საწვავის ფასები - სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობა?! - კვირის პალიტრა

საწვავის ფასები - სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობა?!

"ახალი კომპანიები იმდენად მცირეა ადრე არსებულ კომპანიებთან შედარებით, რომ საწვავის ბაზარზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ"

ბოლო დროს საქართველოში ერთი ლიტრი საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ამას საწვავისა და ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდითა და დოლარის მიმართ ლარის დასუსტებით ხსნიან. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" კვლევით კი, საწვავის ფასები საქართველოში იმაზე ადრე და მეტად გაიზარდა, ვიდრე ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებმა შექმნეს.

პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი: "ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებთან დაკავშირებული პროცესები აცდენილია საერთაშორისო ტენდენციებს.

მსოფლიო ბირჟებზე საწვავზე ფასები მართლაც იზრდება, თუმცა, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ტენდენციებს მთლიანად არის აცდენილი. ბარელზე ფასის მცირედით მატებისთანავე ფასები ჩვენს საცალო ქსელშიც შეიცვალა. ეს მაშინ, როცა ბირჟებზე ფასების ცვლილებას განსაზღვრული დრო სჭირდება, რომ ეს ცვლილება Platts-ის, ანუ საწვავის საერთაშორისო ფასებზე აისახოს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ქსელზე.

უფრო კონკრეტულად კი მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 4%-ით იყო გაზრდილი, როცა ჩვენთან კომპანიებმა სექტემბრის დამდეგს მეორედ შეცვალეს ფასები და საწვავის ფასი მყისიერად 7%-ზე მეტით გაიზარდა. დღეს არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, მიმდინარე გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1.433 ლარს შეადგენს. ამ თანხას, ცხადია, ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1,74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ, როცა საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2,45 ლარსაც კი აღწევს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა, როცა საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს შორის რიგ შემთხვევებში 0,71-ლარიანი სხვაობაა, ძნელია ეს დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ.

გასაგებია, რომ ეს ბიზნესია და მისი იდეაც ის არის, რომ რაც შეიძლება მაღალი მოგება მიიღოს. მაგრამ როცა ამბობენ, რომ მათი ფასები დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, შემდეგ გამოდიან კომპანიების მესვეურები და სოციალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ, სწორედ ამის შემდეგ ჩვენმა ორგანიზაციამ საჯაროდ გამოიტანა ფაქტი და თქვა, რომ ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება დღეს კომპანიებისთვის, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1,74 ლარს არ აღემატება, მოგების მარჟა კი უნდა დაარეგულიროს კონკურენციამ, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ბაზარზე არ არსებობს.

მართალია, ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე ახალი კომპანია, მაგრამ რეალურ კონკურენციას ისინი დიდ კომპანიებს ვერ უწევენ. ყველა ეს ახალი კომპანია იმდენად მცირეა ადრე არსებულ კომპანიებთან შედარებით, რომ ბაზარზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. პატარა კომპანიების დიდი ნაწილი თბილისშიც არ არის შემოსული.

ურბანულადაც იმდენად კარგად არიან განვითარებული დიდი კომპანიები ავტოგასამართი ქსელის თვალსაზრისით, რომ ძნელი წარმოსადგენია, ადამიანმა, რომელსაც ავტომობილში საწვავი უთავდება, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურს დაუწყოს ძებნა, სადაც შედარებით დაბალი ფასია. გამოდის, რეალურად მომხმარებლისთვის ისევ შეზღუდულია არჩევნის უფლება.

გვახსოვს, ალბათ, როცა კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები სოლიდური თანხით დააჯარიმა. ამით უნდა შექმნილიყო პრეცედენტი, რომ თუკი ვინმე გადაწყვეტდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერად ოპერირებას, ამისთვის პასუხი მოეთხოვებოდა. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტიც, თუ ვნახავთ, როგორ განვითარდა პროცესები, სხვადასხვა ინსტანციაში რამდენიმე კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს დავა მოუგო კიდეც. სასამართლომ არასაკმარისად ცნო კონკურენციის სააგენტოს მტკიცებულებები და უკან გადაუგზავნა დოკუმენტაცია, რათა თავიდან უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს. ნავთობკომპანიებმა ძალიან დიდი რესურსი ჩადეს იმაში, რომ ეს დავები მათ სასარგებლოდ შემოებრუნებინათ და მივიღეთ კიდეც ამის შედეგი.

ფაქტია, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას უჭირს ნავთობკომპანიების ლობისთან გამკლავება.

მარტივი მაგალითი: როცა კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები დააჯარიმა, ერთ-ერთმა სამსახურიდან 300 თანამშრომელი გაათავისუფლა, რითაც სახელმწიფო დასაჯეს და სამაგიერო გადაუხადეს.

კომპანიის არგუმენტი იყო, რომ არ შეეძლო ერთდროულად დაკისრებული ჯარიმის გადახდაც და ამდენი თანამშრომლის სამსახურში დატოვება. ეს მოხდა მაშინ, როცა სასამართლო დავებიც კი არ იყო დაწყებული და დღესაც არც ერთ კომპანიას ჯარიმა გადახდილი არა აქვს. ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობა. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო უფრო ეფექტიანად უნდა ჩაერიოს, მეტი აქტიურობა მართებს და თუ საჭიროა, კიდეც მიუბრუნდეს და დაიწყოს ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა. ფაქტია, რომ ახლა კონკურენციის სააგენტო პასიურობს და ეს შეფასება გადაჭარბებული ნამდვილად არ არის".

ვანო მთვრალაშვილი, "ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი სტაბილური იყო და კლებისკენაც მიდიოდა, რამაც განაპირობა საქართველოს ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებაც კი. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე პლატსის მიხედვით გაზრდილია დაახლოებით 15-20%-ით, რამაც შესაბამისად გამოიწვია ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე. ფასებმა საქართველოს ბაზარზე ამ პერიოდში რამდენჯერმე მოიმატა და მთლიანობაში გაიზარდა 10-15 თეთრით. ფასის მატება შეეხო საქართველოში მოქმედ აბსოლუტურად ყველა ოპერატორ კომპანიას, იმისგან დამოუკიდებლად, ცნობილი კომპანიაა ის თუ ნაკლებად ცნობილი. აქვე გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გაუფასურდა. დღეს საცალო ქსელში ყველაზე დიდი მოთხოვნილება "რეგულარის" ტიპის ბენზინზეა, მისი წილი მთლიანად მოხმარების სტრუქტურაში 85%-ია. ამ პროდუქტის ფასი საცალო ქსელში მერყეობს ერთ ლიტრზე 1,90-დან 2,15 ლარამდე. შესაბამისად, საკმაოდ განსხვავებული ფასები აქვთ კომპანიებს და კონკურენციაც მათ შორის ჯანსაღია.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ ითვლიან არასამთავრობო ორგანიზაციები საწვავის თვითღირებულებას და საზოგადოებას განსჯისთვის სთავაზობენ, როცა ეს ყველა კომპანიისთვის კონფიდენციალური საკითხია. ეს დამოკიდებულია კონტრაქტებზე, ტრანსპორტირებასა და სხვადასხვა ხარჯზე. შესაბამისად, ვერავინ, გარდა კონკრეტული კომპანიისა, პროდუქტის თვითღირებულებაზე რეალურ მონაცემს ვერ მოგაწვდით".

ემა ტუხიაშვილი