რატომ იქნება ახალი კოდექსი "რევოლუციური" - კვირის პალიტრა

რატომ იქნება ახალი კოდექსი "რევოლუციური"

ახალი საგადასახადო რეჟიმი 2011 წლიდან ამოქმედდება

ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელიც ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს, ბიზნესმა უკვე უწოდა "რევოლუციური". ფინანსთა სამინისტრომ კოდექსის 98% ხელახლა დაწერა და ზოგიერთი მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე, შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა. პრემიერ-მინისტრმა საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი ბიზნესმენებს დაურიგა, რათა გაეცნონ, თავიანთ ბუღალტრებს წააკითხონ და შენიშვნები ისევ მთავრობას მოახსენონ.

ამის შემდეგ ის დასამტკიცებლად პარლამენტში შევა. პრემიერის თქმით იანვარს არ დაელოდებიან და კოდექსის ზოგიერთ მუხლს აგვისტოსა და სექტემბერშივე შეცვლიან.

"მოქმედ კოდექსში უამრავი ცვლილება შედიოდა, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, საჭირო იყო ფუნდამენტურად ახალი დოკუმენტი", - განაცხადა პრემიერმა გილაურმა ბიზნესმენებთან კოდექსის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაციისას. ბუნებრივია, სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შევა, მაგრამ ცნობილია ისიც, რაც აღარ შეიცვლება.

მცირე და მიკრო ბიზნესისთვის:

1) მიკრობიზნესი, 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვით, მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან (მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარემოვაჭრეები და სხვ.). სანაცვლოდ ისინი მეწარმე სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. ცვლილების მიზანი მიკრობიზნესის "გათეთრებაა".

2) მცირე ბიზნესი, წლიური ბრუნვით 30-დან 200 ათას ლარამდე, მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გადაიხდის. განაკვეთი 3% და 5% იქნება. 3%-ით დაბეგრავენ მცირე ბიზნესს, თუ ის ხარჯების 60%-ის დოკუმენტურად დადასტურებას შეძლებს. ამით მცირე ბიზნესს შემოსავლების გათეთრების მოტივაცია გაუჩნდება. ბრუნვის 3%-ს გადაიხდის მცირე ბიზნესი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქმიანობს და ზონის მფლობელი დარეგისტრირებულია, როგორც გადასახადის გადამხდელი.

ცვლილებები საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის:

1) ბიზნესი დღგ-ს კვარტალში ერთხელ გადაიხდის.

2) კოდექსში შევა კეთილსინდისიერი გადამხდელის, ე.წ. Good Face-ის ცნება. კარგი გადამხდელი კომპანია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მას შესაძლოა გადაცდომაც აპატიონ.

3) დღგ-ით დასაბეგრი ზედა ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაიზრდება.

4) შეიცვლება ქრონომეტრაჟის წესი: საწარმოს შემოწმებისას წინა კვირის შემოსავლები მიმდინარე კვირაზე ავტომატურად არ გავრცელდება (მოქმედი კოდექსით, მაგ. რესტორნის შემოწმებისას, წინა და მიმდინარე კვირის შემოსავლებს შორის სხვაობა 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი შემოსავლების დამალვის მოტივით ჯარიმდება). ქრონომეტრაჟის დროს გათვალისწინებული იქნება სეზონურობაც.

5) თუ ბიზნესი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ელექტრონულად, ფინანსთა სამინისტროს სერვერზე მოახდენს, მასთან საგადასახადო ერთკვირიან შემოწმებაზე აღარ შევა და მხოლოდ კომპლექსური შემოწმება შეეხება.

6) საწარმოს დაზიანებული, გაფუჭებული პროდუქტის ან საქონლის ჩამოწერის უფლება მიეცემა.

7) დავების საბჭოს მიერ რომელიმე კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პრეცენდენტულად გავრცელდება სხვა კომპანიაზეც. საბჭოს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება აღარ მოუწევს. ამით კომპანიების ნაწილი დავების საბჭოში კვირაობით სიარულისა და ლოდინისგან გათავისუფლდება.

8) შეიქმნება აუდიტის უმაღლესი საბჭო ხუთი წევრის შემადგენლობით. ის ზედამხედველობას გაუწევს დავების საბჭოს, რათა ფინანსთა სამინისტროს მოხელემ ბიზნესი საკუთარი ინტერპრეტაციით არ დააჯარიმოს. საბჭოს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს.

9) საბაჟო და საგადასახადო კოდექსი გაერთიანდება. ამის შემდეგ ბიზნესს საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობის საგადასახადო ნაწილში გადატანა შეეძლება.

10) საგადასახადო ტვირთი გაეზრდება სათამაშო ბიზნესს, სპირტიანი სასმელების (ღვინის გარდა) წარმოებას და მეტად დაიბეგრება უძრავი ქონება.

11) წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება: ბიზნესი თუ ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართავს შეკითხვით, მიღებულ პასუხს იურიდიული ძალა ექნება.

ცვლილებები არ შეეხება პრესას, სოფლის მეურნეობისა და რამდენიმე სხვა სექტორს. ისინი კვლავაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

ცვლილებები საგადახადო ინსპექტორის უფლებამოსილებასაც შეეხება. დღეს ის ვალდებულია დარღვევის შემჩნევისას საჯარიმო სანქციას მიმართოს. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ის უკვე ადგილზე გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა მეწარმე შედარებით მცირე გადაცდომისთვის. შესაბამისად გაეზრდება პასუხისმგებლობაც.

ზედმეტი გადასახადის დაკისრების გამო საგადასახადო ინსპექტორი პასუხის აგებს. საგადასახადო რეჟიმი მარტივდება ინვესტორებისთვის. კოდექსში შედის ევროდირექტივების ნაწილი, რის შედეგადაც ინვესტორი უფრო მეტად იქნება დაცული. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ცვლილებების მიზანია ინვესტიციების შემოდინება.

"რევოლუციური" კოდექსის სანაცვლოდ შეღავათიანი საგადასახადო კანონმდებლობის დამრღვევებისთვის სოლიდური ჯარიმა იქნება. და კიდევ ერთი სამაგიერო: 2011 წლიდან მთავრობა საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 20-დან 18%-მდე უნდა ჩამოსულიყო, აღარ შეამცირებს. მიზეზად ის ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას ასახელებს.

მიკრობიზნესის მქონე პირს საკონტროლო სალარო აპარატის ქონა არ ევალება, მას დარეგისტრირებასა და შესაბამის სერტიფიკატს მოსთხოვენ. გარდა ამისა, სპეციალური კანონქვემდებარე აქტით, მთავრობამ შესაძლოა გადასახადისა და შესაბამისად, სალარო აპარატის გამოყენებისგან გაათავისუფლოს რამდენიმე დარგში მომუშავე პირები. მაგალითად, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და სხვ., რომელთა შემოსავლები დღეს ვერ აღირიცხება. წინასწარი ინფორმაციით, სერტიფიკატის აღებას მათაც მოსთხოვენ. ამის შესახებ საგადასახადო კოდექსში ჯერ არ წერია. ჩამონათვალს მთავრობა მოგვიანებით დააკონკრეტებს.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კი, ბრუნვის დასათვლელად, საგადასახადო ჩეკების წარდგენას მოსთხოვენ, შესაბამისად, მათ სალარო აპარატით სარგებლობის ვალდებულება კვლავაც დარჩებათ. ვისაც სალარო აპარატის არქონის გამო წლის განმავლობაში სამჯერ დააჯარიმებენ, მცირე ბიზნესის სტატუსი მოეხსნება, ეს კი სპეციალური ანუ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმიდან გამოყვანის საფუძველი გახდება.

ბიზნესს ცვლილებები მთლიანობაში მოეწონა, მაგრამ ამბობს, რომ მთავარი ისაა, კოდექსში ბოლოს რას ჩაწერენ. საბოლოო სახეს კოდექსი 2-3 კვირაში მიიღებს.

ნონა ქვლივიძე