"ვინც დღეს ისევ დუმილს ამჯობინებს, უნდა იცოდეს, რომ მასაც მიადგებიან" - კვირის პალიტრა

"ვინც დღეს ისევ დუმილს ამჯობინებს, უნდა იცოდეს, რომ მასაც მიადგებიან"

ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებებს თუ მოვიშველიებთ, ის, რისი მსხვერპლიც ბოლო დროს კომპანიები "ნიკორა", "ტავ ურბან ჯორჯია" და "ელიტ ელექტრონიქსი" გახდნენ, სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესზე განხორციელებული სახელისუფლებო რეკეტი.

ბაზრის მსხვილი მოთამაშეების შემდეგ საშუალო და წვრილი ბიზნესის ჯერი დადგა. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როდესაც თბილისის ქუჩებში რამდენიმე დაკეტილი სავაჭრო ობიექტი და სხვადასხვა სახის ბიზნესი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს ლუქი "ამშვენებდა".

ერთ-ერთი ლუქის რიგითი ნომრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ თბილისში შემოსავლების სამსახურის მიერ დალუქული ობიექტების რიცხვი 50-ს აჭარბებს. თბილისს გარდა, შემოსავლების სამსახური აგრესიულ ადმინისტრირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც მიმართავს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გურიის შემოსავლების სამსახურმა, საწარმოო ინვენტარიზაციის მომიზეზებით, ოზურგეთში რამდენიმე რესტორანი დალუქა. ამ საკითხთან დაკავშირებით "ეკოპალიტრა" ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია იმ კომპანიების ზუსტი რაოდენობა, ვის მიმართაც ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო საქმიანობას ახორციელებს, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

ისევე როგორც მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წვრილ და საშუალო ბიზნესსაც ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები ძირითადად გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან და სოლიდურ ჯარიმა-საურავებს არიცხავენ. კომპანიების წარმომადგენელთა თანახმად, უმეტეს შემთხვევაში - უსამართლოდ, რაც კრიზისულ ვითარებაში საბიუჯეტო თანხების ამოღებას ემსახურება. როგორც დაჯარიმებულმა ბიზნესმენებმა გვითხრეს, შემდეგ იწყება შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებები და, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ვაჭრობის პრინციპით, მხარეები ბიუჯეტში შესატან თანხაზე შეჯერდებიან. სწორედ ამ მიზეზით შევიკავეთ თავი რამდენიმე ბიზნესის დასახელებისგან, რომლებისთვისაც ამჟამად შემოსავლების სამსახურს საჯარიმო თანხა აქვს დაკისრებული და სანქციის სამართლიანობაზე დავა მიმდინარეობს. შესაძლოა ეს მათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ძვირად დაუჯდეთ.

თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე გახმაურებულ მაგალითს მოვიშველიებთ. ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ნიკორას" ჯარიმის სახით 15 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ კომპანიამ სამინისტროსთან იდავა და საბოლოოდ საჯარიმო თანხა 4 მილიონ ლარამდე შემცირდა. შემოსავლების სამსახურმა 50 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ურბან ჯორჯიას", იმ მიზეზით, რომ კომპანიას ბიუჯეტში დღემდე ერთი თეთრიც არ შეუტანია. "ეკოპალიტრასთან" საუბარისას კომპანიის მენეჯერის მოადგილე თამაზ ანდღულაძე ამბობს, რომ ჯარიმის სახით ჯერ ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ, მათ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებებზე თავიანთი არგუმენტები აქვთ და იმედოვნებენ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის გადაწყდება, ეკუთვნით თუ არა 50-მილიონიანი ჯარიმის გადახდა. კულუარული ინფორმაციით კი, შემოსავლების სამსახურსა და 'ტავ ურბან ჯორჯიას" შორის ვაჭრობა დასრულდა და ჯარიმა 10 მილიონ ლარამდე შემცირდა.

შემოსავლების სამსახური კომპანია "ელიტ ელექტრონიქსს" 7 მილიონ ლარს ედავება, კომპანიის მენეჯმენტი კი მხოლოდ 120 ათასი ლარის დავალიანებას აღიარებს, რასაც ბუღალტრული ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომებით ხსნის. საქმეს ის ართულებს, რომ დავა უკვე ორი წელია უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. თუ კომპანია სხვა დაჯარიმებულთა გამოცდილებას გაითვალისწინებს, შესაძლოა 120 ათას ლარზე მეტის, მაგრამ 7 მილიონზე ნაკლების გადახდა მოუწიოს. სამაგიეროდ, ბიზნესის წარმოებას კვლავ შეძლებს.

"ეკოპალიტრის" ინფორმაციით, სახელისუფლებო რეკეტის შიშით, საქართველოს დროებით მსხვილი კომპანიების მესვეურები ტოვებენ და ფულს შედარებით უსაფრთხო ადგილას, უცხოური პარტნიორების საბანკო ანგარიშებზე ინახავენ. მართალია, ამგვარი ნაბიჯით საქართველოში მოქმედ ბიზნესებს საბრუნავი თანხების ნაკლებობა ექმნებათ და ეს მათი საქმიანობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს, მაგრამ ვიდრე ამ ქვეყანაში ბიზნესებს ფულს «აწერენ», კომერსანტები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ჩვენი ხელისუფლება მარტივი პრინციპით იქცევა, მოშივდება და იწყებს ფულის მოპოვებას. ეს არ არის გადასახადების აკრეფა, არამედ ხარკის აკრეფას უფრო ჰგავს. ასეთ ვითარებაში კი, ჟარგონს თუ მივმართავთ, "ვაჭრობაც მოსულა". სწავლობენ ვითარებას და რისი გადახდაც შეუძლია რეალურად ბიზნესს, იმდენს ახდევინებენ. მეწარმეს ამ შემთხვევაში, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდდა, კანონით გათვალისწინებულ გადასახადებთან კი არ აქვს საქმე, არამედ სახელმწიფოსთვის ხარკის გაღება უწევს.

სწორედ ეს არის ის სისტემური პრობლემა, რაც საქართველოს ეკონომიკას სჭირს. მეწარმეს საქმე აქვს ადმინისტრაციასთან და არა კანონთან. შესაბამისად, ბიზნესის წარმართვა ჩვენს ქვეყანაში არ არის პროგნოზირებადი და ამიტომ მსხვილი ინვესტიციების განთავსება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. როცა პოლიტიკური რისკები ეკონომიკაში მაღალია, ბიზნესმენების ქვეყნიდან წასვლის ტენდენცია ყოველთვის იქნება. მაგრამ აქვე ერთ ცუდ რამეს ვიტყვი: ჩვენი ბიზნესი ამის ღირსია. ბიზნესმენებს უკვე დიდი ხანია თავი აქვთ დახრილი და უყურებენ, როგორ მიადგება შემოსავლების სამსახური სხვას. რატომღაც ჰგონიათ, რომ მათ ეს არ შეეხება. როგორც მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, საბოლოოდ ფინანსთა სამინისტრო ყველა ბიზნესის კარზე დააკაკუნებს. დღეს უკვე იმ ბიზნესმენებს უკეტავენ საქმეებს, რომლებიც თავის დროზე განუკითხაობას არ აპროტესტებდნენ და სხვების მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავდნენ. ვინც დღეს ისევ დუმილს ამჯობინებს, მინდა იცოდნენ, რომ მათაც მიადგებიან".