"ლართან დაკავშირებით ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ლართან დაკავშირებით ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს"

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 16 ნოემბერს, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7039 ლარი შეადგინა. მანამდე არსებული კურსით, ერთი დოლარის ფასი 2.6955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1836 ლარია.

უკვე ლამის ტრადიციად იქცა წლის მიწურულს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია. ექსპერტების ნაწილი ბანკების მხრიდან ლარის კურსზე ზემოქმედების მიზნით შესაძლო სპეკულაციებზე ლაპარაკობს და ამ საკითხით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს...

ჩვენს საიტზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლარის კურსის ცვლილების უმთავრეს მიზეზად ფინანსური მაქინაციები დასახელდა. ასე ჩვენი მკითხველის 70.3% ფიქრობს (იხილეთ გამოკითხვის შედეგები).

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- შეთქმულების თეორიებს ვერ ავყვები, არ მაქვს საფუძველი, რომ ბანკებს ამგვარი მძიმე ბრალდებები წავუყენო, თუმცა ცალკეულ სპეკულაციურ ოპერაციებს ვერ გამოვრიცხავ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის მთელი საბანკო სისტემის პოლიტიკა და მხოლოდ ცალკეული ჯგუფები შეიძლება სპეკულირებდნენ.

რაც შეეხება კითხვას: რა ხდება ლართან დაკავშირებით? აქ ახალი არაფერია, ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს. ეკონომიკის არქონის სადემონსტრაციოდ კი ვიღებ ერთ პარამეტრს - იმპორტ-ექსპორტის ბალანსს. ჩემი აზრით, სავალუტო ბირჟაზე გრძელვადიანი სტაბილურობის მთავარი ეკონომიკური ხერხემალი სწორედ იმპორტ-ექსპორტის სალდოა. ამ ციფრებით კარგად ჩანს, აქვს თუ არა ქვეყანას ეკონომიკა ან როგორი ეკონომიკა აქვს.

ჩვენში არსებული დეფიციტური სალდოს დაბალანსება სავალუტო ბაზარზე ხდება სეზონურად. მაგალითად, ზაფხულში მოთხოვნა-მიწოდების დეფიციტს ტურისტული სეზონიდან შემოსული უცხოური ვალუტა აბალანსებს, საახალწლოდ კი - საქართველოს მოქალაქეების მიერ უკანასკნელი დოლარების ხარჯვა... შედეგად ზაფხულობით გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ეროვნული ვალუტა, შემოდგომაზე ტურისტები მიდიან და ლარის კურსიც უფასურდება, მერე - 15 დეკემბრიდან ვიწყებთ ინდაურების ყიდვას და ლარი ისევ მყარდება და ა.შ. ამიტომაც ვუწოდებ ჩვენს ეკონომიკას "ინდაურის ეკონომიკას", რადგან ინდაური არის საახალწლოდ ლარის გამყარების ინდიკატორი, ანუ 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის სტაბილურობისთვის, მთავრობის მაგივრად, ინდაური მუშაობს... ამას წელს დაემატა საარჩევნოდ დახარჯული მილიონები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...

ფოტო აღებულია ვებპოტალ Georgian Journal-დან

ნათია დოლიძე