ხანმოკლე "დათბობა" საწვავის საცალო ბაზარზე - კვირის პალიტრა

ხანმოკლე "დათბობა" საწვავის საცალო ბაზარზე

"ადვილია გაძვირება, გაიაფება არის ძნელი"

თითქმის სამი კვირის განმავლობაში, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასები მცირდებოდა. თავდაპირველად, როცა ფასების კლება ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ადგილობრივმა ნავთობკომპანიებმა თავი მოვალედ მიიჩნიეს, დუმილი დაერღვიათ და მომხმარებლებისთვის განემარტათ, რომ გაიაფების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავის ფასები ქართულ ბაზარზეც შემცირდებოდა (დაახლოებით 12 აპრილისთვის საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში ფასებმა აიწია და მომხმარებელთა უკმაყოფილების მიუხედავად, აქამდე არ დაუკლია).

მოგვიანებით, როცა ჯერ ორიოდე კომპანიამ დააკლო ფასებს 5 ან 3 თეთრი ლიტრზე, გაისმა დაპირებები, რომ ფასებს ყველა კომპანია დააკლებდა -ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ისაუბრეს. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილმა განმარტა, რომ ორი კვირის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასის შემცირებამ, ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასების (Platt's) კლება გამოიწვია.

24 მაისიდან, ფასები "ლუკოილ ჯორჯიასა" და "სენტას" ქსელში დააკლეს, 5 თეთრით და 3 თეთრით, შემდეგ მათ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" (2-5 თეთრით) და "რომპეტროლ ჯორჯია" (1-3 თეთრით) მიყვნენ...

თუმცა საკმარისი იყო, საქართველოს საწვავის ბაზარზე საცალო ფასებს ნავსი გაეტეხათ და ქვემოთ დაძრულიყვნენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სანავთობო ფიუჩერსებმა მაშინვე "ბოროტად იხუმრეს". 26 მაისს სამკვირიანი კლების შემდეგ მსოფლიოს ბირჟებზე სანავთობო ფიუჩერსების ფასმა საშუალოდ 3,6%-ით მოიმატა და $71-ს ასცდა.

იმდღევანდელი სავაჭრო სესიის შედეგებით, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე სანავთობო ფიუჩერს IPE Brent Crude-ის ფასმა $2,19 აშშ დოლარით (დაახლოებით 3,1%) მოიმატა და $71,74 შეადგინა ბარელზე; ნიუ-იორკის New York Mercantile Exchange-ზე კი სანავთობო fiuCers Light Sweet Crude OilL-ის ფასი $2,76-ით (4%) გაიზარდა და $71,51-ს მიაღწია. მომდევნო დღეს, 27 მაისს, სანავთობო ფიუჩერსების ფასი ლონდონში $74,66-მდე (4,1%-ით), ხოლო ნიუ-იორკში $74,55-მდე (4,3%-ით) გაიზარდა...

დანამდვილებით წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ მოიქცევა ნავთობის ბაზარი. ფაქტია, რომ ორ დღეში საერთაშორისო ბირჟებზე სანავთობე ფიუჩერსები 8,4%-ით გაძვირდა. სამი კვირის განმავლობაში კლებამ ერთი ბარელის ფასზე $20-მდე შეადგინა. ბაზრის ანალიტიკოსთა შეფასებით, ამგვარი კლება განაპირობა შიშმა, რომ საბერძნეთისა და ესპანეთის ეკონომიკების პრობლემები მნიშვნელოვან ზეგავლენას მოადენდა მსოფლიო ეკონომიკაზე. რადგან "შიშიანობა" შესუსტდა, ფასებმაც მაღლა აცოცება დაიწყეს.

მეორე ბიძგი ჩინეთის განცხადება აღმოჩნდა. მან უარყო ბრიტანული "ფაინენშლ ტაიმსის" შეტყობინება, თითქოს თავისი კუთვნილი ევროობლიგაციების ნაწილის გაყიდვას გეგმავდა. ამას დაერთო ესპანეთის მთავრობის 27 მაისის გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, ინფორმაცია აშშ-ის ეკონომიკის თანდათაობითი აღდგენის, ჩინეთში ეკონომიკის ზრდის კვლავინდებურად მაღალი ტემპის შესახებ, და ბირჟების რეაქციამაც არ დააყოვნა.

რაც შეეხება საქართველოს საცალო ბაზარზე მოქმედ ნავთობკომპანიებს, სანამ ფასებს მცირედ, მაგრამ მაინც დააკლებდნენ, ისინი იქამდე "აკვირდებოდნენ" საერთაშორისო ბაზარს, რომ ამასობაში ამ ბაზარზე ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო. საინტერესოა, თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, ამჯერად რამდენი დრო დასჭირდებათ ჩვენებურ ნავთობკომპანიებს "საერთაშორისო ტრენდის საცალო ქსელში ასახვისთვის".

სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კი ზედიზედ მიმართავენ საგანგებო ზომებს.

ევროპამ და აშშ-მა სტრუქტურულ ფინანსურ რეფორმებზე მოილაპარაკეს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გეითნერის განცხადებით კი, ტორონტოს "დიდი ოცეულის" სამიტზე ახალი, კრიზისამდელზე უფრო მყარი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას შეუდგებიან. მანამდე ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ 750 მილიარდი ევროს მოცულობის სტაბილიზაციის მექანიზმზე.

მისი შემუშავება საბერძნეთის საკრედიტო კრიზისმა და ევროს შესუსტებამ გახადა აუცილებელი. პრობლემური ეკონომიკების მქონე ევროპული ქვეყნების მთავრობები კრიზისის შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობენ. ბიუჯეტს ამცირებს იტალიის მთავრობა, რისი წყალობითაც სამ წელიწადში თითქმის 24 მლრდ ევროს დაზოგვას გეგმავს. ამისთვის საჭირო გახდება საბიუჯეტო სფეროში მომუშავეთა ხელფასების სამი წლით "გაყინვაც".

იტალიის მთავრობა ცდილობს დამტკიცებას, რომ ბერძნული სცენარი არ ემუქრება. ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრების გეგმა დაამტკიცა ესპანეთის პარლამენტმაც. აქ ორ წელიწადში ბიუჯეტის 15 მილიარდი ევროთი შემცირებას ესწრაფვიან. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასები კი 5%-ით უნდა შემცირდეს. ესპანეთში უმუშევრობა 20%-ს აჭარბებს. ევროზონის 16 ქვეყანას შორის ყველაზე რთული ეკონომიკური ვითარება, საბერძნეთის გარდა, სწორედ ესპანეთსა და იტალიაშია.

და თუ ამ ქვეყნებისთვის პროგნოზი გაუმჯობესდა, თუ აშშ-იდან და ჩინეთიდანაც საერთაშორისო ბაზრებისთვის დამაიმედებელი ეკონომიკური ცნობების მოსვლა გაგრძელდა, საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიებს ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის, რომ ხანმოკლე საფასე "დათბობას" ცივი წყალი გადაასხან.

(გამოყენებულია BBC-ისა და GBC-ის ინფორმაცია)