კარტოფილის მოსავალი მოთხოვნას სანახევროდ დააკმაყოფილებს - კვირის პალიტრა

კარტოფილის მოსავალი მოთხოვნას სანახევროდ დააკმაყოფილებს

ვიდრე საქართველოში მოსავლის მოწევის დრო დგას, ბაზარი ადგილობრივი პროდუქციითაა გაჯერებული და ფასებიც მეტ-ნაკლებად ხელსაყრელია. როგორც წესი, ფასები მოსავლის მოლევასთან ერთად იწყებს ზრდას და ბაზარზეც ადგილობრივ პროდუქციას თანდათან იმპორტირებული ანაცვლებს.

მართალია, მოსავლის აღება ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ზოგ პროდუქტზე ფასი გასაკვირი სისწრაფით იზრდება. მომხმარებელი შენიშნავდა, რომ ბოლო დროს ერთბაშად და მნიშვნელოვნად გაძვირდა ადგილობრივი კარტოფილი. წინა თვესთან შედარებით, კილოგრამი კარტოფილის საცალო ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა. სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში კილოგრამი კარტოფილი 80 თეთრადაც იყიდება, დაახლოებით ერთი თვის წინ კი მისი შეძენა 30-35 თეთრად იყო შესაძლებელი. "ეკოპალიტრა" შეეცადა გაერკვია, რატომ გაძვირდა ქართული კარტოფილი მაშინ, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსავლის აღება და დაბინავება ჯერ არ დასრულებულა.

გივი ნემსაძე (კარტოფილით მოვაჭრე): "ახლა ბაზარზე ძირითადად მარნეულის კარტოფილია. პირველად კარტოფილის მოსავალი სწორედ იქ მოდის. სექტემბრის დასაწყისში კი ადგილობრივ ბაზარზე ახალციხის კარტოფილი შემოდის და მისი მარაგი 1-1,5 თვეა საკმარისი. ბოლოს ახალქალაქის კარტოფილი უწევს და მაისის ბოლომდე იყიდება საქართველოს ბაზარზე. ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობით კარტოფილი სწორედ ახალქალაქში მოჰყავთ. ოჯახი არ მეგულება, სულ მცირე, ერთ ჰექტარზე მაინც არ ჰქონდეს კარტოფილის ნათესები. კარგი მოსავლის შემთხვევაში ჰექტარზე 30-40 ტონა მოჰყავთ. ბევრ ოჯახს აქვს კარტოფილის შესანახი სარდაფები, სადაც პროდუქტს ძლიერი ყინვის პირობებშიც კი დაუზიანებლად ინახავენ. როგორც წესი, სარდაფები ღრმად, მიწაშია მოწყობილი, სქელი კედლებითა და ბუნებრივი ვენტილაციით.

საქართველოში იმდენი კარტოფილის მოყვანა შეიძლება, რომ იმპორტის გარეშეც სრულად დააკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნას. სხვათა შორის, თურქეთში სათესლე კარტოფილი საქართველოდან გააქვთ, ზამთარში კი ჩვენი თესლით მოწეული მოსავალი ჩვენსავე ბაზარზე შემოაქვთ გასაყიდად. თურქული კარტოფილი ქართულზე იაფი ღირს და მომხმარებელიც ხშირად იაფს ირჩევს. ქართველ გლეხებს კი ხშირად მოსავალი გაუყიდავი რჩებათ. ამბობენ, ახლა საბაჟოზე თურქული კარტოფილის შემოტანა აკრძალესო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართული კარტოფილი მართლაც გაძვირდა, მაგრამ ამის ერთადერთი მიზეზი საწვავზე ფასების ზრდაა. ადრე თუ კილოგრამი კარტოფილის ტრანსპორტირება მარნეულიდან თბილისამდე 3 თეთრი მიჯდებოდა, ახლა 7 თეთრი მიჯდება, ამას მოგების მარჟა და სხვადასხვა ხარჯიც დაამატეთ და ადვილად მიხვდებით კარტოფილის გაძვირების მიზეზს. წლეულს უხვი მოსავალია, ამიტომ გლეხებს ადგილზე ფასი ჯერ არ შეუცვლიათ და კილოგრამს ისევ 25-30 თეთრად ვყიდულობთ. სექტემბრის დასაწყისისთვის კარტოფილის ფასი კიდევ გაიზრდება, რადგან უკვე ახალციხიდან დავიწყებთ შემოტანას და მანძილი ტრანსპორტირების ხარჯებს კიდევ გაზრდის. დაახლოებით ერთ თვეში კი კილოგრამი ქართული კარტოფილის ფასი ერთ ლარამდე აიწევს. წარმოიდგინეთ, რომ ახალქალაქამდე და უკან ავტომობილით დაახლოებით 600 კილომეტრს გავდივარ და ადრე თუ დიზელის საწვავს ლიტრს 90-95 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 1,60 ლარის გადახდა მიწევს. საწვავზე ფასების ზრდა კილოგრამი კარტოფილის ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. რადგან ახლო მომავალში საწვავის კიდევ გაძვირებას ელოდებიან, ეს პროდუქციის ფასზეც შესაბამისად აისახება".

გედევან გოზალიშვილი (სათესლე და სასურსათო კარტოფილის მწარმოებელთა კავშირ "ტუბერის" თავმჯდომარე): "ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები, 720 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულია. წლეულს ამ სავარგულების ნახევარი კარტოფილის ნათესებს უკავია. ჯერ იყო და გაზაფხულზე გვალვების გამო კარტოფილს ამოსვლა გაუჭირდა. ალბათ გახსოვთ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ახალციხეში გაზაფხული წლეულს ძალიან გვალვიანი იყო. შემდეგ წვიმიანი ზაფხული დადგა, კარტოფილის ნათესები კარგად ამოვიდა, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაგვსეტყვა. სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა კარტოფილის ნათესებიცა და სხვა კულტურებიც. ასეთი სეტყვა ვალეში ას წელს მიღწეულ ადამიანებსაც კი არ ახსოვთ. სეტყვა გვინახავს ლოკალური, შემოსაზღვრულ ფართობზე რომ გადაივლის. 12 აგვისტოს კი ისეთი სეტყვა მოვიდა, კვერცხის ზომის კაკლები ცვიოდა. გვალვიანი გაზაფხულის გამო, კარტოფილის ღერომ გვიან დაიწყო ზრდა, ამიტომ ის ღერო, რომელიც ჯერ კიდევ ვეგეტაციურ პროცესში იყო, სეტყვამ მთლიანად გაანადგურა.

ძირითადი მოსავლის აღებას ალბათ სექტემბრის შუა რიცხვებში დავიწყებთ. თითქმის ყოველდღე წვიმს და ამის გამო მოსავლის აღება გვიანდება. ვალეში 800 ფერმერული ოჯახი ცხოვრობს და აქედან სამ ოჯახს თუ ექნება კარტოფილის მოსავალი მოწეული. წინასწარი პროგნოზი პესიმისტურია, რასაც ველოდებოდით, ალბათ ნახევარსაც ვერ ავიღებთ. ვალელი ფერმერები შრომისმოყვარე ხალხია და მაღალ დონეზე აქვთ მიწათმოქმედება განვითარებული. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ვალეს მიწები გასარწყავებულია. საშუალო მოასვლიანობის შემთხვევაში ჰექტარზე 30 ტონა კარტოფილი მოგვყავს, კარგი მოსავლის შემთხვევაში კი მოწეული კარტოფილის მოცულობა ჰექტარზე 40 ტონასაც აჭარბებს. წლეულს ვფიქრობთ, რომ მოსავალი ჰექტარზე დაახლოებით 20 ტონა იქნება, ამიტომ კარტოფილის მთელი მოსავალი წლეულს ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 40%-ს დააკმაყოფილებს. ხოლო როცა კარგი მოსავალია, ეს რიცხვი 70%-მდე ადის.

ახალციხის ბაზარზე ამჟამად კილოგრამი სასურსათო კარტოფილის ფასი 40-45 თეთრია. ახალციხის რაიონთან შედარებით, ახალქალაქის რაიონში გაცილებით მეტი კარტოფილი მოჰყავთ. კარტოფილის მოსავლიანობის თვალსაზრისით, ახალქალაქის რაიონს საქართველოს ბეღელსაც კი ეძახიან. წარმოიდგინეთ, რომ ეს ბეღელი წლეულს ცარიელია, რადგან არც ახალქალაქში აქვთ კარგი მოსავალი. ამიტომ ბაზარზე წლეულს ადგილობრივი კარტოფილის დეფიციტი შეგვექმნება და, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება. რაც შეეხება სასაწყობე მეურნეობებს, ვალეში ამის პრობლემა, შეიძლება ითქვას, არ გვაქვს. ჩვენი რაიონი მცირემიწიანია და ფერმერები მოწეულ მოსავალს, ფაქტობრივად, დაზამთრებამდე ჰყიდიან. ახალქალაქში კი თითო ფერმერულს ოჯახს საშუალოდ 40-50 ტონა კარტოფილი მოჰყავს, მათგან ზოგს აქვს შესანახი მეურნეობა, ზოგს კი არა. ბევრჯერ მინახავს, ახალქალაქის მკაცრი კლიმატის გამო, როგორ გაჰფუჭებიათ ფერმერებს მოწეული და დაბინავებული ათეულობით ტონა მოსავალი. გაყინული კარტოფილი კი, როგორც სასურსათო, ასევე სათესლე დანიშნულებას კარგავს".

მოხმარების ინტენსივობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კარტოფილი, რა თქმა უნდა, პურის, შაქრისა და მცენარეული ცხიმის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველადი მოხმარების პროდუქტია. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად კარტოფილი 20-25 ათას ჰექტარზე ითესება. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ყველა ბოსტნეულ კულტურას უკავია ერთად. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით მეზობელ აზერბაიჯანში ხორციელდება, შედარებით მცირე რაოდენობით კარტოფილი და მისი პროდუქტი გადის ისრაელში, უზბეკეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში.

იმპორტირებული კარტოფილი საქართველოში უმეტესად ზამთრის თვეებში შემოდის. იმპორტის ყველაზე დიდი წილი სომხურ კარტოფილზე მოდის. შედარებით მცირე მოცულობით საქართველოში თურქული და ირანული კარტოფილიც შემოაქვთ. კარტოფილის კარგი მოსავალი საქართველოს მთიან რეგიონებშიც მოდის, მაგალითად სვანეთსა და რაჭაში, მაგრამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ხარჯების გამო, მთაში დიდი მოსავლის მოწევას ერიდებიან და ძირითადად კარტოფილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის მოჰყავთ.