მობილურით საუბარი გაიაფდება - კვირის პალიტრა

მობილურით საუბარი გაიაფდება

საზოგადოებრივი აზრის წნეხს ზოგჯერ შედეგიც მოაქვს

მობილური კომპანიები ტარიფებს ამცირებენ. 28,8-თეთრიანი ტარიფი, რომელიც რამდენიმე წელია უცვლელია და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში, ამჯერად დაბლა დაიწევს. რამდენ თეთრს მოიკლებენ კომპანიები, ჯერ არ ამბობენ, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ შემცირება 5-დან 9 თეთრამდე იქნება.

მობილურით საუბრის გაიაფების საფუძველი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ე.წ. ურთიერთჩართვის ტარიფის 14,8-დან 8 თეთრამდე შემცირება უნდა გახდეს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ურთიერთჩართვის ახალი განაკვეთი, რასაც კავშირგაბმულობის კომპანიები ერთმანეთს მომსახურებისთვის უხდიან (მაგალითად, "ჯეოსელმა" თავისი აბონენტის მომსახურებისთვის "მაგთის" წუთში 14,8 თეთრი უნდა გადაუხადოს) აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა მობილური კომპანიები აგვისტოს აღარ დაელოდებიან და სასაუბრო წუთის ღირებულებას უფრო ადრე შეამცირებენ. როგორც ამბობენ, კომუნიკაციების ბაზარზე მალე დიდი ცვლილებები დაიწყება, კონკურენციის გამძაფრებამ, რაც ბოლო დროს შეიმჩნევა, კომპანიებს მომსახურების ფასის შემცირებისკენ უნდა უბიძგოს.

აბონენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მობილური მომსახურების ტარიფი ძალიან ძვირია და კომპანიებს ის აქამდეც უნდა შეემცირებინათ. ბაზარზე "მობიტელის" (რომელიც "ბილაინის" სახელით ოპერირებს) შემოსვლის შემდეგ კომპანიებს შორის კონკურენცია გაჩნდა, "მაგთი" და "ჯეოსელი" იძულებული გახდნენ, აბონენტებისთვის საუბარი აქციების ხარჯზე გაეიაფებინათ. ამჯერად გაიაფება კიდევ უფრო საგრძნობი იქნება.

ტარიფს აუცილებლად რომ შეამცირებს, ამას "ბილაინი" უკვე ამბობს. რუსული კომპანიის გათვლებით, ტარიფი 19 თეთრამდე ჩამოვა. ტარიფს აუცილებლად რომ შეამცირებს, ამას "მაგთიც" ადასტურებს. კომპანიაში ამბობენ, რომ კონკურენტებს არ დაელოდებიან და გაიაფებისკენ ნაბიჯს პირველი გადადგამენ. "მაგთის" წინასწარი გათვლებით, ახალი ტარიფი 20 თეთრთან ახლოს იქნება.

ირაკლი ლობჟანიძე ("მაგთიკომის" მარკეტინგის დირექტორი): "საცალო ტარიფის დაწევა ურთიერთჩართვის პირდაპირპროპორციულად არ მოხდება, ანუ 28,8 თეთრს ავტომატურად არ გამოაკლდება 6,8 თეთრი, მაგრამ შემცირება გარდაუვალია. ახლა გათვლებს ვაწარმოებთ, რა ფასი დავადოთ კავშირს. ხარჯებსა და მოგებას დავითვლით და საფასურს აგვისტომდე დავწევთ".

ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს "ჯეოსელი". კომპანიაში ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა მას სხვა გზა არ დარჩება, კონკურენტების ფეხის ხმას ისიც უნდა აჰყვეს.

ამჟამად მოქმედ 28,8-თეთრიან ტარიფში ყველაზე დიდი წილი ურთიერთჩართვის ტარიფს უკავია, დანარჩენ თანხას მობილური ოპერატორები ქსელის გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, თანამშრომლების ხელფასებისა და სხვა საჭიროებისთვის ხარჯავენ. ცხადია, თუ ურთიერთჩართვის ტარიფი განახევრდა, კომპანიას ჯიბეში მეტი დარჩება, მოგებაც გაეზრდება. რადგანაც მობილური კომპანიების მოგების მარჟა ისედაც მაღალია, ლოგიკურად მათ ტარიფის შემცირება უნდა დაიწყონ.

1-ელი აპრილის მდგომარეობით, მობილური ბაზარი ასე ნაწილდება: აბონენტების რაოდენობით "ჯეოსელი" ლიდერობს, მას ბაზრის 44,5% უკავია 1,37 მილიონი აბონენტით; "მაგთის" ქსელში 1,34 მლნ მომხმარებელია ჩართული და მას ბაზრის 43,8% უკავია. მესამე "ბილაინია" და ბაზრის 11,6%-იან წილს იკავებს. მობილურის აბონენტი თვეში საშუალოდ 110 წუთს საუბრობს. ხოლო ფიქსირებულ ტელეფონზე თვეში ოჯახი 450-დან 600 წუთამდე ლაპარაკობს, ანუ საშუალოდ დაახლოებით 530 წუთს, რაც ბოლო წლებია ერთ დონეზეა.

კომუნიკაციების კომისიას საცალო ტარიფებში პირდაპირ ჩარევის უფლება არ აქვს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მობილური კომპანიები კორექტივებს შეიტანენ. ხოლო თუ ისინი ტარიფებს არ შეამცირებენ, მაშინ კომისიას ჩარევა მოუწევს. "მაგთიში" მიიჩნევენ, რომ ტარიფის შემცირების შემდეგ საუბრების ხანგრძლივობა გაიზრდება და კომპანიები წაგებული არ დარჩებიან. ცხადია, მობილური ბაზრის მოთამაშეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ისინი ალბათ ერთად დასხდებიან და შეთანხმდებიან, მომსახურებას რა ფასი დაადონ.

მოსალოდნელია, რომ იგივე პროცესი ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზეც დაიწყოს და ფასებმა "ახალი ქსელების", "სილქნეტისა" (მარტის ბოლოდან ყოფილმა "გაერთიანებულმა ტელეკომმა" "სილქნეტის" სახელწოდებით დაიწყო ოპერირება) და სხვა სატელეფონო კომპანიების მომხმარებლებისთვისაც დაიკლოს. ამჟამად ე.წ. ქალაქის ტელეფონის აბონენტს სხვა ქსელში ჩართულ მომხმარებელთან საუბრისთვის წუთში 4 თეთრი ერიცხება.

კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს გაუმართლებლად მაღალი ტარიფია და ის უნდა განახევრდეს. მარეგულირებელი კომისია "სილქნეტის" მონაცემების წარდგენას ელოდება, რომელიც დოკუმენტების დაგვიანების გამო ერთხელ უკვე დააჯარიმეს. "სილქნეტი" მარეგულირებელში მონაცემების მიუტანლობის მიზეზად ახალ კომპანიად ჩამოყალიბებასა და აქტივების გაერთიანებას ასახელებს. ფიქსირებული სატელეფონო კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფების შემცირებას კომისია ივნისში აპირებს.

ნონა ქვლივიძე