"საქართველოს ბანკმა" ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 5,8 მილიონი ლარით დააფინანსა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკმა" ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 5,8 მილიონი ლარით დააფინანსა

"საქართველოს ბანკმა" კიდევ ერთი სამშენებლო ობიექტის დასრულებისთვის გასცა კრედიტი. ამჯერად ბანკიდან 5,8 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი გაიცა თბილისში "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობის დასრულებისთვის.

აღნიშნული კლინიკის მშენებლობა ჯანდაცვის სფეროში დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა ე.წ. "არამიანცის საავადმყოფოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, წინანდლის #9-ში განთავსდება. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო.

კლინიკა 4435 კვმ ფართობზეა განთავსებული, შენობის საერთო ფართი კი დაახლოებით 18000 კვმ-ია. ეს იქნება მრავალპროფილური საავადმყოფო, სადაც იქნება შემდეგი განყოფილებები: ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მუცლის და გულმკერდის ქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, სხივოთერაპია, ენდოვასკულარული ნეიროქირურგია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორია, სისხლის ბანკი, ტრახითერაპია, ნუკლეალური მედიცინა, ონკოგემატოლოგია, ქიმიოთერაპია, დღის სტაციონარი, პოლიკლინიკა და ენდოსკოპიური ქირურგია. მრავალპროფილური საავადმყოფო 12 სართულზე განთავსდება და 205 საწოლზე იქნება გათვლილი. "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიულ კლიენტებზე გაცემული სესხის მოცულობა 951 მილიონი ლარია, რაც 9,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც "საქართველოს ბანკის" მენეჯმენტში აცხადებენ, ისინი განაგრძობენ დაკრედიტების მოცულობის ზრდას ჯანსაღი, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

ირაკლი გილაური, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი: "თბილისში არის სამშენებლო ობიექტები, რომლების მშენებლობაც გარკვეული მიზეზების გამო გაჩერებული იყო. ზოგს დაფინანსება არ ჰქონდა, როგორც მაგალითად, ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეცა სესხი და დაგვეფინანსებინა "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობის დასრულება.

მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ გავეცით სესხი სასტუმრო Holidae Inn-ის მშენებლობის დასრულებისთვის, რომელიც სასტუმრო "აჭარის" ადგილას შენდება. ჩვენ მზად ვართ ყველა ეკონომიკურად გამართლებული პროექტის დაფინანსების საკითხი განვიხილოთ. საერთო ჯამში კი ყველა ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას უწყობს ხელს.

ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვა საკმაოდ საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონე სექტორია. მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის 8%-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს მის მნიშვნელობას. ახლო მომავალში სხვა მსგავსი პროექტების დაფინანსების საკითხსაც განვიხილავთ და ვფიქრობთ, რომ ვიქნებით დაფინანსების ფლაგმანი ჯანდაცვის სექტორში.

"საქართველოს ბანკის" საკრედიტო პორტფელი მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თითქმის 10%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია."

გოჩა ინგოროყვა, "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" ხელმძღვანელი: "ამ კლინიკის შექმნა დიდ შრომას მოითხოვდა. ჩვენ უცხოეთში ბევრ სამშენებლო კომპანიასთან, მენეჯმენტთან გვქონდა კოსულტაციები და ბოლოს შევქმენით პროექტი, რომლითაც ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება.

ამ საავადმყოფოს მშენებლობა 2008 წელს დაიგეგმა და იმავე წლის ნოემბრიდან შევუდექით სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. "საქართველოს ბანკი" კლინიკის მშენებლობას 80%-ით დააფინანსებს, 20%-ის რისკს კი ჩვენ გავწევთ. ეს იქნება მრავალწლიანი კრედიტი, სადაც ერთი წელი ვისარგებლებთ საშეღავათო პირობებით.

კლინიკაში, სავარაუდოდ, 400-500 ადამიანი დასაქმდება, რაც ამდენივე ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ავადმყოფის მომსახურების ფასები იქნება მისაღები ჩვენი მოსახლეობისთვის.  კლინიკის გახსნა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს იგეგმება და პირველ პაციენტს უკვე ნოემბრის ბოლოს მივიღებთ."

R