რა ხდება ქართული რესტორნების სამზარეულოებში?! - კვირის პალიტრა

რა ხდება ქართული რესტორნების სამზარეულოებში?!

საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აწუხებს კითხვა – რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი საკვები პროდუქტი. სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირებენ კონკრეტულ და განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სურსათისა და საწარმოთა სისტემური კონტროლი კი ჯერჯერობით არ ხორციელდება.

2010 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს სურსათის უვნებლობისა და კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ის მუხლები, რომელთა საფუძველზე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სხვადასხვა ობიექტების ინსპექტირების საშუალება ექნება.

კონტროლს დაექვემდებარება სწრაფი კვების ობიექტებიც, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტის შეძენისა და რეალიზაციის, არამედ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვისაც აგებენ პასუხს. ეს საწარმოები მუდმივად უნდა ასრულებდნენ სადიზინფექციო სამუშაოებს, მომსახურე პერსონალისა და მზარეულების შერჩევისას ითვალიწინებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რათა ადამიანი ასთმით ან კანის დაავადებით, საკვებ პროდუქტებთან არ მუშაობდეს. საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა მდებარეობდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, სანიტარიული მოთხოვნები კი ეხება წყლით მომარაგებას, კანალიზაციას, გათბობას, ჰაერის ვენტილაციას, კონდიცირებისა და განათების სისტემებს. უნდა ხორციელდებოდეს საკვები პროდუქტის ტრანსპორტირების, მიღების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლი...

დათო  ს. (მომხმარებელი): - ცოტა ხნის წინ თბილისში ცნობილ რესტორანს ვესტუმრე. შეკვეთა მივეცი და სანამ ველოდებოდი, ყავა მოვითხოვე. როგორც კი მოვსვი, რაღაც არასასიამოვნო ვიგრძენი პირში. დავხედე და... ტარაკანი დავინახე! რესტორანი მაშინვე დავტოვე, მაგრამ ცოტა ხანში უკან დავბრუნდი. ჩემი ხელმეორედ დანახვა არავის მოეწონა. მენეჯერი გოგონა აგრესიულად დამხვდა. მოვითხოვე, მოეყვანათ ადამიანი, რომელმაც ყავა მოამზადა და ისიც, ვინც პროდუქტის შენახვაზეა პასუხისმგებელი, მათ კი ტექნიკურ მენეჯერსა და დაცვას დაუძახეს. იფიქრეს, რომ შემეშინდებოდა, მაგრამ რომ არ მოვეშვი, მენეჯერმა გოგონამ განმიცხადა - ყავა რომ მოიტანეს, მწერი უკვე ჰყავდა და ჩვენი ბრალი არ არისო. ტექნიკური მენეჯერი კი ამტკიცებდა, რომ ყავას მარცვლების სახით ყიდულობს და თავად აფქვევინებს. შესაბამისად, იქ მწერი რომ ყოფილიყო, ყავასთან ერთად დაიფქვებოდა.

- როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოხვედრილიყო ის ყავაში ?

- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ყავის ნაცვლად კინაღამ აფრიკული დელიკატესი შევჭამე. სანამ ყავა მომზადდება და მას კლიენტთან მიიტანენ, ის გარკვეულ პროცედურებს გადის და მუშავდება. ცხადია, პირველ რიგში, ადამიანს ასეთ დროს რესტორნის სამზარეულოს ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე მიგაქვს ეჭვი...

რესტორანში მიბრუნებულს აგრესიულად შემხვდნენ და ისიც კი შემახსენეს, რომ შეკვეთისთვის ფული არ გადამიხდია... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სერვისის მხრივ სერიოზული პრობლემებია. მომხმარებლისა და კლიენტის უფლებები არავის გახსენებია, ბოდიშიც მხოლოდ მიმტანმა მომიხადა.

თენგიზ კალანდაძე (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სამმართველოს უფროსი):

- რესტორნებსა და სხვა საწარმოებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი ჩვენი სამსახურის პრეროგატივაა, მაგრამ დროებით შეჩერებულია ის მუხლები, რომლებიც ამ ობიექტების ინსპექტირებას ითვალისწინებს. გამონაკლის შემთხვევებში, თუ შემოდის მოქალაქის საჩივარი, არის სატელევიზიო სიუჟეტი და სხვა, შეგვიძლია ობიექტზე შევიდეთ და ინსპექტირება ჩავატაროთ.

ზოგჯერ თავად საწარმოებიც გვიწვევენ, საქართველოს კანონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ 361 მუხლის თანახმად. მაგალითად, ერთ-ერთი რესტორნის ქსელში ერთი წლის წინ მიწვევის საფუძველზე შევედით. შევამოწმეთ და ბევრი შენიშვნა დავწერეთ. ჩვენი რეკომენდაციები, ასე თუ ისე, გაითვალისწინეს და გამოასწორეს, მაგრამ ეს ერთჯერადი აქცია იყო. ინსპექტირება და სახელმწიფო კონტროლი, მოულოდნელი და მრავალჯერადი რევიზიების სახით, ჯერჯერობით არ ხორციელდება.

- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა მეწარმის კეთილ ნებაზეა მინდობილი?

- არა, ასე არ არის. საწარმო და მეწარმე ვალდებულია, ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება სხვადასხვა სადეზინფექციო ფირმებთან, რომლებიც პერიოდულად ჩაატარებენ დეზინფექციას, დეზინსექციას (მწერების განადგურება), დერატიზაციას (მღრღნელების განადგურება) და წერილობით აღნუსხავდეს გაწეულ სამუშაოს. კანონის მუხლების ამოქმედებამდე ამ ყველაფრის კონტროლის ფუნქციაც შეჩერებული გვაქვს. თუ საჩივრით მოგვმართავენ, ადგილზე შევისწავლით ობიექტს და თუ დარღვევები აღმოჩნდება, შეგვიძლია მივუთითოთ, როგორ უნდა გამოასწორონ და ვთხოვოთ დარღვევების გამოსწორება.

- გამოდის, რეკომენდაციებით შემოიფარგლებით და ობიექტს სანქციას ვერ აკისრებთ?

- ჯერჯერობით ჩვენ არანაირი სანქცია არ გაგვაჩნია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ეს გაწერილი ჯერჯერობით არ არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდება ფალსიფიკაციის ან მავნებელი სურსათის გაყიდვის შემთხვევა, საქმეს ფინანსურ პოლიციას გადავცემთ. კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი მოვაწყობთ ობიექტების როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებას. მზადდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, საუბარი იქნება მნიშვნელოვან, 2-10 ათას ლარიან ჯარიმებზეც სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა დარღვევებისთვის.

- რას ურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ფალსიფიკაციისა თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის თვითმხილველი და მსხვერპლი გახდებიან?

- მოქალაქეს აქვს ორი გზა: მოგვმართოს და ჩვენ მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას მის საჩივარზე ან სასამართლოს მიმართოს და მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაცია მოითხოვოს. ჩვენს ცხელ ხაზზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკვა და და საჩივრის მოწოდება. დროულად შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მითითებულ ობიექტს ჩაუტარდება ინსპექცია.

P.S. ჩვენ ვცადეთ რესტორანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტის მესვეურთაგან კომენტარის მიღება, ასევე მოვითხოვეთ დოკუმენტაცის ჩვენება, ბოლოს როდის ჩატარდა რესტორანში სადეზინფექციო სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ. მენეჯერმა გოგონამ კი პირად საუბარში გულახდილად განაცხადა, რომ ტარაკანი რესტორანს მოუშორებელ ჭირად ექცა.

ანა ფალიანი