"ეკონომიკის მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი" - კვირის პალიტრა

"ეკონომიკის მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი"

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელ ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება. 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით გაიზრდება და 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება"

იმ ფონზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოსთვის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს და დადებითად აფასებს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრა. ხელისუფლების ოპონენტები მისიის პოზიტიურ შეფასებებზე მეტად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორია 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც შეჯერებული არიან სსფ-ის მისია და საქართველოს მთავრობა, რა თანხები მიიმართება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ამის გარკვევა რამდენიმე გარემოების შეჯერებით ვცადეთ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა. მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო და ასეთივე გაგრძელებას ელოდება.

"ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორებში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე გავზარდეთ, ნავარაუდევი 3.5%-ის ნაცვლად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4%-მდე, 2016 წლის 12.8%-თან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობისა და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას", - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, ქვეყნის შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია.

"მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ში არსებული კრედიტების ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6% იქნება", - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

"მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა, არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო და კაპიტალური ხარჯები. 2018 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3% იქნება, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება", - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა. მან ასევე ისაუბრა მონეტარულ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, მართალია, ინფლაციამ 2017 წელს ეროვნული ბანკის პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა, მისი პროგნოზით, ინფლაცია დაიკლებს ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვის შემდეგ, ხოლო მოქნილი გაცვლითი კურსი კვლავ შეასრულებს ბუფერის როლს საგარეო შოკების შემთხვევაში.

საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

"ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა. პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5%-დან 4.3%-მდე გაზარდა. მომავალ წელს სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2%-ზე დაგეგმა. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი - 4,5% იქნება, რის თქმის საშუალებასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა",- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია და 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონებისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები მისასალმებელია, ხოლო ბიუჯეტის პარამეტრები, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეკონომიკური ზრდის განვითარებას უზრუნველყოფს, რაც შემდეგში ქვეყნის სოციალური ფონის გაუმჯობესებაზეც აისახება.

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელ ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება. 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით გაიზრდება და 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება. სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ზემოაღნიშნული რეგიონების ლიდერი არა მხოლოდ 2017-2022 წლებში იქნება, არამედ ის ლიდერობას შეინარჩუნებს ყოველ მომდევნო წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო - 2013-2016 წლებში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა. მაშინ, როცა 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებლით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბოლო ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს. 2004-2007 წლებშიც კი, როცა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, საქართველო ისევ ბოლო ადგილზე იყო და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა მკვეთრად უსწრებდა. კერძოდ, 2004-2007 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზარდა, სომხეთის - 62%-ით და საქართველოსი კი 43%-ზე ნაკლებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10.000 დოლარს და 10.105.57 დოლარს გაუტოლდება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლას ამერიკის შეერთებული შტატების ფასებით. ასეთ, ერთიან საფასო სისტემაში ყველა ქვეყნის მშპ-ის გამოთვლა ქვეყნების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა და კეთილდღეობის ეკონომიკური საზომია. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოს რეალური მშპ (ანუ მუდმივ ფასებში დათვლილი) 12.000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 15.000 დოლარზე მეტი იქნება".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ის, რომ პროცესები კონცეპტუალურად სწორად არის დაგეგმილი და სწორად მიმდინარეობს, ფაქტია და ამას სავალუტო ფონდის მისიის ბოლო შეფასებაც მოწმობს. ამ შეფასებისას ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა - ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები და ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული; ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს; ანუ სსფ-ისთვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი იყოს იმ გამოწვევების მიმართ, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს - ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები.

ასევე პოზიტიური იყო სსფ-ის მისიის ვალისა და ბიუჯეტის საკითხის შეფასება. ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა.

ასე რომ, სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ჩვენ მიერ 2018 და შემდგომ წლებში გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შეგახსენებთ პრემიერის მიერ გაცხადებულ ე. წ. სივრცითი განვითარების მოდელს, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მოგვარებას ითვალისწინებს. თბილისიდან სარფამდე ყველა მაგისტრალი, თავისი ალტერნატიული მაგისტრალებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ამას ფინანსური რესურსი სჭირდება. საქართველოს ამის შესაძლებლობა არა აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს ინვესტორების მოძიება და დამატებითი რესურსების მოზიდვა. მხოლოდ რიკოთის მაგისტრალის პროექტი, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს, 500 მილიონზე მეტს საჭიროებს. სახელმწიფო ამ ფულს სახარჯოდ და სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის არ იღებს. ეს ფული იდება ეკონომიკაში, საქმდება უამრავი ადამიანი, კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებს ახორციელებენ, იხდიან გადასახადებს და ბიუჯეტში შეაქვთ ფული. თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა, ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ ეს არ გვინდა, გვაქვს სხვა ალტერნატივა - არ ავიღოთ სესხი, არ განვავითაროთ ეკონომიკა და დავტოვოთ იმ დონეზე, რა დონეზეც გვაქვს და არ შევქმნათ განვითარების პერსპექტივა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკა. მე მესმის, რომ სესხის აღება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას. მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის".

ანდრია გვიდიანი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "არც გამკვირვებია სსფ-ის დადებითი შეფასება, რადგან როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და თითქმის ყველა რეკომენდაციას, რომლებსაც სავალუტო ფონდი გასცემს, ითვალისწინებენ. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით არის დადებითი სიგნალები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მიმართულებით.

საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, საქართველომ მოახერხა იმ რეფორმების შესრულება და იმ პოზიტიური სიგნალების გაშვება, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანა. ასეთი დასკვნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ისმენენ ინვესტორები და ცხადია, ეს მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის.

ასევე გამოვყოფდი ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებულ პოზიტიურ სიგნალებს. გავიხსენოთ სსფ-ის წინა წლის პროგნოზები, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა, წელს 4%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. რასაკვირველია, ეს არის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხარჯზე მიღწეული შედეგები და ამდენად, ველოდი კიდეც სსფ-ის დადებით დასკვნას.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, მასში არის უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ მისასალმებელია ინფრასტრუქტურაში ხარჯების მობილიზაცია. ინფრასტრუქტურა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. რასაკვირველია, გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდისთვის. ხელისუფლებას შეუძლია თქვას, მილიარდს მოვაკლებ ინფრასტრუქტურას და პენსიებს გავზრდი ამ ფულითო, მაგრამ გაზრდილი პენსია ეკონომიკის ზრდას ვერ შეუწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა გვინდა გვქონდეს ხანგრძლივ პერსპექტივაში - სტაბილური, ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, თუ ახლა არსებული რესურსები მთლიანად სოციალურ ხარჯებზე გადავანაწილოთ. თუ დღეს აქცენტს გავაკეთებთ მაღალ პენსიებზე, ვერასდროს დავეწევით ოდნავ განვითარებულ ქვეყნებსაც კი. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები, სუბსიდირება. თუმცა, პირადად მე სუბსიდირების მომხრე არა ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, სამთავრობო ხარჯების შემცირება და მიმაჩნია, რომ გაზრდილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. თუმცა, მთლიანობაში წინა წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, ახალ ბიუჯეტში ბევრი ცვლილება არ არის. საზოგადოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბიუჯეტის პოლიტიკას აფასებს და არ შლის მას დეტალურად, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ბიუჯეტში აისახა, ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა.

ეკონომისტებისა და ექსპერტების ერთმა ნაწილმა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საგარეო ვალის მოცულობა უარყოფითად შეაფასა, თუმცა, საგანგაშო ვალში არაფერია. მთავარია, რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები".

ემა ტუხიაშვილი