"ატკატები" ოფიციალურად?! - კვირის პალიტრა

"ატკატები" ოფიციალურად?!

სამედიცინო სფეროში მომსახურების ხარისხიც რომ დაბალია და წამლებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობაც, ამას ხელისუფლებაც აღიარებს და გვპირდება, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. მანამდე კი ამ სფეროში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, რაც პაციენტის გაღარიბებისა და მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ვიღაცისთვის ხელის მოთბობის საშუალებას იძლევა. ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობა ზრდის რისკს, რომ მათი ინტერესების მახეში ნებისმიერი პაციენტი აღმოჩნდეს, რასაც მისი ჯიბე და ჯანმრთელობა ეწირება, სამაგიეროდ, მოგებული არიან ექიმიცა და წამლის რეალიზატორიც. ძვირად ღირებული, საჭიროზე მეტი და უხარისხო წამლების გამოწერის შემთხვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები და სახელმწიფოს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ვატო სურგულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი: "რამდენიმე პრობლემის ერთობლიობა ქმნის იმ სურათს, რომელიც დღეს ფარმაცევტულ სექტორში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმების ნაწილის განათლება თანამედროვე მედიკამენტებისა და მიდგომების თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია. ამას ემატება ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტების, ფაქტობრივად, უკონტროლო ქმედებები და ოლიგოპოლია ფარმაცევტული პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემოტანაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. ეს არის ის სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნიშნავენ დღეს პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს, ხშირად უხარისხოს და იმაზე მეტს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით, ქრონიკული დაავადების დროს თუ ხუთ მედიკამენტზე მეტი ინიშნება, უკვე პრობლემაა, რადგან არ არსებობს სრული ინფორმაცია, რა ინტერაქციაში შედიან ეს მედიკამენტები ერთმანეთთან. ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკა, საშუალოდ რამდენ პრეპარატს ნიშნავენ ექიმები თუნდაც ქრონიკული დაავადებების დროს.

სანამ არ დაინერგება ელექტრონული რეცეპტი და არა ის ანაქრონიზმი, რაც შემოიღეს ქაღალდზე დაწერილი რეცეპტის სახით, არავის ეცოდინება, რომელმა ექიმმა რამდენი და რომელი მედიკამენტი გამოუწერა პაციენტს.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ექიმების ნაწილს აქვს ფინანსური დაინტერესება, რაც შეიძლება მეტი და ძვირად ღირებული წამალი დანიშნოს. ამას ჰქვია "ქეშბეკი", ანუ, მაპატიეთ რუსული ჟარგონი, "ატკატი", რომელსაც ექიმი პაციენტისთვის დანიშნული წამლებისგან იღებს. ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური სახე აქვს. კონკრეტული ექიმი, როგორც წესი, არის კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის კონტრაქტორი თანამშრომელი და იღებს ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის.

შედეგად, იქმნება უცნაური და ხშირად პაციენტისთვის ზიანის მომტანი ვითარება.

ცოტა ხნის წინ ჩემმა სტუდენტებმა ერთ-ერთი მედიკამენტის კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ თბილისში ეს წამალი იყიდება როგორც 5 ლარად, ასევე 23 ლარადაც. ორივე ამ პრეპარატს ანოტაციაში უწერია, რომ ერთნაირი მოქმედება აქვს, ერთნაირი დოზირებით მიიღება და შესაბამისად, ერთნაირი შედეგი უნდა მოგვცეს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ევროპაში წარმოებული ეს მედიკამენტი უფრო იაფი ღირს საქართველოში, ვიდრე, მაგალითად, ეგვიპტეში გამოშვებული მისი ანალოგი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტეში ან სხვა ქვეყანაში წარმოებული ანალოგების შემოტანითა და გაყიდვით დაინტერესებულია ფარმაცევტული კომპანია, რაშიც მას ექიმი ეხმარება. ანალოგების გაზრდილ ფასში კი უკვე გათვალისწინებულია ის ბონუსიც, რომელიც ყოველი გაყიდული პრეპარატიდან ფარმაცევტულმა კომპანიამ ექიმს უნდა დაუბრუნოს, რაც, ბუნებრივია, არარეალურად ზრდის მის ფასს. ექიმმა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლის ანაზღაურება დაახლოებით 400 ლარია, 10 ასეთი მედიკამენტი რომ გამოუწეროს პაციენტს, დაახლოებით ხელფასის ოდენობის ბონუსს მხოლოდ ამ მედიკამენტების გამოწერით აიღებს.

ვიზიტები პაციენტების ხარჯზე?!

გაინტერესებთ, როგორ დადიან ჩვენი ექიმები უცხოეთში კონგრესებზე? ძირითადად, ამ ვიზიტებს ფარმაცევტული კომპანიები უფინანსებენ. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისინი ვალდებულად გრძნობენ თავს, პაციენტებს ის მედიკამენტები გამოუწერონ, რომლებიც ამ კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიასთან არის დაკავშირებული. კარგია, რომ ექიმები სამეცნიერო სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ ეს პაციენტების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ფარმაცევტული კომპანიის ამოცანა მოგებაა. ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს რეალობაა, რომელსაც სახელმწიფომ თვალი უნდა გაუსწოროს და მოგების დიდი მადა შესაბამისი რეგულაციებით ზომიერებამდე ჩააცხროს.

სამწუხაროდ, საქართველოში არა გვაქვს ლაბორატორია, რომელიც წამლის ხარისხს შეამოწმებს. მაგალითად, აშშ-ში არსებობს წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, სახელმწიფო უწყება, რომლის წლიური ბიუჯეტი 5 მილიარდი დოლარია და მისი დიდი ნაწილი მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე იხარჯება. გამორიცხულია შეერთებულ შტატებში ბაზარზე გასაყიდად გამოვიდეს შეუმოწმებელი და უხარისხო მედიკამენტი. საქართველოში კი რამდენიმე წლის წინ შემოდიოდა ანტიბიოტიკი ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომლის ფასიც 80 თეთრი იყო. როგორ წარმოგიდგენიათ ანტიბიოტიკი, რომელსაც სჭირდება შეფუთვა, ტრანსპორტირება, საცალო ქსელში განთავსება და ღირს 80 თეთრი? რა ხარისხის მედიკამენტი შეიძლება იყოს ჩაყრილი ამ ფლაკონში? ვიცი, ახლა მემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები დაიწყებენ ლაპარაკს, რომ რეგულაცია დაღუპავს ბიზნესს, მაგრამ როცა ლაპარაკია მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაზე, ის სწორედ რომ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს.

საქართველოში არსებობდა წამლის რეგულირების სააგენტო, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. ეს ბიუროკრატიული ორგანო, თავისი ლაბორატორიებით, ქვეყანაში აუცილებელია, რათა ხდებოდეს მუდმივი კონტროლი, რა იყიდება ჩვენს აფთიაქებში. დღეს კი, თუ მედიკამენტი დამზადებულია ევროპაში ან აშშ-ში, ძალიან სწრაფად გაიცემა მასზე სერტიფიკატი და ბაზარზე უპრობლემოდ შემოდის.

"ფული იხარჯება, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კი ვერ ვიღებთ"

როცა უცხოეთში მივდივარ, იქიდან ყოველთვის ჩამომაქვს ხშირი მოხმარების მედიკამენტები, რადგან შედეგი, რომელსაც მაძლევს გერმანიაში ან ამერიკაში ნაყიდი წამალი, საქართველოში ნაყიდი იმავე მწარმოებლისა და დასახელების წამლისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან მედიკამენტი გადის მხოლოდ დოკუმენტურ შემოწმებას და არ მოწმდება მისი ქიმიური შემადგენლობა. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ საქართველოში შემოტანილი ანტიბიოტიკები, ფაქტობრივად, არ "მუშაობს", ხოლო არასწორი და უხარისხო ანტიბიოტიკების დანიშნულება იწვევს რეზისტენტობას მედიკამენტის მიმართ. კარგი მედიკამენტის გარეშე რამდენიც გინდა, აკეთე უფასო ოპერაციები და უფასო ამბულატორიული გასინჯვები, ადამიანის გამოჯანმრთელებას ვერ მიაღწევ. გამოდის, რომ სახელმწიფო პროგრამებში დახარჯული უამრავი ფულით ჩვენ ვერ ვიღებთ შედეგს - ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და ეს, პრაქტიკულად, წყალში გადაყრილი ფულია. გარდა ამისა, ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არის განვითარებული პირველადი ჯანდაცვა. კარგია, რომ ავადმყოფებს ვმკურნალობთ, მაგრამ მედიცინის ამოცანა ავადმყოფის მკურნალობა კი არ უნდა იყოს, არამედ პრევენცია.

პირველადი ჯანდაცვა რომ არა გვაქვს საქართველოში, იმიტომაც გვიწევს ბევრი ოპერაციის გაკეთება, რაც სულაც არ არის საამაყო.

როცა ლაპარაკია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, კარგი იქნება დაკონკრეტება, რას ვგულისხმობთ? თუ უფრო ხელმისაწვდომი გახდა დაბალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და მედიკამენტები, ეს რა საამაყოა?

აუცილებელია შემოვიღოთ რეცეპტის გამოწერის ელექტრონული სისტემა, რათა ვხედავდეთ, რომელი ექიმი რამდენ და რომელ მედიკამენტს უნიშნავს პაციენტს. ამასთან, რეცეპტში უნდა ჩაიწეროს წამლის ჯენერიკული დასახელება და არა ბრენდული სახელწოდება, რომ პაციენტს არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა მანამდე მისახედია ფარმაცევტულ სექტორში ჩამოყალიბებული ოლიგოპოლია. ფაქტობრივად, სამ კომპანიას აქვს გადანაწილებული ეს ბაზარი, რომლებიც ვითომ ერთმანეთის კონკურენტები არიან, მაგრამ რეალურად ერთმანეთთან გარიგების შესაძლებლობა აქვთ, რაც აძლევთ საშუალებას, წამლის ფასები იმ დონეზე დაიჭირონ, რა დონეზეც აწყობთ. ეს კი დიდ მოგებას ნიშნავს. იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ, ფარმაკოლოგია ყველაზე მომგებიანი ბიზნესია მსოფლიოში, ამიტომ ამ სფეროს ასე მიშვება და აბსოლუტურად უკონტროლოდ დატოვება დაუშვებელია".

"ფარმაცევტული ბიზნესი კარტოფილის ბიზნესი არ არის"

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტი: "მსოფლიო ბანკის კვლევა ამბობს, რომ 2012-დან 2015 წლამდე საქართველოში 6%-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც "კატასტროფული დანახარჯები" ჰქონდათ ჯანდაცვაზე. ეს კი ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც შემოსავლის 25%-ზე მეტს ჯანდაცვაზე ხარჯავენ. ამ დანახარჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. კვლევები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიუხედავად, საქართველოში სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გადახდილი ფულის წილი 57%-ია, საიდანაც 2/3 წამლების ხარჯია. შედეგად, მოსახლეობის ჯიბეს ეს მძიმე ტვირთად აწვება და აღარიბებს. მიზეზი რამდენიმე მიმართულებით არის საძებარი.

დავიწყოთ იმით, რომ წამლის ფასწარმოქმნის სისტემა ჩვენთან გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, რა ფასნამატით მუშაობენ საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები. გასაგებია, რომ შესაძლოა, არსებობდეს კომპანიებისთვის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა მსგავსი კვლევები ეწყობა მსოფლიოში, რადგან წამლის ბაზარი სპეციფიკური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და შესაბამისად, მასზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ბევრი ქვეყნის ინტერესებში შედის. ჩვენ კი დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რასაც "საქსტატი" აქვეყნებს, რომ წამლების ფასი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ეკონომისტების მოსაზრებას, რომ ფარმაცევტული ბიზნესი ისეთივე ბიზნესია, როგორიც, მაგალითად, კარტოფილის ბიზნესი. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვა ის სფეროა, რომელიც განსაზღვრულ სახელმწიფო რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არსებობს შეზღუდვები მოგების მარჟაზე და თუ წამლის წარმოება კომპანიას 5 ლარი დაუჯდება, 25 ლარად ვერ გაყიდის.

მოჯადოებული წრე

წამლის ფასზე ასევე მოქმედებს ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების გარიგება, რომლის შედეგად ფარმაცევტული კომპანია ექიმის საშუალებით პაციენტს "ტენის" თავის პროდუქტს. თავისთავად, ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლობაში ცუდი არაფერია, მაგრამ კეთილსინდისიერმა ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტს რამდენიმე მედიკამენტის შესახებ და ამით მას, მათ შორის ფასის თვალსაზრისით, არჩევანის შესაძლებლობა მისცეს.

ევროპის ქვეყნებში არსებობს ასეთი რეგულაცია - ჯენერიკული მედიკამენტი 50-60%-ით ნაკლები უნდა ღირდეს, ვიდრე მისი ორიგინალი. ჩვენთან კი ისეთ შემთხვევებსაც შეხვდებით, როცა ორიგინალი ორჯერ ან მეტჯერ იაფია, ვიდრე თბილისის გარეუბანში მდებარე საწარმოში წარმოებული წამალი. რა თქმა უნდა, ექიმს ამის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს, მაგრამ მაინც ამ ძვირად ღირებულ ანალოგს გიწერთ, საიდანაც ბონუსის მიღების იმედი აქვს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ოლიგოპოლიური ბაზარი. წარმოუდგენელი რამ მოხდა საქართველოში - ერთ ხელშია წამლის წარმოებაც, იმპორტიც, დისტრიბუციაც, რეალიზაციაც, კლინიკაცა და დაზღვევაც. მივიღეთ მოჯადოებული წრე, საიდანაც თავის დაღწევა რთულია და ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს პაციენტი.

სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიწყოს რეგულაციებზე ფიქრი, რომ კომპანიამ, რომელსაც წამლის შემოტანა საქართველოში 5 ლარი უჯდება, 25 ლარად არ მოგვყიდოს; ან თუ ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიას წამლის წარმოება უჯდება 1 ლარი, ქსელში 15 ლარად არ გაყიდოს.

სხვათა შორის, სარეცეპტო სისტემამ, რომელიც ახლა მოქმედებს, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, პირიქით, გააძვირა წამლები. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სარეცეპტო წამლის ფასი, რეცეპტის შემოღების შემდეგ, ბრენდული მედიკამენტების შემთხვევაში 99%-ით გაძვირდა, ხოლო ჯენერიკების კი 210%-ით - რეცეპტის გარეშე გასაცემთან შედარებით".

აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "უკვე არსებობს საკანონმდებლო დონეზე ძირითადი ხედვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. პირველი ამოცანა სწორედ ეს არის და მეორე, წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. ეს ორი ამოცანა დარჩა მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და ათიათასობით - სიღარიბეს.

რაც შეეხება წამლის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, პარალელური იმპორტის, ანუ ევროკავშირში რეგისტრირებული მედიკამენტის ბაზარზე დაშვებით, მედიკამენტის ხარისხის მტკიცების ტვირთი გადავიდა ევროკავშირზე. ეს მიღებული პრაქტიკაა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში და მისაღები იყო ჩვენთვისაც 2009 წელს, როცა ეს ცვლილება კანონში შევიდა. ახლა უკვე საჭიროა ბაზარზე არსებული ყველა მედიკამენტის ხარისხის კონტროლი. ამისთვის კი დღეს მეტად მცირე თანხაა გამოყოფილი. 100 ათას ლარად 12 ათასი დასახელების პროდუქტს, რომელიც ბაზარზე შემოდის, ნამდვილად ვერ გააკონტროლებს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.

რეგისტრაციისას ნიმუშად შესაძლოა ძალიან ხარისხიანი წამალი შემოდის, მაგრამ მთლიანი პარტიის შემოტანისას ხდება ჩანაცვლება შედარებით უხარისხო წამლით; ანუ მასში ნაკლებია ბიოაქტიური ნივთიერება. ამით დიდ მოგებას ნახულობს ის, ვინც ფალსიფიცირებას ახდენს.

ამ კანონმდებლობის მთელი იდეა ის არის, რომ დარეგულირდეს როგორც წამლის რეგისტრაცია და შემოტანა, ისე მისი დისტრიბუცია და საცალო გაყიდვა. მეორე მიმართულება ელექტრონული რეცეპტურაა, რაც გულისხმობს ყველა წამლის გამოწერას ონლაინრეჟიმში. შესაბამისად, იქნება გაკონტროლების შესაძლებლობა, როგორ წერენ ექიმები წამლებს, რამდენად გავრცელებულია ბევრი წამლის გამოწერა და რა ინტერესები იკვეთება. ესეც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ დღეს ჩვენი მოქალაქეები ბევრს ხარჯავენ წამლებზე - ლაპარაკია ასეულობით მილიონ ლარზე - ხარჯები შესაძლოა მკვეთრად შემცირდეს, მით უმეტეს, როცა პაციენტს აღარ გამოუწერენ ზედმეტ წამალს და რასაც გამოუწერენ, ხარისხიანი იქნება".

ემა ტუხიაშვილი