ლარის გაუფასურებამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია - კვირის პალიტრა

ლარის გაუფასურებამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ქართული ვალუტის კურსი უკვე ევროს მიმართაც ეცემა

4 ივნისს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8431 ლარის ნიშნულამდე დაეცა. წინა დღით კი 1 აშშ დოლარი 1,8231 ლარი ღირდა. 2,2438-ლარიან ნიშნულამდე დაეცა ლარი ევროსთან მიმართაც. ქართული ლარის გაუფასურებამ ბოლო 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

დოლარის მიმართ ლარი 1,8 ნიშნულზე ბოლოს 2006 წლის გაზაფხულზე იყო. ქართველ ექსპერტთა ერთი ნაწილი ამას ქვეყანაში იმპორტის მოცულობის ზრდას უკავშირებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ლარი-დოლარის კურსის მყისიერი ცვალებადობა ხელოვნური და მართული პროცესია, რაც პირველ რიგში, მტკივნეულად აისახება მომხმარებლის ჯიბეზე.

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად მართული პროცესია პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე. ალბათ განსაზღვრულ ნიშნულამდე მიიყვანენ ლარს და შემდეგ გააჩერებენ. ბუნებრივად ლარის კურსი საქართველოში არც მყარდება და არც უფასურდება. ეს სფერო თითქოს ლიბერალიზებულია და პირდაპირი ვაჭრობაა გაჩაღებული, და თითქოს ლარის კურსს უნდა განსაზღვრავდეს მოთხოვნა-მიწოდება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება.

ეს სფერო საკმაოდ მკაცრად ადმინისტრირდება და რეგულირდება, დამერწმუნეთ, ხელისუფლების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია.

ამიტომ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გარკვეულ ნიშნულამდე მიიყვანონ ლარის კურსი. შესაძლოა ეს იყოს 2 ლარი ან 2,20 ლარი. ფაქტია, რომ ნელ-ნელა მცოცავი ზრდა იქნება და საბოლოო ჯამში განსაზღვრულ ნიშნულზე დარეგულირდება. მრგვალი რიცხვები უყვართ, შესაძლოა მალე ერთი დოლარი ორი ლარიც ღირდეს, ან 2,05 თეთრი. ეს არ არის ეკონომიკური ანალიზის საგანი, ამიტომ ეკონომიკური კატეგორიებით ამ საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია.

ამ შემთხვევაში ლარია ინფლაციური ვალუტა და ის ყველა დანარჩენი ვალუტის მიმართ მსუბუქდება, მათ შორის ევროს მიმართაც. სანამ ლარის ვარდნა დოლარის მიმართ 3-4 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ფასებში იყო რეზერვი, რომ ზრდა შესამჩნევი არ ყოფილიყო და მტკივნეულად არ ასახულიყო მომხმარებელზე.

მაგრამ უკვე დადგა ის კრიტიკული წერტილი, როცა ჩვენ უნდა ველოდოთ პროდუქტის მკვეთრ გაძვირებას და პირველ რიგში, ეს ალბათ პირველადი მოხმარების საგნებს შეეხება. მომავალში გამორიცხული არაფერია, თუმცა ახლა სახეზეა დოლარის ზრდის ტენდენცია ლარის მიმართ და ის ნიშნული, რასაც დღეს ხედავთ ბაზარზე, არ არის მაქსიმალური, ანუ ჯერ პიკი არ არის დამგარი. პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს".