ქართულ ბიზნესს სტატისტიკის არ სჯერა - კვირის პალიტრა

ქართულ ბიზნესს სტატისტიკის არ სჯერა

კომპანიები სტატისტიკის სამსახურს ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ეუბნებიან

ბიზნესისთვის ფინანსური ინფორმაციის დამალვა კომუნისტურ დროში ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს ჩვეულება ადგილობრივი კომპანიების უმრავლესობას ახლაც შემორჩა. დიდ გადასახადს თავი რომ აარიდონ, კომპანიები ამცირებენ მიღებულ შემოსავალს, მოგებას და სხვ. ადგილობრივი ბიზნესის გაუმჭვირვალობა პრობლემად რჩება ინვესტორისთვისაც. მას სურს იცოდეს, რა მდგომარეობაა იმ სფეროში, სადაც მუშაობას აპირებს, აქვს თუ არა აზრი ფულის დაბანდებას.

იმისთვის, რომ ფინანსური მონაცემები თუ დამფუძნებლების ვინაობა საიდუმლოდ დარჩენილიყო, ბოლო დროს ბევრი შპს სააქციო საზოგადებადაც გადააკეთეს. გაუმჭვირვალობის პრობლემას სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც წააწყდა.

"საქსატმა" საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევა რამდენიმე კვირაა დაიწყო. კომპანიები სპეციალურ კითხვარს ავსებენ, სადაც უნდა მიუთითონ საწარმოთა ბრუნვა, შემოსავალი, გაწეული ხარჯები, განხორციელებული ინვესტიციები, გამოშვებული პროდუქცია და სხვ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კერძო კომპანიების ნაწილს მონაცემების გაცემა არ უნდა. ისინი სამსახურის თანამშრომლებს უარით ისტუმრებენ. ხშირად საკმაოდ უხეშადაც.

სტატისტიკოსებმა 8 ათასზე მეტი კომპანია უნდა გამოკითხონ. სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის I კვარტლის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აქედან 150 კომპანია თანამშრომლობაზე უარს ამბობს. მათ შორის 60 მსხვილი კომპანიაა.

ზაზა  ჭელიძე (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი): "შეიძლება კომპანიების უარი იმის ბრალია, რომ ფორმა, რომლის შევსებაც უწევთ, კონფიდენციალურ ინფორმაციას მოითხოვს და მისი გამჟღავნება ბიზნესს არ უნდა. მაგრამ კონფიდენციალურობა დაცულია. ბიზნესს გარანტიას ვაძლევთ, რომ ინფორმაციას მათ კონკურენტებს არ მივაწვდით. მაგალითად, ინფლაციის მონაცემებს ყოველთვიური ფასების ინდექსის საფუძველზე ვადგენთ.

არის შემთხვევები, როცა სავაჭრო ობიექტებში ჩვენს თანამშრომლებს ფასებსაც კი არ ეუბნებიან. უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია ბიზნესს თვითონვე სჭირდება და კომპანიები ამ მონაცემებით თვითონვე სარგებლობენ. თუ ინფორმაციას არ მოგვცემენ, ვერ ვიმუშავებთ, სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები არ იქნება".

ახალი კანონმდებლობა კომპანიებს ინფორმაციის სტატისტიკის სამსახურისთვის მიწოდებას არ ავალდებულებს. რეფორმამდე სამსახურს მონაცემების დამალვის შემთხვევაში შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ახლა კი ინფორმაციის გამჟღავნება უკვე ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

სტატისტიკის სამსახური წლეულს თებერვალში ამოქმედდა, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მანამდე კი წლების განმავლობაში დეპარტამენტის სახით იყო ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. იმ მიზეზით, რომ სტატისტიკა არ იყო დამოუკიდებელი და სამთავრობო სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენდა, მისი შედეგების სანდოობაში საზოგადების დიდმა ნაწილმა შეიტანა ეჭვი.

ინფორმაციის დამალვა გამართლებული არ არის, თუმცა ვიდრე მონაცემებს ყველაზე ურწმუნონიც ენდობიან, ვიდრე ბიზნესი გარეშე ორგანიზაციას კონფიდენციალურ ინფორმაციას საკანონმდებლო იძულების გარეშე მიანდობს, ანუ ქართული სტატისტიკის რეპუტაციის გამყარებამდე ბევრი წყალი ჩაივლის.

გიორგი დუმბაძე