ეროვნულ ვალუტას "ლარის გრიპი" შეეყარა?! - კვირის პალიტრა

ეროვნულ ვალუტას "ლარის გრიპი" შეეყარა?!

"ხალხს შემოსავლები არ ეზრდება, ცხოვრება კი უძვირდება და ამაზე პასუხი ვინმემ აუცილებლად უნდა აგოს"

ლარი უკვე ერთი თვეა, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. დოლარის მიმართ მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 24 თეთრით, ხოლო ევროს მიმართ 28 თეთრით გაუფასურდა. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტს ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით 27 ნოემბერს მოუსმენენ. თუმცა, თუ ეროვნულმა ვალუტამ აღებული ტემპი შეინარჩუნა, მალე დაეწევა და გადაასწრებს კიდეც გასული წლის მიწურულს აღრიცხულ გაუფასურების მაქსიმუმს, როცა ოფიციალურმა კურსმა 2,78-იან ნიშნულს გადააჭარბა.

ლარის კურსის რყევა უკვე გასცდა მოკლევადიანი პერიოდის ფარგლებს, გამრავლდა ვერსიებიც გაუფასურების მიზეზებზე. იმპორტიორების მოლოდინი, მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება, ბანკების სპეკულაციური ზემოქმედება, საბიუჯეტო პოლიტიკა და სხვ. - ყველა მიზეზში შეიძლება ლარის გაუფასურების წილი ვეძებოთ, თუმცა მთავარი მაინც შედეგია, რომელიც ხვალ ყველა ჩვენგანის ჯიბეზე გაზრდილი ფასებითა და დოლარში აღებული გაძვირებული ვალდებულებებით აისახება.

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ბოლო რამდენიმე წელიწადია, შემოდგომა-ზამთარში გრიპივით გვჭირს ლარის გაუფასურება და საინტერესოა, რა გაუხდა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, რომ დაადგინონ ამის მიზეზები და მისგან დაცვის ქმედითი მექანიზმები შექმნან. არადა, მანამდე ჩვენთვის სავალუტო თვალსაზრისით ყველაზე "მშიერი" თვეები მარტი და აპრილი იყო, როცა საიმპორტო რეზერვი ამოწურულია და უცხოურ ვალუტაზე ყველაზე დიდია მოთხოვნა. ახლა კი კურსი რატომღაც წლის ბოლოს უფასურდება და ამასაც ვალუტაზე იმპორტიორების გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან. ძალაში რჩება ჩემი ვარაუდი კორპორაციული ინტერესების თაობაზე, რადგან ძალიან მარტივია, თქვენ მიერ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ლარით ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე დოლარი იყიდოს და ხვალ უფრო ძვირად გაყიდოს. ამ სპეკულაციით თქვენს საპროცენტო სარგებელსაც გადაიხდის და მოგებასაც ნახავს. ეს დასჯადი ქმედება არ არის იმ ეტაპამდე, სანამ ეს კურსზე ხელოვნური ზეგავლენის მოხდენით არ იქნება ნაკარნახევი. თუ ვინმე ამას ხედავს და თვალს ხუჭავს, პასუხი მკაცრად უნდა მოეთხოვოს.

ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა ყურად იღო საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა და "ბლუმბერგის" სისტემაში ბანკების ვაჭრობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. თუმცა ეს არ არის ის, რასაც თუნდაც მე "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ინტერვიუს საშუალებით ვითხოვდი როგორც ეროვნული ბანკისგან, ასევე მოვუწოდებდი პროკურატურასაც, რომ სავალუტო ბაზარზე ბანკების ქმედებით დაინტერესებულიყვნენ. ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეასრულოს ვალდებულება, რაც საკანონმდებლო აქტებით აქვს გათვალისწინებული და მის მიერვე დამტკიცებულ დებულებაში წერია. მას აქვს ვალდებულება, რომ გაცვლით კურსთან ერთად, ყოველდღე გამოაქვეყნოს "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე მონაწილე სუბიექტების რაოდენობა, მინიმალური და მაქსიმალური კურსი და ვაჭრობის მოცულობა. ვითხოვ, რომ სწორედ ეს მონაცემები გამოაქვეყნოს ეროვნულმა ბანკმა და არა ის, რაც შემოგვთავაზა სისტემაში მონაწილე ბანკების ჩამონათვალისა და მათი წილობრივი მონაწილეობის სახით.

ყოველდღიური მონაცემებით, ჩვენ დინამიკაში დავინახავთ, დოლარზე გაიზარდა მოთხოვნა თუ ბაზარზე მისი მიწოდება შემცირდა. ამ მონაცემების გაცნობით შესაძლებელი გახდება დავრწმუნდეთ, რამდენად რეალისტურია თუნდაც ის მოსაზრება, რომ თითქოს კერძო სექტორს დოლარზე მოთხოვნა გაუჩნდა. ვთქვათ, თუ ბაზარზე დოლარის მიწოდება შემცირდა, ეს მიგვანიშნებს, რომ რაღაც ფუნდამენტურ ფაქტორებთან გვაქვს საქმე, მაგალითად, შემცირდა ინვესტიციების შემოდინება. მაგრამ,

თუ უცხოური ვალუტის შემოდინებები არ შემცირებულა და მასზე მოთხოვნა მაინც გაიზარდა, მაშინ უნდა დავინტერესდეთ, საიდან გაჩნდა იმ ლარის დამატებითი მასა, რომელმაც დოლარზე მოთხოვნა გაზარდა.

სხვათა შორის, იმ ექსპერტების განცხადებებში, უფრო ხელისუფლებისკენ რომ იხრებიან, ხშირად არის მინიშნება, რომ უფრო დოლარზე მოთხოვნის ზრდასთან გვაქვს საქმე და არა მიწოდების შემცირებასთან. რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის სამსახურმაც გამოაქვეყნა მონაცემები, რომ ფულადი გზავნილები ქვეყანაში 20%-ით გაიზარდა. შესაბამისად, დოლარის შემოდინების პრობლემა არ უნდა იყოს. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომლის საფუძველზე შევძლებთ მიზეზების უფრო დასაბუთებულად გაანალიზებას. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი უკვე ლარზე მკითხაობას დაემსგავსება.

როცა დაახლოებით ერთი თვის წინ ლარმა გაუფასურება დაიწყო, სებ-ი ამბობდა, რომ ეს არის მოკლევადიანი პროცესი და კურსის ცვლილება მოლოდინებმა განაპირობა. მოლოდინებმა კურსზე შესაძლოა იმოქმედოს 1-2 დღეს ან თუნდაც 1 კვირას, მაგრამ ეს პროცესი უკვე მთელ თვეს გაგრძელდა და იმპორტიორებიც ფასების ზრდაზე ალაპარაკდნენ.

დოლარში აღებული ვალდებულებები ძვირდება, სულ მცირე, ყოველ 100 დოლარზე 24 ლარით. ხალხს შემოსავლები არ ეზრდება, ცხოვრება კი უძვირდება და ამაზე პასუხი ვინმემ აუცილებლად უნდა აგოს.

ვრჩები იმ აზრზე, რომ ლარის კურსის ფორმირებაზე შესაძლოა, გავლენას ახდენდეს სუბიექტური ფაქტორები და კორპორაციული ინტერესები; ანუ ვიღაცას აწყობს, რომ ბაზარზე მუდმივად იყოს ლარის ჭარბი მასა და მუდმივად არსებობდეს მოთხოვნა დოლარზე.

ლარი-დოლარით ვაჭრობა რომ ობიექტური ეკონომიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული, მე თუ დოლარი ვიყიდე, მან, ვინც ჩემგან ლარი აიღო, ეს ფული მეორე დღეს კვლავ ბაზარზე გასაყიდად კი არ უნდა გამოიტანოს, არამედ საკუთარი საჭიროებისთვის მოიხმაროს - ხელფასების დარიგებისთვის, გადასახადების გადასახდელად - თავისი ეკონომიკური საქმიანობისთვის. და ლარის ეს მასაც ბაზარს მოაკლდება, ხოლო თუ ეს არ ხდება და ლარს მყიდველი ხვალვე აბრუნებს ბაზარზე, სწორედ ამ ქმედებაში ვხედავ სპეკულაციას და ამაზე პასუხისმგებელი, სხვადასხვა პროპორციით, არიან ეროვნული ბანკიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

ხშირად ვისმენ მოსაზრებებს ეკონომისტებისგან, თითქოს ეროვნული ბანკი არაფერ შუაშია და რაც ხდება, ხელისუფლების ბრალია. ეს იგივეა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ დავაბრალოთ ლარის გაუფასურება. გრძელვადიან პერსპექტივასა და ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ცვლილება, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი ინფლაცია გახდა, რამდენიმე წლის წინ მოხდა, მანამდე კი, 15 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მთავარი მიზნობრივი მაჩვენებელი გაცვლითი კურსი იყო.

თავისუფალ გაცვლით კურსზე გადავედით, როცა საგადამხდელო ბალანსის მუხლები პოზიტიური გახდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) დაინახა, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება დამატებითი სავალუტო ინიექციები და მოთხოვნა-მიწოდებას დოლარზე თავად იკმაყოფილებს. ამის შემდეგ შემოგვთავაზა სსფ-მა თავისუფალ მცურავ კურსზე გადასვლა, რომელსაც ეკონომიკა თავად არეგულირებს. მანამდე არსებობდა რეგულირებადი კურსი და დოლარის შემოდინება-გადინების დეფიციტი, რაც სავალუტო ფონდის სტაბილიზაციის დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტებით ივსებოდა.

ძირითადი პასუხისმგებლობა ლარის მოკლევადიან სტაბილურობაზე ეროვნულ ბანკს ეკისრება.

ადრე თუ მონეტარული პოლიტიკა ფულის მასის საშუალებით რეგულირდებოდა, დღეს უკვე ფულის ფასით, ანუ რეფინანსირების სესხების განაკვეთით ხდება. გავოცდი, როცა მონეტარული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა უცვლელად დატოვა რეფინანსირების სესხის 7%-იანი განაკვეთი. სავალუტო ინტერვენციების გარდა, ეროვნულ ბანკს ლარზე ზემოქმედების ბევრი ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის, გაცემული სესხების აუცილებელი დარეზერვების პროცენტი და სხვ., მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ კრედიტების საპროცენტო განაკვეთის მატებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდას აფერხებს. ამას კი აღმასრულებელი ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამს. მას ურჩევნია, ეს არ მოხდეს და იყოს ეკონომიკური ზრდა, თუნდაც ლარის კურსის დაცემისა და ხალხის გაღარიბების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებებში ვერ არის დამოუკიდებელი და განსაზღვრულ ზეგავლენას განიცდის. ეს ბერკეტები რომ გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა, მას პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ნება სჭირდება, თუმცა ეს მისი უშუალო მოვალეობა და პასუხისმგებლობაა".

აკაკი ჩარგეიშვილი, ადვოკატი: "ლარი დღეს არ დაცემულა, ის უკვე წლებია ეცემა, ხმას კი, მხოლოდ მაშინ ვიღებთ, როცა კურსის რყევაა დიდი. ლარის გაუფასურებაში ვხედავ წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მთელ კომპლექსს. დავაკვირდეთ, რა ხდება ბოლო 10 წელიწადია სასამართლო ბიზნესდავებში. მცირე კვლევა ჩავატარე, სასამართლოდან სტატისტიკა გამოვითხოვე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თბილისში ერთ მოსამართლეს 1300 ეკონომიკური ხასიათის სამოქალაქო დავა აწერია. შევეცადე, დამეჯამებინა ეს მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით და სამწუხარო შედეგი მივიღე. გამოდის, რომ მოქალაქეები დაახლოებით 5 წელიწადს ელოდებიან სასამართლო დავების შედეგს. ძირითადი სადავო საკითხები კი, საგადასახადო იქნება ეს, სალიცენზიო, სამოქალაქო თუ სხვა, უკავშირდება თანხებს, რომლებიც მოძრაობაში უნდა იყოს.

კატასტროფულ რიცხვზე ავედი, როცა საშუალო-სტატისტიკური სარჩელის ღირებულების მიხედვით ვითვლიდი, რა თანხაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი.

ჩემი გათვლებით, 10 მილიარდამდე ლარია ჩვენს ქვეყანაში დღეს ბლოკირებული და ეს ფული ეკონომიკურ ურთიერთობებში არ მონაწილეობს, გაჩერებულია სასამართლო დავების გამო, რომელთა წარმოება სასამართლოში საშუალოდ 5 წელიწადს გრძელდება. 10 მილიარდის გაჩერება ძალიან ბევრ საქმეს აფუჭებს. ეს ფული არ ხმარდება წარმოებას, არ ხდება ექსპორტის წახალისება და ა.შ.

მეორე ფუნდამენტური საკითხი უკავშირდება საბანკო სფეროს არაპროფილურ აქტივებს. ბანკები შევიდნენ ეკონომიკის იმ სექტორში, სადაც ჩვეულებრივი ბიზნესი კეთდება, რომელიც ზოგჯერ ბანკიდან იღებდა სესხს და ამით აკეთებდა საქმეს. ამ შემთხვევაში ბანკებმა მოახერხეს, რომ ეს ფული არ მისცეს არავის და ბიზნესებში თვითონ შევიდნენ. კაპიტალის ბაზარი არ გაგვაჩნია და ამასაც ბანკები, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ. კიდევ არის ბევრი პრობლემა და ფუნდამენტურ საკითხებს თუ არ მივხედეთ, შეუძლებელი იქნება, ასეთ მდგომარეობაში ლარს რამე ეშველოს".

ირაკლი ყიფიანი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "სრულად ვიზიარებ ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ ძირითადი ფაქტორი, რაც ლარის გაუფასურებას ახდენს, არის არასწორი მოლოდინები ბაზარზე და პანიკური ვითარება.

თუმცა იმის თქმა, რომ მოლოდინები იწვევს ლარის გაუფასურებას, სულაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ორგანოებს: დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ლარის მკვეთრი და ზოგჯერ რეკორდული გაუფასურება პირდაპირ ასოცირდება სუსტ ეკონომიკასთან, რაც სწორედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე მიანიშნებს. ხელისუფლებ\ის გრძელვადიანმა და საშუალოვადიანმა პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო, რომ მოლოდინებს გაცვლით კურსზე ასეთი დიდი გავლენა არ მოეხდინა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობამ წელიწადში 69-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხარჯების გამჭვირვალობამ - 43-დან 46-ე ადგილზე; ანუ მსოფლიო ბანკი გვეუბნება, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით თქვენი მდგომარეობა უარესდებაო. ეს პირდაპირი ასახვაა იმაზე, რომ მოლოდინები ლარს ამ დღეში აგდებს.

ეროვნული ბანკის დეკლარირებული ამოცანაა, ქვეყანა დაიცვას ინფლაციური პროცესებისგან. თუ სებ-ი ინფლაციის საშიშროებას დაინახავს, დასაბალანსებლად საშუალოვადიან და გრძელვადიან ინსტრუმენტებს გამოიყენებს, მაგრამ ლარის კურსის დასტაბილურება მისი პირდაპირი ამოცანა არ არის. ეს უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის ამოცანა, რომ ლარი ყოფილიყო სტაბილური ვალუტა. შესაბამისად, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება არასწორია, რადგან უპირველესად აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა იბარებდნენ სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ბოლო 5 წელიწადს წარმართავდა.

ის, რაც დღეს ლარს სჭირს, არ არის ერთი დღის პრობლემა, არამედ წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ჯაჭვია, რაც ვერ მოიხსნა თუნდაც ბოლო ერთი წლის ეკონომიკური პოლიტიკით.

კონკრეტული კურსი არსებითი არ არის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვალუტა იყოს სტაბილური".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ლარის კურსზე ზემოქმედება არ წარმოადგენს ქვეყნისა და ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტს. მცურავი კურსი ნიშნავს, რომ როგორც ვითარდება ეკონომიკა, შესაბამისად მცირდება ან იზრდება ლარის კურსიც. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ლარის კურსს განსაზღვრავს. თავად კურსი იმდენად პრობლემა არ არის, არამედ ის, რომ მან, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და სისტემის გათვალისწინებით, შესაძლოა, გააღიზიანოს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, ინფლაცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მაინც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა,

პირველი, რითაც ლარის კურსი გვემუქრება, არის ფასების ზრდა და იმ ვალდებულებების გაძვირება, რომლებიც დოლარში გვაქვს აღებული.

პროგნოზის გაკეთება ამ შემთხვევაში ყველაზე უმადური საქმეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში ლარზე მოთხოვნა იზრდება როგორც მოსახლეობის მხრიდან სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვისთვის, ისე ბიზნესოპერატორების მხრიდან ვალდებულებების გასასტუმრებლად, ველოდები, რომ ლარის კურსმა შესაძლოა, გადადგას ნაბიჯი დასტაბილურებისკენ".

ემა ტუხიაშვილი