"ერჰარდის გეგმა” ქართული ფეხბურთისთვის - კვირის პალიტრა

"ერჰარდის გეგმა” ქართული ფეხბურთისთვის

ფინანსური მოგება-წაგება დიდწილად განსაზღვრავს სპორტულ მარცხსა და გამარჯვებებს

ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიებისთვის საფეხბურთო კლუბების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიყიდვას გულისხმობს, ხუმრობით უკვე შეარქვს "ერჰარდის გეგმა ქართული ფეხბურთისთვის". შეძლებს თუ არა ახალი პროექტი, "გერმანული საოცრების" მსგავსად, გაჩანაგებული ქართული ფეხბურთის აღორძინებას, მომავალში გამოჩნდება, თუმცა ერთ ლარად შეფასებულ გუნდებს პირველი მუშტარი უკვე გამოუჩნდა.

ცოტა ხნის წინ კომპანია "ვისოლმა" ღიად განაცხადა, რომ ქუთაისის "ტორპედო" და გუნდის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა შეიძინა. საფეხბურთო წრეებში საუბრობენ, რომ შენაძენი სარფიანია და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში კომპანია შეძლებს, დანახარჯების მიუხედავად, მოგების მიღებას.

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ქართულ ბიზნესს ფინანსურ გარიგებებზე ღიად საუბარი არ უყვარს, ამიტომ ისევ კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია "ჯეოსელს" ზუგდიდის "ბაიაზე", ფოთის პორტს კი ფოთის "კოლხეთზე" უჭირავს თვალი.

პროექტით სხვა ადგილობრივი კომპანიებიც დაინტერესდნენ, მათ შორის "მაგთი", "სოკარი", "ავერსი", "პსპ", "ლუკოილი". თუმცა ფეხბურთის წარუმატებლობის გათვალისწინებით ამ ბიზნესში ფულის ჩადება უმეტესობას სარისკო საქმედ მიაჩნია. თანაც უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების უმეტესობას პატრონი უკვე ჰყავს, ამიტომ არჩევანიც მწირია.

საქართველოში სულ 56 საფეხბურთო კლუბი არსებობს, მაგრამ "ერთლარიანი პროგრამა" ძირითადად უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზეა გათვლილი. კლუბებში ყველაზე სახელოვანი თბილისის "დინამოა", რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის და შესაბამისად, ერთ ლარად გაყიდვის საფრთხე არ ემუქრება. "ვიტჯორჯიას" კი ერთადერთ მომგებიან ქართულ კლუბად მიიჩნევენ და ის ფარმაცევტული კომპანია "ვიტ ჯორჯია ფარმის" მფლობელ გურამ რუხაძეს ეკუთვნის.

პატრონი ჰყავს თბილისის "ლოკომოტივსაც", კომპანია "სილქროუდის" ერთ-ერთი მოწილე ლექსო თოფურიას სახით. უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბესო ჩიხლაძე კი საფეხბურთო კლუბ "გაგრის" მეპატრონეა. ამბობენ რომ, სამხრეთი ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა და "დინამოს" ვეტერანმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა კერძო კომპანია შექმნეს და ცხინვალის "სპარტაკს" პატრონობენ.

მართალია, რუსთავის "ოლიმპი" ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრებაშია, მაგრამ მისი 60% კომპანია "ქართულ ფოლადს" ეკუთვნის. შესაბამისად, რჩება მხოლოდ ბოლნისის "სიონი", სამტრედიის "სამტრედია" და ფოთის "კოლხეთი", რომელთა სტადიონების ტევადობა 3 ათას კაცს არ აჭარბებს. ცნობილია, რომ უეფა ლიცენზირების მოთხოვნებს ამკაცრებს და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ კერძო საკუთრებაში მყოფი კლუბების თამაშს ითხოვს. ამიტომაც ჩქარობენ კლუბებისთვის პატრონის პოვნას. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, კლუბების ახალი მფლობელების ვინაობა თვის ბოლომდე გაირკვევა.

ზვიად სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "საფეხბურთო კლუბები, გუნდები რომ კერძო საკუთრებაში უნდა იყოს, ჩემი ნოვატორული იდეა ნამდვილად არ არის.

ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში წარმატებულია. თუ ეს პროექტი საქართველოშიც წარმატებით განხორციელდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებს, სადაც საფეხბურთო ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული, ფინანსური კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხო.

ფეხბურთი იყო და იქნება სპორტის პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში და სასიხარულოა, რომ რამდენიმე კომპანიამ საქართველოში უკვე გამოთქვა კლუბების სიმბოლურ ფასად შეძენის სურვილი. იმედი მაქვს, უკვე დადგა დრო, როცა ფეხბურთი საქართველოში ბიზნესი უნდა გახდეს. მოგეხსენებათ, დღეს როგორი ვითარებაა ქართულ ფეხბურთში, კლუბები თვიდან თვემდე ძლივს ინახავენ თავს და ფეხბურთის განვითარების ნაცვლად იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გადაიხადონ გადასახადები, გასცენ ხელფასები და სხვა.

საფეხბურთო კლუბთან ერთად, კომპანიას კლუბის კუთვნილი მთელი ინფრასტრუქტურა გადაეცემა - სტადიონი, საწრთვნელი ბაზა და სხვ. სანაცვლოდ კერძო მესაკუთრეს მოეთხოვება, არ შეუცვალოს პროფილი საფეხბურთო გუნდს, მეტიც, იზრუნოს მის განვითარებაზე, მათ შორის ჭაბუკთათვის ბაზის განვითარებაზე, რათა ახლანდელივით აღარ ექნეთ ფორმის, ბუცების, წყლის პრობლემა. ანუ კლუბი უნდა დაემსგავსოს კლუბს. ჩემი აზრით, წელიწადში დაახლოებით მილიონ ლარამდე ჯდება საქართველოში საფეხბურთო გუნდის შენარჩუნება. ამაში შედის ოთხი - ბავშვთა ასაკი, დამატებული პირველი გუნდი. ეს ყველაფერი უნდა შეინარჩუნოს ინვესტორმა და თუ უნდა, მილიონის ნაცვლად, წელიწადში ხუთი მილიონი დახარჯოს".

სოსო ფხაკაძე ("ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "ქუთაისის "ტორპედოს" შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. საფეხბურთო კლუბ "ავაზას" სრული რეაბილიტაცია "ვისოლი ჯგუფმა" 2009 წელს დაასრულა და უძველესი სკოლა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლაში დღეისთვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 350-მდე ბავშვი ვარჯიშობს.

ქუთაისის "ტორპედო" ცნობილი და ძველი ბრენდია. ძალიან გვიხარია, რომ წილად გვერგო "ტორპედო" და მისი განვითარება. "ვისოლი ჯგუფი" მომავალ წარმატებასა და სტრატეგიულ განვითარებას უკვე უკავშირებს "ტორპედოს" წარმატებას... რაც შეეხება ინვესტიციებს, ამჟამად სტრატეგიული განვითარების გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რა მოცულობის ინვესტიციები დაგვჭირდება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოვაწყობთ დასავლური სტანდარტების ინფრასტრუქტურას, სადაც პატარა ბავშვებიდან დაწყებული, პროფესიონალი ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველას ექნება საშუალება ჩამოყალიბდეს კარგ ფეხბურთელად.

ქუთაისის "ტორპედოს" "ვისოლის" მფლობელობაში გადმოსვლის შემდგომ "ვისოლი ავაზას" კლუბის წარჩინებულ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, უმაღლეს ლიგაში ითამაშონ "ტორპედოსთან" ერთად. დღეს მეორე ლიგიდან "ვისოლი ავაზას" ხუთი მოთამაშე უკვე გვყავს "ტორპედოს" დუბლებსა და ძირითად შემადგენლობაში.

მერაბ მამულაშვილი (გაზეთ "ლელოს" სპორტული მიმომხილველი): "აქამდე ფეხბურთის ფედერაციაში მოდიოდნენ ხელმძღვანელები საფეხბურთო წრეებიდან, რომლებიც ბიზნესს საინტერესო წინადადებებს ვერ სთავაზობდნენ. ისინი მხოლოდ დახმარებას ითხოვდნენ ქართული ფეხბურთისთვის, როგორც სოციალური მოვლენისთვის. ეს არავისთვის საინტერესო არ არის. მით უფრო ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები დაბალია, არ არის "ზედმეტი ფული" ქველმოქმედებისა და დახმარებისთვის. ბ-ნი სიჭინავა კი მიხვდა, რომ ასეთი მიდგომა არ ამართლებდა და ის, რაც მან შესთავაზა ბიზნესს სახელმწიფოს შუამავლობით, ალბათ ყველაზე გამართლებული და მისაღები ვარიანტია.

ბიზნესს გადაეცემა არა მარტო კლუბები (მხოლოდ კლუბი ანუ სახელი არავის სჭირდება), რადგან საქართველოში არ არის იმ დონის კლუბები, როგორებიც "იუვენტუსი", "ჩელსი", "ბაიერნი", "ბარსელონა" ან "რეალია". ევროპის მასშტაბით რომ ავიღოთ, მაქსიმუმ თბილისის "დინამოს" თუ იცნობენ. მან ბიზნესმენებს შესთავაზა კლუბები, პლუს მათი ინფრასტრუქტურა ხანგრძლივი იჯარით, სანაცვლოდ, სულ მცირე, წლიურად მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა დააბანდონ.

სხვათა შორის, კლუბებს, სტადიონებს სხვაგვარი კომერციული დატვირთვაც შეიძლება მიენიჭოს. ევროპის ქალაქებში, სადაც საფეხბურთო სტადიონებია, მიმდებარედ ყველაგან მასშტაბური სავაჭრო ცენტრებია გახსნილი (ოღონდ არა საცხობები ან ავეჯის ბაზრობები). ასეთ პერსპექტივას კი ბიზნესი ხელიდან არ გაუშვებს. სიჭინავას გეგმა სამმხრივად საინტერესოა ფეხბურთის, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისთვის.

ქუთაისის სტადიონი ამჟამად ღირს 20-25 მილიონი ლარი, ამას დამატებული ქუთაისის "ტორპედო", ადგილობრივი მასშტაბის ბრენდი, სადაც ბევრი ფეხბურთელი იზრდება. იქ რომ ფეხბურთელი გაიზრდება, კარგ ფასადაც გაიყიდება და ესეც შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ეს არ იქნება სტაბილური შემოსავალი, მაგრამ მაგალითად ორი წლის მუშაობის შემდეგ შესაძლოა ერთმილიონიანი კონტრაქტიც გააფორმონ. არის მსგავსი ფაქტები, მაგალითად, გასულ ზაფხულს ორ მილიონ ევროდ გაიყიდა ქართველი ფეხბურთელი ზესტაფონიდან დნეპროპეტროვსკის "დნიპროში"... ეს წარმოებაა, რომელსაც ასეთი მოგების მოტანაც შეუძლია. ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც აქამდე მომგებიანი იყო, "ვიტჯორჯიაა".

თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, ფეხბურთი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი სექტორი, იქნება ქვეყნის ბიუჯეტში ერთ-ერთი დიდი შემტანი. საქართველოში ფეხბურთის განვითარების დიდი პოტენციალია და თუ პირობებს შეუქმნი, შესაძლოა ისეთი თაობები გაიზარდოს, რომ ჯერ თავად კლუბებს მოუტანონ წარმატება, შემდეგ კი სატრანსფერო გარიგებით დიდი მოგების ნახვაც შეძლონ. ევროტურნირებზე ორი ეტაპის გადალახვის შემდეგ კი შესაძლოა კლუბის ბიუჯეტი 400-500 ათასი ევროთი შევსოს. გარდა ამისა, არსებობს სარეკლამო კონტრაქტები. ეს ბიზნესი დასაქოქია და თუ არ დაქოქე, ისე არ იმუშავებს".

ციფრების ენით

- ინგლისის პრემიერლიგაში კლუბების უმეტესობას დიდი ოდენობით ვალი აქვს.

- მომგებიან ინგლისურ კლუბებს შორის კი წინ ლონდონის "არსენალია", რომლის შარშანდელმა მოგებამ 316 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. აქედან სუფთა მოგება 46 მილიონი იყო. 100 მილიონი ბილეთებისა და აბონენტების გაყიდვით შევიდა, 73 მილიონი სატელევიზიო ტრანსლაციის უფლების გაყიდვით მიიღეს, 140 მილიონი სპონსორებისგან, ტრანსფერებით, სპორტული ატრიბუტიკის გაყიდვითა და საკლუბო ატრიბუტიკის გაქირავების ხარჯზე მიიღეს.

კლუბის ვალი 265 მილიონია, წლიური გადახდები კი 25 მილიონს არ აჭარბებს, ამიტომ კლუბი მაინც მომგებიან ბიზნესად რჩება.

- "მანჩესტერ იუნაიტედის" ვალი 717 მილიონი ფუნტი სტერლინგია, აქტივები - 279 მილიონი, მოგება კი - 22 მილიონი. თავის დროზე კლუბი მისმა მეპატრონე გლეიზერების ოჯახმა კრედიტით იყიდა.