ინვესტიცია - პენსიაში?!
ინვესტიცია - პენსიაში?!
ვინ იძლევა წლების განმავლობაში დაგროვებული საპენსიო თანხის შენარჩუნების გარანტიას?

დაახლოებით ერთ თვეში პარლამენტს განსახილველად საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარედგინება. ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას 2018 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. კანონპროექტის თანახმად, პენსიის დაგროვების ვალდებულება ყველა დასაქმებულ 40 წლამდე მოქალაქეს ექნება, ასეთი კი საქართველოში დაახლოებით 500-600 ათასია. ყველა დანარჩენს არჩევანი ექნება, ჩაერთოს თუ არა ამ სისტემაში.

ბექა ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი:
- ლაპარაკია დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე, რომელიც საერთაშორისო ტერმინოლოგიით კლასიფიცირდება როგორც ე. წ. საპენსიო
უზრუნველყოფის მეორე სვეტი. ცნობისთვის, დღეს საქართველოში მოქმედებს საპენსიო უზრუნველყოფის მხოლოდ ერთი სვეტი, რომელსაც ნულოვან სვეტს უწოდებენ და ეს არის სოციალური პენსია - 180 ლარი და ის თანაბარია ყველასთვის.

გამონაკლის შემთხვევაში და ისიც საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი სხვადასხვა მიზეზით იღებს პენსიის განსხვავებულ ოდენობას.
სოციალური პენსია არ არის საკმარისი, რომ საპენსიო ასაკში ადამიანმა ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას. მოქმედი მოდელი არ ითვალისწინებს, რამდენ ხანს იმუშავა ადამიანმა და რა შემოსავალს იღებდა. აუცილებელია დამატებითი მექანიზმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ყოველმა ჩვენგანმა საპენსიო ასაკისთვის განსაზღვრული თანხა დაიგროვოს. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კომპონენტი
სწორედ დაგროვებითი საპენსიო სისტემაა. თუ იღებთ შემოსავალს, მაგალითად, ხელფასს, თქვენი დაუბეგრავი ხელფასიდან (ანუ საშემოსავლო გადასახადის გადახდამდე), თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავთ ხელფასის 2%-ს. ამდენივეს გადარიცხავს დამსაქმებელი, მას ეს ვალდებულება ექნება და სახელმწიფოც, წახალისების მიზნით, კიდევ 2%-ს დაგირიცხავთ; ანუ ყოველთვიურად თქვენს საპენსიო ანგარიშზე თქვენი ხელფასის 6% დაირიცხება. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება სხვადასხვა მიმართულებით და მას საპროცენტო სარგებელიც დაემატება. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ეს თანხა სხვადასხვა ფორმით და მიიღოს დაგროვილი პენსია, დანამატად იმ დროისთვის არსებულ სოციალურ პენსიაზე; ანუ სოციალური პენსიაც რჩება და დაგროვებითი სისტემა დამატებით შემოსავალს ქმნის.

- ვისთვის იქნება პენსიის დაგროვება სავალდებულო და ვისთვის ნებაყოფლობითი?

- ეს სისტემა ვრცელდება დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე. დასაქმებულია ის ადამიანი, ვინც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს და იღებს შემოსავალს, რომელიც იბეგრება. ამ ნაწილში კანონპროექტი საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ 40 წლამდე ასაკის პირებს, 40 და მეტი ასაკის პირებისთვის კი, ეს ნებაყოფლობითია. მართალია, ამოქმედების პირველ ეტაპზე სისტემაში ყველა დასაქმებული გაწევრდება, თუმცა 3 თვის შემდეგ 40 წლისა და მეტი ასაკის პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილისამებრ დატოვონ ეს სისტემა.

თვითდასაქმებულებად ითვ­ლე­ბიან ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული პირები, აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომლებიც სამეწარმეო კანონმდებლობით მისდევენ არასამეწარმეო საქმიანობას (ადვოკატები, საკონსულტაციო მომსახურების გამწევი პირები და სხვ.). საპენსიო სისტემაში მონაწილეობა თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია. ადამიანი შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულებით იყოს დასაქმებული და არასამეწარმეო საქმიანობასაც მისდევდეს. ასეთ შემთხვევაში საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულება, თუ ის 40 წლამდე ასაკშია, ვრცელდება შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელსაც დასაქმებიდან იღებს, ხოლო თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავალზე გავრცელდება ნებაყოფლობითი კომპონენტი.

- რატომ სთავაზობენ 40 წელს ზემოთ პირებს არჩევანს, ჩაერთონ სისტემაში ან უარი თქვან? მათ საპენსიო ასაკამდე 20-25 წელიწადი აქვთ დარჩენილი და სახელმწიფოს მაინც მიაჩნია, რომ დაგროვებული თანხა საკმარისი არ იქნება სიბერის უზრუნველყოფისთვის?

- პრინციპულად მნიშვნელოვანია პენსიის დაგროვების ხანგრძლივობა. თანხა, რომელიც თქვენს საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება და ინვესტიციაში მონაწილეობით შემოსავალს შექმნის, ხანგრძლივად უნდა გროვდებოდეს. 20-25 წელიწადი საკმარისი დროა განსაზღვრული თანხის დასაგროვებლად, თუმცა რეფორმა, ძირითადად, გამიზნულია მომავალ პენსიონერებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც 20-25 წელიწადზე კიდევ მეტხანს დააგროვებენ თანხას. დროთა განმავლობაში 40 წლის ზემოთ პირების რაოდენობა შემცირდება, სისტემაში ჩართულთა ასაკი საპენსიო ზღვარს მიუახლოვდება და ბოლოს, სისტემა ყველასთვის სავალდებულო გახდება.

- დასაქმებული ხელფასიდან იხდის 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, ახლა კიდევ 2% უნდა გადაიხადოს საპენსიო შენატანისთვის. რა გამოდის, გადასახადი იზრდება?

- საშემოსავლო გადასახადთან ამას კავშირი არა აქვს, რადგან ეს თანხები არის სისტემის მონაწილის კერძო საკუთრება და მასზე საკუთრების უფლება იმავე ფორმით ვრცელდება, როგორც სხვა სახის კერძო საკუთრებაზე. გარდა ამისა, სახელმწიფოც 2%-ს უხდის მას წახალისების სახით. აქედან გამომდინარე, ამას გადასახადთან კავშირი არა აქვს და მით უფრო, განაკვეთების ზრდასთან.

- თუმცა კანონპროექტში წერია, რომ სახელმწიფო ყველა შემთხვევაში არ გადაუხდის საპენსიო სისტემის მონაწილეს მისი ხელფასის 2%-ს.

- პირებს, ვისი წლიური ჯამური შემოსავალი 0-დან 24 ათას ლარამდეა, სახელმწიფო საპენსიო ფონდში 2%-ს გადაუხდის; თუ შემოსავალი წელიწადში 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო გადაუხდის მხოლოდ 1%-ს, ხოლო 60 ათასზე მეტი შემოსავლის მქონეთ სახელმწიფო ამ ტიპის კონტრიბუციას არ გაუწევს. საპენსიო შენატანის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარამდე, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულისა და სახელმწიფოს მხრიდან*.

- თუ პირი ერთხანს უმუშევარი იქნება, საპენსიო სისტემიდან ამოვარდება? რა მოუვა მის დაგროვილ თანხას?

- თუ დასაქმება წყდება, საპენსიო სისტემაში კონტრიბუციების გადახდა ჩერდება სამივე ნაწილში, უკვე შეგროვებული თანხა კი საპენსიო ანგარიშზე რჩება და განაგრძობს საინვესტიციო შემოსავლის მოტანას. როგორც კი აღდგება დასაქმება, გაგრძელდება შენატანების გადახდა სისტემაში.

- რამდენად იქნებიან დაცული სისტემის მონაწილეები, რომ ერთ დღეს ეს თანხები მათი ანაბრების მსგავსად არ აორთქლდება?

- შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი ექნება. მასში წარმოდგენილი იქნება კერძო ინიციატივისა და კერძო სექტორის მრავალი *კომპონენტი. მთლიანად საინვესტიციო *ნაწილი აბსოლუტურად დამოუკიდებელია პოლიტიკური და საჯარო პროცესებისგან. რაც შეეხება იმას, თუ სად წავა ფული, ის წავა სწორედ ამ საპენსიო სააგენტოს მიერ გახსნილ ანგარიშებზე კომერციულ და არაკომერციულ ინსტიტუტებში. საპენსიო სისტემის მონაწილის გადახდილი თანხები აისახება საპენსიო ფონდში და ავტომატურად დაჯდება მის კუთვნილ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. მას ექნება ამ ფულის მონიტორინგის შესაძლებლობა. სააგენტო არის ამ ფულის მხოლოდ განმკარგავი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საკუთრებას მინდობილი პირები მართავენ საპენსიო სააგენტოს საშუალებით. რაც შეეხება სააგენტოს საინვესტიციო ნაწილს, ანუ სად და როგორ უნდა წარიმართოს ამ ფულის ინვესტირება, ამას განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო, რომელიც კომპლექტდება ხუთი დამოუკიდებელი პროფესიონალისგან. მათ გადაწყვეტილებებზე შეუძლებელი იქნება ზეგავლენის მოხდენა. კანონში ცალკე იქნება გაწერილი მათი დაცვის მექანიზმები.

ამ რეფორმის მთელი აზრი არის ის, რომ თანხები, რომლებსაც ანგარიშზე შეიტანთ, დაბანდდეს და დროთა განმავლობაში გაიზარდოს ამ ინვესტიციის შედეგად. შესაბამისად, საბოლოო თანხა იქნება მეტი, ვიდრე შენატანების ჯამი. რამდენით გაიზრდება, ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში განახორციელებთ კონტრიბუციას, რამდენი ხნის განმავლობაში მოხდება ამ თანხების ინვესტირება, როდის გადაწყვეტთ ამ თანხის მიღებას და ა.შ. თითოეულ მონაწილეს შეუძლია თავად აირჩიოს, რა საინვესტიციო რისკის აღებს სურს. მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი, რა თქმა უნდა, მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. რადგან დღეს ამ თვალსაზრისით საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, პირველ რამდენიმე წელიწადს ეს ფულადი სახსრები აბსოლუტურად კონსერვატიული მიდგომით იქნება მართული, რაც ნიშნავს, რომ საინვესტიციო დანაკარგის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

- ვინ არის გარანტი, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი თანხა ნამდვილად სანდოდ არის დაბანდებული და როცა საპენსიო ასაკი დამიდგება, ამ თანხას უპრობლემოდ მივიღებ?

- ამის გარანტია საქართველოს კონსტიტუციაა იმ ნაწილში, სადაც საკუთრების უფლებაა დაცული. რაც შეეხება საიმედოდ დაბანდებას, ეს არის საბანკო დეპოზიტის მსგავსი ინსტრუმენტი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საბანკო დეპოზიტის დაბანდება არ ხდება ფინანსურ ინსტრუმენტებში, ის, ძირითადად, სესხებად გაიცემა, პრინციპი კი იგივეა - საპენსიო სისტემაში გადარიცხულ ფულზე თქვენ იღებთ საინვესტიციო შემოსავალს.

- რა ფორმით და როდის შეუძლია საპენსიო ასაკში მყოფ პირს დაგროვილი თანხის მიღება?

- დავუშვათ, მიაღწიეთ საპენსიო ასაკს, მაგრამ მუშაობას განაგრძობთ და არ გსურთ ამ ფონდიდან თანხების მიღება. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდს და პენსიის მიღება გადაავადოთ. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, თუ პირმა დაკარგა შრომისუნარიანობა, საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, მცირე დროის განმავლობაში აგროვებდა და მცირე თანხა დაგროვდა და არ არის მიზანშეწონილი კიდევ მისი დანაწევრება, შეუძლია მთლიანად გამოიტანოს ანგარიშზე არსებული თანხა.

იმოქმედებს თანხის გატანის 1) პროგრამული მეთოდი და 2) სადაზღვევო ანუიტეტი. პროგრამული გატანის მეთოდი ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა საშუალო-სტატისტიკურად დარჩენილ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და თვეებზე გადანაწილდება. მეორე საშუალებაა, რომ ეს თანხა წაიღოთ სადაზღვევო კომპანიაში, კერძო სექტორში გადაიტანოთ და სიცოცხლის ბოლომდე მიიღოთ განსაზღვრული თანხა სადაზღვევო გასაცემლის სახით.

- თუ პირის გარდაცვალების შემდეგ საპენსიო ფონში დარჩება თანხა?

- თუ სისტემის მონაწილე გარდაიცვლება და ამ თანხის სრულად ათვისებას ვერ მოასწრებს, ნაშთი მის მემკვიდრეს გადაეცემა.

რა ოდენობის პენსიას მივიღებთ, თუ დაგროვებას 35 წლის ასაკიდან დავიწყებთ


არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" "მომავლის პენსიის" მთვლელი შეადგინეს, რომლის დახმარებით და რამდენიმე აუცილებელი გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავიანგარიშოთ, რამდენი იქნება პენსია დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემთხვევაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, საშუალო ხელფასის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოგვეანგარიშებინა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა პენსია, რომელსაც ისინი წლების შემდეგ მიიღებენ.

რადგან კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულება 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხებათ, ჩვენ "მომავლის პენსიონერების" საშუალო ასაკი 35 წლით განვსაზღვრეთ. ამ შემთხვევაში დაგროვების დრო ქალებისთვის - 25 წელიწადი, ხოლო მამაკაცებისთვის 30 წელიწადი გამოდის. პენსიის განკარგვის დრო საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ 15 წელიწადია, წლიური ინფლაცია - 3%, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი - 5%.


ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?