ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს ახალ სტუდენტურ სესხს სთავაზობს - კვირის პალიტრა

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს ახალ სტუდენტურ სესხს სთავაზობს

"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის დასაფინანსებლად ბანკი "რესპუბლიკიდან" შეღავათიანი კრედიტი აიღონ. ბანკმა "რესპუბლიკამ" სტუდენტური სესხი სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტისათვის" შექმნა.

ინოვაციური პროდუქტი მთელი რიგი უპირატესობებით ხასიათდება. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. სესხი გაიცემა ლარში, რაც მომხმარებლისათვის მნიშვნელოვან სარგებელსა და კომფორტს ქმნის. სესხის მისაღებად არ არის საჭირო უზრუნველყოფა, რაც სესხის მიღების პროცედურას ამარტივებს და სესხის დამტკიცების პერიოდს ამცირებს.

თანხის დაფარვის ვადა 2 წელია. საბაკალავრო პროგრამის დასაფინანსებლად სესხის აღება სტუდენტის ოჯახის წევრს ან სხვა პირსაც შეუძლია. მეოთხე კურსის სტუდენტი, თუ იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი, სესხს თავადაც აიღებს. სამაგისტრო პროგრამის დასაფინანსებლად სესხის აღება მაგისტრანტის მშობლის, ნებისმიერი სხვა პირის ან თავად მაგისტრანტისთვისაც არის შესაძლებელი. სესხი ხელფასის, დივიდენდის, იჯარის, ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე გაიცემა.

სტუდენტი, რომელიც აიღებს სტუდენტურ სესხს ბანკ "რესპუბლიკაში", დამატებითი სარგებლის სახით საჩუქრად სიცოცხლის დაზღვევას მიიღებს. ორივე პარტნიორი მხარე მიიჩნევს, რომ სტუდენტური სესხის აღების პროცედურის გამარტივება საზოგადოების მხრიდან კომფორტული დაფინანსებისა და საუკეთესო განათლების მიღების სურვილს გაზრდის.

გიგა  სულაძე (ბანკი "რესპუბლიკის" საცალო საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსი): "ეს პროექტი ექსკლუზიურად "კავკასიის უნივერსიტეტისთვის" შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა კრიზისის შემდეგ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეღავათიანია. ის ე.წ. საბლანკო სესხია, რომელსაც არც ქონების უზრუნველყოფა სჭირდება, არც თავდებობა. სტუდენტებისგან არც დაზღვევას ვითხოვთ, პირიქით - კლიენტს ვჩუქნით დაზღვევას.

კრედიტის დაფარვის 2 -წლიანი ვადაც სტუდენტისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. სესხი ლარში გაიცემა. მოსახლეობას შემოსავალი უმეტესად ლარში აქვს. ამასთან არის საშიშროება, რომ დოლარის კურსის ზრდის შემთხვევაში რისკები გაიზრდება, ამიტომ, გვინდა ეს რისკები ნულამდე შევამციროთ, რომ კლიენტმა არ გადაიხადოს ზედმეტი. როცა სესხი ლარში არის დამტკიცებული და მსესხებელსაც შემოსავალი ლარში აქვს, მისი დაფარვაც უფრო მარტივია.

მაისის ბოლომდე სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის პერიოდი იქნება და სესხებიც უმეტესად ივნის-ივლისში გაიცემა. რაც შეეხება საბაკალავრო სწავლებას, ის სექტემბრიდან იწყება და სესხებზე მოთხოვნაც დეკემბრამდე პერიოდში იქნება.

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტული პარტნიორი "კავკასიის უნივერსიტეტია", რადგან იგი კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. დაინტერესებული ვართ, რომ კარგად მომზადებული ბაკალავრები და მაგისტრანტები ბევრი იყოს. ბაზარზე საბანკო სპეციალისტების კარგი კადრის მოძიების პრობლემაა და "რესპუბლიკის" მიერ გადადგმული ნაბიჯი საბანკო სექტორის მომავალ განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს. ამ სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობას ბანკებში იწყებს და განვითარებაში გვეხმარებიან.

არ არის გამორიცხული სხვა უმაღლესმა სასწავლებელმაც მოგვმართოს და ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვას. ასეთ შემოთავაზებასაც განვიხილავთ და თუ მიმზიდველი იქნება, მათთანაც ვითანამშრომლებთ.

უცხოეთში შესაძლოა უნივერსიტეტის დამთავრებამდე უკვე მუშაობდეს მაგისტრანტი, მაგრამ საქართველოში ასეთი პრაქტიკა თითქმის არ არსებობს. ასეთ სესხებს უცხოეთში თვითონ სტუდენტები იღებენ. პირველკურსელისთვის რთულია, გარანტირებულად თქვას, რომ 5-6 წლის შემდეგ მაღალშემოსავლიანი სამსახური ექნება, მაგრამ ამის შანსი მართლაც დიდია. ამ სტუდენტებს ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც კრედიტის გადახდა შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სესხი მშობლებმა აიღონ".

კახა  შენგელია ("კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი): "ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სესხს უზრუნველყოფა არ დასჭირდება. ნებისმიერ ბანკში სტუდენტურ სესხს უზრუნველყოფა სჭირდება. ურთიერთობა სხვა ბანკებთანაც გვქონდა, მაგრამ "რესპუბლიკამ" საუკეთესო პირობები შემოგვთავაზა. სტუდენტისთვის ხელსაყრელი პირობაა ისიც, რომ თანხა ლარში გაიცემა. ამისთვის დიდი მადლობა ბანკ "რესპუბლიკას".

ეს პროექტი ჩვენი ერთობლივი 10 წლიანი თანამშრომლობის და შრომის შედეგია. "რესპუბლიკასთან" დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს და ბევრი სხვა ერთობლივი პროექტიც გვაქვს. დღეს უნივერსიტეტში მეოთხე კურსელების რაოდენობა 300-ს აღემატება და მათი 80% უკვე დასაქმებულია, მათ შორის ბანკ "რესპუბლიკასა" და სხვა ბანკებში. საბაკალავრო პროგრამების წლიური ღირებულება "კავკასიის უნივერსიტეტში" საშუალოდ 5-დან 7 ათას ლარამდეა.

საგნის ღირებულება სამაგისტრო პროგრამებზე კი 400-დან 700 ლარამდე. გადასახდელი თანხა, ბუნებრივია, შემცირდება, თუ სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. ეს პროექტი განათლების სფეროს განვითარებას წაადგება".

ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში საცალო და ფინანსურ მომსახურებაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. ბაკში ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბანკი მომხმარებლებს 49 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება. 2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბანკ "რესპუბლიკის" საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს. 2009 წელს "სოსიეტე ჟენერალმა" წილი 80%-მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალი" სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესკომპანიების პირველ ხუთეულში შედის.

"კავკასიის უნივერსიტეტი" 2005 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაარსდა. უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის შვიდი სკოლა: კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ტურიზმის.

R