როდის გაიზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი?! - კვირის პალიტრა

როდის გაიზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი?!

"მსყიდველობითუნარიანობით საქართველოს სომხეთზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, აზერბაიჯანი გვისწრებს

- იქ 100 დოლარით 80%-ით მეტი საქონლის შეძენაშეიძლება"

რამდენით განსხვავდება საქართველოში საშუალო ხელფასი მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საშუალო ხელფასებისგან? რატომ ანიჭებენ ჩვენი მოქალაქეები უპირატესობას საჯარო სექტორში დასაქმებას? ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გვესაუბრება.

- ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და სამუშაო ძალის ღირებულებასაც საბაზრო პრინციპი განსაზღვრავს. პირობითად, ქვეყანას თუ სჭირდება 1 ათასი იურისტი და ფაქტობრივად 4 ათასი ჰყავს, ამ 4 ათას იურისტზე გადანაწილდება ის ხელფასი, რომელიც 1 ათას იურისტს უნდა მიეღო. შესაბამისად, იურისტის ხელფასი იქნება ნორმალურზე ოთხჯერ დაბალი. იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებზეც... საქართველოში მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და იმდენად უსისტემოდ ხდებოდა ცვლილებები, რომ ჯერაც ვერ დარეგულირდა უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სპეციალობების შესაბამისი კონტინგენტის მომზადება. უმაღლესდამთავრებულთა დიდი ნაწილის დასაქმება თვითდინებაზეა მიშვებული. ილუზორულია წარმოდგენა, თითქოს ბაზარი შეძლებს ყველაფრის დარეგულირებას. ბაზარი ყოვლისშემძლე არ არის. ეს იმაშიც ვლინდება, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები იძულებული არიან, პროფილი შეიცვალონ და სხვა საქმეს მოჰკიდონ ხელი, ან უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ...

ხელფასების სიდიდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განსაზღვრავს. თუმცა, აქაც გარკვეული სპეციფიკაა. 90-იან წლებში ჩვენმა ხელფასებმა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა შეინარჩუნა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა იბრუნებს შემოსავლის ძირითადი წყაროს ფუნქციას. მართლაც, მხოლოდ დაქირავებული შრომისგან მიღებული ხელფასები შინამეურნეობათა მთლიანი შემოსავლების 38-40%-ია. მაგრამ რჩება ბევრი პრობლემა, რომელთა გამოსწორების გარეშე ვერ ვიტყვით, რომ სოციალური სტაბილურობა მიღწეულია. ანუ ხელფასის მიმღებთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. დღეს ყოველ 1 ათას კაცზე გვყავს 2-ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე 80-იანების ბოლოს იყო. დღეს პრობლემა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა უფროა, ვიდრე საშუალო ხელფასის სიდიდე. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, მისი ზრდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ხელფასების დაბალი დონე საინვესტიციო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად (ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იაფი სამუშაო ძალით ცდილობს უცხოელ ინვესტორთა მოხიბვლას), არამედ სამუშაო ძალა იყოს იმდენად მაღალკვალიფიციური, რომ არც ერთ ინვესტორს, უცხოელი იქნება თუ შინაური, არ დაენანოს დამატებითი სახსრების გადახდა მათ დასაქირავებლად.

ოციოდე წლის წინ, საქართველოში ნავთობსადენის გაყვანისას ადგილზე ვერ მოიძებნა მაღალკვალიფიციური ელექტროშემდუღებლები და ისინი პაკისტანიდან ჩამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ისინი გაცილებით მეტს ითხოვდნენ შრომის ანაზღაურებაში, ვიდრე ვთქვათ, ელიავას ბაზრობასთან მდგარი შემდუღებლები, მაგრამ დამქირავებელს ეს ნამდვილად უღირდა...

- ბევრს კერძო სექტორში დასაქმებას, საჯარო სექტორში დასაქმება ურჩევნია, რატომ?

- წესით, კერძო სექტორში უფრო მაღალი ანაზღაურება უნდა იყოს, რაც ჯერჯერობით ჩვენთან არ არის.

საჯარო სექტორში დასაქმებულები კი, ფაქტობრივად, ორმაგი პრეფერენციებით სარგებლობენ, რაც გამოიხატება შედარებით მაღალ სტაბილურ ხელფასსა და სოციალური დაცულობის დონეში - არ უგვიანებენ ხელფასს, არ განიცდიან ექსპლუატაციის აშკარა თუ ლატენტურ ფორმებს, რაც კერძო სექტორში ხშირად შეინიშნება სამუშაო დროის გახანგრძლივების (მაგალითად, ამერიკაში ე.წ. ოვერ თაიმი 1931 წლიდან გამოიყენება) ან სხვა დისკრიმინაციული ფორმების გამოყენებისას...

პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენი საზოგადოება მიჩვეული იყო სახელმწიფო პატერნალიზმს (ზრუნვას) და ჯერ კიდევ ვერ შეეგუა საბაზრო სტიქიას. ურჩევნია, სახელმწიფომ ან სხვა ინსტიტუტმა მოუგვაროს ბევრი ისეთი პრობლემა, რომელთა მოგვარების უნარი თავადაც აქვს. ამიტომაა, რომ გამოკითხვისას ადამიანი, რომელიც მცირე ბიზნესით არის დაკავებული, აცხადებს, რომ უმუშევარია. ამ ცნებაში აქსოვს არა იმდენად შრომითი საქმიანობის ასპექტს, რამდენადაც იმას, რომ პირისპირ არის დარჩენილი საბაზრო სტიქიასთან და ვერ გრძნობს სახელმწიფოსგან დაცულობას.

- სხვა ქვეყნებშიც საჯარო სამსახურს ამჯობინებენ?

- განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კერძო სექტორში ბევრად მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე საჯარო სექტორში. იქ საჯარო სექტორში მუშაობა, განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობებზე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, მოვალეობის მოხდისა და ღირსების გამოხატულებად ითვლება. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ხელფასი 400.000 დოლარია. დონალდ ტრამპმა კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მართალია შემოწირულობაც ბევრი იყო, მაგრამ თავისი 31 მილიონი დოლარიც დახარჯა. მეორე ვადით არჩევის შემთხვევაშიც კი ის წინასაარჩევნოდ გაღებული თანხის ათიოდე პროცენტს თუ ამოიღებს.

- ჩვენთან საშუალო ხელფასი რამდენია?

- ბოლო მონაცემებით, ყოველთვიურად 1071 ლარი. ამას თუ საშემოსავლო გადასახადის 20%-ს მოვაკლებთ, გამოდის, ხელზე 850 ლარზე ოდნავ მეტს იღებენ. ეს დაახლოებით 410 დოლარია. ოდნავ მეტია სომხეთში - 420 დოლარის ეკვივალენტი. აზერბაიჯანში, სადაც წლების განმავლობაში უკეთესი მდგომარეობა იყო, მანათის სამჯერადმა დევალვაციამ ძალიან შეარყია ქვეყნის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა და ამიტომ საშუალო ხელფასი მხოლოდ 302 დოლარი გამოდის. მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში - 619 დოლარი; თურქეთთან ახლოსაც ვერ მივალთ, იქ საშუალო ხელფასი 1900 დოლარია.

აქ გასათვალისწინებელია ხელფასის მსყიდველობითუნარიანობაც, ანუ რა რაოდენობის საქონელი შეგვიძლია შევიძინოთ დოლარის ერთი და იმავე მასით. ამ შემთხვევაში საქართველოს, სომხეთთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, აზერბაიჯანი გვისწრებს - იქ 100 დოლარით დღეს შეიძლება თითქმის 80%-ით მეტი საქონლის შეძენა, ვიდრე საქართველოში. რუსეთში ფასების საშუალო დონე საქართველოზე ოდნავ დაბალია, ხოლო თურქეთში პირიქით - 1,5-ჯერ და მეტად მაღალი.

ხელფასებზე საუბრისას არ შემიძლია არ ვახსენო ერთი პოზიტიური ტენდენცია - ნელ-ნელა მიმდინარეობს ხელფასების გენდერული ნიშნით დაახლოების პროცესი. ბოლო ორ ათწლეულის განმავლობაში განსხვავება 10-ზე მეტი პუნქტით შემცირდა და ამჟამად ქალის ხელფასი მამაკაცის საშუალო ხელფასის 62,5%-ია. 1990-იან წლებში კი მხოლოდ 52% იყო.

- საარსებო მინიმუმი რამდენია საქართველოში?

- ერთ სულზე დაახლოებით 150 ლარია, შრომისუნარიან მამაკაცზე - 170 ლარი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ადამიანმა მინიმალურ სოციალურ დონეზე დაიკმაყოფილოს ელემენტარული მოთხოვნილებები.

საქართველოში არა გვაქვს კანონი "ინდექსირების შესახებ", რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ქვეყანაში ფასები იზრდება, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება... ჩვენთან კი ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზე, ხელისუფლების ან დამქირავებლის კეთილ ნებაზე.

- ამერიკაში ან სხვა განვითარებულ ქვეყნებში იმავე პროცესებს როგორ გადიან?

- ამერიკას აქვს სხვადასხვა დახმარების პროგრამა, მათ შორის, სასურსათო ტალონები. 46 მილიონი ამერიკელი იღებს ყოველთვიურად სასურსათო ტალონს. თითოეულის ღირებულება 150 დოლარამდეა. რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით "ინდექსირების შესახებ" წელიწადში ორჯერ ხდება მინიმალური ხელფასებისა და პენსიების კორექტირება. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ ამ ქვეყნებში ინდექსირების აუცილებლობა ისე მწვავედ არ დგას, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, იაპონიაში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მხოლოდ 6 წელიწადი იყო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე მაღალი, ხოლო ყოველი მეორე-მესამე წელი დეფლაციური იყო. ასეთ პირობებში რა ინდექსირებაზე შეიძლება ლაპარაკი?!

4-5%-იანი ინფლაცია ჩვენ არ გვიკვირს, თორემ ამერიკისა თუ დასავლეთ ევროპისთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, თითქმის ქარიშხალ "ირმას" ეკვივალენტური იქნებოდა. ასე რომ, მათ ვერ შევედრებით...

ეკა სალაღაია