასიან თემებზე ხურდავდებიან - პრემიებს იწერენ ნებისმიერი მიზეზით, რაც ერთობ უსაქციელოდ გამოიყურება.

ცენტრალური ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, ეს პრობლემა ობიექტურად დაინახოს და ასეთი პირები ძალაუფლებას ჩამოაშოროს, ცდილობს, მსგავსი ფაქტები შეალამაზოს. ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა ის, რომ მეხანძრეებსა და იმ სამხედროებს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, პრემიები დაერიცხათ. კარგია, რომ თავდადება დაუფასეს, მაგრამ იმედია, ეს იმისთვის არ გააკეთეს, რომ ბორჯომის გამგებლის უსაქციელობა გადაეფარათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაოკდეს სახელმწიფო მოხელეების მადა პრემია-დანამატების მიმართ".

გედევან ფოფხაძე, პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი:
"რა გასამართლებელი საბუთია, ხანძარზე ვიყავით და ამიტომ გამოვიწერეთ პრემიებიო. რა, არ უნდა ყოფილიყვნენ სტიქიის ადგილას? ანუ ბორჯომში ხანძარი იყო, გამგებელმა რაღაც გააკეთა და შემდეგ პრემია გამოიწერა? რა თქმა უნდა, არ უნდა გამოეწერა, ყოველ შემთხვევაში, თავისთვის და მოადგილისთვის. თუ ადგილობრივ ბიუჯეტში ფულადი რესურსი არსებობს, ის ბორჯომს უნდა მოხმარდეს. იმედია, როცა დაიწყება ტყის აღდგენისთვის თანხების მობილიზება, მერე მაინც დააბრუნებენ პრემიად აღებულ ფულს. ამ ნაბიჯით შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ, რომ ის 10 დღე ხანძრის ადგილებში იმიტომ კი არ იყვნენ, რომ პრემია მიეღოთ, არამედ იმიტომ, რომ ისედაც იქ უნდა ყოფილიყვნენ.

თვითმმართველობის კანონმდებლობის ცვლილებებით საკრებულოს უფლებამოსილება გაიზარდა. იმედია, ის გამგეობასა და მერიას კი არ შეეჯიბრება, ვინ მეტ პრემიას გამოიწერს, არამედ იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ თანხები მაქსიმალურად მიზანმიმართულად დაიხარჯოს. ყველაფერში ჩვენ ვერ ჩავერევით, რადგან ესენი ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პირები არიან. ასეთი ფაქტების გამოვლენის შემდეგ მათ აღარავინ აირჩევს. სხვა სამართლებრივი ბერკეტი, თუ გამგებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, არ არსებობს. კანონის დარღვევა კიდევ სხვა ამბავია".

როგორც "კვირის პალიტრას" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, გამგებელს აქვს სრული უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და გამგეობის თანამშრომლებს პრემიები გამოუწეროს. სამართლებრივად ამ შემთხვევაში არაფერი დარღვეულა და სამინისტროს არანაირი ბერკეტი არა აქვს, გამგეობების უფლებამოსილებებში ჩაერიოს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პრობლემა ის იყო, რომ გამგეობის თანამშრომლებმა პრემია მიიღეს მაშინ, როცა ფულადი წახალისება ჯერ კიდევ არ იყო გაცემული მეხანძრე-მაშველებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ნაწილმა პრემია უკვე მიიღო, ნაწილი კი უახლოეს დღეებში მიიღებს.

იპოვეთ ერთი განსხვავება

ოფიციალური მონაცემებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 3 322 მეხანძრე-მაშველი გვყავს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარია, რასაც საშემოსავლო გადასახადი აკლდება და ხელზე 744 ლარს იღებენ. რეგიონებში მეხანძრე-მაშველების ჯამაგირი ნაკლებია - 630 ლარი და ამასაც საშემოსავლოს 20% აკლდება. მეხანძრე-მაშველების ხელფასი 2015 წლიდან არ შეცვლილა. შედარებისთვის, დღეს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.380 ლარია და 20%-ის გამოკლებითაც მეტია, ვიდრე სარისკო პროფესიის მქონე მეხანძრე-მაშველისა, რომელიც მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთ მისაბაძ საქმედ ითვლება და სათანადოდ აფასებს სახელმწიფო. ჩვენთან კი მეხანძრე-მაშველებს ოჯახის რჩენა 700 ლარად უჭირთ და იძულებული არიან, შემოსავლის სხვა წყარო ეძებონ. ზოგი მორიგეობისგან თავისუფალ დროს "ტაქსაობს", ზოგი პროფესიულ უნარებს იყენებს და მშენებლობაზე სიმაღლეზე მუშაობს, ზოგიც სხვა ხელობით ირჩენს თავს. არადა, მათი სამუშაოს სირთულიდან, სიმძიმიდან და მორიგეობის 24-საათიანი რეჟიმიდან გამომდინარე, დასვენების დრო სრული რეაბილიტაციისთვის, ძალის აღდგენისთვის, ფიზიკური მომზადებისთვის უნდა გამოიყენონ, რათა მოვალეობის შესრულების დროს პირადი უნარების სრულ მობილიზებას ხელი არაფერმა შეუშალოს.

მეხანძრე-მაშველის ტექნიკური აღჭურვილობა სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური სამოსი და აღჭურვილობა ყოველწლიურად უნდა განახლდეს. მეხანძრეები ამბობენ, რომ ყოველდღიური აღჭურვილობისა და სამოსის განახლება ყოველწლიურად სრულად არ ხდება, ამიტომ არის შემთხვევები, როცა გამოძახებაზე შელახული სპეცსამოსით ან ფეხსაცმლით დადიან. სხვათა შორის, მეხანძრე-მაშველებს ჯერაც არ მიუღიათ 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი, რომლებიც ამერიკის საელჩომ 26 აგვისტოს პომპეზურად გადმოგვცა.

ემა ტუხიაშვილი
ნათელა
27 სექტემბერი 2017 00:52
ძალიან სასარგებლო, საჭირო და დროული სტატიაა დიდი მადლობა. მსგავსი მამხილებელი და კრიტიკული გამოსვლები უფრო მეტი და ხშირი უნდა უყოს, რადგან მთავრობას, ხელმზღვანელებს, ჩინოვნიკებს არ აქვთ არავიტარი მორალური
მოთხოვნილება და სირცხვილი საზოგადოების და საშუალო ფენის მიმართ. სწორედ ასეთი მამხილებელი და კრიტიკული სტატიებია საჭირო რომ ყველამ გაიგოს თუ ვინ ვინ არის .ხოლო თვით აქ მოყვანილ "გმირებს" ალბათ სასაცილოდაც არ ყოფნის ეს სამარცხვინო საქციელი.

მედიტორო არ წამისალოთ და აუცილებლად გამოაქვეყნეთ

რედაქტორის რჩევით